ამ გასვლაში ჩემი გზა ცას შეუერთდა და ორივე ერთად დავლაშქრე
წასვლამდე აზრთა სხვადასხვაობის გამო (წავსულიყავით თუ არა გომბორით), ჩემი ცნობისმოყვარეობა ერთი-ორად გაძლიერდა და გომბორის გზის ნახვა ლაშქრობის ნაწილად იქცა.
ჰოდა,ვნახე კიდეც,გომბორის გზაც, ულამაზესი სოფლებიც, ცივგომბორიც და კავკასიონიც, ძალიან ახლობელი და ძალიან ცივი. მის შემხედვარეს ერთი ცნობილი აფხაზის სიტყვები გამახსენდა: მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი. ჩემდა უნებურად ისევ შემომეძალა ფიქრები კავკასიის სახლის შესახებ, სადაც მასპნძელი ქართველები არიან (ბატონ-პატრონი კავკასიელი ხალხისა) , სტუმრები და აზიელები და ევროპელები, რომლებიც მოდიან , სილამაზით იხიბლებიან და მიდიან...
შუამთისკენ მიმავალ გზას კავკასიონი გვინათებდა თეთრად, თვალს არ გვაცილებდა, თითქოს ცდილობდა გაერკვია სამტროდ ვიყავით მისულნი თუ სამოყვროდ. საუკუნეებს ითვლის კავკასიონის მეხსიერება, მტერიც ბევრი უნახავს მის სითეთრეს და მოყვარეც, გარჩევა კარგად იცის დიადმა...
ახალი შუამთის მონასტრის სიმშვიდე და ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ზუსტად ისევე დამხვდა,როგორც შარშან დავტოვე, დრო გაჩერდაო თითქოს...
"მოკრძალებული ხმაური" შევიტანეთ და გამოგვატანინეს მყისვე (ეს წინადადება არ შეიმჩნიოთ

)
გზა კვეტარისკენ გავაგრძელეთ
ვიზარმაცე, ფეხით გასავლელი გზა მინიბუსით გავიარე და...
მტრედისფრად მოსჩანდა ცისფერის ფონზე ციხის გალავანი, სასახლე და კვეტარის ეკლესია. სასახლე კოხტად ნაშენი, ეკლესია რწმენით და რუდუნებით, კედლები მყარად შეკრული, მტერსა და დროს რომ უძლებას ერთად.
არც რკინის მკვეთავი ხმლიანი კაცები დამინახავს მე იქ და არც ფაფახიანი მთიულნი, მაგრამ სული იყო იგივედა წამის უსწრაფესად გალავანზე მოექცნენ ბიჭები , ამაყად იცქირებოდნენ ზევიდან, შეგვძლებიაო ჯინსებით გალავნის კედელზე ცოცვით ასვლა.
გამაოცეს გოგოებმა (ზოგი გააბრაზეს კიდეც

) , მშვიდად აიარეს კედელი მათაც...ასვლაზე არც მიფიქრია, ჩამოსვლაზე ვფიქრობდი და დამენანა თავი...
ჰო, მართლა ვისაც გინდათ ბახტრიონის ციხის შესახებ ცნობების მოპოვება ვაჯა გადაიკითხეთ ჯობს, ადგილის მონახულებით იმედები გაგიცრუვდებათ უცილოდ.
სოფელი მატანი და მეგზური ბიჭები, დიდი ხნის და მთელი დღის ნაოცნებარი მატნის ცხრაკარა. როცა ვიპოვე მაშინ მივხვდი რა კარგია , როცა იკარგები...
ის დაკარგვა რომ არა ვერ შევიგრძნობდი ნაპოვნს და დაკარგულად ჩავთვლიდი ისევ, რადგან ნანახი სულ სხვაა და ნაპოვნი სულ სხვა..
გზა შეგვეშალაო მცირედ, პირველ გზაჯვარედინთან უნდა დავბრუნდეთო, წყნარად ამბობს მეგზური...
10 წლის უნახავი ცხრაკარა ვანახეთ ადგილობრივ ბიჭებს, ჯიგრიანებს და სტუმართმოყვარეებს...
მაგრამ გული დამწყდა, მომეჩვენა თითქოს, არ მოეფერნენ საკადრისად სალოცავს...ერთმა ეზოში მდგარ ქვაზე თავისი სახელი ამოტვიფრა...დაუშალე, გაიცინა, სხვებსაც ამოუტვიფრავთო მიათითა ქვაზე....ქართულ სულს მისძინებია უთუოდ მასშI, თორემ უტყვ ქვას არ უნდა ერჩოდეს წესით ვაჟკაცის ხელი...
გამაოცა მატნის ცხრაკარას კომპლექსმა, ფრესკებმა, ფერებმა
მაგრამ სივრცე არ იყო საკმარისი თითქოს, სულიც კი შემეხუთა წამით...
დაზიანებულია ფრესკები, კედლებიც, როგორც ყველგან აქაც ამშვენებს კედლებს თანამედროვე წარწერები, შედევრებად რომ მიუჩნევია დამწერს...
არ ვიცი ვინმე შეძლებს თუ არა ფრესკების პირვანდელი სახის აღდგენას, მაგრამ ალბათ კარგი იქნება ის მაინც შენარჩუნდეს რაც დროს გადაურჩა...
პ.ს. დაკვირვებული ვარ "ასვლა" იმდენად არ მიჭირს როგორც "ჩამოსვლა". ფეხი მიცდება და ვსრიალებ,ალბათ ამიტომ--მეთქი, გული დავიმშვიდე...
სხვაგვარად ყოფილა თურმე...ასვლა-ჩამოსვლის სიძნელე რას მიქვია, ადგილთან განშორება მეძნელება და ამიტომ ჩამოსვლა რთული მეჩვენება ყოველთვის...
ჩემად ვიგულებ ყოველ ნანახს და საკუთარის დათმობა, დატოვება ძნელია ძალზედ...