მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 02 სექ 2009, 03:56

თავი VI
სამაჭალოსკენ
ქვევით დავეშვით,
კალაპოტისკენ პატარა ბილიკივით ჩადიოდა,
Image
მდინარის კალაპოტში ჩავდექით თუ არა, ასე 30 მეტრში მანქანის ნაკვალევიც გამოჩნდა, მაგრამ იქამდე ეს 30 მეტრი იყო გასავლელი...
წინ 2 თუ 3 კასკადად მცირე ჩანჩქერები იყო, მოპირდაპირე მხარეს ისევ ზევით მოგვიწია აბობღება, რამდენიმე მეტრი ფერდობზე ბორდღიალი, კალაპოტში ლაჯაობა და მანქანის ნაკვალევზე ვიდექით, უკან ვალმოხდილებმა და გამარჯვებულებმა მოვიხედეთ,მდინარის ხეობა, რომელიც ასე გვეზარებოდა რამდენიმე წუთის უკან, ეხლა თითქოს კეთილგანწყობით გვიყურებდა...
Image
მდინარეს მარცხენა მხარეს ასე მეტრნახევარი სიგანის ბილიკი ადიოდა ფერდობზე, ეს ალბათ რუკაზე დატანილი ბილიკი იყო, მაგრამ თავს ვერ დავდებ...
ასე თუ ისე, გაკვალულ გზაზე ვიდექით, დაბნელებამდე 2-3 საათი იყო დარჩენილი, საშინლად დაქანცულები, სველი ბათინკებით და წინ 10-15 კილომეტრი გზა გვედო, უნდა გვეჩქარა, სამაჭალომდე დაბნელებამდე ჩაგვეღწია და ღამის სათევი მოგვეწყო...
დაღამებულზე შეიძლება ძაღლებთან შეგვქმნოდა პრობლემები, სამაჭალოში ზაფხულში ნახირი აყავთ ხოლმე და დიდრონი, მეცხვარიის ჯიშის ძაღლებსაც იმარაგებენ...
გზას გავუყევით...
ჩვეულებრივი ტყიან ხეობაში გაკვალული სამანქანო გრუნტის გზა...
აქა იქ მდინარე გზას კვეთდა და უნებლიედ თუ განზრახ დაგდებული 40-50 სანტიმეტრის სიგრძეზე დაჭრილი ხის ჯირკები ეყარა...
ვცდილობდით ფეხი მეტად არ დაგვესველებინა, რადგან წყალჩასული ბათინკით სიარული ზედმეტ დატვირთვას აკეთებს ფეხზე...
თუმცა არ გამოდიოდა, გზაზე ბევრი წყაროები იყო ფერდობებიდან გადმოსული და გზა შეტბორილი, რამდენიმედგან მდინარე გზაზე შედგარი, და ერთი-ორგან კი გადავედით მდინარეზე მშრალად, მაგრამ ერთგან ეს შეუძლებელი შეიქმნა და ჩავიქნიეთ ხელი.
Image
მივდიოდით და მივლაჯუნობდით, მხოლოდ ეხლა დავიწყეთ ყურადღების მიქცევა, ძალიან ლამაზი ხეობა იყო, თავად მდინარე კლდიან ხეობაზე რამდენიმე ჩანჩქერს და კასკადს აკეთებს, დიდი არაფერი, მოდის და მოღოღუნობს თავისთვის მაგრამ ძალიან ლამაზია...
Image
Image
Image
სველ ფეხებს ყურადღებას აღარ ვაქცევდით, ვხვდებოდით, რომ რამდენიმე მეტრის იქით ისევ მდინარეში უნდა გაგვეტოპა...
საერთოდ სამხედრო ბათინკს, ყოველ შემტხვევაში იმას, რაც მე და ნაპსტერს გვეცვა, კარგად, სწორად თუ შეიკრავ, შეუძლია ფეხი მშრალად შეინახოს, მუხლებამდე წყალში რომ გაიარაო, წყალი შიგნით არ შევა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით, თუ ხშირად ჩადექი წყალში, ადრე თუ გვიან ყელიდან მაინც ჩავა, მით უმეტეს თუ თასმები კარგად არ გაქვს ამოჭიმული...
