ტურის სავარაუდო სახე ასე გამოიყურება:
I დღე შაბათი
1. პარასკევს ღამით თბილისი - ოზურგეთი ღამის მატარებლით (მატარებელი 654)
აქედან გადის 21:05 და ჩადის 06:07, ფასი პლაცკარტი 5,50 კუპირებული 11.00. შესაძლებელია + ჯავშანი.
2. ოზურგეთი და ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მონახულება
3. ოზურგეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმინდა ნინოს ტაძარი
4. ადგილობრივი ავტობუსით წასვლა შემოქმედში.
5. დაბანაკება. მონასტრის მონახულება, ულამაზესი ბუნებისა და ხედების ნახვა და ა.შ.
II დღე კვირა
1. შემოქმედიდან ჩამოსვლა ოზურგეთში (ვიკითხოთ ადგილობრივი ავტობუსის განრიგი)
2. შეგვიძლია ლიხაურში ადგილობრივი ავტობუსით წასვლა და ლიხაურის ლამაზი ბნების, ტყის ნახვა, ასევე ლიხაურის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნახვა.
3. უკან დაბრუნება და ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებლით ჩამოსვლა (მატარებელი 653).
გამოდის 20:50 და ჩამოდის 05:45 - ტარიფი იგივე.
შემოქმედის ტაძარი:

ისტორია:
შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი და მამათა მონასტერი
შემოქმედში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი- სამონასტრო კომპლექსი. კომპლექსში შედის: პირველი- შუა საუკუნეების (XII ს.) ღვთაების ტაძარი; მეორე- XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია- “ზარზმა”, რომე ლიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი (ეკლესიის სახელიც აქედანაა); მესამე- 1831 წელს აგებული სამრეკლო.
ორივე ტაძარი- “ღმრთაების”- უგუმბათო და “ზარზმის”- გუმბათიანი ერთმანეთზეა მიშენებული.
მონასტრის გორაკის ძირში გამოქვაბულია და ეს გამოქვაბული, წინათ, დაყუდებული ბერების ნავთსაყუდელი ყოფილა.
შემოქმედის მონასტერი, საქართველოშიც უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა. იგი რამდენჯერმე გაძარცვეს, მაგრამ სიდიადე მაინც ვერ წაართვეს. ხელმრუდეთა კვალი ახლაც ატყვია შემოქმედის მონასტერში დაცულ ხატებს: ზოგს თვალი აქვს დათხრილი, ზოგსაც ბუდიდან თვალმარგალიტი აქვს ამოგლეჯილი.
თედო სახოკია ამბობს: “სხვათა შორის, აქა ყოფილა სახარება ძვირფას თვალმარგალიტით შეჭედილ-შემკული. მესამოცე წლებში, ამ ძვირფასი სახარების მაგიერ, რაღაც მანქანებით, მხოლოდ ვერცხლით შეჭედილი სახარება დარჩა ამ მონასტერში”.
წყაროები მიუთითებენ, რომ შემოქმედის მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ დაცული ყოფილა ორი შესანიშნავი ხელნაწერი: “გულანი” და “ფუტკარი”, ანუ ლოცვანი და ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული.
შემოქმედის “გულანი” 1004 სქელი ქაღალდის ფურცელს შეიცავს და ზუსტად ორ ფუთს იწო ნის. მასში მრავლადაა სხვადასხვა ფერის საღებავით საკმაოდ მკაფიოდ შესრულებული ნახატი, რომლებზეც წმიდანები არიან გამოსახულნი. “გულანი” ლამაზი კალიგრაფიით არის დაწერილი. იგი გადაუწერიათ XVIII საუკუნის I ნახევარში: ათანასე ქავუარაძეს, მთავარდიაკონს იოანეს, მდივანს იოანეს, მღვდლებს: საბა და იოსებ ტუსკიებს. “გულანს” ერთ ადგილას საბა ტუსკიას მინაწერიც აქვს, რომ ამ წიგნის გადაწერაზე 18 წელი უშრომიათ. იგი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდში- “გურია”.
მეორე ხელნაწერი “ფუტკარი”, გარდა წმიდათა ცხოვრებისა, სხვადასხვა საინტერესო თხრობას შეიცავს. მათგან აღსანიშნავია ვრცელი ტრაქტატი: “თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა არსენისა მცხეთელ კათალიკოზისა”. ამ ტრაქტატში მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ.
შემოქმედის მონასტერი გურიელთა სამარხიც გახლავთ. აქ განისვენებენ: მამია V გურიელი, დედამისი- დედოფალი მარინე, ქაიხოსრო გურიელის მეუღლე- ელისაბედ ერისთავი; შემოქმედელი ეპისკოპოსები...
შემოქმედი გახლავთ შემოქმედის საეპისკოპოსოს კათედრალური ტაძარი. იგი გურიელთა სამთავრო დომენში მდებარეობდა და `გურიის მთავარი ტახტი და ტაძარი~ იყო, ამასთან ის გურიელთა საძვალეს წარმოადგენდა. შემოქმედის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ოთხ ძეგლს მოიცავს, მათგან ორი ეკლესია: 1. შემოქმედის ღვთაების ეკლესია. 2. ე.წ. `ზარზმა~. იგი გურიის მთავარმა ვახტანგ 1-მა საგანგებოდ ააშენებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოტანილი ფერისცვალების ხატის დასასვენებლად და ეკლესიამაც სახელი აქედან მიიღო. 3. XVI საუკუნის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი. 4. სამრეკლო.
ამასთანავე, შემოქმედის კომპლექს მიეკუთვნება ეკლესია `გორის გვერდისა~. იგი განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლადაა მიჩნეული და დღეს მისი გალავანი და ნანგრევებია შემორჩენილი.
შემოქმედის მონასტერი მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით. იგი დაბალ მთაზეა აშენებული და როგორც ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს: `ციხე ასკანისა სამხრით, მთის ძირში არის შემოქმედის ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი, შემკული ყოვლითა. იყო ესე საარქიმანდრიტო და აწ არის საეპისკოპოსო, ზის ეპისკოპოსი მწყემსი მის ქუეითისა გურიისა~. შემოქმედის მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული ორი ტაძრისაგან.
1828 წელს დაწერილი მოხსენებაში შემოქმედის არქიმანდრიტი არსენ მგალობლიშვილი აღნიშნავს, რომ შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია ძველია, შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმალილოს იატაკი _ `მასში სამღუდელმთავრო დასაჯდომი არის შესაბამისი სუეტებითა და გუმბათითა~. ეპისკოპოსის ტახტი უნახავს დ. ბაქრაძესაც. მაცხოვრის ტაძარზე `ზედ მიდგმულია სამწირველო სახელსა ღვთისმშობლისა შობისასა. გუმბათიანი აღშენებულ თლილის ქვითა შიგნით და გარეთ და ესე ვითარ იატაკითა~.
მას ორი მცირე ეკვდერი ჰქონია, რომელშიც სიძველის გამო აღარ იწირებოდა, აღსანიშნავია, რომ ამ ეკლესიაში კრძალავდნენ გურიის მთავრებს.
შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია სამნავიან უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. ზუსტად არ ვიცით მისი აგების თარიღი, სავარაუდოდ ის XIII-XIV საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. საუკუნეების განმავლობაში იგი მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ვ. ბერიძის მოსაზრებით ეკლესია თავდაპირველად ერთნავიანი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, მას სიგრძივი კედლები მოარღვიეს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები მიუშენეს. ამდენად შუა ნავიდან მხოლოდ ერთი-ორი ფრანგმეტიღა გადარჩა.
ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერანგით შემოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს. ამ გადაკეთებათა შესახებ უნდა მოგვითხრობდეს ეკლესიის წარწერები: `ქ(რისტე) ე ყ(ოვლა) დ ძლ(იე)რო~ შ(ეიწყალ)ე აფხ(ა)ზთ(ა) კ(ათალი)კ(ოს)ი ბ(ა)ტ(ონ)ი მ (ა)ქსიმე ა(მი)ნ.
