ჰერაკლე კეისარმა მოუხმო ბაკურის შვილს - ადარნასეს, რომელიც კახეთს ერისმთავრობდა და მისცა მას თბილისი და მთავრობა ქართლისა. „მაშინ წარიღეს ბერძენთა საზღუარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი“, ხოლო სტეფანოზის შვილები დარჩნენ „კლდეთა შინა კლარჯეთისათა“ და სხვა ერისმთავრების მსგავსად მორჩილებდნენ ადარნასე მთავარს. ერაკლე კეისარმა კი სპარსეთს გაილაშქრა, მოკლა ხუასრო, ბაღდადი აიღო, და ძელი ცხორებისაც თან წამოაბრძანა.
ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილები ზოგი იერუსალიმში დააბრძანა და ზოგიც კონსტანტინეპოლში გაგზავნა, ზაქარია მამათმთავარი კი კვლავ თავისივე საყდარზე დაადგინა (623წ). მეშვიდე წელს კი, როდესაც კვლავ ქართლში გამოიარა, მცხეთის ჯვარი და თბილისის სიონი უკვე დასრულებული ჰქონდა ადარნასე მთავარს. „მაშინ ერაკლე მეფემან ტფილისს, მცხეთას და უჯარმას ქადაგნი განავლინა, რაითა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიას შევიდნენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი, რომელნიცა არა მოინათლნენ, მოსრენ, ხოლო მათ ნათლისღებაი არა ინებეს, არამედ ზაკვით აღირივნეს ქრისტეანეთა თანა, და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახვილი, და გაწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა.
მაშინ ერაკლე კეისრმან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ჩუენთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელ მოცემულ იყუნენ კონსტანტინესაგან მირიანისდა“. შეწუხდა ადარნასე მთავარი და ევედრებოდა კეისარს, რათა „არა წარიხუნეს ნიჭნი იგი ღმრთისამიერნი“, მაგრამ კეისარმა მისი თხოვნა არ შეისმინა.
ერეკლე კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცა, მაგრამ ბიზანტიელებმა დიდხანს ვერ შესძლეს ესარგებლათ მიღწეული წარმატებებით, რადგანაც მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ძალა, რომელმაც სრულიად შეცვალა არსებული ვითარება.
სპარსეთიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ კეისარს ეგვიპტეში დიდი ძღვენით წინ მიეგება ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი და საცხოვრებელი და სასაძოვრე ადგილები გამოსთხოვა. მანაც არაბეთის მახლობლად „ქუეყანისა სინისასა“ მისცა მიწები.
გაძლიერდა მუჰამედი და ბატონობდა სპარსელებზე და არაბებზე. მან არა მარტო ისლამს ჩაუყარა საფუძველი, არამედ რელიგიის დროშით ერთ მუშტად შეკრა არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუმორჩილებელი ხალხი. მის ხელში აღმოჩნდა როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფლება. როგორც მაქსიმე აღმსარებელი ამბობდა: „დამდაბლდეს მეფენი ბერძენთანი და განძლიერდეს სპარსნი და არაბნი მიშუებითა ღმრთისაითა“.
ადარნასეს სიკვდილის შემდგომ ქართლის მთავრად დადგინდა მისი ძე სტეფანოზ II, მამა მეფისა არჩილისა, რომელიც „იყო უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნე და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა, მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა და აღაშენა დარბაზნი“. და განუწესა იქ შეკრება ყოველ პარასკევს ეპისკოპოსებს და მღვდლებს კათალიკოსთან ერთად, რათა ყოველი პარასკევი ისე განადიდონ, როგორც დიდი პარასკევი.
ხოლო ხუთშაბათს დააწესა საკათალიკოსო შეხვედრები სიონში, რათა ადიდონ წმინდა სიონი, როგორც დიდ ხუთშაბათს, „საიდუმლოსა თანა ხორცითა და სისხლითა ქრისტესითა“. ხოლო მცხეთას კი სამშაბათს დააწესა შეკრება და ხსენება წმიდისა პირველმოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, „დიდისა მისგან ძლიერებასა სპარსთასა, რომელ წამებულ იყვნეს, და აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა,“ რომელმა მთიულნი მოაქცია, ხოლო მისი პატიოსანი გვამი დადებულ-არს მცხეთას, ეპისკოპოსთა სამარხავში და „დღესასწაულთსა მისსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა“.
