ჩვენი მასპინძელი, შეიძლება ითქვას, მთელი სოფელი, კონკრეტულად კი, ბესო გახლდათ, რომლის 89 წლის ბებიის დაკრძალვის მეორე დღის საჭირისუფლო სუფრაზე აღმოვჩნდით. ტრულის თქმისა არ იყოს, თითქოს ჩვენ გველოდებოდნენო, რომ მივედით, სწორედ იმ დროს ადგნენ, შეგვიძღვნენ და დასხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ გვაყოვნებდნენ, როგორც მოგვიანებით მივხვდი, იმ დღეს გაშვებას არ გვიპირებდნენ. ოჯახს რომ ადღეგრძელებს თამადა, მაშინვე გაგაცილებთო, გვეუბნებოდნენ. იმდენი შესანდობარი დაილია, მხოლოდ მესხების კი არა, ლამის ბებიაჩემ-ბაბუაჩემის შესანდობარიც ცალკე თქვეს, ჩვენს მასპინძელს რამდენჯერმე ვთხოვე გაგვიშვი-თქო, ხუთ წუთში, ხუთ წუთშიო, გვპირდებოდა. შეცდომით ორჯერ დავლიე ოჯახის სადღეგრძელო მიმდებარე არეალში, ორჯერვე ავდექი წასასვლელად, მაგრამ... შემდეგ სიმართლე გაირკვა და ორჯერვე დავჯექი ისევ...
ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა, წამოდით და გაგვახარეთო, საყვედურებიც კი გვითხრეს, საროში რომ გაათენეთ, ჩვენთან არ უნდა დარჩეთო?.. მერე საროელებს გადაწვდნენ, გარეთ როგორ დაგტოვეს და სახლში როგორ არ გაგათენებინესო... ჩვენს თავს ერთმანეთს ართმევდნენ, არა ჩვენთან წამოდით, არა ჩვენთანო... ერთი სიტყვით, ძველი საუკუნეების საქართველოში მეგონა მართლაც, რაზეც მხოლოდ წაკითხული თუ მქონდა, ეთნოგრაფიულ თუ ფოლკლორულ ჩანაწერებში.
წივწივას წამოცდა მასპინძელთან, უხერხულად ვგრძნობ თავს, ასე რომ შეგაწუხეთო. ჰოდა, რაკიღა მასპინძელმა სიტყვა უხერხულობა გაიგო, მოუტრიალდა და უთხრა, რას ამბობ, ჩვენთან თავი უხერხულად რატომ უნდა იგრძნო, ეგ როგორ წამოგცდაო. ჰოდა, სანამ თავს სასურველად და უხერხულობიოს გარეშე არ იგრძნობ, მანამდე ვერ გაგიშვებთო.
ამ ფრაზამ, მართალი ვთქვა, გადამრია კიდეც. სულიერებით სავსე ფრაზა, ძალიან წინაპრული იყო, სიყვარულითა და ახლობლობით სავსე... გადავირიე კაცი... მართლაც ძირძველობაა აქ შენარჩუნებული და არა ფუტუროდ, არამედ ცოცხალი სახით, ნამდვილი და ორგანულია მათი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მოქალაქეებისადმი.
მათზე ლაპარაკი დიდხანს შემიძლია, მაგრამ აღარ გავაგრძელებ. ბესოს კიდევ ერთხელ დავუძახე და ვუთხარი, რომ თუ გინდათ, ამ შესანიშნავ ადამიანს, დავითს, იგივე წივწივას სულაც აქ დაგიტოვებთ, მაგრამ ჩვენ უნდა გაგვიშვა-თქო, ამჯერად მართლაც გადაწყვეტით ვთქვი და რა ეღონა მასპინძელს, დაღონებულმა მადლობა გადაგვიხადა და გაგვაცლა გარეთ, გამოგვაყოლე კიდევ ორი ადამიანი, რომელგანაც ერთი ასპინძაში მიდიოდა, მალხაზი და კიდევ ერთი თანასოფლელი.
მიუხედავად ჭირისუფლობისა,ბესო ჩვენთან საერთო სურათის გადაღებას დათანხმდა და უახლოეს თვეებში მათთან ჩასვლაზე პირობა აიღო ჩვენგან.