აქ მოხსენიებული მაქსიმე ჯერ შემოქმედის ეპისკოპოსი გახლდათ, ხოლო 1639 წლიდან აფხაზეთის კათალიკოსი, ვიდრე 1658 წლამდე. შემოქმედის აღმოსავლეთ ფასადის ლავგარდანის ქვეშ დატანილ წარწერაში იხსენიება იაკობი _ `მე ფ(რია)დ ც(ოდვ)ილი იაკ(ო)ბ~. იგი XVII საუკუნის მოღვაწე გახლდათ და როგორც ჩანს, მაქსიმეს დროს დაწყებული სამუშაოები მას დაუმთავრებია.
შემოქმედი და ზარზმა ერთ სამონასტროში ორგანიზაციას წარმოადგენდა. მას ჰქონდა თავისი სამმართველო აპარატი. მონასტრის სათავეში იდგა წინამძღვარი _ არქიმანდრიტი. სამონასტრო ყმა-მამულს განაგებდა საშემოქმედლოს მოურავი. იგი საერო პირი გახლდათ. ამ თანამდებობას ნაკაშიძეთა საგვარეულო ფლობდა. მონასტრის საეკლესიო ქონება (ბარძიმი, ფეშხუმი, სამოსელი და სხვ.) კანდელაკს ებარა. შემოქმედელ მიტროპოლიტებს ჰყავდათ ქორეპისკოპოსები ანუ მეომფორები.
შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილობრივ იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საAთაბაგოდან) გადმოხინული.
შემოქმედის მონასტერში ინახებოდა გიორგი გურიელისა და ელენე დედოფლის შეწირული მაცხოვრის ოქროს ხატი; ვახტანგ I გურიელის მეუღლის, დედოფალ თამარის შეწირული ღვთისმშობლის ოქროს ხატი. ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხატის გარშემო დაკრული იყო სხვადასხვა დროს შესრულებული ჩვიდმეტი ფირფიტა სახარებისეული სცენებითა და წმინდანების გამოსახულებებით. ფრიად საინტერესოა ვერცხლის ხატი 12 მოციქულის გამოსახულებით. ამ ხატის შუაგულში მოთავსებულია ღვთისმშობლის ჩასადგმელი ოქროს ხატი 24-ი ძვირფასი თვლით. მამია II გურიელისა და დედოფალ თინათინის შეწირული.
XVI_XVII საუკუნეებში შემოქმედში თავი მოიყარა მესხეთის ზარზმის უძვირფასესმა ნივთებმა. ზარზმა ქართული კულტურის უმნიშვნელვანეს ცენტრს წარმოადგენდა და აქ შექმნილმა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმიშებმა საბოლოოდ გურიაში დაივანა. მათგან, უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ წმიდათაწმიდა ზარზმის ტაძრისა ფერიცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება.შემოქმედის ეპარქიაში კათედრალური ცენტრის გარდა 45 ეკლესია-მონასტრები არსებობდა. მათი ნუსხა 1828 წელს შეადგინა შემოქმედის არქიმანდრიტმა არსენ მგალობლიშვილმა.
ლიხაურის ტაძარი:

ისტორია:
ლიხაურის ეკლესია
ლიხაურის ეკლესია ოდნავ შემაღლებულ ადგილზე დგას, იმავე სახელწოდების სოფლის შუაგულში. ლიხაური ოზურგეთიდან 7 ვერსითაა დაშორებული.
ლიხაურის ეკლესიის ეზო საკმაოდ ვიწროა. მას მხოლოდ ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. მას ხის სახურავი აქვს, რომელიც ოთხ, ძალზედ მახვილ ქვის სვეტს ეყრდნობა. მის ქვეშ ორი ზარია. ერთი ძველია თუჯისაა, უენო და უწარწერო, მეორე ახალი, ბრინჯაოსი.
სამრეკლოს ორივე ფასადი, ეკლესიისაგან პირშექცეული და გარეთაც ყურძნის მტევნებისა და ხის ფოთლების სახეებითაა მოჩუქურთმებული. აქ, გარეთა მხრიდან, ღარისებრი ლავგარდანის ქვეშ, განსაკუთრებულ ყირადღებას იპყრობს მოჩუქურთმებული ოთხქიმიანი, ქვემოთ წამახვილებული ჯვარი. ქვემოთ, მარჯვნივ, ოთხქიმიანი ჯვარია უწარწეროდ.
