

რამოდენიმე ჩვენგანი(მათ შორის მეც) პირველად ვართ სვანეთში და რა თქმა უნდა შთაბეჭდილებების ტყვეობის ქვეშ ვართ. მე მესტია მომეწონა ძალიან.



დღე პირველი, 29 ივლისი.
დავიძარით თბილისიდან დაახლოებით დილის 8-ის ნახევარზე 2 მანქანით: კახას ნივით და ბექას ჰონდათი. ჩვენამდე დილის 5 საათზე მარშრუტკით გამოვიდნენ მელანო და ნატალია. სულ კახას შვილებიანად გამოვედით 11 კაცი. მელანო და ნატალია ჩვენზე ბევრად ადრე ჩამოვიდნენ მესტიაში. მანქანიანები რამოდენიმე ადგილას გავჩერდით გზაზე. ჯერ ქუთაისში გეახელით მეგრულ-იმერული ხაჭაპური. მერე ცაიშის უძველესი ეკლესია მოვინახულეთ სამეგრელოში. მერე როგორც კი შევედით სვანეთის ტერიტორიაზე ეგრევე ვეძგერეთ კუბდარს, სოფელ ხაიშში. ამის შემდეგ დავიძარით და რამოდენიმე საათის განმავლობაში ვიჯანჯღარეთ სვანეთის გზებზე.

დღე მეორე, 30ივლისი.
გადავწყვიტეთ ეს დღე მთლიანად მესტიისთვის დაგვეთმო. თავდაპირველად გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა მუზეუმი. იმ დღეს მთელ მესტიაში დენი იყო გათიშული დაზიანების გამო და ჯერ ბეთქილის მჟავე წყლებზე გავისეირნეთ იმ იმედით, რომ დენი მოვიდოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. მუზეუმის დათვალიერება ნახევრად სიბნელეში, ფანრებით მოგვიხდა, მაგრამ რაც ვნახეთ იმან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ოთხთავები და ხატები. ამ მუზეუმში არის დაცული სხვადასხვა ნივთები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითად აქ ნახავთ ვენეციურ ჯვარს, რომელმაც ისე დაგვატყვევა, რომ ძლივს გამოვეხსენით.


დღე მესამე, 31ივლისი(ანუ დღევანდელი დღე).
ამ დღეს გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი ტაძრები მოგვენახულებინა ლენჯერსა და ლატალში. პირველად მოვინახულეთ ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია, შემდეგ ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესია. შემდგ გადავედით ლატალის თემის სოფლებში და მოვიარეთ იენაშის იონა წინასწარმეტყველისა და სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია. ეს ოთხივე ეკლესია არის უნიკალური თავისი კედლის მხატვრობით და არქიტექტურით. ზოგიერთ მათგანზე გარე ფასადებზეც იყო ხატები. ხატები უმეტესწილად დაზიანებული იყო, მაგრამ თავისი ფერებით, კომპოზიციითა და განსხვავებულობით ჩვენს აღფრთოვანებას იწვევდა. ხატები ძირითადად იყო 11-12-ე საუკუნის. მაცხვარიშში ვნახეთ დამიანეს(ანუ დემეტრე პირველის) მეფედ კურთხევის უნიკალური ფრესკა.
ბოლოს დაღლილები და მოშიებულები მოვედით სახლში და მგონი ყველაფერი შევახრამუნეთ რაც გვქონდა.

ახლა ვისვენებთ და ვაპირებთ, რომ 20 საათზე წავიდეთ ფრანგების კონცერტზე, რომლებიც როგორც ამბობენ მშვენივრად მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს.
ხვალ ვაპირებთ უშგულის და მის გზაზე მდებარე ეკლესიების და სოფლების მონახულებას. უაზს უკვე შეთანხმებულები ვართ და ხვალ 10 სთ-ზე გავალთ. იმედია კარგი ამინდი იქნება...