როდესაც ერაკლე კეისარს აცნობეს, თუ როგორ იკიდებდა ფეხს არაბობა შუამდინარეთში, ჯარი ფილისტიმში განალაგა და საბრძოლველად მოემზადა. მაგრამ იქ იყო „მონაზონი ვინმე, წმინდა ღმრთისა“ და მან უთხრა მეფეს: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმა მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი მისი სარას ძაღლთა“.
რაც ვარსკვლავთმრიცხველებმაც დაუდასტურეს. მაშინ ერაკლემ ააშენა სვეტი და დაწერა მას ზედა: „მშვიდობა შუამდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარხდეს შვიდნი შვიდეულნი“. ხოლო „შვიდეულისათვის ესრეთ ჰპოვეს განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათვის, რომელ არს ორასორმოცდაათი წელი“.
წარჩინებულები და მდიდარი ბერძნები შეშინდნენ და თავიანთთი განძი მიწაში დაჰფლეს, ხოლო ერაკლემ რანიდან კვლავ ქართლში გამოიარა და ერისმთავარი მოსალოდნელი საშიშროების შესახებ გააფრთხილა. იქ მცხოვრები ბერძნებს კი უთხრა: „უკეთუ უწყით, რამეთუ დაესრულა მეფობაი თქუენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩუენ თანა. და მათ დაუტევეს ქუეყანაი ესე და დაფლეს განძი მათნი; რომელნიმე წარჰყვეს და რომელნიმე დადგეს და შეიტანეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი“, რათა როდესაც უკან დაბრუნდებოდნენ, სცოდნოდაი თუ ვისი საგანძური სად იყო და ვის რა ეკუთვნოდა.
სტეფანოზ II- მ თავის ორი ძეს - მირსა და არჩილს განუყო ყოველი საქონელი და საგანძური ოქროსა და ვერცხლისა და პატიოსანთა თვალთა; ნახევარი წაიღო ეგრისში, წაიყვანა უფროსი შვილი მირი, და იქ დაჰფლეს საიდუმლოდ, ხოლო მეორე ნახევარი მისცა არჩილს, უმცროს ვაჟს, რომელმაც დაჰფლა განძი „ხევსა კახეთისასა“.
ხოლო ოქროსა და ვერცხლის სახმარი ნივთები დაჰფლეს „ხევსა უჯარმოსასა“, და ქართლისა და ჯავახეთის საგანძურნი დაჰფლეს „გორს“, რომელიც ერაკლე კეისარმა იმ საგანძურის სამალავადაც განაჩინა, რომელიც ვერ მიჰქონდა. ამ გორას ეწოდებოდა „ტონთიო“, და ითარგმნება როგორც „მთა ოქროსა“. და დასვა ზედ საიდუმლო ნიშანი, ისე, რომ ვერავინ შესძლებდა მის პოვნას. ეკლესიათა საგანძურნი კი დაჰფლეს აჩრდილსა დიდისა სიონისასა მცხეთას.
VII ს-ის II ნახევრიდან არაბებმა მკვიდრად მოიკიდეს ფეხი კავკასიაში. არაბთა ხალიფატი უშუალო მეზობელი გახდა ლაზეთის სამთავროსი. არაბები პირველად 643-645 წ.წ. შემოიჭრნენ საქართველოში ჰაბიბ იბ მასლამის სარდლობით. ქართლს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია არაბთა უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ჰაბიბმა თბილისი აიღო, საამირო დაარსა და საქართველოს დედაქალაქი არაბეთის ხალიფის ნაცვლის ძალაუფლებას დაუქვემდებარა. ქართველებმა დაზავება შესთავაზეს.
არაბებიც დასთანხმდნენ და დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც „დაცვის სიგელი“ ეწოდა. ქართველების ვალდებული იყვნენ ერთ კომლზე ერთი დინარი ეხადათ, ხოლო ვინც ისლამს მიიღებდა გადასახადისგან თავისუფლდებოდა. ჩუენამდის მოაღწია ამ ხელშეკრულების ტექსტმაც. აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდენ 657 წლამდე, როდესაც არაბთა შორის დაიწყო შინაური ომი და არეულობა, რაც 661 წლამდე გაგრძელდა, ხოლო 678 წელს მათ ბიზანტიასთან დაუდიათ ხელშეკრულება, რომლის ძალითაც „იბერია მათ თანასწორად ექნებოდათ“.