თვით ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი, რითაც სამრეკლო. იგი კვადრატის ფორმისაა, აღმოსავლეთ ნაწილში ხუთწახნაგიანი ნახევარწრით. ამ ნახევარწრეს დატანებული აქვს სამი ვიწრო ფანჯარა, რომლებიც საკმაოდ საგულდაგულოდ არის მოჩუქურთმებული. დასავლეთიდან ეკლესიაზე მიშენებულია კარიბჭე.
ეკლესია ღმრთისმშობლის სახელობისაა. მისი ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა. აქ ინახება ორი ძველი ქართული ხელნაწერი: “ოთხთავი” და “ჟამნი”.
ეკლესიის ხატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: წმიდა იაკობის ხატი, რომელიც იმდენად ძველია, რომ ხეზე გამოსახულება არ ჩანს; ღმრთისმშობლის ხატი დაუსაბამო ჩვილით; მოოქროვილი, ვერცხლით შეჭედილი ხატი ღმრთისმშობლისა; მცირე ხატი მაცხოვრისა ხის კუბოში. ხატებზე გამოკვეთილი წარწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი უძველესია გურიის ძველ წარწერებს შორის, რომლებიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათსა და ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიაში. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ლიხაურის ეკლესია XV-XVI საუკუნეებშია ნაგები.
ლიხაურის, ძველად რეხუელად ან ლეხუერად წოდებული ეკლესია მდებარეობს ოზურგეთის რაიონის ამავე სახელწოდების სოფელში. იგი რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 5-6 კმ-ით არის დაშორებული. ლიხაური გურიის სამთავროს ერთ-ერთ ულნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო მთავრის საზაფხულო სასახლე და კარის ეკლესია. აგრეთვე ციხე-სიმაგრე, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს თავის თხუზულებაში. ციხე აკონტროლებდა ქობულეთიდან შემოსასვლელ გზებს და ამდენად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე დგას, რომლის ირგვლივ სასაფლაოა. ეკლესიის გვერდით სამრეკლოა აღმართული. დ. ბაქრაძის ცნობით, ეკლესიის მცირე ეზოს ერთი მხრიდან იცავდა ქვის გალავანი, რომელშიც სამრეკლო დატანებული. ამჟამად ეს გალავანი აღარ არსებობს.
ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის კარგათ გათლილი, მონაცრისფრო კვადრები, სახურავისთვის კი _ ორფერდა კრამიტი.
ლიხაურის ტაძრის დათარიღებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელოვნებათმცოდნეობის დასკვნას ენიჭება. ინა გომელაურმა დეკორატიული მორთულობის ანალიზის საფუძველზე, ეკლესია XII საუკუნის II ნახევრით დაათარიღა.
ლიხაურის ტაძარში ინახებოდა ტყავზე ნაწერი XI საუკუნის ოთხთავი. აქვე იყო დასვენებული მაცხოვრის XI საუკუნის ოქროს ხატი. XI-XII საუკუნეების წმ. იაკობის ოქროს ხატი, XI- XII საუკუნეების ტრიპტიხი პეტრე და პავლე მოციქულებისა და მთავარანგელოზების გამოსახულებით, XIV საუკუნის ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, XVII- XVIII საუკუნეების ღვთისმშობლის მოოქრული ვერცხლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც `საზაროს~ უწოდებდნენ. ამ ხატის წინაშე ხალხი ფიცს დებდა. თუ ვინმე ტყუილად დაიფიცებდა, ღვთისმშობელი შერისხავდა და ზარს დაცემდა, სახელწოდებაც აქედან მიუღია ხატს.
ლიხაურის ეკლესიის სამრევლო 60 კომლს აერთიანებდა, მაგრამ XVII საუკუნის მიწურულს ოსმალთა თარეშს იმდენად შეუწუხებია მოსახლეობა, რომ სხვა ეკლესიას შეხიზვნია და 40 კომლი წმ. გიორგის ტაძრის (უცნობია რომელი თ.ქ) მრევლში გადასულა.
ოზურგეთის ტაძარი:
