დაჭაობებული ტბურებიც ულამაზესია სვანეთში

, ეს ტბური სადღაც უშგულის გზაზე შეგვხვდა.
უშგულის თემი
უშგულის განაპირა სოფელი და მის ფონზე შხარა

უშგული — თემი მესტიის მუნიციპალიტეტში. შედგება 4 სოფლისგან:
ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში.
უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.
უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ზაგაროს უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.
უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი.
ისტორია
უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომლესაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.
უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა.
ღირსშესანიშნაობები
უშგულის თემი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა.
უშგულის ღირსშესანიშნაობებია:
უშგულის ლამარია
უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი
თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში
წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჩვიბიანში
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში
ეკლესია - სოფელ ჩაჟაშში
ჟიბიანი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 164 კაცი.
ჟიბიანი სვანურად ნიშნავს ზემო სოფელს.
ჟიბიანში დგას სამი ეკლესია. შუა საუკუნეების
მაცხოვრის სახელობის ეკლესია დგას სოფელში ერთადერთ ხიან ადგილას. ეკლესია ბაზლიკის ტიპისაა, აღმოსავლეთით გამოყოფილი აქვს საკურთხევლის აფსიდი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.
სოფელის განაპირას დგას წმინდა გიორგის ეკლესია ”
ჯგრაგ”. ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებისაა, ბაზილიკის ტიპის. ეკლესიას გარს არტყია გალავანი.
სოფლის ჩრდილოეთით დგას სვანეთის დიდი სალოცავი -
უშგულის ლამარია.
ჩვიბიანი, ჩუბიანი (სვანურად ქვემო სოფელი) მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე, ჩაჟაშიდან 0,5 კმ. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 58 კაცი.
სოფელში დგას
მაცხოვრის სახელობის შუა საუკუნეების
ეკლესია. ეკლესია დარბაზულიტიპისაა და შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ყოველ 3 აგვისტოს იმართება სახალხო დღესსასწაული
ლივსხვარი, რომელზეც ერთი წლის მონაცვლეობით ერთმანეთს აჯიბრებენ ვერძებსა და ხარებს, საბოლოოდ გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც აუცილებლად დაკლავენ.
მურყმელი მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე, ჩაჟაშიდან 0,5 კმ. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 32 კაცი.
მურყმელი სვანურად ნიშნავს კოშკების სოფელს (მურყვამ - კოშკი). გასული საუკუნის 80-იან წლებში სოფელში 80-მდე სვანური საბრძოლო კოშკი იდგა, ამჟამად შემორჩენილია 10-მდე კოშკი. სოფელში დგას ორი ეკლესია.
XI საუკუნით დათარიღებული
მაცხოვრის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიის კედლებზე ჩანს ფრესკების არსებობის კვალი. ეკლესიაში შენახულია აშენების დროინდელი ანალოღია. სამრეკლოზე ჰკიდია XIX საუკუნის ზარი რუსული წარწერით.
შუა საუკუნეების
წმინდა ბარბარეს ეკლესია დგას სოფლის განაპირას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, საიდანა მიშენებული აქვს დამხმარე სათავსო.
ჩაჟაში მდებარეობს მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან 45 კმ. 2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობს 34 კაცი.
ჩაჟაში სვანურად ნიშნავს ცხენების სადგომს (ჩაჟ - ცხენი). ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა.
ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი.
სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ციხე უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.
სოფლის ახლოს დგას ასევე შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკს უწოდებენ. რეზიდენცია, სავარაუდოდ მოიცავდა მეორე კოშკსაც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ეკლესიას. ეკლესია დარბაზული ტიპის იყო. შენობაში შეიმჩნევა საკურთხევლისა და კანკელის კვალი.
სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია დარბაზული ტიპისა. ეკლესია შემორტყმული აქვს გალავანი. დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სტოა. სტოაში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა.