ხათოს პირველსავე წერილში დაშიფრულია მთელი ჩვენი ორდღიანი მოგზაურობა რაჭაში

.
მართლაც ისე დავტოვეთ შოვი, მჟავე წყალი არ დაგვიგემოვნებია, ვის ეცალა მჟავე წყლისთვის?
ამინდიც ზაფხულისათვის შეუფერებელი იყო. თოვლის ფანტელების ქვეშ ზოგი საძილეში, ზოგიც კიდევ ცელოფნის პარკსა და პარალონებში გახვეული, სიცივისგან ძაგძაგებდა უძირო ტბასთან, სადაც ნისლში დაკარგულ მოლაშქრეთა ნაწილს ველოდებოდით. სიცივემ გვაიძულა, სამედიცინო სპირტისთვის არანაკლებ ტრადიციული დანიშნულება მოგვეძებნა

(არ დამავიწყდეს, "კარვის" აფთიაქის დანაკლისით შევსება, ამაზე პასუხისმგებლობა ხომ მე ავიღე ჩემს თავზე), თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცეცხლოვანი სითხე ყველასთვის საკმარისი იყო

.
ხათოს თქმის არ იყოს, ნაწილმა მართლა ლამის გარს შემოუარა კატიწვერას, მაგრამ თოვლისგან დასველებულ კლდეებზე მრავალჯერადი დაცურების და თავის შეკავების შემდეგ აფოფხებულებმა, ნისლში ტბა ვერ დაინახეს და ისევ უკან მოუწიათ ჩასვლა ჩვენი ჯგუფიდან მათ დასახმარებლად წასულ რამდენიმე ბიჭთან ერთად.
მაგრამ ვინც ვნახეთ ტბა, ვერ ვიტყვი, რომ აღვფრთოვანდით. ის ნაცრისფერი წყლის მასა, საერთოდ არ გავდა იმ საოცრებას, ნიკას ფოტოებიდან რომ შეგვაყვარა თავი, რომ არაფერი ვთქვა უშბას, თეთნულდისა და შხარას სამკაულის დარ ხედზე, რომელიც მის ფოტოს ამშვენებს. რა ხედი და მწვერვალები, ისეთი ნისლი იყო, თავად ტბასაც ძლივს ვხედავდით, ისიც რამდენიმე წამით, როცა ნისლი გადაიყრებოდა. ამიტომ ფოტოების გადაღების სურვილიც არ გაგვჩენია. მხოლოდ რამდენჯერმე ჩავაჩხაკუნეთ მოვალეობის მოხდის მიზნით.
მერე იყო ტალახში მრავალჯერადი გაგორება და სრიალ-სრიალით დაბლა დაშვება. ნისლში დაკარგულებზე ნერვიულობა, მაგრამ დაფარვის ზონაში შესვლის შემდეგ მათგან მიღებულმა შეტყობინებებმა, რომ ყველანი კარგად იყვენენ და მალე დაეშვებოდნენ ტყიდან, დაგვამშვიდა.
მიუხედავად ნერვიულობისა, სიცივისა, თოვლისა, ნისლისა და ექსტრიმისა, როცა დაღლა და უძილობა გადაგვივლის, ალბათ, უკან წავიღებთ ჩვენივე სიტყვებს, აქ რა მინდოდაააააა (წივწივას მოთქმისმაგვარი აქცენტით

), და ისევ გაგვიწევს გული დაუპყრობელი მწვერვალების დასაპყრობად
მთლიანობაში მაინც კარგი გასვლა გამოვიდა, ვტკბებოდით ლამაზი ხედებით, სანამ იქაურობა ნისლსა და ღრუბლებში ჩაიმალებოდა, ძალიან კარგი ადამიანები გავიცანით, ვიხალისეთ, ვიმღერეთ, გიტარაზეც დავუკარით და ავდარი რომ არა, ალბათ, უძიროს სილამაზით განცდილი სიამოვნება სულ დააგვირგვინებდა ყველაფერს. მაგრამ სხვა დროს გაგვიმართლებს, ალბათ
სანამ ჩემი რეპორტაჟი იქნება, რამდენიმე ფოტოს დავდებ:
