ეს გასვლა სასიამოვნოდ ექსტრემალური იყო...
ამას გასვლამდე სამი დღით ადრე სოფელ დირბიდან გატაცებული სამი ქართველი და იმ ჯარისკაცის თვალებიც მოწმობს, მარშუტკის კარები რომ გააღო, მერე უდიერად მოგვიჯახუნა და ალბათ გულში გაიფიქრა "გიჯები სულ მთლად გათავისუფლებულან, ალბათ ამინისტია შეეხოთო"....
მე კი ამ დროს გავიფიქრე რომ მსგავს გასვლას კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი...
როცა გეგმას დავხედე, ყოყმანი შევატყვე საკუთარ თავს მაგრამ ერთხელ ნანახი და მონატრებული ადგილების ნახვის სურვილმა სძლია ყოყმანს და...
საღამოს კი არცთუ სახარბიელო ცნობები გავიგე და ჩემი მორიგი "პანიკის მსხვერპლი" ერთი უკეთილშობილესი ადამიანი გახდა...
დეტალებში ეშმააო და მეც ვცდილობდი გამერკვია რამდენად საშიში იყო იქ წასვლა...
ისიც ამომწურავად და თან წყნარად მპასუხობდა ყველა კითხვაზე და ბოლოს ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ მე ცოტნესთან გავისეირნებდი ფრიად დელიკატური საკითხის გასარკვევად (თუ რამდენად გამართლებულია ულიმონკოდ და ტანკსაწინააღმდეგო ჟილეტის გარეშე ტანკის ქვეშ შევარდნა ), ხოლო ის დამპირდა, თუ ტანკს ვნახავდით აუცილებლად გადამიღებდა მის ფონზე .... ( დროშობა რომ მინდოდა მერე მომაფიქრდა )...
ცოტა დავმშვიდდი , ტანკის , ცოტნეს და მედვედევის ნახვის სურვილით ფრთაშესხმულს ჩამეძინა კიდეც...
პირველი მივედი-თქო ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ფოტოზე მაინც მოვხვდი...
ახალგორისკენ მიმავალ გზაზე რომ გადაუხვიეთ, ერთი კი გადავხედე ალმაცერად გზას, მეთქი იქნებ ტანკიიი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ამ გზაზე ბევრჯერ ამივლ-ჩამივლია, მაგრამ ტანკი არ მინახავს...
ეჰ, ჩემი ოცნება ნელ-ნელა დამეჩაგრა, მაგრამ თავს ვიმშვიდებ , მთავარი ხომ წინაა...
სიურპრიზი მართლაც მშვენიერი გამოვიდა...
ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესია, მართლაც ლამაზია...
მე ის განსაკუთრებულად მიყვარს და მიზიდავს და ამის მიზეზიც მაქვს...
სანამ ოთხივე ქონგური არ დაიპყრეს მანამდე არ მოეშვნენ ....
ბრავო თქვენ...
მე კი ბუზღუნის საშუალებაც მომეცა ვიგვიანებთ მეთქი, მაგრამ არავის გაუგია , ჩემს გარდა ეს ბუზღუნი...
უმშვენიერეს ურბნისს თავისი იდუმალება და ხიბლი ხომ აქვს, აი დედაოს სახე და თვალები ორმაგად უმშვენიერესი არის...
თბილი და წმინდა...
აკანკალებული ხელით გადავუღე დედაოებს სურათი, გოგას ნებართვით და ეს ისტორიული კადრები ალბათ არასდროს ამოვა მეხსიერებიდან...
რუისის დედათა მონასტერში ულამაზესი ფრესკები რომ გადავიღე გარეთ გამოსულს კომბოსტოს წვეულება დამხვდა , მაგრამ მის დაგემოვნებაში მონაწილეობის სურვილიც არ გამჩენია , კომბოსტოსადმი ჩემი დამოკიდებულებისა და გამო...
მერე ჭაში ფოტოაპარატ მომარჯვებული ზღარბუნიაც დავაფიქსირე და მოთმინებით ველოდი კიდევ ერთი საოცრების რუისის ნახვას...
ისეთი სიწყნარე და სითბოა რომ სისხლის ყველა ნაწილაკამდე აღწევს...
ქვებსაც მოვეფერე, რუისის დიდებული ჩუქურთმების გადავიღე და კიდეც ერთხელ განმიახლდა მწველი ოცნება ტანკის ნახვისა და ამ ოცნებას ფრთებიც კი შეესხა , როცა ბრეთაში დედაომ ერთი არცთუ სასიამოვნო ფაქტი გვამცნო...
დიდის სახემოღუშელობით ვამცნე სხვებს ეს ამბავი, გულში კი იმედის დროშა აფრიალდა...
კაბა მქონდა, მაგრამ რატომღაც ვანოს ქურთუკით შემოსილი შევედი დირბის დედათა მონასტერში...რამდენიმე ფრესკა კურთხევის გარეშე გადავიღე და ვილოცე...
დედაოს საჩუქარმა მომხიბლა და კარგა ხანს თვალი ვერ მოვაშორე...
მალე სიბნელე სოფლის ორღობეში მალულად შემოიპარა...
ზოგს შესცივდა, ზოგს მოშივდა, ზოგის ოცნებას ის ორი საცოდავი ფრთაც მოეკვეცა (თუ ცეცხლის ალზე დაებრაწა), რომელიც რომა შუა ტყეში ააგიზგიზეს....
არა უფრო მგონი გაეყინა ფრთები, რადგან ცეცხლი წინა მხრიდან გათბობს და ზურგიდან გაცივებს....
ჩემზე ჭკვიანებიც გამოჩნდნენ და გასათბობად სხვა "ცეცხლს" მიმართეს...
მაგრამ მე მაინც მამაპაპური ცეცხლი ვარჩიე და "მწვადის შეწვის პრინციპით" ვიხელმძღვანელე,( მაინც ვერ გავთბი დე ეს მწვადი როგორ იწვება ნეტავ?

)....
სულ მალე შხაპუნა წვიმამ ჩემი საწვიმარი დაასველა...
წკაპაწკუპით აწკაპუნდა ჩემს ზურგზე და სულ მალე კოკისპირულად იქცა...
საწვიმარმა გმირულად გაუძლო გამოცდას, მე კი უკვე უბედნიერესი ვიყავი იმით, რომ ტანკი ვერ ვნახე....
ასე ადვილია დროშობა რო...
სიმღერით და ცეკვით გული რომ იჯერეს მარშუტკაში მოთავსდნენ, და სულ მალე ჩემს ყურთასმენას საოცარი და მხიარული სვანეთის ისტორიები იპყრობდა , ბელას უმშვენიერესი ხმა ჩამესმოდა და მინდოდა დაუსრულებლად მოეყოლა ერთიმეორეზე უკეთესი ამბები....
მაგრამ...
ბელას ჩაეძინა...
მერე რა...
სამაგიეროდ მე ვიყავი ბედნიერი, რომ არსებობს წვიმა, ცეცხლი და რომ ვერ ვნახე ტანკი, აღარაფერს ვამბობ ცოტნეზე და მედვედევზე........................
პ.ს. თუმცა იმედი არ დამიკარგავს, იმ ტანკს მაინც ვნახავ....
