Post
by caucasica » 14 ნოე 2008, 21:32
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სამხრეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან დაახლოებით 2,000-2,800 მ-ის სიმაღლეზე (ნახ. 1). ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი, რომლის ფართობი დაახლოებით 22,000 ჰექტარია, ყველაზე დიდი აღკვეთილია ქვეყნის მასშტაბით. აღკვეთილი მდებარეობს ტაბაწყურის ტბის გარეშემო, რომელიც მოცულობის მიხედვით არის ყველაზე დიდი ტბა საქართველოში. აღკვეთილის ფარგლებში მოქცეულია მდინარე ქციას და წყლის სხვა უფრო მცირე ობიექტების ზედა წელი. რეგიონი გამორჩეულია თავისი უნიკალური მაღალმთიანი ჭარბტენიანი ტერიტორიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ნარიანის ველი. აღკვეთილს ესაზღვრება ორი სოფელი – ტაბაწყური და მოლითი, ხოლო ბორჯომისა და ახალქალაქის რაიონების რამდენიმე სოფელი (ჭიხარულა და ბალანთა – ბორჯომის რაიონი; მოდეგა და ბეჯანო – ახალქალაქის რაიონი) მდებარეობს აღკვეთილის ფარგლებს გარეთ მის სამხრეთ საზღვართან.
გეოგრაფია
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს მცირე კავკასიონის სამხრეთ ნაწილში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფარგლებში. ადმინისტრაციულად ტერიტორია ეკუთვნის ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს. ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის ნაწილი.
კლიმატი
ძირითადად გაბატონებულია მშრალი კონტინენტური მთის ჰავა. ზაფხული აქ მოკლე და გრილია, ივლისის თვის საშუალო ტემპერატურა 120ჩ-ია, ხოლო ივლისის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა - 260ჩ. ზამთარი ცივი და თოვლიანია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -80ჩ-ია. წლის განმავლობაში ტერიტორია თოვლით არის დაფარული დაახლოებით 150 დღის მანძილზე. წლიური ნალექების რაოდენობა 700 მმ-ზე ნაკლებია, თუმცა წელიწადის საშუალოდ 50 დღე გამოირჩევა ძლიერი წვიმებით.
ჰიდროლოგია
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფარგლებში ორი ძირითადი წყლის ობიექტია – მდინარე ქცია და ტაბაწყურის ტბა. მდინარე ქცია სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობებზე ზღვის დონიდან 2,422 მ-ის სიმაღლეზე. ის მოედინება ნარიანის ველზე (ზღვის დონიდან 2,050 – 2,080 მ), სადაც ის კვებავს ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ჭაობებს. მდინარე ძირითადად იკვებება ატომოსფერული ნალექებით, თუმცა ის ასევე დამოკიდებულია მიწისქვეშა წყაროებზეც. მთელი წლის მანძილზე მდინარე ქცია ხასიათდება წყალმცირობით, მაგრამ მცირემასშტაბიანი წყალმოვარდნები იცის გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ზამთარში მდინარე ჩვეულებრივ დაფარულია ყინულის ფენით.
ტაბაწყურის ტბა
მოცულობის მიხედვით ტაბაწყური არის ყველაზე დიდი ტბა საქართველოში. მისი მოცულობა 221 მილიონ მ3-ს შეადგენს. ზედაპირის ფართობი 14.2 კმ2-ია, სიღრმე 42.2 მ-ს აღწევს. ტაბაწყურის ტბა მოქცეულია ქცია-ხრამის აუზში. ტბა მდებარეობს ბორჯომისა და ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვარზე ზღვის დონიდან 1,997 მ-ის სიმაღლეზე. წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულია ზაფხულში (+15.30ჩ - აგვისტოს საშუალო თვიური ტემპერატურა). თითქმის ყოველ წელს დეკემბრიდან აპრილამდე ტბა დაფარულია 40-50 სმ სისქის ყინულის ფენით. წყლის დონე სეზონურად იცლება. ჩვეულებრივ წყლის დონე ეცემა იანვარში და მატებას იწყებს გაზაფხულის ბოლოს თოვლის დნობის დაწყების შემდეგ. წყლის დონე თავის მაქსიმუმს აღწევს ივნისში, ხოლო შემდეგ ისევ კლებას იწყებს. წყლის დონის ცვალებადობა დამოკიდებულია ტბის კვების რეჟიმზე. როგორც ცნობილია, ტაბაწყურის ტბას აქვს ჩაკეტილი აუზი. ტბის წყლის გადინება ასევე ხდება დაბალი წყალგამტარობის მქონე მიწისქვეშა ნაპრალებით.
