qvevri wrote:
ვუძღვნი გოდერძი ჩოხელის ხსოვნას... ბალთია

ბალთია ერუშეთში, ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს დაიბადა. მთლად თეთრი იყო, მხოლოდ ზურგზე ჰქონდა ერთი დიდი შავი ლაქა. იმ ღამეს გარეთ ყინვისაგან ქვებიც კი ხრჭიალებდნენ. მისი და-ძმები მალევე გაასხვისეს, დედა იმავე ზამთრის მიწურულს შეუჭამეს მგლებმა. დარჩა ბალთია მარტოდმარტო. მისი პატრონიც მალევე გარდაიცვალა და მეზობელ-მოკეთეებმა ჯერ კიდევ ლეკვი, ერთ მგზავრს მისცეს, რომელიც კლარჯეთიდან ბრუნდებოდა შინ. ჩასვეს ბალთია ხურჯინში, გადაჰკიდეს ჯორზე და გაუყენეს გზას. მისი ახალი პატრონი, ლაზარე, რომელსაც ცოლშვილი არა ჰყავდა, ქართლის ერთ პატარა სოფელში, სხალტბაში ცხოვრობდა. მისი სახლი სოფლის განაპირას, წყაროსთან იდგა, საიდანაც კვირაცხოველის ახლად აგებული ტაძრის, ლამაზად მოჩუქურთმებული სვეტები მოსჩანდა. მოწმენდილზე ამავე ადგილიდან თითქმის მთელ კავკასიონს დაინახავდი. სახლის უკან ტყე იწყებოდა და სამასიოდე ნაბიჯში ისე ხშირდებოდა, რომ თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა. ეს ტყე იყო ამ სოფლის მარჩენალი: რა ტყის ხილიო, რა სოკოო, რა ხის მასალაო თუ შეშაო სულ იქიდან უნდა გამოეზიდათ სხალტბელებს. სოფლის თხა და ღორიც იქვე იკვებებოდა, რკო იქნებოდა თუ წაბლი, წიფელი თუ პანტა და მაჟალო. ამ ადგილებში ზამთარი კარგა გვარიანი იცოდა. ჩამოჰყრიდა თოვლს მარა რას ჩამოჰყრიდა. ითოვებდა ორ სამ დღეს რაც კი ძალი და ღონე ჰქონდა და ამ ორი სამი დღის ნათოვში ცხენკაცი დაიფარებოდა, იმოდენა იყო. მერე დაიწყებოდა ნამქერი და კაცს რომ არ ემარჯვა და თოვლი არ გადაეხვეტა, სახლკარს მთლიანად დაუფარავდა ქარის მოტანილი თოვლი. გაგრძელდებოდა და გაიწელებოდა ზამთარი ისე, რომ ბოლო აღარ უჩანდა. მოეძალებოდა დამშეული ნადირი სოფელს და რას მოეძალებოდა, მგელს საქონელი ლამის ბოსლებიდან მიჰყავდა. ლაზარე, ბალთიას პატრონი ერთი გამხდარი, შავ-შავი კაცი იყო. შეუხედავ სახეს დიდრონი ცხვირი კიდევ უფრო უუშნოვებდა. სამაგიეროდ თვალები ჰქონდა, ხუთას ნაბიჯში სცნობდა კაცსა. ლაზარე მჭედელი იყო და თავსაც ამ ხელობით ირჩენდა. ხოდა აბა სოფლის მჭედელს საქმეს რა გამოულევდა და იდგა და სჭედავდა ლაზარეც ნალებსა თუ ლურსმნებს, დანებსა თუ სასხლავებსა და იყო ამ შრომაში. საქონელიცა ჰყავდა ლაზარეს, თითო ხარ-ძროხა და ოთხი თუ ხუთი თხა. საქონლის სადგომი სახლის უკან, ტყის პირას ჰქონდა გამართული. ბალთიას ლაზარე, სწორედ ამ საქონლის მწყემს-დარაჯადა ზრდიდა. ჯერ რა მაბადია და ესეც მგლებს შევაჭამოო- იტყოდა ხოლმე. ბალთია ჯერ კიდევ პატარა იყო, რომ ლაზარემ რკინის კბილებიანი საყელური გამოუჭედა, გაიზრდება და გამოადგებაო. მართლაც ბევრჯერ გამოადგა ბალთიას ლაზარეს გამოჭედილი საყელური დიდობაში. ლაზარე ბალთიას წვრთნასაც არ აკლებდა: იშოვა ერთი მგლის ტყავი, დაახვია, კეტზე თოკით გამოაბა და მიუგდებდა