დღეს სტალინის და ჩვენი პრეზიდენტის დაბადების დღეა... ჩვენი პრეზიდენტი რომ მოლაშქრ-მოხეტიალეა, ეგ ფაქტია... მოვლენა რომ მნიშვნელოვანია ეგეც, ჰოდა, ერთი კაი თემა კი ეკუთვნის...
აბა, უყურადღებოდ ხომ არ დავტოვებთ...

არ ვიცი, როგორ მივულოცოთ თუ... რა ვქნათ...
მაგრამ...
ერთი კარგი სტატია წავიკითხე, რომელიც არ დაუბეჭდეს ავტორს, მაგრამ თქვენ კი მოგეწონებათ და ეს იყოს ჩემი მილოცვა ამ დღის იუბილარებისათვის:

ძეგლებით თამაში
არჩილ ქიქოძე
_ ტყვიები რო გაგვითავდა, ჩვენც და გერმანელებსაც, დავერიეთ ერთმანეთს `შტიკებით~ და დანებითო, გაჩაღდა ხელჩართული ომიო, _ ყვებოდა ხოლმე მეჯვრისხევში მოხუცი ანდრო პაპა. ომში მართლა იყო ნამყოფი და ინვალიდიც დაბრუნებულიყო იქიდან, რომ შეთვრებოდა, სულ ამ ამბავს ყვებოდა და სოფლელებიც ამას ელოდნენ, თვითონვე შეახსენებდნენ და მერე თვალს უკრავდნენ ერთმანეთს, ოღონდ ანდრო ამას ყურადღებას არ აქცევდა, თავის ამბავს აგრძელებდა: _ ვარ ამ ფიცხელ ომში და ზევით, მთაზე, თურმე სტალინი და მიქოიანი დგანან და გვიცქერენ. მიბრუნებია სტალინი მიქოიანს, თითი გამოუშვერია და უთქვამს: _ აი, ამ ულვაშზე დამაჯვი, ეგ თუ ჩვენი ზანგურაანთ ანდრო არ იყოსო. ომი რო დამთავრდა, კიდე, ჩამოვიდა ცხონებული დაბლა, მოვიდა ჩემთან და მითხრა: _ რაო, ანდროო, მთელი ამ ომის უბედურებამ შენ მხრებზე უნდა გადაიაროსო. _ მერე გაიხადა თავისი შინელი და მხრებზე მომაგდო _ მაჩუქაო.
ამაზე ანდროს ცოლი გამოიხედავდა სახლიდან და ჩაიბუზღუნებდა: რა შინელი _ რის შინელი, კაცი ორფეხა წახვედი ომში და ცალფეხა ჩამოხვედიო. ანდროს მაინც უხაროდა ამ ამბის მოყოლა და მასთანაც ხომ ამ ამბის მოსასმენად დადიოდნენ...
ჩემი კარსნელი მეზობელი, ვასილიჩი, ნაომარი არ იყო. შეიძლება, ომის მერეც კი იყო დაბადებული. ვასილიჩის შემხედვარე მისი ასაკის გამოცნობა არ იყო ადვილი. სტალინის სადღეგრძელოსთვის საგანგებოდ მოემზადებოდა, გასერიოზულდებოდა და შუქი ჩაეღვრებოდა თვალებში. _ იმ ულვაშა ბიჭს გაუმარჯოსო, _ ასე იტყოდა, _ ლიახვში რო ბანაობდა და კრემლში რო დაიმარხაო. უამრავი ანეგდოტი იცოდა სტალინზე, ძირითადად შინელზე, ჩიბუხზე, ბელადის უბრალოებაზე და სამართლიანობაზე. ერთხელ გულნატკენმა მითხრა, თურმე გაზეთებში სტალინზე წერენ _ კულტი იყოო. ჰაი, დედასა, აბა, დედიმისის შვილი იყო და ვინმეს პირში ეთქვა _ კულტი ხაარო. ხო უტირებდა დედასო! _ მერე საჩვენებელ თითს წინ გამოიშვირა და _ ბახ, ბახ, ბახ... _ დაიძახა.


