მოგესალმებით და ამ სახალისო თემაზე რამდენიმე ამბავს შემოგაშველებთ.
ჩემი სოფელი მთიან გურიაში, ხევისწყალას სათავეშია. ერთხელ წავედით სათევზაოდ მე, ჩემო უფროსი ძმა და ერთიც მისი თანატოლი თბილისელი ბიჭი. სადაც ვთევზაობთ, ულამაზესი ადგილია - დაახლოებით 1 კილომეტრი მდინარე სულ კლდეებში მიედინება. წარმოიდგინეთ, აქეთ-იქით 8-10-მეტრიანი კლდეები, ზემოდან ხეების ტოტებით გადახურული, რაც გვირაბის იმიტაციას ქმნის. იქ ჩანჩქერიცაა და ერთი უცნაური ფორმის კლდეც - შუაში მთელ სიგრძეზე შიგნითაა შეწეული, თითქოს განგებ გამოუთხრიათო დასაჯდომად, ზევიდან კი ქუდივითაა გადმოხურული კლდე. ეგრეც ვეძახით - ქუდიან კლდეს. გადმოვჯდებოდით ხოლმე იქ და ვთევზაობდით ანკესებით. ერთგან მდინარეში ხიდან სუროს ტოტები ეშვებოდა და შიგ ყოველ ზაფხულს ბოლოქანქარა ჩიტი ბუდეს იკეთებდა. მოკლედ, წყალზე დაშვებული ხის ტოტებით, ჩანჩქერით, ველური გვიმრებით და ასეთებით იქაურობა ტროპიკებს წააგავს. ხშირად ერთი ადგილიდან მეორეზე იმ კლდეებზე უნდა გადახვიდე. მახსოვს,ბავშვობაში მათზე რა სიამოვნებით დავფორთხავდი, თავი დიდი ალპინისტი მეგონა.
მოკლედ, ვთევზაობთ, რა იმ ადგილას ჯერ ანკესით, მაგრამ ბადეც გვაქვს წაღებული. ძალიან დიდი თევზებიც არაა, მაგრამ ჩემმა ძმამ ანკესით იმხელა წვერა დაიჭირა, 2-ლიტრიან ქილაში არ ჩაეტია. ამით შეგულიანებულებმა გადაწყვიტეს ბადით ეთევზავათ. მდინარე დიდი არაა, მაგრამ ალაგ-ალაგ ზალიან დიდ გუბეებს აკეთებს და ერთ ასეთში დაიწყეს თევზაობა. ჯერ გუბურის უფრო გაშლილ ადგილას მოითავეს თევზაობა და მიადგნენ ზედა ნაწილსმ სადაც დიდი ქვებია და მათ ქვეშ მუდამაა თევზი. ჩადგეს ბადე ყველაზე დიდ ქვასთან, რომელიც იმ თბილისელს უჭირავს (მე როგორც პატარას, ნაპირზე დგომა და დაჭერილი თევზების პატრონობა მევალება) და ჩემმა ძმამ დაიწყო თევზის დაფრთხობა - ზევიდან ქვევით მოჰყვება, ადგაფუნებს წყალს, ატრიალებს ქვებს და არის ერთ ამბავში. უცებ ეტაკა იმ ბიჭს ბადეზე, არიქა, რაღაც დიდია გაბმული და ამოსწი ჩქარა, არ გადახტესო. რაღაც დიდი რომ ფართხალებდა, თავთხელში ჩვენც შევნიშნეთ, მაგრამ თქვენს მტერს, რაც შიგ გაბმულიყო - დიდი, დაახლოებით მეტრიანი შავი გველი! ამოსწიეს ბადე და ტყვისავით ისროლეს მეორე ნაპირზე, თვითონ კი ასევე დამდუღრულივით მაოწყდნენ აქეთა ნაპირს

. გველს რა უჭირდა - სრაზუ ამოძვრა ბადიდან და გაიქცა, ესენი კი რამდენჯერაც წყალიდან ამოხტნენ, სველ სიპებზე იმდენი მოცურდნენ და მოადინეს ისევ ტყაპანი წყალში. ვინ იცისმ რამდენჯერ მითევზავია, მაგრამ ბავშვობიდან ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა. ალბათ, ყველაზე მეტად რომ შემეშინდა, იმიტომ
მოგვიანებით, უკვე სკოლის დამთავრების შემდეგ თევზაობისას ერთხელაც შედგა ჩემი კონტაქტი გველთან. მეზობლის ბიჭებთან ერთად (ისინი ხელით თევზაობენ მაგრა) წავედით ბადით. ერთგან, ხმელი ფიჩხით სავსე მორევში ქვასთან ჩადგეს ბადე, რომლის დაჭერაც მე დამევალა, ერთი კი ხელით ქვის ქვეშ თევზაობს. უცებ ხელზე რაღაც მომედო. ვიფიქრე, ფიჩხია-მეთქი და სასხვათაშორისოდ გავხედე. ზედ ჩემი ხელის გვერდით პატარა ანკარას ამოუყვია წყლიდან თავი და გვიყურებს. იმხელა ვიყვირე, აქეთ გველი გავარდა გულგახეთქილი, იქით კი ის ბიჭი ახტა ნაპირზე

მაგრამ მისთვის ეგ რა იყო, რაც იმ დღეს შეემთხვა - ერთგან. ყელამდე წყალში ჩამდგარი ბადეს ხის ძირებში აფათურებს. ეტყობა, იქ გველიც იყო, რომელმაც ამას ზედ კისერთან გაუცურ-გამოუცურა.

ეს ერთი კი გამოვარდა აქეთ და მერე ისევ შევიდა სათევზაოდ. ნუ, შეჩვეულია ეგეთებს, თორემ ჩემთვის ოქრო რომ დაგეყარა, იქ მეორედ არ შევიდოდი.