Post
by გვალდა » 03 აპრ 2009, 13:48
ჭეხილას ციხე სტრატეგიულ ადგილზე, ივრის ხეობაში ყველაზე ვიწრო კდოვან სანაპიროზე იყო აშენებული, ივრის ხიდს კეტავდა და მისი დანიშნულება ისიც იყო – არ გაეშვა და არც შემოეშვა მტერი ამ ხეობაში. ჭეხილას ციხე ხელს უწვდიდა მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე კილმატის ციხეს და ეს ორივე ციხე გზას უკეტავდა გომბორისაკენ ან თიანეთისაკენ მიმავალ მტერს... როგორც ხანდაზმული კოჭბაანელები გადმოგვცემენ, ციხის ერთ-ერთ ვეებერთელა ლოდზე, ხუცური წარწერა ყოფილა ამოტვიფრული: “ცხრანი ძმანი ჭეხილანი, ვიწრო ხიდის ყარაულნი”. მეფის რუსეთის არმიის გენერალ ხაზაროვს XIX საუკუნის დასაწყისში ციხის გალავანი და აღნიშნული ქვაც დაუნგრევია და გაუნადგურებია.
ჭეხილას ციხე შედგება ორი კარგა მოზრდილი ოთხკუთხა კოშკისაგან და კარის ეკლესიისაგან, რომელსაც გარშემო შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ციხე აგებულია,როგორც სიპი, ისე მრგვალი რიყის ქვით. კოშკები ოთხსართულიანია, თითოეულ სართულს აქვს ორ-ორი სარკმელი და თითო კარები. კოშკებს სახურავი თაღით აქვს გადახურული. თითოეული კოშკის სიმაღლე ოც მეტრს უდრის, კედლების სისქე – ორი მეტრია. კოშკების თაღები ღარიანი კრამიტით ყოფილა გადახურული, რომელთა ნამტვრევები მრავლად არის მიმოფანტული გალავნის ეზოში. ციხეში თავის დროზე გაყვანილი ყოფილა წყალსადენი თიხის მილებით, რომლებიც მოსახლეობას ამოუყრია, მაგრამ გადარჩა ნაწილი, რომელიც ისევ მიწაშია. თითოეული მილის სიგრძე სამოცდაათი სანტიმეტრია და ერთ-მეორესთან ისეა დაკავშირებული, წყალი ვერ გაჟონავს.
ციხის მახლობლად, 500 მეტრში იმ ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს (ეს სწორედ ის ეკლესია უნდა იყოს, ფოტოზე რომაა), , რომელიც ისეთივე კრამიტით ყოფილა გადახურული, როგორითაც ციხე და კარის ეკლესია. ციხიდან ერთი კილომეტრის მოშორებით არის კიდევ ერთი ნაშთები ეკლესიისა, რომელიც წმინდა კვირიკეს სახელს ატარებს.
“ჩვენ ვიყავით ცხრანი ძმანი
ჩარჯონიძე ჭიხილანი:
გივი, ქავთარ, ნიკოლოზი –
ოთხნი ქვეყნად მებრძოლანი,
არსენ, პეტრე, ზაქარია
მტერთა რიცხვად მომზირალნი,
ძმანი ჩვენნი, სამნი ბერნი,
იყვნენ ქრისტეს კარგი ყმანი.
ჩვენ გვიჭირავს მიმსვლელთ-მომსვლელთ.
ოთხავ კუთხის ვიწრო გზანი,
ჭეხილაში სიმაგრე გვაქვს
და გვიჭირავს ხიდის კარნი,
საიქიოს სანეტარო,
სააქაოს მაგრად მდგარი,
ოქრო-ვერცხლის მიწაზე ვართ,
სიმდიდრე გვაქვს, ვითა წყალი.
მე ქავთარა ჩარჯონაძემ
ვმუსრე მტერი, ვით აფთარნი.
ქართულ მიწას ზედ გადავეგე,
არ დავაგდე ჩემი გვარი,
ვინც ეს ლექსი წაიკითხოს,
მცირე ბრძანოს შენდობანი”.
სვანეთოლოგი