Post
by Varvara » 10 ივნ 2008, 13:35
ცოტა გამოვაცოცხლოთ ეს თემა.
გთავაზობთ მასალას კავკასიის ახალგაზრდული გარემოსდაცვითი ქსელის ბროშურიდან ,,ნუ დააბინძურებ გარემოს’’:
რა არის ნარჩენი?
ნარჩენი არის ანთროპოგენური დაბინძურების ერთ-ერთი სახე, ანუ იგი წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობის შედეგად.
რა სახის ნარჩენები არსებობს?
ნარჩენები შეიძლება იყოს: საყოფაცხოვრებო ანუ მუნიციპალური, კომერციული, ინდუსტრიული, კლინიკური, სახიფათო, ინერტული ან რადიაქტიური.
რა არის სახიფათო ნარჩენი?
სახიფათო ნარჩენი შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ ტოქსიკურ, კანცეროგენულ, მუტაგენურ ან ტერატოგენულ ნივთიერებას ზღვრულად დასაშვები ნორმების ზევით, ადვილად აალებად ნივთიერებებს, ქიმიურად არამდგრად ნაერთებს, რომლებიც ფეთქებადი ხასიათისაა და ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ მეტალის კოროზიას.
რა არის ინდუსტრიული ნარჩენი?
ინდუსტრიულია ნარჩენი, რომელიც არ განიცდის ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ცვლილებას (სამშენებლო მასალები: ქვიშა, ბეტონი, ქვა, კერამიკული მასალები და სხვ) და არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
რა არის რადიაქტიური ნარჩენი?
ნებისმიერი საქმიანობა, რომლის შედეგადაც იწარმოება ან გამოიყენება რადიაქტიური ნივთიერებები, წარმოქმნის რადიაქტიურ ნარჩენებს.
რატომ არ შეიძლება ნარჩენების დაწვა?
ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური აირები, როგორიცაა CO2, CO, SO2, SO3. ეს აირები მონაწილეობენ სათბურის ეფექტის წარმოქმნაში, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე, სასუნთქ გზებზე და იწვევენ ფილტვების და გულ-სისხლძაღვთა დაავადებებს.
რატომ არ შეიძლება ფოთლების დაწვა?
ფოთლები ზაფხულის განმავლობაში ფილტრის მსგავსად უამრავი დამაბინძურებლის შეკავებას ახდენენ და წვის დროს ყველა ის შხამი, რომელიცც ზაფხულის განმავლობაში მცენარეებმა შთანთქეს, კვლავ უბრუნდება ატმოსფეროს. ფოთლების წვისას გამოიყოფა მხუთავი აირი (ნახშირმჟავა გაზი CO), დიოქსინები - რომლებიც იწვევენ ონკოლოგიურ დაავადებებს, სხვადასხვა სახის გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ბრონქების გაღიზიანებას და სპაზმებს, ალერგენის შემცველი მახრჩობელა ბოლი, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს და ასევე, სხვადასხვა სახის მძიმე მეტალი, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
რატომ არ შეიძლება ნარჩენების დამარხვა?
საიზოლაციო ფენის გარეშე ნარჩენების დამარხვა არ შეიძლება, რადგან ამ დროს ხდება მიწისქვეშა (გრუნტის) წყლების და აქედან გამომდინარე, სასმელი და სარწყავი წყლის დაბინძურება სხვადასხვა საშიში ორგანული და არაორგანული ნაერთით. ნარჩენების დამარხვისას წარმოქმნილი ტოქსიკური ნაერთები ნიადაგიდან ხვდება ბალახში, რომელსაც საკვებად იყენებს პირუტყვი, შემდგომში ხვდება რძეში და რძის გამოყენებისას - ადამიანის ორგანიზმშიც.
რა უარყოფით შედეგებს იწვევს მდინარეებში (ტბებში, ზღვებში, წყალსაცავებში) ნარჩენების მოხვედრა?
ნარჩენების მოხვედრა ჰიდროგრაფიულ ელემენტებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად აკრძალულია, რადგან შეიძლება მოხდეს როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყლის დაბინძურება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ინფექციური დაავადება, ფლორის და ფაუნის განადგურება.