Post
by qvevri » 27 თებ 2008, 21:57
დაცემული ერის დაჟანგებული ხმალი
იმისთვის, რომ სათქმელი უკეთ გადმოვცე, მინდა ეს პატარა წერილი იოანე ზოსიმეს ცნობილი ლექსის ერთი თვალით დავიწყო:
“დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”...
მსოფლიოს ყველა ერსა და მათ შორის ქართველობასაც გააჩნიათ თავიანთი როლი ამ ქვეყანაზე. ქართველ ერს თავისი როლი და მისია ყოველთვის ბრწყინვალედ ჰქონდა გაცნობიერებული. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით რა დატვირთვას ატარებდა ჩვენი ერის არსებობა და რა უნდა გვეთქვა მსოფლიოს სხვა ერებისათვის. მართალია, მეთე საუკუნეში დაწერილი
“ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” იოანე ზოსიმეს ეკუთვნის, მაგრამ ამ ლექსში გადმოცემული შინაარსი მხოლოდ და მხოლოდ ავტორის იდეა და აზრი არ არის, არამედ ეს არის ქართული აზრი ქართული ენისა და ქართველი ერის მისიის შესახებ.
“რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”
ჩვენი მისია მისიად რჩება იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი კი არა ჩვენი ვინაობა დავივიწყეთ, სახელმწიფო გავაყვავყორნეთ, ხოლო ერი ბრბოს დავამსგავსეთ და გავათითოკაცეთ. გასაყიდი გავყიდეთ, დასაკარგი დავკარგეთ, და დასავიწყებელი დავივიწყეთ. ჩვენს ისტორიულ მიზანს ავცდით, ჩვენთვის განკუთვნილი ტვირთი თუ სიმძიმე ზურგიდან მოვიხსენით და სადღაც შორს მოვისროლეთ. ჩვენი ადათწესი დრომორჭმულად და ძველმოდურად ვაღიარეთ. ვთქვით, რა საჭიროა ამდენ ხანს მდინარის აღმა სვლა, როდესაც არსებობს ამხელა უკიდეგანო ოკეანეო? ჩვენც ავუშვათ სხვასავით აფრები, ვიცუროთ ლაღად წინ და უკან და დავტკბეთ ტალღების ლივლივითა და მზის ამოსვლა ჩასვლითო. იმაზე კი სულ აღარ გვიფიქრია, რომ ოკეანემ ზოგჯერ ისეთი აბობოქრება იცის, რომ ვერანაირი ხომალდი ვერ გაუძლებს მის ზვირთებს და ვერც გაუძლია. ისე ჩანთქმულა ოკეანის სიღრმეებში, რომ მისგან სახელიც კი არ დარჩენილა. არ დარჩენილა და არც არის საჭირო ისეთი ერის სახელის არსებობა, რომელსაც თავის მიზნად ზურგის ქარს მიყოლა და აქეთ-იქით სეირნობა აურჩევია მხოლოდ.
მაგრამ სხვისას რასა ვჩივით მაშინ, როდესაც ჩვენც ამ გზაზე დვდექით და ერთადერთ საზრუნავად გართობა და კომფორტი ავირჩიეთ? ყველაზე დიდი უბედურება რაც კი შეიძლება ერსა სჭირდეს ის არის, რომ მას აღარ ანაღვლებდეს წართმეული თუ გაყიდულ-გასხვისებული მიწები, დავიწყებული ისტორია და მინავლებული სარწმუნოება. უფრო მეტიც, ლამის არის ამ სამეულს, ენას მამულსა და სარწმუნოებას ბრძოლა გამოვუცხადოთ. ამაზე მეტი უგუნურება რაღა გვინდა, როდესაც იმ მასაზრდოებელ და წინაპრებთან დამაკავშირებლ ძარღვს ჩვენ თვითონვე ვჭრით და ძირს დათხეული ჩვენივე სისხლი არ გვენაღვლება. ოკეანის აბობოქრებული ზვირთები შთანთქმით გვემუქრება, გავთითოკაცდით, გავპარტახდით, დავეცით და ვინც დავრჩით ისინიც მოვდექით და ერთმანეთასა ვჭამთ და ვჩეხავთ. და ეს მაშინ, როდესაც საქმე წლებზე და თვეებზე კი არა საათებზე და წუთებზეა. რომელ სხვა ერების განსწავლაზე და “ამით ენით მხილებაზეა” ლაპარაკი როდესაც თავად დაგვივიწყებია მორალი და მივცემივართ ცოდვის ჭაობს? ანდა ჩვენ თვითონ სამხილებლებმა სხვის მიმართ ხმა როგორ უნდა დავძრათ? რა ხმა ამოგვეღება, მაშინ როდესაც საქართველო ვაზისა და ღვინის ქვეყანაა და კაცი ნამდვილ ღვინოს ვერსად იშოვის? მაშინ როდესაც ქართული ხორბლის ჯიშების პატრონები თურქულ, ნიტრატებით გატენილ სახამებელს შევექცევით? მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ზეთის უძველესი წნეხები (ერთ დროს ჩვენი ქვეყნიდან ჩვენს წინაპრებს ზეთი გაჰქონდათ კიდეც), ჩვენ კი თურქულ ზეთებს ვიყენებთ, რომელთა უმეტესობა ვადაგასული და ხშირ შემთხვევაში ადამიანის საკვებად უვარგისია. მაშინ როდესაც სიტყვა “მედიცინა” ქართული სიტყვაა და მსოფლიოშიც სწორედ აქედან გავრცელდა, თავად ჩვენში კი ლამის არის მთლიანად ჩავკლათ ეს დარგი და სხვას შევყურებთ პირღიები?