პატარა მანძილზე აზიზად სიარულის შემდეგ, გავთამამდით და ფონს აღარ ვეძებდეთი, პირდაპირ ვტოპავდით...
ეხლა მთავარი დრო იყო, სამაჭალომდე დაბნელებამდე უნდა ჩაგვესწრო.
Image
Image
ჯერ საქართველო!!!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by Nika » 27 სექ 2009, 19:19

3 ცდის შედეგად რკონი-სამოჭალო-სალომე-ნამტვრიანი მარშუტი გადავლახეთ მანქანებით. ხეობა მართლა ულამაზესია. მარა ამ თხორბის დაბოლოება რო არაა მაგრა მეწყინა. ნეტა ჩაასწრეს სამოჭალომდე დაღამებამდე?
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 28 აპრ 2010, 14:44

თავი VII
დაღამება
ტყე ჯერ გამეჩხერდა, შემდეგ გზიდან ცოტა გვერდით გაიწია, ისე რომ ტყესა და გზას შორის უკვე მდელოები იყო, მდელოზე ბუჩქები. ერთი-ორგან ქვის ლოდებისგან გაკეთებული მაგიდა-სკამები იყო მოწყობილი და გვედით ნაკოცონარი. ეს მიდამო კარგ საქეიფო ადგილადაა მიჩნეული ადგილობრივებში და არც თუ უსაფუძვლოდ.
რელიეფს გავაკება დაეტყო, ტყე უფრო ხშირი და წვრილვარჯიანი გახდა. ციცაბო ფრიალოები უფრო ცივილურმა ფორმებმა შეცვალა.
დაბინდება დაიწყო. მზე კარგა ხანია მთებს მოეფარა, მაგრამ ჯერ არ ბნელოდა.
კომპასს დავხედეთ, გეზი სამხრეთ-დასავლეთისკენ გვეჭირა, ასეც უნდა ყოფილიყო, სადაცაა სამაჭალოს უნდა მივდგომოდით, მაგრამ ბუნდოვნად მახსოვდა, რომ სამაჭალო ცოტა ზევით იყო, ჩვენ კი მდინარის პირს მივუყვებოდით, ანუ ერთგან ხელმარცხნივ უნდა აგვეხვია, მაგრამ კონკრეტულად სად არ ვიცოდით....
გავლილი მანძილისა და რუკის მიხედვით ასახვევი სადაცაა უნდა გამოჩენილიყო...
ასეც მოხდა...
ერთგან მდინარის მარცხენა მხარეს გზა სამად იყოფოდა, ერთი მკვეთრად ზევით მიდიოდა, მეორე, შედარებით გაუკვალავი შუაში და მერე ისევ ზევით და მესამე ყველაზე მკვეთრად გატკეპნილი ჯერ ქვევით, მერე მდინარეზე გადადიოდა და მდინარის მარჯვენა მხარეს ჭალაში იკარგებოდა...
ჩამოვჯექით...
დაღილი ფეხებს ვასვენებდით და თან ვარჩევდით რომელ გზას გავყოლოდით. რუკაზე ვერაფერი გავარჩიეთ...
იმ ვარიანტში ვიყავით, ზღაპრებში რომაა აქეთ წახვალ იმას გიზავენ, იქით წახვალ ამას გიზავენ და შუაში თუ წახვალ მთალად უარესს დაგმართავენო თუ რაღაც ეგეთი...
ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიაზროვნეთ და შუა გზა ვირჩიეთ...
მივდივართ და მივლაჯუნობთ, ნაპსტერს უკვე წარმოუდგენია, როგორ ვზივართ ცეცხლის პირას და ვახშამს შევექცევით, ცხელ ჩაიზე ისე სთაგონებით ლაპარაკობს, რომ თავი შემეცოდა...
დაღამდა უკვე. ფანრები წაღებული გვქონდა, მაგრამ არ აგვინთია. ნელ-ნელა დაღამებულზე თვალი სიბნელეს შეეჩვია და ვარსკვლავების შუქზე ნათლად ვხედავდით ყველაფერს. ფანრის ანთების შემთხვევაში სულ ცოტა ნახევარი საათით დავბრმავდებოდით.