VII ს-ის II ნახევარში დასავლეთ საქართველოში გაიშალა ფართო მოძრაობა არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ. ამ მოძრაობას სათავეში ედგა ლაზეთის მთავარი ლეონ I. იგი გაეცალა ლაზეთს და გადავიდა ლაზეთის ქვეყნების ჩრდილოეთ სანაპიროზე - აფხაზეთში და იქ გამაგრდა. მას პოლიტიკური კავშირი დაუმყარებია ბიზანტიასთან, უცვნია მისი სიუზერენიტეტი და მათი თანადგომით არაბთაგან გაუთავისუფლებია აფხაზეთის მხარეები.
ამავე დროს ბიზანტიასაც გარკვეული ვალდებულებანი აუღია და, კერძოდ ლეონ I-ის დინასტია უცვნია მემკვიდრეობით მფლობელებად არაბებისაგან გათავისუფლებული აფხაზეთის მხარეებისა, კეისრის ერისთავის - არქონტის ტიტულით. ლეონ I-ს ასევე კავშირი შეუკრავს იბერიის ანტიარაბული ფრონტის მეთაურებთან - ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზის შვილებთან - მირთან და არჩილთან. მათი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-რესტავრაცია იყო იმ სახით, როგორიც მას გაუქმების დროს ჰქონდა.
ქართველთა მიზანი იყო აღდგენილიყო „ქართლის სამეფო“, ანუ გორგასლისდროინდელი დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფო. ეკლესიის მამები ამხნევებდნენ ქართველ ერს - ისინი წინასწარმეტყუელებდნენ, რომ აღდგებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო და ქართული ენა კვლავ თავის ადგილს დაიჭერდა. ამიტომაც არაბებს გადაუწყვეტიათ ერთხელ და სამუდამოდ მოესპოთ წინააღმდეგობის ეს კერა დასავლეთ საქართველოში.
ამ მიზანს ისახავდა ის დიდი ლაშქრობა, რომელიც მოაწყო ხალიფას მოადგილემ კავკასიაში, ომაიანთა დინასტიის წევრმა მურვან II იბნ მუჰამედმა (ამირა მურვანმა), რომელსაც უმაგალითო სისასტიკისა და შეუსმენლობის გამო ქართველმა ხალხმა „მურვან-ყრუ“ შეარქვა. მურვან-ყრუმ „აღძრა ყოველი თესლ-ტომი წარმართთა და ვითარცა ღრუბელი ბნელი, ვითარცა მკალი და მუმლი მოეფინა და დაფარა პირი ქუეყანისა“. მან ააოხრა საბერძნეთი და მიწასთან გაასწორა მთელი კავკასია, ხოლო შემდგომ კი 120 ათასიანი ლაშქრით ქართლში შემოიჭრა, „დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა“ (668 წ.).
მტრის რჩეული ლაშქარი ქართლიდან მესხეთს გადავიდა, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი) დააქცია, ცეცხლითა და მახვილით სამცხე-ჯავახეთს და ტაო-კლარჯეთს გადაუარა და არგვეთისკენ (იმერეთისკენ) დაიძრა. ქართველთა უმრავლესობა მთასა და ტყე-ღრეში გაიხიზნა. ზეკარზე გადმოსულ არაბთა რჩეულ, წინამავალ რაზმს არგვეთელთა ლაშქარი ფერსათის მთაზე, ხანისწყლის ჩამოსასვლელთან შეეგება და ქრისტეს სახელით ბრძოლაში ჩაება. ქართველთა ლაშქარს წინამბრძოლობდნენ არგვეთის მთავრები - დავით და კონსტანტინე მხეიძეები. უმაგალითო იყო ქართველთა სიმამაცე.
სიკვდილს გადარჩენილი არაბი მეწინავენი კი სირბილით უკან მიაწყდნენ. როდესაც მურვან-ყრუმ შეიტყო, რომ მისი რჩეული ლაშქარი განადგურებული იყო, ძლიერ განრისხდა და შურისძიებით ანთებული, ურიცხვი ლაშქრით არგვეთისკენ გამოემართა. დავითი და კონსტანტინე თარეშული ბრძოლის გზას დაადგნენ. მამაცურად უმკლავდებოდნენ ქართველები დამარცხებით გაბოროტებულ მტერს, მაგრამ ბრძოლა უთანასწორო იყო და ქართველები დამარცხდნენ. მუსლიმებმა ხელთ ჩაიგდეს მრავალი ქრისტიანი. მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ხოლო გადარჩენილებმა ტყეს შეაფარეს თავი.
არგვეთის დიდებული მთავრები მცირე ლაშქრით ვიწრო ხევში მოიმწყვდიეს და რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ აიყვანეს.. არგვეთელი მთავრების სიმტკიცითა და ვაჟკაცობით გაშმაგებულმა მურვან-ყრუმ მათი წამებით სიკვდილი ბრძანა. ისინი მდინარე რიონის პირას გაიყვანეს, გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და არგნებით უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე უზარმაზარი, მძიმე ლოდები ჩამოჰკიდეს და რიონში გადაყარეს.