ხოლმე საჯიჯგნად ბალთიას და ცოტა ხანში ისევ გამოჰგლეჯავდა კბილებიდან და ასე. ბალთია კი იზრდებოდა და იზრდებოდა, ეშვები იმოდენანი დაეზარდა, რომ პირში ძლივსღა მალავდა. ერთხელ ჯერ კიდევ გამოუცდელი ბალთია, ტყეში ხეტიალისას ფოცხვერს გადააწყდა, თუმცა კი თვალში ედიდა, მაგრამ იერითა და ფერით ლაზარს მეზობლის, ფშავი გეგენას მსუნაგ კატას მიამგვანა და მიეტანა. მიტანება ეგრე არ უნდაო, ერთი დაუქნია ფოცხვერმა თათი ბალთიას და თავპირი ჩამოაღადრა. ეგ რა მოგსვლიაო, მიაძახა სახლში წკავწკავით მივარდნილ ბალთის ლაზარემ. თუმცა კი მალევე უწმლა წყლულებზე, მარა იარები კი მთელი ცხოვრება უმშვენებდა თავპირს ჩვენ ბალთიას. მერე იყო და ზაფხულის ერთ დღეს, სახლში მომხრჩვალი მაჩვი მიათრია. მოერიეო? თუ თავი გაქვს და ღონე გერჩის მგლებს მიხედე, რომ ლამის გადაგვჭამესო. იცოცხლე მოსცხეს და მოსცხეს ბალთიას წკეპლა. აღარ იცოდა სად შემძვრალიყო და დამალულიყო ბალთია, ანდა სად უნდა დამალულიყო ამოდენა ტანისა? ის დღე იყო და ბალთიას ტყეში მარტო ხეტიალი ამოეკვეთა. დააბეს ბოსელთნ, ეგდე მანდა და მაგათ უგდე ყურიო. მეტად შეწუხდა ლაღობას ნაჩვევი ძაღლი ტუსაღობით, მარა რაღას იზავდა? შეეგუა იღბალს. ერთ ალაგას ყოფნამ ბალთია ცოტა არ იყოს მოაკეთა, და იმხელა შეიქნა რომ მტრისას. ლაზარესაც მალე გადაუვარდა გულიდან მაჩვის ამბავი და დაიბრუნა ბალთიამ ლაღობა.
სოფლის ქალები უკვე ბალთიათი აშინებდნენ თავიანთ ჭირვეულ შვილებს: აი შე საძაგელო შენა, დამაცა თუ ბალთიას არ დავაწეწინო კბილებით შენი თავიო;
აბა დაიძინეთ თორემ ჩამოივლის ბალთია და იმას მიგცემთო;
იცოდე სახლიდან არ გაადგა ფეხი, თორემ სოფელში მშიერი ბალთია დადენილა და ერთ წამში შეგყლაპავსო და მისთანანი. ნადირიც კი, ბალთიას შიშით იყო თუ რიდით, ნაკლებადღა აწუხებდა სოფელს. ამ დროისათვის კი ბალთიას უკვე მოეხრჩო სამი მგელი და ამ ყველაფერმა ისეთი პატივი და სახელი მოუტანა ჩვენს ბალთიას, რომ სოფელში საკლავი ისე არ დაიკვლებოდა, რომ მისთვის საგანგებო ძღვენი არ მოერთმიათ. ბალთია კი იწვა და ხრავდა თავისი ვებერთელა ეშვებით მორთმეულ ძვლებს. ერთ წელსაც ჩვეულებისამებრ, მკაცრი ზამთარი დაიჭირა. თოვლი მოვიდა ისეთი, რომ სულ დაფარა მთელი სოფელი. მხოლოდ კვამლზეღა თუ შეატყობდი რომ ამ ადგილას ხალხი ცხოვრობდა. გაჭრეს სხალტბელებმაც ერთმანეთთან ბილიკები და მოხშირდა მას მერე სტუმრობა და ღვინის სმა. შობაც ორი თუ სამი დღის დამდგარი იყო და ოჯახი არ იყო, რომ საკლავი რამ არ ჰყოლოდა დაკლული. ზამთარი ჯერ კიდევ მედგრად იდგა და თოვლიც როგორც სჩანდა, ჯერ სულაც არ აპირებდა დნობას. გაჭირდა საქმე. იცოცხლეთ, სხალტბელებს კი ჰქონდათ ზამთრის სარჩო ბლომად, მარა ნადირი კი ნამეტანი შეაწუხა შიმშილმა. დამშეული ირმები პირდაპირ სახლის კარებზე აკითხავდნენ სოფლელებს, და ხალხიც აპურებდა უჩვეულო სტუმრებს ვინ ჩალით, ვინ თივით, ვინ ქვამარილით.