გზამ თუ ბილიკმა ცოტა ხანს პირდაპირ იარა და მერე ხელმარჯვნივ ჩაუხვია და მდინარეს მიადგა, აქედან მდინარეს მიუყვებოდა.
რას გავაწყობდით, გავაგძელეთ გზა.
ერთგან გზა ორად გაიყო, მკვეთრად გამოხატულმა ნაწილმა მდინარე გადაკვთა, მეორე ნაწილი, შედარებით გაუკვალავი რომელიც იყო მდინარეს მარცხნივ გაუყვა. მარცხენა მხარეს დავადეგით, მიმართულებამ ჯერ ჭალის ბუჩქებში შეგვიყვანა და მერე მკვეთრად მოხვევით ისევ მდინარეს მიადგა. ჩავიქნიეთ ხელი. რაც იყო იყო, წინ უნდა გვევლო....
მივდივართ და მივაბიჯებთ, ადგილები რაღაც ნაცნობი გახდა, კარგად კი ბნელოდა მაგრამ წინ 100 მეტრში მოთეთრო კლიდის ნაცნობი შვერილი შევნიშნე, რომელსაც გზა მიჯრივ მიუყვებოდა...
ნაპსტერს ვეუბნევი, მგონი რკონში შევდივართ მეთქი, ვერ დავინახე მაგრამ მივხვდი, გაეღიმა ნაპსტერს... მკვეთრი მოძრაობების თავი მაინც არც ერთს არ გვქონდა.
ცოტა კიდევ-ცოტა კიდევ და სადღაც გავიდოდით.
გზა კლდეს გაცდა და ისევ მდინარესთან გავიდა, ზევით ციხის ლანდი გამოჩნდა.
რკონში შევედით.
ჯერ საქართველო!!!

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 09 მაი 2010, 16:17

კვირა დღეა...
მარაზმატული დეპრესიის მორიგი მიკროშეტევა მემართება.
საქმეზე ვაპირებდი გასვლას, გადაიდო.
ვზივარ სახლში "ვიგრუზები". ინტერნეტში ქექვა აღარ შემიძლია.
რაღაც უნდა გავაკეთო. დავამთავრებ ამ მონაყოლს და რამე აზრიანის კეთებას დავიწყებ...
მაგალითად 2 თვის გაულესავ სალაშქრო დანას გავლესავ, იმდენი ჭრეს საყაურმე ფილტვი და იმდენი ნეკნი ჩეხეს, რომ ფხა აქვს უკვე ასაღები. ან ბერგენში საძილე ტომრისა და პარალონის განთავსების ოპტიმალურ ვარიანტს მოვნახავ ცდებისა და შეცდომების მეთოდით.
ყველა შემთხვევაში ხვალ დილამდე, ორშაბათამდე რაღაცა უნდა ვაკეთო, თორემ გავაფრენ.
მაშ ასე.
თავი VIII
ღამისთევა
რკონში რატომღაც ვარსკვავები გაქრა, ალბათ ცა თუ მოიღრუბლა. თუმცა დილამდე მაინც არ იწვიმებდა, აქაურ მიკროკლიმატს კარგად ვიცნობ. "საავდრო" მოწმენდილი იყო, ნათელზე რომ შევხედე. საავდროს ერთ ადგილს ეძახიან ადგილობრივები, თუ იმ ადგილის თავზე ტყვიისფერი ღრუბლები არ არის სულ რომ ქვეყანა დაიქცეს არ იწვიმებს.
არ ვიცი მართლა ლაზათიანათ დავიღალეთ, თუ ადგილზე მისვლისას მოვდუნდით, მაგრამ ფეხები გვეკეცება. ჯერ საბანაკე ადგილი უნდა მოვნახოთ, ცეცხლი დავანთოთ, წავიხემსოთ და მერე შეგვიძლია დავიძინოთ.
ნაცნობი ადგილისკენ გადავუხვიეთ, მდინარის მეორე მხარეს, რკინის ხიდზე გადავედით და გაშლილი ადგილი მოვძებნეთ. ჩანთები დავალეგეთ და იქვე ტყე-ბუჩქნარში შევძვერით, საკოცონე შეშა ან ფიჩხი გვჭირდებოდა.
