სასაფლაოს დამთავრებისთანავე, ასფალტიანი გზაც დამთავრდა და ათხრილ დათხრილი, ”გრუნტის” გზა დაიწყო.
მზე არ იყო, მაგრამ მაინც მაგრად ცხელოდა.
ერთი-ორჯერ დავისვენეთ, წყლის მარაგი შევაცოტავეთ.
ალაგ-ალაგ ტყემლის ხეები გვხვდებოდა და იმითაც ვიმჟავებდით პირს.
გზა წარამარა იყოფოდა და გოგონებს უჭირდათ სწორი არჩევანის გაკეთება.
მეტი ისეთი არაფერი აღსანიშნავი არ მომხდარა.
ახლა დავაკვირდი და სასაფლაოს დატოვებიდან, ჭილის ტბამდე საათნახევარი დაგვჭირვებია.
ჰოოდა ერთ-ერთ აღმართზე ავდივართ, უკვე ქანცგაწყვეტილები და წინ კიდევ მინდვრები და მთები გადაიშალა.
კინაღამ გული შეგვიწუხდა.
მე ვიფიქრე, რომ გზა აგვერია და აღარ ღირდა ასე ალალბედზე გზის გაგრძელება.
მაგრამ უკან მოვიხედე და დაბლა, სადღაც 200 მეტრში ტბა დავინახე

.
მირანდამ და ლინდამაც დაინახეს და სიხარულის შეძახილი აღმოხდათ (ნუცა ცოტა ქვემოთ იყო).
თურმე კაკულიას ჩვენზე ადრე შეუმჩნევია, მაგრამ ჩუმად იყო

.
დავეშვით დაბლა, პირდაპირ ტყეზე ჩავჭერით.
ტბიდან ძაღლის ყეფა და ხმამაღალი ლაპარაკის ხმა ისმოდა.
წინ მე და მირანდა მივდიოდით.
ტბასთან ნახირი შევნიშნეთ, თავისთვის ძოვდნენ.
რომ მივუახლოვდით, ორი ქოფაკი გამოგვენთო, სხვადასხვა მხრიდან.
ჩვენ გავშეშდით და ნელ-ნელა შემოვლა დავიწყეთ.
ძაღლებიც მიხვდნენ, საქონლის მოსაპარად რომ არ ვიყავით და თავი დაგვანებეს

.
ძაღლებთან სიახლოვე არ მოგვეწონა და ტბას მეორე მხრიდან მოვუარეთ.
იქ ორი ახალგაზრდა მამაკაცი თევზაობდა.
წყალი ვკითხეთ და აქ არ არისო. თუ გინდათ, ბოთლით გვაქვს და დაგალევინებთო.
უარი ვუთხარით, მასე ჩვენც გვაქვს-თქო.
არც მათთან ახლოს გაჩერება არ ვისურვეთ და ტბასთან მთაზე ასვლა გადავწყვიტეთ.
ავედით და ძლიერი ქარი უბერავდა, უცებ გავგრილდით.
კარგი ადგილი შევარჩიეთ, მარჯვნივ თბილისის ხედი მოჩანდა
მარცხნივ ჭილის ტბა (ეს ფოტო ცოტა გვიან გადავიღე, მანდ უკვე წყალში არიან შესულები ტივით ის მეთევზეები).
მე ჩემი ”ადიალა” გავშალე, მირანდამ პარალონი, ამოვალაგეთ, რაც საჭმელი გვქონდა წამოღებული და ჭამას შევუდექით.
ყველას მოტკბილო სასუსნავები გვქონდა წამოღებული... მარტო ნუსა აღმოჩნდა თადარიგიანი გოგო და ლორი წამოიღო, საბუტერბროდე პურთან და მდნარ ყველთან ერთად.
ისე მესიამოვნაა... ისეეე...
მაგარი ხორცისტი ვარ მე.
ალბათ სისხლში მაქვს რაღაც, პაპაჩემი მეცხვარე იყო და გენებში მომყვა ხორცის სიყვარული
გემრიელად რომ მივირთვით, თხილი გამოვაჩინე

.