ერთ სუსხიან დღეს, ლაზარეს თავისი მეზობელი გეგენა ეწვია სტუმრად. ოჯახისშვილო, დაიძახა გეგენამ, მობრძანდი გეგენ, გამოსძახა ლაზარემ. აბა ამგვარ ამინდში რა საქმე უნდა ჰქონოდა გეგენას ლაზარესთან თუ არა ნუნუას წყურვილი? და ლაზარემაც წამოავლო დოქს ხელი და მარანში შევიდა ქოცოს მოსახდელად. რა კარგი დამდგარა ე დალოცვილი ესა, სთქვა გეგენამ და დაცლილი ჯამი ტაბლაზე ჩამოდო. არა ძმაო ლზარო, გორული მწვანესთანა ღვინო არ მეგულება ამ ჩვენში, ეგრე არ არი კაცო? შეუქო ღვინო მასპინძელს გეგენამ. ეგრეა ეგრე გეგენ, თან ფერიც როგორ გაჰკეთებია ამ მადლიანს ამასა, ამბობდა ლაზარე და თან დოქიდან ღვინოს ასხავდა ჯამში. ამ საუბარში იყვნენ, რომ გარედან კაცის ხმა შემოისმა: მაინძელო... მობრძანდი, დაეხმიანნენ ერთმანეთს სტუმარ-მასპინძელი. ოოო გიგუცას გაუმარჯოს გიგუცას, რა თავი მოგვანატრე კაცო, შეაგებეს სიტყვა სტუმარს, რომელსაც ხელში ჩურჩხელები და ტკბილი კვერი ეჭირა. გაჩაღდა ლხინი. ცოტა ზარხოშში რომ მოვიდნენ ლაზარემ, რომელიც სხვათა შორის კარგი მომღერალი იყო სიმღერა წამოიწყო: “ზამთარი ვარდსა დააჭკნობს ფურცელი ჩამოსცვივაო”. აჰყვნენ გეგენა და გიგუცა და ისეთი სიმღერა გამოუვიდათ, რომ თვითონვე გაუკვირდათ. მერე იყო და გეგენამ ლექსი მოაყოლა:
“განა ლაღი ვარ რომ ვმღერი, გულისა დარდსა ვიქარვი
ვინც ჩემზე იტყვის ლაღია, ჩემსაებ ლაღიმც ის არი
ძმასაც მაუკვლენ ლეკები, მამას ნასროლი ისარი
ანამც მაუკვლენ ნაძმობსა, გან ძმაზე ნაკლებ ის არი”.
ჩვენი ბალთია, იქვე, ბუხრისპირას მიწოლილიყო და სთვლემდა, თან ეტყობა სიზმარში ნადირს რასმე მისდევდა და ფეხებს გაიქნევდა ხოლმე შიგადაშიგ, ამ ამბავში გამოიღვიძებდა, ლაზარს გახედავდა და ისევ მიეცემოდა ძილს. უცებ, ბალთია ფეხზე წამოიჭრა და კარებისაკენ შეუღრინა რაღაცას თუ ვიღაცას. ლაზარს ეს ამბავი არ გამოჰპარვია, წამოდგა კართან მივიდა, გამოაღო და ენა დაება. მერე შინ შემოსძახა: მოდი კაცო ნახეთ ერთი რა ამბავიაო, გეგენა და გიგუცა პატარა ბავშვებივით მიაწყდნენ კარებს და ეხლა იმათ დაებათ ენები... ზედ სახლის კარებზე ქორბუდა რქიანი ხარირემი იდგა ურცხვად. ლაზარე ფრთხილად გავიდა კარში და ირემს მიუახლოვდა, რომელმაც ქორბუდა რქები უკან მიატრიალა და ისე გაჩერდა, თითქოს ვიღაცას ელოდებაო, მართლაც ცოტა ხანში ეზოს მოყინულ ბილიკზე ფურირემი შემობაკუნდა და ხარს დაუდგა უკან. დიდება შენდა მაცხოვარო ჩვენო, თქვა ლაზარემ. არიქა ბალთია არ გამოვიდეს თორემ სტუმრებს გაგვიქცევსო, უთხრა ლაზარემ თავისიანებს და თვითონ სათივეში შევიდა, საიდანაც ერთი იღლია თივა და ქვამარილის ნატეხები გამოიტანა და ხარირემს დაუყარა წინ. ირემმა თივას პირი არ დაადო, უკან დაიხია და საჭმელთან ფურირემი მიუშვა. დახე ბიჭო, მაკეთ არა ყოფილა? დღე-დღეზე მოიგებს კიდევაცაო, თქვა გიგუცამ.