ასეთი მრავლად იყო, დამტვრული ან წინა ზამთარს მოყინული ტოტები.
საკმარისად მოგროვდა ხმელი, სქელი ფიჩხი.
სველი ტანსაცმელი გამოვიცვალეთ. ფეხზე გავიხადეთ, ყველაფერი ისე დავალაგეთ რომ დილმდე შემშრალიყო.
კოცონის აქეთ იქით პარალონები გავშალეთ, ცელოფანზე და გაზეთზე საჭმელი ამოვალაგეთ.
ნაპსტერი ამერიკულ სამხედრო ულუფას ინტერესით ხსნიდა. აბა ერთი რა არის აქო. გემო გაუსინჯა. რაღაც ბრინჯის ბურვბუშელას მსგავსი იყო, არ მოეწონა, ჩალის გემო აქვსო და კეტჩუპი და მაიონეზი ჩაასხა, ოოო ესე უკვე ნორმალურიაო.
ხორცის კონსერვი ცეცხლთან დავდე რომ შემთბარიყო და ვაგზალზე 50 თეთრად არებულ 300 გრამ ხახვიდან რამდენიმეს გაფრცქვნა დავიწყე. "ტუშონკას" უხდება.
კაი ნახევარი საათი ვილუკმებოდით.
დესერტად მოხარშული შედედებული რძის კონსერვი გავხსენით. მაგრამ უკვე ჭამის თავიც აღარ გვქონდა, ცოტა გავსინჯეთ და ხვალისთვის გადავდეთ.
ნაპსტერმა წავედი დავიძინეო...
აბა, ჩაი? მეთქი, გამეღიმა...
მოიცა რა ჩაი, თვალები მეხუჭებაო.
კარგი, დაიძინე, მივალაგებ აქაურობას მეთქი.
პარალონი გადაათრია, საძილე გაშალა, ჩაძვრა შიგ და ტელეფონში ყურსაცვამებში მუსიკა ჩართო.
ნაგავი მოვაგროვე და ერთ პარკში გამოვკარი. დარჩენილი საჭმელი ცალკე.
ცეცხლზე დარჩენილი ფიჩხი ისე დავალაგე რომ მთლიანად დამწვარიყო.
ჩანთიდან სერჟანტის ნათხოვარი საძილე ტომარა ამოვიღე. ასეთში ჯერ არ ვწოლილვარ და გასარკვევად ცოტა დრო დამჭირდა.
როგორც იქნა წესისა და რიგის მიხედვით მოვეწყვე...
მაგრამ სამხედრო, -10 გრადუსზე გათვლილი საძილე ძალიან მხუთავს, თან ღამის სიჩუმესი ნაპსტერის ტელეფონის ყურსაცვამიდან რაღაც უაზრო მუსიკა ისმის კი არა და გაყვირის.
ვეძახი, არ ესმის, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...
არ ესმის...
გადავბობღდი და შევაჯანჯღარე. დაფეთებული წამოხტა... რა მოხდაო...
მუსიკა გამორთე მეთქი... ვერ მიხვდა...
ტელეფონი გამორთე მეთქი ვუმეორებ...
გააჩერა მუსიკა, გადაბრუნდა და ისევ გაითიშა.
11 ან 12 საათი იქნებოდა.
საძილე ტომარაზე ელვა შესაკრავი გავხსენი რომ არ ჩავხუთულიყავი, დაკეცილი ტანსაცმელი თავქვეშ ბალიშად ამოვიდე და მეც გავითიშე.
დილას ყაყანის ხმა მაღვიძებს.
საძილედან თავი გამოვყავი და ვცილობ გავერკვე რა ხდება.
ასე 70-80 წლის ჯანიანი ბებო გვადგას თავზე და გვეჩხუბება. "აკნოტას ბაბუშკა" :D
დილა მშვიდობისა მეთქი.
აქ რატომ შემოხვედითო, მივხედ-მოვიხედე, მინდორში ვართ. იქით გადაქცეული მავთულის ღობე მოსჩანს. რა მოხდა ბებო მეთქი.
