გზა განვაგრძეთ..
შემდეგი დანიშნულების ადგილი თორღვას აბანო იყო. ნინუკალამ თბილისიდან გასვლისთანავე ჰკითხა პაატას, თორღვას აბანოს ხომ ვნახავთ, მამაჩემმა მირჩია, აუცილებლად ნახეთო. პაატაც დაეთანხმა, მერე მანქანა გზაზე კლდიდან გადმოფენილ "წვიმის ფარდის" ქვეშ გააჩერეს 5-ოდე წუთს, მტვერი მოაცილეს, ჩვენც გატრუნულები ვუსმენდით წყლის წვეთების სახურავზე და შუშებზე შხაპუბის ხმას. გვკითხეს: "კარგიაო?", რა თქმა უნდა, დავეთანხმეთ. "ჰოდა, ეს იყო თორღვას აბანოო"

, ერთმანეთს გადავხედეთ, მერე ნინუკალას შევხედეთ, "ეს იყო მამაშენის ნაქები თორღვას აბანოთქო?". მაგრამ მალევე მივხვდით, რომ მოგვატყუეს. მალე მივუახლოვდით ნამდვილ აბანოს, რომელიც თურმე ცნობილია გოგირდის სამკურნალო წყლით.
თავიდან ვიფიქრეთ რომ ეს შენობა იყო აბანო, მაგრამ ბიჭებმა გზა გააგრძელეს, გვერდზე ჩაუარეს შუახნის, ნარდის მოთამაშე კაცებს, რომლებმაც ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა გადმოგვხედეს. ჩვენც, მეტი რა დაგვრჩენოდა, უკან გავყევით. მაგრამ ის რასაც მივუახლოვდით, ამდაგვარად გამოიყურებოდა და აბანოს ნამდვილად არ ჰგავდა.
ერთ მხარეს ეწერა "ქალები", მეორე მხარეს "კაცები". ვიფიქრეთ საპირფარეშოს მოვადექით, მაგრამ ის კი გაგვიკვირდა ასე ერთდროულად სამი კაცი რატომ შევიდა ერთ მოცუცქნულ კარში? დაბნეულები გავჩერდით და იქვე სკამზე ჩამოვჯექით, კონსტანტინეც ჩვენთან ერთად შეჩერდა. კარგა ხანს ველოდეთ,
10 წუთის მერე ერთმა პატარა ბიჭმა ჩამოიარა, ვკითხეთ ეს რა არისო, გვიპასუხა "აბანოო". მხოლოდ ამის მერე გავბედეთ "ქალები" რომ ეწერა იმ კართან მიახლოება. შევიხედეთ, მართლა აბანო იყო, გოგირდიანი ცხელი წყლის ისეთი ოხშივარი გამოდიოდა აუზიდან, დიდხანს ვერ გავჩერდით.
იქვე ისეთი საყვარელი ყურცქვიტა იყო, ყველა მას ვუღებდით ფოტოებს
