შემდეგ იყო არტანუჯის ციზე. აქაც ყველანი ერთად გავემართეთ.
ცნობები არტანუჯზე
არტანუჯის ციხე
აკაკი შანიძის განმარტებით, არტანუჯი არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: „არცა ტანის, არცა უჯისო...“
„არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“, - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი.
არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხია აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში არატნუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით იგი უკვე ქალაქად მოიხსენიება. არტანუჯი მდებარეობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე და ამიერკავკასიას, ბიზანტიასა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს.
მერვე საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუმ ტაო-კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ააოხრა. ამის შემდეგ 80 წლის განმავლობაში იგი მიტოვებული და გავერანებული იყო. მემატიანის ცნობით, მიდამო ტყით დაიფარა.
მალე კლარჯეთში ბაგრატიონები მკვიდრდებიან, ტაოში სამონასტრო მშენებლობა იწყება.
მე-9 საუკუნეში აშოტ კურაპალატმა არაბობისგან გაპარტახებული კლარჯეთი აღადგინა და ხელახლა დაასახლა. სუმბათ დავითის ძე გვიამბობს: „პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალსა ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მიერ ბრბოთგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა აგრეთვე ციხედ... და აღაშენა ციხეს ამას შინა ეკლესია წმიდათ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად“.
მე-9 საუკუნიდან არტანუჯი ხდება დიდი ქალაქი - აქვს რაბატი, ანუ გარეუბანი, დაბა ქალაქი. მე-11 საუკუნეში ბიზანტია-საქართველოს ომში ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში არტანუჯს თურქ-სელჩუკები აოხრებენ. მე-12 საუკუნეში არტანუჯი კვლავ მოღონიერდა, შემდეგ მონღოლთა ბატონობასაც გაუძლო. მე-16 საუკუნეში არტანუჯი ისევ თურქთა ხელშია. 1552 წელს, ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.
მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „არს არტანუჯი ქალაქი მცირე და ციხე მაგარი“.
1878 წელს, სან-სტეფანის ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.
1918-21 წლებში, ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მ თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.
არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
„არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.
არტანუჯის ციხე მართლაც ისეთ ადგილასაა, მისი მფლობელი მიმდებარე გზებსა და ხეობებს იოლად გააკონტროლებდა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ციხეზე ახვალთ. ციხე უძირო ხეობებს გადაჰყურებს...
არტანუჯი, ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე. ძველი ქართული ტრადიციით ციხე ვახტანგ გორგასალს აუგია. VIII საუკუნის I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX საუკუნეში განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დაარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. X საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის (წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და კლარჯეთის დედაქალაქი იყო. აქ საქონელი ტრაპეზუნტიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან და სხვა.
წმინდა მოწამე აშოტ კურაპალატის, არტანუჯის ტაძარში წამებულის ცხოვრება:
http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/29-ashot.htm
სწორედ თავის მიერ აშენებულ არტანუჯის ციხეზე მდებარე პეტრე და პავლე მოციქულების ტაძრის საკურთხეველში გამ,ოასალმა მტერმა აშოტ კურაპალატი სიცოცხლეს. ამონარიდი მისი ცხოვრებიდან:
"....ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.
წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.
ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.
ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.
წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში".