ერთხელ ვიყავი მამაშენი,
შემეძლო მხარზე ნაჯახივით შენი გადება,
ძირში მოსხეპილ შენს მომდევნო და-ძმას ვბადებდი
კი არა და
ერთხელ ვიყავი დედაშენი,
სუპში ჩემს თითებს პურთან ერთად
უხვად გიფშვნიდი
და სახლობანას სათამაშოდ ომში გიშვებდი
კი არა და
ერთხელ ვიყავი შენი ცოლი,
ლოგინში სითბოს
ნაკვერცხალივით ვაღვივებდი, ვუდარაჯებდი,
იტალიური მაკარონის მაკრამეს ვქსოვდი,
პურზე კარაქის,
როგორც ხელზე ხელის გადასმას,
გიზოგავდი და ისე გაჩვევდი
კი არა და
ერთხელ ვიყავი სინათლის ხე
შენი ფანჯრიდან,
კრეფდი ღამურებს – უმწიფარი შიშის ნაყოფებს
კი არა და
ერთხელ ვიყავი მაცივარი
და მხოლოდ შენთვის
საყინულეში მიფეთქავდა მარწყვის ნაყინი
კი არა და
ერთხელ ვიყავი შენი კაბა
და სულ შემთხვევით
შენს ქმართან ერთად კარადაში შემომისწარი,
სიტყვის მორგება კაბის ნაცვლად
მაშინ ისწავლე
კი არა და
ერთხელ ვიყავი შენი ლურჯი ხავერდის ფარდა
მრცხვენოდა, შენთვის გამემხილა ცუდი ამინდი
კი არა და
ერთხელ ვიყავი შენი ქმარი
და ცვილის ფრთები,
როცა ნათურას ვამაგრებდი, მაშინ დამიდნა
კი არა და
ერთხელ ვიყავი საწოლი და როცა გეძინა
ფეხები ძირში გადამაჭრეს
ზეწარი აფრად გამომაბეს,
ბალიში წყალში დაახრჩვეს და
გამდინარე წყალს დამაყოლეს,
მაშინ ისწავლე სიზმრის სუნი,სიზმრის შეხება
კი არა და
ერთხელ ვიყავი ხელთათმანი
და შენ მაგივრად
ბასრი ყინულის კლავესინზე სიზმრებს ვარჩევდი
კი არა და
ერთხელ ვიყავი უბრალოდ კიბე,
უბრალოდ კიბე სხვის კარამდე, შენ ვერც მამჩნევდი
კი არა და
ერთხელ ვიყავი ჭერი
შენი საწოლის ზემოთ,
მზერით ამხადე , მეცხრე ცამდე გამაფართოვე,
კი არა და
ერთ დღეს, ორივემ გავიგონეთ ფრთხილი კაკუნი –
დასჭედეს კუბოს სახურავი
და მიგვატოვეს....
კი არა და
თოვლის პაპას რომ საჩუქრები ჩვენგან მიჰქონდა,
მაშინ ვიყავი შენ და მფიქრობდი.
ერთხელ.......
ო
სთქუა მან - დიანამ
თან
ანფიმიადიმ
