
ზურას ველო ნამდვილად ასფალტისათვისაა შექმნილი. თუ ხრეშიანზე ნიკას "სვანი" აშკარად სჯობდა, ზურასი ასფალტზე ადვილად კრიფავდა ტემპს და სრბოლის სიამოვნებას მანიჭებდა.
სოფელს მივუახლოვდით, შევედით. ადგილობრივი ძაღლებისათვის მშვენიერი გასართობი ვიყავით - ყეფა ყეფით მოგვდევდნენ გვერდით. როცა ვჩერდებოდი, რათა მენახა თუ რას მოიმოქმედებდნენ, ენაგადმოგდებულები, ძაღლური გულუბრიყვო გამომეტყველებით ჩერდებოდნენ და ისე გვიცქერდნენ, რომ დაძახება და მოფერება მოგინდებოდა კაცს... თუმცა სად გვეცალა სამაგისოდ...
ვარკეთილის შესასვლელში ასფალტი გაუმჯობესდა. ველოზე დამაგრებული სპიდო უკვე 40 კმ/სთ აჩვენებდა. მე და ნიკა გვერდიგვერდ მივდიოდით. სად იყო და სად არა ერთი მურა მეცხვარე ძაღლი გამოგვეკიდა ყეფა-ყეფით, ჯერ ნიკას შეუყეფა და შემდეგ ჩემსკენ მოინდომა.... მაგრამ...
მაგრამ ნიკას წინ აღმოჩნდა და დიდი სისწრაფით მიმავალმა მურა გაიტანა. ყველაფერი მინახია, მარა ველოსიპედს ძაღლი გაეტანოს, პირველად ვნახე. "სვანი" ბორბალი პირდაპირ შუა წელში დაეჯახა ძაღლს. ველო ამოტრიალდა, ნიკა მოისროლა გორა-გორებით. ძაღლი წამოდგა. ხბოსხელა ძაღლი რას იზამდა, ერთმა ღმერთმა და იმ ძაღლმა იცოდნენ მარტო. მეშინოდა გამწარებული ძაღლი ნიკას არ მივარდნოდა - დავამუხრუჭე ველო და შორიდანვე დავანამუსე მურია - არ გრცხვენია რას შვებიო - თანაც უკვე დანას ვამზადებდი, ნიკას რომ მივარდნოდა, მომიწევდა მისთვის (იგულისხმება ძაღლი და არა ნიკა) ყელის გამოჭრა. დამუნათებამ გაჭრა, დამორცხვილმა კუდამოძუებულმა დაგვტოვა და თავის პოსტს (იგულისხმება საგუშაგო და არა ნაწერი) მიაშურა.
ნიკასთან მივედი. მოვიკითხე. ჩემდა გასაკვირად და გასახარად ნიკა ტკივილს არ გრძნობდა. წყალზეც კი უარი თქვა ტრადიციულად. ველოც არ ჩანდა დამტვრეულად. ეგაა, რომ "სვანი" კიდევ უფრო "გასვანდა" და რვიანებით დაიწყო სიარული და უფრო ხშირ-ხშირად ითხოვდა ნასოსს.
თბილისში ველოს ტარება კიდევ ცალკე თემაა. შტატებში ყოფნისას გამაცნეს ველოებით მოძრაობის წესები, მძღოლებიც როგორ უნდა რეაგირებდნენ ველოსიპედისტის გზაზე მოძრაობისას, რა მანძილით და სისწრაფით უნდა ჩაუარონ გვერდით, მოძრაობის ცვლილებისას ველოსიპედისტმა როგორ უნდა ამცნოს სხვებს... საქართველოში ნაკლებად ამ წესების დაცვა ორივე მხრიდან. ველოების დანახვაზე გაკვირვება, დაინტერესება და უცხოობით გამოწვეული მოწიწება უფროა, ვიდრე რაიმე წეს-რიგი.