კულტურული ინფორმაცია
არქეოლოგიური დახასიათება
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მთელი რიგი არქეოლოგიური უბნებისა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში ნაპოვნი იქნა ბრინჯაოს ხანის ოთხი სამარხი (ყორღანი). 2002 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თავკვეთილის ფერდობებზე აღმოაჩინა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები. ქციის ველზე აღმოჩენილ იქნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-IV საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი, ხოლო სოფელ მოლითის ახლოს – ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV-XII საუკუნეების სამარხები და შუა საუკუნეების დასახლება.
ჩამოთვლილი არქეოლოგიური და კულტურული ძეგლებიდან ორს, კერძოდ, ტაბაწყურისა და თავკვეთილის ყორღანებს, აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. შემდეგი ძეგლები კი ეროვნული მნიშვნელობისაა: მდინარე ქციის მარცხენა ნაპირზე მდებარე საყველიას მთის ნასოფლარი; სოფელ ტაბაწყურის ჩრდილოეთით მდებარე ქციის ველის და მუხების მთის ნამოსახლარი; საყველიას მთის ძირში მდებარე IX საუკუნის წითელი საყდარი. მერნიის და ქციის ყორღანები საყველიას სამარხოვნებთან ერთად. დანარჩენი ძეგლები ადგილობრივი მნიშვნელობისაა. ყველა ამ ისტორიულ თუ არქეოლოგიურ უბანს გააჩნია ტურიზმის განვითარების პოტენციალი. ამისათვის საჭიროა მათ მიმართ საკონსერვაციო ღონისძიებების განხორციელება ზიანის გამომწვევი ფაქტორების ნეიტრალიზაციის მიზნით.
დასახლებები და მოსახლეობა
სოფლები ტაბაწყური და მოლითი ეკუთვნის სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ბორჯომის საკრებულოს. ორივე სოფელს ჰყავს თითო არჩეული წარმომადგენელი საკრებულოში.
2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა შეადგენს 723 ადამიანს, ხოლო სოფელ მოლითის - 273 ადამიანს. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური სომეხია. ყველამ იცის სომხური ენა, ქართულს და რუსულს ფლობს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი.
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკის ძირითად დარგს. ისევე, როგორც მთელს რეგიონში, საკვლევი ტერიტორიის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია: კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი და მატყლი.
სოფელ ტაბაწყურსა და მოლითში ძირითადად გავრცელებულია რძის პროდუქტების წარმოება, მეკარტოფილეობა და მეთევზეობა. მოსახლეობის უმეტესობას ჰყავს საქონელი. ადგილობრივი თემების 72% მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეცხოველეობაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მეთევზეობაც. სოფლის მოსახლეობის თითქმის 42% თევზაობს. ოჯახების 9%-თვის მეთევზეობისგან მიღებული მოგება წარმოადგენს მათი შემოსავლის ძირითად წყაროს, მოსახლეობის 56% თევზის რესურსებს იყენებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, რითიც წვლილი შეაქვს ოჯახის კეთილდღეობაში. ნადირობა არ არის პოპულარული ადგილობრივ მოსახლეობაში. ადგილობრივთა 92%-ს საერთოდ არ უნადირია ამ ტერიტორიაზე. იშვიათად გვხვდება არაადგილობრივი მონადირეებიც.
ადგილობრივი თემების უმეტესი ნაწილის შემოსავლის ძირითად წყაროს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. დანარჩენები დამოკიდებული არიან სახელმწიფო პენსიებსა და ხელფასებზე. 20-ზე ნაკლები ადამიანი მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიაში, ძირითადად უსაფრთხოების სამსახურში. ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები საკმაოდ დაბალია და ამიტომ ისინი თავის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს.
განათლება
ორივე სოფელში არის სკოლა. სკოლებში სულ 176 მოსწავლე სწავლობს, აქედან მოლითის დაწყებით სკოლაში დადის 47, ხოლო ტაბაწყურის დაწყებით და საშუალო სკოლაში – 129 ბავშვი.