კერძო საკუთრებააო...
ვააა...
ვაშავებთ რამეს მეთქი?
ცეცხლი დაგინთიათ, ბალახი გაგითელითო...
მოგცლია ერთი ბებო მეთქი და გადავბრუნდი, ძილის შებრუნება ვცადე...
"ბაბუშკა" ყაყან-ყაყანით წავიდა.
ერთი სიკეთე კი გაგვიკეთა, დილას გაგვაღვიძა. 7 საათი იქნებოდა, 1 საათის გათენებული.
წამოვდექით, მეც და ნაპსტერსაც ბებოზე გვეღიმება.
მე დილას რამე უნდა გადავღეჭო საჭმელი, მიჩვეული ვარ...
წუხელ გახსნილ მოხარშულ "მალაკოს" მივეტანე...
ნაპსტერი პირს არაფერს აკარებს.
ავიყარეთ, გამშრალი ტანსაცმელი ჩავიცვით, ჩანთები ჩავალაგეთ, ხიდზე უკან გადმოვედით, მდინარეზე ხელპირი დავიბანეთ და ქვევით დავეშვით...
ჩაჩუბეთისკენ.
ჯერ საქართველო!!!

User avatar
gurzi
ბილიკზე მოარული
Posts: 98
Joined: 08 დეკ 2007, 21:40
Location: თბილისი, საქართველო.
მანგლისი-ნამტვრიანი-რკონი-გარიყულა

Post by gurzi » 09 მაი 2010, 19:07

თავი IX
დაბრუნება
Image
ჩაჩუბეთში რამდენიმე წუთში ვიქნებოდით.
გზაში მოქეიფეები შეგვხვდნენ, სასმელზე და ბატკნის ჩაქაფულზე მიგვიპატიჟეს, თავაზიანი უარი ვუთხარით.
ჩაჩუბეთამდე კაკლების ტევრში ცოტა შევისვენეთ. ჩაჩუბეთში გზა გავიკითხეთ, აქედან 2 გზა მიდის გარიყულამდე, პირველი მდინარე თეძამს მიუყვება, მეორე სოფელ ერთაწმინდაზე გადის.
Image
Image
Image
Image
ყანაში მომუშავე კაცმა მდინარისპირა გზა გადარეცხილიაო, თეძამში ტოპაობა მოგიწევთო. ამაზე ნაპსტერი უარზე დადგა.
მეყო წყალში სიარულიო.
ერთაწმინდის გზას დავადექით.
აღმართს შევუდექით...
მთიანი მასივი უაკნ დარჩა...
ბუჩქნარი გორაკ-ბორცვები და დამუშავებულ-დაუმუშავებელი მინდვრები დაიწყო.
აღმართებზე მივდიოდით, ერთაწმინდამდე ასე იქნებოდა....
გუშინდელი კროსის მერე სიარული ცოტა არ იყოს გვეზარებოდა, მაგრამ უნდა გვევლო....
გზაში მოიღრუბლა...
"საავდროს" გავხედე, ღია ტყვიისფრად იყო შეფერილი. წამოწვიმს მეთქი ნაპსტერს ვეუბნევი.
მერე რაო. წამოწვიმს და წამოწვიმოსო...
15 კილომეტრზე მეტი მაინც აღარ გვექნება დარჩენილიო.
გზა გაიწელა.
უხმოდ მივაბიჯებთ. წყალი არ მოგვიმარაგებია. მოგვწყურდა, ერთაწმინდამდე უნდა მოგვეთმინა.
ერთაწმინდასთან ბოლო აღმართზე წვიმაც წამოგვეწია.
გაჩერება გადავწყვიტეთ. ჩანთიდან ცელოფნის ნაჭერი ამოვიღეთ და გადავიფარეთ. ნაპსტერმა ჩანთას წყალგაუმტარი შალითა გადააკრა.
ნახევარი საათი ვისხედით. წვიმა ცოტა შენელდა და ისევ გზას გავუდექით.
ერთაწმინდის წმინდა ესტატეს ტაძარის გუმბათი გამოჩნდა. პაატას თავი რომაა დამარხული და რამე.