უყრე როგორ დაუთმო საჭმელი ფურსა? შენ ნადირი ეძახე და ვერა სჯობია კოკორაანთ თედუასა? სანამ თვითონ არ გამოძღება ცოლ-შვილი არც ახსოვს მანამდინაო, თქვა ლაზარემ. ამის თქმა იყო და დააყარეს სიცილი სამთავემ. ამასობაში საიდანღაც ბალთიაც გაოძვრა და მიაჩერდა ეჭვის თვალით ირმებს, თუმცა ხარირემის ქორბუდა რქები კი ვერ მოუვიდა თვალში, მარა სტუმრები სოფლის საქონლად ჩასთვალა, მათთან ახლოს მივიდა და ასუნ-დასუნა, ირმებმაც მიუშვეს და უცბადვე დაიმეგობრეს “მგლის ბიძაშვილი”. ლაზარემ ახლა ხარ ირემს გამოუტანა საკვები, ეხლა კი იკადრა ირემმა და შეახრამუნა გემრიელად თივა. ირმები გატრილდნენ და ნელი ნაბიჯით გაუყვნენ მოლიპულ ბილიკს. გეგენა და გიგუცა ახალი წასულები იყვნენ, რომ ბალთია კიდევ ერთხელ წამოიჭრა ფეხზე და ეხლა უკვე ყეფით მივარდა კარებს, ლაზარემ კარები გააღო თუ არა ძაღლი კარში გავარდა გადარეულივით და ტყისაკენ მიმავალ ბილიკს გაჰყვა სირბილითა და ყეფა-ყეფით. მგლები, ირმები, ბალთია... ჩაილაპარაკა ლაზარემ, მამისეულ შუბს წამოავლო ხელი და ბალთიას გაჰყვა უკან სირბილითვე. აბა ხარირემს მგელმა რა ინდა უყოს, ვერც ბალთიას დამიჩაგრავენ, მარა ფური შეიძლება შეჭამონ წყეულებმა, ფიქრობდა ლაზარე. მივიდა კიდევაც და რას ხედავს: მოუქცევიათ შუაში მგლებს ირმები და ეტანებიან. უყურებს ლაზარე როგორ იგერიებს ხარირემი მტერს რქებით და როგორ მიჰკრობია ფური ხარს გულგახეთქილი მთელი ტანით და ისვრის წიხლებს რაც ძალი და ღონე აქვს. ხუთნი არიან, მარა რამხელები კაცო, სად დაიზარდნენ ამოდენანი ეს წყეულები ესენი, თუმცა ბალთიასხელა არცერთი არ არის. ლაზარემ შუბი მოიმარჯვა. ხედავს, როგორ დაეტაკა ბალთია ერთ მგელს და ავარდა თოვლის ბდღვირი, კაცი ხარ და გაარჩიე ვინ ზევითაა და ვინ ქვევით. უცებ ხარირემმა რქები მის წინ მდგარ მგელს დასცხო და ძირს დაანარცხა, მერე წაქცეულს რქები მუცელში ჩაარჭო, თავი უკან გაიქნია და მკვდარი მგელი კარგა შორს გადაისროლა. ამასობაში ფურს წაეპარა ერთი მგელი და ბარძაყი გამოაგლიჯა. თუმცაღა კი მიიღო კბილებში წიხლი, მარა როგორც ჩანს თავის დანებებას არ აპირებდა, ამ დროს გაიქნია ლაზარემ მამისეული შუბი... მგელი უსულოდ დაეცა, მაგრამ ახლა ლაზარეს წამოუარა მგელმა და ვინ იცის საქმე რითი გათავდებოდა ბალთია რომ არ წამოშველებოდა პატრონს. არავინა ხართ კაცო, მოგვხედეთო, ყვიროდა