2. “მშობლიური და მეორეხარისხოვანი ენების ამომცნობი კითხვარი”
“საინტერესო” შემთხვევა მოხდა რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივითა და უცხოური დაფინანსებით (მათ ვინაობას ქვემოთ შეიტყობთ), დასავლეთ საქართველოს სამეგრელოს რეგიონში კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, ე.წ. “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”.
მეცნიერთა ერთი ჯგუფის განცხადებით, მოცემულ კითხვარში ერთმანეთთან დაპირისპირებულია საერთო ქართული და ადგილობრივი კუთხური ცნობიერება და ერთ სიბრტყეზეა მოცემული სახელმწიფო, სალიტერატურო, საეკლესიო ენა _ ქართული და ქართველური კილო-კავები. მეცნიერთა ამ ნაწილის პოზიციაა, რომ ქართველთა სამწიგნობრო ენა დაეფუძნა საერთო ქარველურ ენას და არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ქართულ კილოს. შესაბამისად, ქართველთა საერთო ენასთან (დედა ენასთან) მიმართებაში, ქართველთა ყველა სხვა ზეპირი სამეტყველო ერთეული კუთხურ კილოდ განიხილება.
ხსენებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მეცნიერთა სხვა ჯგუფი ქართველურ კილოებს ენებად განიხილავს, მათ მფლობელებს კი _ შესაბამისად ენობრივ თუ ეთნიკურ უმცირესობად.
სხვა მასალებს შორის, მე მოვიძიე ხსენებული “კითხვარი”, რომელიც, როგორც თავდაპირველად ვივარაუდე, ჩემთვისაც უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ანკეტის სახელწოდებაა: “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”. როგორც შევიტყვე, ეს “კითხვა” თურმე ნებისმიერი მეგრელისა თუ სვანისათვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ მხოლოდ “ჭეშმარიტი” მეგრელებისა და “ჭეშმარიტი” სვანებისათვის.
“ჭეშმარიტ მეგრელობასა” თუ “ჭეშმარიტ სვანობასთან დაკავშირებით”, იგულისხმება, რომ მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, თელავში ან სადმე სხვაგან მცხოვრები მეგრელი არ არის საინტერესო გამოკითხვის ჩამტარებლებისათვის, დგება საკითხი, საერთო მეგრული კუთხურობიდან გამოიყოს კითხვარისათვის “საჭირო” (“ჭეშმარიტი”) მეგრელები. კერძოდ, კითხვარის შინაარსის მიხედვით, ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შუაგულ სამეგრელოში მცხოვრები მეგრელები თუ იქნებიან (ოდნავ ქვემოთ იხილავთ, თუ რატომ...);
კითხვარის პირველივე ნაწილი აგებულია ამგვარად: ანკეტის შემვსების ეროვნება, მისი დედის, მამის, მეუღლის, ბებიებისა და ბაბუების ეროვნება და ა.შ. უცბად, ამ შეკითხვების ქვემოთ ასეთი შეკითხვებია: “რომელ ენაზე/ენებზე მეტყველებთ? როგორ მეტყველებთ ამ ენებზე?” და ა.შ. მეტი თვალსაჩინოებისათვის მე ავიღებ რომელიმე ჩემი ბიძაშვილის მონაცემებს და შევეცდები დავხატო სურათი, თუ რა არის ამ და მსგავსი კითხვარების ნამდვილი მიზანი.
ცნობისათვის, საანკეტო კითხვარი ისეა შედგენილი, რომ ნაღმი ნებისმიერი პასუხის შემთხვევისათვის წინასწარვეა დამონტაჟებული, რასაც ოდნავ ქვემოთ თავადვე იხილავთ.
ენობრივ საკითხებზე, რომლებიც ასევე დეტალურად არის გამოხატული, წესით პასუხად მხოლოდ ორი ვარიანტი უნდა ჰქონდეს: მშობლიური და უცხოური, თუმცა, აქ, ბოდიში, ვარიანტებია: ქართული, მეგრული, სვანური და ა.შ.
აი, ჩემმა ბიძაშვილმა, კი, რომელიც შუაგულ სამეგრელოში ცხოვრობს (სადაც განსაკუთრებით არის კონცენტრირებული კუთხური ნიშან-თვისებები), ანკეტაში შესაძლოა აღნიშნოს, რომ თავად მეტყველებს მეგრულ “ენაზე”(!), ისევე, როგორც მის გარშემო მყოფი ადამიანები, რომ ამ “ენაზე” დაიწყო ლაპარაკი და ა.შ.
შესაბამისად, ჩემი ბიძაშვილის პირად “დოსიეში” უკვე ჩნდება, რომ ეს ადამიანი, რომელიც სამეგრელოში დაიბადა, ენა მეგრულად “აიდგა”, რომელსაც მშობლები, ბებიები და ბაბუები ასევე მეგრელები ჰყავს, რომლის გარშემოც მეგრულად ლაპარაკობენ და ა.შ. მითითებული აქვს ეროვნებაში, რომ ქართველია. ანუ შეკითხვათაA შესაბამის სვეტში, ქართველობის დადასტურება მხოლოდ ერთგან ხდება(!!!), აქ კი შეკითხვა-პასუხთა ასეთმა პოლარიზაციამ შესაძლოა ეს ორი პარამეტრი ერთმანეთისადმი არც თუ სრულ შესაბამისობაში გამოაჩინოს.
ამ “კითხვარის” სტრატეგიაც ეს არის!!! მით უმეტეს, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც და ადრეც, ენა მიიჩნეოდა და მიიჩნევა ეროვნულობის მთავარ მარკერად!
