ხიზაბავრიდან ასპინძისაკენ იმდენად შთაგონებულები მივდიოდით, რომ ჩანთების სიმძიმესაც ვერ ვგრძნობდით, ჯერ სწორ გზაზე მივდიოდით, მერე კი ქვემოთ დავიწყეთ ჩასვლა.
გზაში რამდენიმე ფოტო კიდევ გადავიღეთ.
გზაში ერთმა ჩემმა სულიერმა ძმამ და მამაომ დამირეკა, თან მოვდიოდი და თან ველაპარაკებოდი, გავიხარე ძალიან, მომიკითხა და მოგზაურები დაგვლოცა, თან გამაფრთხილა, ფრთხილად იარეო, მეც გავიხუმრე, ხომ იცი, მამაო, რა მაგარი ვარ-თქო, თანაც ფეხებს მუდამ გადამტერებული ვიყავი და არაა პრობლემა-თქო. დავემშვიდობე ჩემს ძმა-მამაოს და გავაგრძელე გზა.
აქეთ გაყინული წყლებიაო და ნახეთო, გვირჩია ხიზაბავრელმა მალხაზმა. ძალიან მოგვინდა, მაგრამ დროს დავხედეთ და არც თუ დიდი რეზერვები გვქონდა. მე ვუთხარი, ცოტა ადრე გამოგეშვით სუფრიდან და მოვახერხებდით მეთქი.
სუფრის ხსენებაზე ქსოვრელმა კიდევ ერთხელ "გადაუღრინა" ანდროს, რა იყო, რამდენს ჭამდიო, ჩვენც მასვე გადავხედეთ, ოღონდ ღიმილით და ჩავეკითხეთ, კიდევ ხომ არ გშიაო, ანდროს არსად გაუხედავს, მაგრამ ეეჰო, გამოთქვა და ალბათ გულში, ხიზაბავრელების გემრიელი სუფრა დაუდგა და მოუწყურდა ყელი-საყლაპავ მილი გემოსმონატრების შეგრძნებისას.