ცოტაც და სოფელში შევედით.
სოფელი გავიარეთ და სოფლის ცენტრში ეკლესიასთან მოწყობილ წყაროსთან შევჩერდით...
მაისური გავიხადე და გავწურე.
სქელვარჯიანი ხის ქვეს ვზივართ, არ წვიმს, მაგრამ ჟინჟღლავს და გადაღებას ველოდებით.
შავებში ჩაცმული მოხუცი კაცი მოგვადგა...
ეკლესიის კარის გაღება ხომ არ გინდათო...
არა ბაბუა მადლობო მიუგო ნაპსტერმა...
მოხუცმა ალმაცერად გადახედა და გატრიალდა და წავიდა.
ბაბუა არ უნდა დაგეძახა მეთქი.
რატომ? ბერიაო?
არა, ბერი არ არის, მაგრამ ბაბუს აქ ქალებს ეძახიან მეთქი...
ეხლა ნაპსტერმა გადმომხედა ალმაცერად. იფიქრა მაღადავებსო.
ეგრეა მეთქი.
ქალს აქ ბაბოს ეძახიან, კაცს პაპას.
მაგალითად პაპაჩემს ლევანი ქვია. ბაბოაჩემს დარეჯანი მეთქი.
ეტყობა ბოლომდე ვერ დავაჯერე :)
Image
დავეშვით ერთაწმინდიდან, ქვევით გარუყულა ჩანდა, თეძმის ველი და იმის იქით კავკასიის ქედი.
გზაში ერთაწმინდიდან მომავალი მიცუბიში მოგვეწია და გააჩერა...
მძღომა როცა გაიგო გარიყულასი მივდიოდით, მე მეტეხში მივდივარ და ჩაგიყვანთო.
გარიყულა მეტეხის გზაზე ძევს.
არ გვიუარია.
ჩავსხედით, კილომეტრნახევარიც არ იქნებოდა გავლილი რომ მანქანას საბურავი დაეშვა.
ფავნისებთან გავჩერდით.
ფავნისი ადრე გარიყულას ერქვა.
დღეს ეს სახელი მხოლოდ X საუკუნის ბაზილიკას შერჩა, წმინდა გიორგის ეკლესიას და მის მიმდებარე სასაფლაოს კიდევ ფავნისებს ეძახიან.
ჩემი წინაპრები აქ მარხიან.
მძღოლს საბურავის გამოცვლასი მივეხმარეთ, მადლობა მოვუხადეთ, თითქმის უკვე მოსულები ვართო და ფეხით დავეშვით. აღარ წვიმდა, ეტყობოდა აქ მხოლოდ ოდნავ წამოეწინწკლა.
გარიყულაში შევედით. 12.30 სთ.
მარშრუტი წარმატებით დასრულდა. აქედან თბილისში ტრანსპორტი დადის.
სოფლის ბირჟაზე ავტობუსების განრიგი ვიკითხეთ, ყოველ საათ-საათნახევარში გადისო ავტობუსები, ზოგი თბილისისკენ, ზოგი კასპისკენ, ზოგი გორისკენ.
პატარა ავტოსადგურია რა.
3-ის ნახევრიანი მიკროავტობუსი შევიგულეთ.
დარჩენილ დროში ცოტა მოვწესრიგდით, საფუძვლიანად ვისადილეთ, ცოტა წავუძინეთ და 3-ის ნახევრისკენ ისევ გაჩერებისკენ გავემართეთ.
მიკროავტობუსი უკვე იძვრებოდა როცა დავჯექით.
საათნახევარში თბილისში ვიყავით.
ზუსტად ამ დროს აისის თეორიული მიდიოდა და სახლში წასვლამდე აისის ოფისში მისვლა გადავწყვიტეთ.
5-ზე აისში ვიყავით.
გასვლის მოკლე ანგარიში დავდეთ, წარმატებული მარშრუტით თავი მოვიწონეთ (პრაქტიკულად პირველებმა გავჭერით ეს გზა, მანგლისი-რკონი-გარიყულა) და 6 საათისთვის სახლებში დავიშალეთ.
სულ ეს იყო. :)
ჯერ საქართველო!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]