MIRANDA
იქნება, როგორ არ იქნება. თუმცა თანმიმდევრული და ვრცელი რომაა, ერთი ამოსუნთქვით ვერ დავასრულებ, ხომ იცი? ამიტომ მცირედი შესვენებები მაპატიეთ

.
ცნობები ციხის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან:
"
ხორნაბუჯი (XVIII საუკუნის წყაროებით ჭოეთი), შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის - კამბეჩოვანის - ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლის წყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად. წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როცა აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს - დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში - ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. 1068 კახეთ-ჰერეთის მეფემ აღსართან I-მა დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მახატლისძეთა რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. 1625 წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან გიორგი სააკაძემ გაათავისუფლა. აქვე მეფე თეიმურაზ I-ს დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე ჯავახიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.
1970 წელს ხორნაბუჯში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გადაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად. კლდოვან მასივზე განლაგებული შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისაგან. შიდაციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩნდა 2 წყალსაცავი. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა აგრეთვე შიდაციხის დასავლეთით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი გამოვლინდა. შიდაციხისა და ქალაქის ტერიტორიაზე გავლებულ საკონტროლო თხრილებში აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლის, ფაიანსის, ქვევრების, მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტის ჭრაქებისა და სხვა ნივთების ნატეხები. გამოვლენილია როგორც ადრინდელი, ისე განვითარებული შუა საუკუნეების რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები (ყუმბარები), მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც ხორნაბუჯის ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ ხანას განეკუთვნება.
ხორნაბუჯის მიდამოებში გამოვლინდა და ნაწილობრივ გაითხარა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, მ. შ. "საოზაანო", რომელიც ციხე-ქალაქის დასავლეთით მდებარეობს. აღმოჩნდა წინაქრისტიანული ხანის ნამოსახლარები და სამაროვანი. ანტიკური ხანის სამაროვები გამოვლინდა ადგილ "ცივწყაროსა" და "ორგმირზე". კირქვის კარიერებზე ჩნდება ბრინჯაოს ხანის მასალა".
"ხორნაბუჯის ციხესიმაგრის ნაშთები, რომელსაც დღეს “თამარის ციხეს” უწოდებენ, გომბორის ქედის განშტოების ბოლოს, კლდის მასივზე, ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კილომეტრზე მდებარეობს. ეს ციხესიმაგრე ერთდროულად კონტროლს უწევდა ივრისა და ალაზნის ველებს.
ხორნაბუჯის სამხრეთ დასავლეთით, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრზე, გამოვლინდა ძვ. წ.-ის I ათასწლეულის დასასრულს დიდი ქალაქის ნაშთები. ამგვარად, ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულს ხორნაბუჯის მიდამოებში დიდი ქალაქური დასახლების არსებობა, აქ ქალაქური დასახლების ძველ ტრადიციებზე მიგვითითებს.
მე-5 საუკუნის მეორე ნახევრისათვის იგი უკვე მაღალგანვითარებული ქალაქია უჯარმასა და ჭერემთან ერთად. როგორც “ქართლის ცხოვრება” გვამცნობს, ვახტანგ გორგასალმა “დასუა ერთი ეპისკოპოსად . . . ხორნაბუჯს” და თავის შვილს “დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი.”
ამგვარად, ადრე შუა საუკუნეებში ხორნაბუჯის ციხე-ქალაქის დაარსების წინ საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. ციხე-ქალაქი განსაკუთრებულად მე-12 საუკუნეში თამარის მეფობისას განვითარდა. ამიტომაც უწოდებენ “ხორნაბუჯს” სხვანაირად თამარის ციხეს. ძეგლის ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაშთები თავისი მდებარეობით იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ მოხვედრილ ადამიანზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ალბათ, სწორედ ამიტომ გამოიყენა იგი ცნობილმა მხატვარმა ზიჩმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ”ვეფხისტყაოსნის” დასურათებისას იგი მიუვალი და აუღებელი ქაჯეთის ციხის პროტოტიპად.
თვალშეუწვდომ კლდის ქიმებზე წამომართულ ციხის ქონგურებს რომ აჰყურებ, თავს თითქოს წინაპართა ბუმბერაზი აჩრდილები დაგტრიალებენ. თითქმის ცხადლივ ჩაგესმის ათსწლეულების მიღმა ამ კლდეებში დარხეული საბრძოლო ყიჟინის ხმები".