მურვან-ყრუს შემოსევამდე იმ ადგილზე იყო ხალხმრავალი ციხე-ქალაქი, რომელიც უსჯულო მტერს ისე აეოხრებინა და დაეწვა, რომ მხოლოდ ერთი დარღვეული ხარების ეკლესიაღა იდგა. ამ ეკლესიის ქვეშ იყო ცარიელი აკლდამა, რომელშიც დამარხეს წმიდა მოწამეთა ნეშტები.
არგვეთელი მთავრების წამების შემდგომ მურვან-ყრუ ქუთაისიდან ეგრისში გადავიდა და დაბანაკდა ჭყონდიდის სანახებში, ცხენისწყლიდან აფხაზეთამდე. არაბებმა აიღეს და დაანგრიეს ციხე-ქალაქი გოჯი (ნოქალაქევი) და გააუდაბურეს სამეგრელო (შიდა ეგრისი) და აფხაზეთი, იქვე ეწია ღვთის რისხვა მურვან-ყრუს ლაშქარს. აბაშები დაბანაკებული იყვნენ მდინარესთან, რომელსაც შემდგომში აბაშა ეწოდა, ხოლო მათი ცხენ-ეტლი კი მდინარესთან, რომელსაც ეწოდა ცხენისწყალი.
ღვთის განგებით მათ საშინელი წვიმა, სეტყვა და ჭექა ქუხილი დაატყდათ თავს, მიწამ პირი გააღო და წყალი აღმოაცენა, ხოლო ხმელეთი ზღვად გადაიქცა, წალეკა აბაშთა ლაშქარი და მდინარეში ჩაიტანა. ასევე მეორე მდინარემაც წალეკა მათი ცხენ-ეტლი, რის შემდეგაც ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი ეწოდათ. როდესაც მურვან-ყრუმ იხილა მათზე მიწევნული განსცდელი, ძალიან დამწუხრდა, ვიწრო და მიუვალ ქვეყანაში დაბანაკების გამო, გადალახა კელასურის ქვის კედელი, შეიჭრა აფხაზეთში და დაბანაკდა „პიტიოტას“ - ზღვის პირა ქალაქში, რომელსაც შემდგომში ცხუმი (სოხუმი) ეწოდა. მან დაანგრია ქალაქი და ანაკოფიისკენ გაეშურა.
ანაკოფიის ციხეში, სადაც დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, გამაგრებულები იყვნენ აფხაზეთის მთავარი ლეონ I და ქართლის ერისმთავარი - მირი და მისი ძმა არჩილი, რომელთაც მთელი გულით შეთხოვეს სასწაულმოქმედ ხატს შემწეობა. ძნელი იყო მურვან-ყრუს ურიცხვ ლაშქართან გამკლავება. ყოვლად მოწყალე დედოფალმაც უსწრაფესად შეისმინა მათი ვედრება. წმინდა არჩილს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა „წარვედით და ეწყუენით აგარეანთა, რამეთუ მომივლინებიან მათ ზედა გუემაი სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე, ხოლო თქუენ მხნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისაითა“.
გათენებამდე ღმერთმა მართლაც მოუვლინა სარკინოზებს სამხრეთის მხურვალე ქარი, ამას თან დაერთო საშინელი დაავადება - მუცელა, რის გამოც 35 ათასი სარკინოზი ამოწყდა, ხოლო 3 ათასი მახვილით მოისრა. გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გაუმართეს არაბებს იბერიისა და აფხაზეთის შეერთებულმა ძალებმა, გამარჯვება მცირერიცხოვ ქართველებს დარჩათ. ქრისტიანთაგან იმ დღეს მხოლოდ სამოცი კაცი დაიღუპა. გახარებულმა ბიზანტიის კეისარმა სამეფო გვირგვინი, სკიპტრა და წერილი გამოუგზავნა ძმებს - თქვენი იყოს მეფობა ქართლში, და თუ ამჟამად ჩვენთან ერთად იდევნებით ჯვარის მსახურებისათვის, შემდგომში, როგორც უფალმა აღგვითქვა, მასთან ერთად ვიდიდებით. შემუსრეთ აგარიანნი და ყოველნი მათნი ამამაღლებელნი დამდაბლდებიან და ჩვენთან ერთად მადიდებელნი ამაღლდებიან - წერდა კეისარი.
