შატილის ასულთან ჩემი ბოლო გასვლა ჯვრის მონასტრის დასუფთავების აქცია იყო ფერეიდნელებთან ერთად - 2008 წლის 30 მარტს... მგონი, იმის შემდეგ კიდევ ერთი გასვლა მოასწრო შატილმა - 17 აპრილს ის საშინელი საღამო დაგვიდგა კარავს... იმ დღესაც ტრადიციულად დაგვამახსოვრა თავი სიცილ-კისკისით, ხუმრობით და ლამაზი სულით. საღამოს, როცა 100 ტომარა ნაგავი მანქანაზე შევყარეთ, რომელზედაც მერე დასატკეპნად შატილიონკამ ჩანადირთან და პოპინსის გეგასთან ერთად იცეკვა, მცხეთაში რესტორანში ვივახშმეთ. იქაც ტავის სტიქიაში იყო - დაღლას არ იმჩნევდა და მხიარულების ცენტრში ტრიალებდა. ამ მახსოვს, რაზე იხუმრა, მაგრამ კარგად მახსოვს, ადმინი რომ სიცილისგან ჩაბჟირდა და "შატილიონკა, შენ რა მაგარი ხარო", ძლივს ამოღერღა, როცა ოდნავ მოითქვა სული...
შენ შენი საქმე ამ ტრაგედიითაც გააკეთე - ეს უბედურება კარავის ერთ ოჯახად ცხოვრების დასტურად იქცა. უბედურებამ თითქოს უფრო შეგვაკავშირა და მძიმე წუთებში მოქცევა გვასწავლა... ისედაც ბევრი რამე გვასწავლა...
მიზეზთა გამო, ლაშქრობებში ფოტოებს არ ვიღებ და არც მისი სურათები მაქვს, რომ დავდო, მაგრამ ძალიან მინდა, რაც შეიძლება ბევრი დადოთ მისი მოკისკისე, გაცინებული და მხიარული ფოტოები. მინდა, ასე მაინც ვაცოცხლოთ ჩვენი შატილი, რომელიც მხოლოდ მხიარული სახით დაგვამახსოვრდება და არა მოწყენილით...
ძალიან მინდა, ხელი ვკრა იმ კარსაც, რომელიც მწარე სინამდვილეში მატყვევებს, გავანგრიო და გავიდე იქ, სადღაც, სადაც გულიანად მოკისკისე ჩვენი შატილი დაგვიხვდება, ანაც - სახეზე სხივგადაფენილი ტუჩების კუთხეებში ჩაბუდებული ღიმილით; სადაც მის ხუმრობაზე ისევ ვიცინებთ და ადმინი ისევ იტყვის, შატილიონკა, შენ რა მაგარი ხარ! შენ მართლა მაგარი იყავი, ჩვენო თამო...

ვაი, რომ იყავი და აღარ ხარ...

მაგრამ კარავთან და კარაველებთან ერთად შენც მუდამ იქნები, ჩვენო კისკისა და მხიარულო დაუდგრომელო გოგოვ. არ იარსებებს გასვლა, კარაველთა შეკრება, რომელშიც შენ არ იქნები, შენ არ გახსენებენ, არ მოიგონებენ შენს ხუმრობებს, ცრემლიან თვალებს ერთმანეთს არ მოარიდებენ...
შენ მხოლოდ რამდენიმე საათი დაგრჩა სამზეოზე. სულ რამდენიმე საათი...