დამწერლობიდან დაწყებული, მიწაწყალით, იარაღითა და საჭმელ- სასმელით დამთავრებული ჩვენ ქართული ყველაფერი გაგვაჩნდა და სხვისკენ საცქერი და დღევანდელივით სამათხოვრო არაფერი გვჭირდა. თუ რამე გვაკლდა ვქმნიდით, თუ რამეს ითხოვდა ჟამთასვლა ვიგონებდით, მაგრამ ეს ყოველივე ქართული იყო, ქართველების მიერ შექმნილი. ხმლის ჭერა იყო საჭირო? ქართველი ოსტატის მიერ ნაჭედი ფოლადი გვეჭირა; სტუმართმოყვარეობა და ლხინი იყო? ქართული პურღვინო გვქონდა ბეღელსა და მარანში; ასაშენებელი იყო? სვეტიცხოველსა და ბაგრატს ვაშენებდით; სიმღერა და საგალობელი იყო? მრავალჟამიერსა ვმღეროდით; დასაწერი იყო? ვეფხისტყაოსანსა ვწერდით; მოსახატი და მოსავარაყებელი იყო? ყინწვისის მთავარანგელოზსა ვხატავდით და ხახულის კარედსა ვჭედავდით; სულიერი სიმაღლე და ძლევამოსილება იყო საჭირო? იერუსალიმის გასაღები გვებარა და დიდგორის სიმაღლეებზე ვიდექით ამაყად...
ჟამი და წამი არ გაგვიცდენია და ნიადაგ იმაზე ვფიქრობდით რა შეგვექმნა, ვისთვის რა სიკეთე გვექნა, ვის დავხმარებოდით ბრძოლასა და თავის გადარჩენში, სწორ გზაზე დაყენებაში. მას მერე კი...
იყო ბაზალეთი, კრწანისი, წიწამური, აფხაზეთი...
ჩამავალი მზესავით მინავლდა ჩვენი დიდება, ჩვენი რწმენა, ჩვენი ძლევამოსილება. დაიფერფლა, დანაცრდა, გაქრა.
რასაც ჩვენით ვერ მოვერიეთ იმის მოსასპობად სხვებს მოვუხმეთ, ისე როგორც ერთ დროს დასახმარებლად ვუხმობდით, თუმცაკი არსადა სჩანდნენ. ხოლო, როდესაც ჩვენსავე დასამხობად მოვიწვიეთ, მაშინვე გაივსო ქვეყანა მტრებით. მტრებით ჩვენი ქვეყანა დღესაც სავსეა და ისინი სხვადასხვა სტრუქტურებს ამოფარებულნი აკეთებენ თავიანთ ბნელ საქმებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყოველ დარგს მოსდებიან. ეს ხალხი აქ ჩვენი მოწვევით მოსულა და მათგან თავის დაღწევას სწორედ ჩვენივე ძალისხმევა ესაჭიროება, მაგრამ ჩვენი სენიც ხომ ეს არის? ოღონდ საკუთარ კეთილდღეობას თუნდაც ერთი მისხალი არ მოვაკლოთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს გავწირავთ. შეგვინდე უფალო, რომ გავეცით და გავასხვისეთ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი, შენი დედულეთი... შეგვინდე. მოგვიტევე, რომ საზეპურო ერი ტურების სათრევად ვაქციეთ. ენა შევბღალეთ, რწმენა შევაგინეთ, მიწა გავასხვისეთ... მოგვიტევე ჩვენ, გზასა და მიზანს აცდენილებს.
რა პირით შევეყაროთ ჩვენს წინაპრებს?
რას ვეუბნებით დავითს, თამარს, ილიას?
რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს?
ამგვარი ყოფა სწორედაც, რომ ჩვენ თვითონვე დავიმსახურეთ და ტყუილუბრალოდ ვიშვერთ თითებს შადიმანებისკენ, ბერბიჭაშვილებისკენ, ორჯონიკიძეებისკენ, თათქარიძეებისკენ...
ნათქვამია, რამდენი რწმენაცა გაქვს იმდენივე მადლი გერგოსო. მაშინ ვაი ჩვენ ურწმუნოთა და უმადლოთა. ამ რწმენით ვაპირებთ იბერიის გაბრწყინებას?
მცხეთა 2008 წ.