თხრობა პირველი
იმისა თუ როგორ შევაცდინე 4 კაცი 
ყველას მოგეხსენებათ, რომ ნოემბრის აქეთ საროში დაბრუნებას ვნატრობ. მიზიდავს მისი პირველყოფილობა, ტურისტების ფეხით შეუბღალობა, ეს ის ადგილია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის.
თან სამცხისადმი ჩემი სიყვარული უცნობი არაა, და მაკენასთავის ათაბაგობის წოდების ჩამორთმევაც განვიძრახე

ასე ოცნებებში გავიდა მთელი ზამთარი, დადგა გაზაფხული, გამოჩნდა თავისუფალი შაბათ კვირა და თემაც გავხსენი.
წინწივა უთემოდ შევაბი. შემხვდა სადღაც და კატეგორიულად განვუცხადე რომ საროში უნდა წამოვიდეს. ქსოვრელის შებმა არც მიცდია, არჩილმა ბოლო მომენტში მომწერა მეც მინდაო. კიდევ 2 გოგოს უნდოდა მაგრამ სუსხს დაუფრთხნენ.
აქუვეზერი თოვლს, გრიგალს, წვიმას და ათას უბედურებას გვიქადდა, მათ სორის -12 ყინვას. მაგრამ, ჩვენ არაფრად ჩავაგდეთ ამინდის გაფრთხილება, არც დედაჩემის სიტყვები ”შვილო ასეთ ამინდში ძაღლი არ გაიგდება და შენ სად გაგიწევიაო”.
მოკლედ წამომსვლელთა საბოლოო რიცხვი გავიგე პარასკევს დილით, როდესაც თბილისი-ვალეს ბილეთებს ვიღებდი. ავიღე 5 ბილეთი, გადავიხადე 20 ლარი და ბედნიერი წავედი სამსახურში. ყველა გზა უკან მოჭრილია!
მივდივართ!!!
საღამოთი სადგურზე მივედი და იქ დამხვდა 4 შეცდენილი კაცი:
არჩილი, წივწეივა, ანდრო - წივწივას + და ქსოვრელი. უკანასკნელ გზაზე (მგონი ყველა დარწმუნებული იყო რო9მ რომელიმე კლდეზე მიყინულები დავრჩებოდით) გვაცილებდნენ დაკოტა, ინტელა, ზღარბი და ქოჩო.
21:00 ავედით მატარებელში და როგორც იქნა ვიპოვეთ ადგილები სუნიან და ბნელ პლაცკარტში.
თბილისი-ვალეს მიმართულებით ყოველ საღამოს დადის 1 ვაგონი. მას ოზურგეთის მატარებელს აბავენ ხაშურამდე, და ამ მანძილს იგი 2 საათში გადის, ხოლო ხაშურიდან ოზურგეთის მატარებელი გზას განაგრძობს, ვალეს ვაგონს კი ებმევა საწყალი წითერლი ელმავალი და ნელნელა მიჩუხჩუხებს სამცხესკენ. ხაშური-ახალციხე გზას 5 საათს ანდომებს.
თუ რემარკის ”დასავლეთ ფრონტზე ყველაფერი უცვლელადაა” ან ”გზა სინისაკენ” გაქვთ წაკითხული, მაშინ ადვილად წარმოიდგენთ თბილისი-ვალეს ვაგონს. თუ არა და...
მოკლედ იმდენი ბილეთი იყიდება, რამდენი საჯდომიც ეტევა. ღირს ეს სიამოვნება 4 ლარი. თუ ხალხი ცოტაა, მაშინ გაგიმართლებთ და ჰორიზონტალურ მდგომარეობას მიიღებთ. ვაგონი არავინ იცის როდინდელია, და მის ყველა დეტალში გამჯდარია ჭუჭყიანი ნასკების კონცენტრირებული სუნი.
ქარელამდე ჩვენი მეზობელი ქარელელი კაცი იყო, აქტიურად ჩაერთო ჩვენს საუბარში და ანეკდოტიც მოგვიყვა დათვზე. ქარელში კი ჩავიდა. ტამბურში მოსაწევად რომ გავედი ვიღაც ხაშურელებს რატომღაც სამხედრო ვეგონე.
ხაშურში მატარებელი ნახევარი საათი იდგა, ჩვენ ჩავედით ბაქანზე და ნეტარებით ვყლაპავდით ხაშურის სუფთა ჰაერს! უკან ამოსვლა კი ოსვენციმის გაზის კამერებში ასვლის ტოლფასი იყო...
წივწივამ მოახერხა და ტკბილად დაიძინა ჯერ კიდევ ხაშურამდე.
ბორჯომში ყველანი ტამბურში გავედით ჰაერით სასუნთქად.
ალექსს მოეჩვენა რომ თოვლიანი მანქანა დაინახა და დიდხანს ვეძებეთ ბორჯომსი მანქანა ან თოვლი. ბოლოს წავედით და დაძინება ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. მე ნახევარი საათი თუ მეზინა. მოგუდულობისგან გამეღვიძა. ჩემს უკან სამხედროები და ახალციხელი გოგო ისხდნენ. ერთერთი სამხედრო მთელი ღამე ამ გოგოს აბავდა, უკანასკნელ ხაშურულ ხიტებს ასმენინებდა, როგორიცაა ფელიჩიტა ქართული სიტყვებით.
პირველ მოსმენახე სიცილით მოვკვდით, მეორეზე გაგვეღიმა, მესამეზე დიდი სურვილი გამიჩნდა წამერთმია მობილური სამხედროსთვის.
როგორც იქნა, ძლივს, დილის 5 საათზე მატარებელი ახალციხეში ჩამოდგა და ჩვენ თავკუდმოგლეჯილები გავიქეცით ჟანგბადით სასუნთქად.