ლაზარე სოფლისაკენ. ამ დროს ბალთია ფეხებში ამოდებულ მგელსა სწეწავდა კბილებით. ბალთია, ბალთია, დაუყვირა ლაზარემ ძაღლს. ბალთიაც მიხვდა პატრონის გასაჭირს და სულ გადაირია და გაგიჟდა. მივარდა პატრონზე მიტანებულ მგელს და დაიწყო ბრძოლა, მგელმა მოასწრო და ბალთიას სწვდა ყელში, მაგრამ ძაღლი ლაზარეს გამოჭედილმა რკინის კბილებიანმა საყელურმა იხსნა... ბრძოლა გათავდა. სოფლელებმაც მოაღწიეს ვინ შუბით, ვინ სატევარითა და ვინ კეტით ხელში. ეს რა ამბავი დაგიტრიალებია კაცო? ჰკითხავდა ხალხი ლაზარეს. ხუთი მგელი ძირს ეგდო უსულოდ. უცებ ფურირემმა ამოიბღავლა, მერე პირი დააღო, თითქოს რაღაცას ამბობსო და ძირს, პირდაპირ თოვლზე დაწვა. ლაზარე მიხვდა რაშიც იყო საქმე, აჩენს, თქვა მან და ფურს მიუახლოვდა. ორ წუთში ფურმა ხბო გააჩინა, დედა ირემი ფეხზე წამოდგა და თავის შვილს დაუწყო ლოკვა, რომელიც ფეხზე წამოდომას ცდილობდა. ბალთიას ვეღარ გაეგო რა ხდებოდა ან ეს ხბო საიდან გაჩნდა აქ და მისჩერებოდა ხან ირმებს, ხანაც სოფლელებს, რომლებიც ლაზარეს შემოჰხვეოდნენ და გამარჯვებას ულოცავდნენ.
გავიდა დრო. ლაზარეს ხანი დაეტყო, ბალთიაც მობერდა. სოფელმა იფიქრა: ცოდოა ასეთი ძაღლის უშვილძიროდ გადასვლაო და მოუყვანეს ბალთიას პატარძალი მეზობელი სოფლიდან, რომლის დაბინავება და მოვლა გეგენამ ითავა.
კიდევ ერთხელ დაიჭირა მკაცრი ზამთარი, კიდევ ჩამოყარა ცხენკაცის სიმაღლე თოვლი, კიდევ მოეძალა ნადირი სოფელს და კიდევ აუჩქროლდა გული ბალთიას ძველებურად. გაენთო გარეთ, გაირბინა ეზო-კარი, ტყისაკენ მიმავალი ბილიკი და ძველებურად შევარდა მგლების ხროვაში....
ის დღე იყო და ის. მას მერე ბალთია აღარავის უნახავს...
ხოლო იმავე ღამით, გეგენამ ლაზარე მიიხმო თავისთან სასწრაფოდ. რა ამბავია? ჰკითხა დანაღვლიანებულმა ლაზარემ თავის მეზობელს, ბალთია დაიბადა, მიუგო სევდიანი ღიმილით გეგენამ ლაზარეს და ახლად დაბადებული ლეკვი აჩვენა, რომელიც სუმთლად თეთრი იყო, მხოლოდ ზურგზე ჰქონდა დიდი შავი ლაქა. ნაღვლიანადვე გაეღიმა ლაზარეს და თვალებზე ცრემლები ვეღარ შეიკავა... იმ ღამეს გარეთ ყინვისაგან ქვებიც კი ხრჭიალებდნენ.
გამოზაფხულზე, როდესაც თოვლი მთლიანად აიღო, ლაზარემ იმ ადგილას, სადაც ბალთია ბოლოჯერ შეება მგლებს, თავისივე გამოჭედილი, რკინისკბილებიანი საყელური იპოვა და გეგენას გადაუტანა, გაიზრდება და გამოადგებაო...