საქართველოს კათალიკოსპატრიარქი ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007.
ალბათ, ეს სიტყვები ყველა მამაკაცს ჩააფიქრებს. პრობლემა რომ არ არსებულიყო არც ამ სიტყვების დაწერის აუცილებლობა იქნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სენს საკმაოდ ღრმად გაუდგია ფესვები ქართველ ერში და, რაც მთავარია, ამ ყოფას ისე შევგუებივართ, რომ გვგონია, ეს ყველაფერი სწორედ ასეთი იყო ყოველთვისო. ქართულ სუფრას დღეს, გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა, შეცვლილი აქვს თავისი სახე და შინაარსი. დაკარგული და დავიწყებულია მისი დედააზრი. სახეცვლილია ასევე სადღეგრძელოთა თანამიმდევრობა თუ შინაარსობრივი მხარე, სუფრის ხანგრძლივობა, სუფრასთან შეკრების მიზეზი, თამადის ფუნქცია, ღვინის სმის წესი და კულტურა. მოკლედ- ყველაფერი ის, რასაც ძველად ქართული სუფრა წარმოადგენდა თავისი მდიდარი შინაარსით. აღარას ვამბობთ თავად იმ ფაქტზე, როდესაც მარხვის დროს თბილისისა თუ მცხეთის ეგრეთ წოდებული რესტორნები, რომელთაცAნამდვილ რესტორანთან არანაირი საერთო არა აქვთ, მთლიანად გადავსებულია თავისი ერთგული მრევლით, რომელსაც,Aსალოცავ ადგილად გაუხდია ამგვარი ხუხულა ვაირესტორან-საროსკიპოები. შეიძლება, ქვეყანა, ერთი მხრივ, უკიდურეს სულიერ გასაჭირში იმყოფებოდეს და მისი ყოფნა-არყოფნა წყდებოდეს და, მეორე მხრივ, ღრეობად ქცეული სუფრების საბაბი არ ილეოდეს და ყოველი დღე, მიუხედავად მარხვის დღეებისა, ღრიანცელით მთავრდებოდეს? ქართველი ერისათვის უმთავრეს საზრუნავად გადაქცეულა ის, თუ სად და როგორ იზეიმოს ბედობა, ვალენტინობა, 8 მარტი თუ ეგრეთწოდებული კათოლიკური შობა, მაშინ როდესაც ბევრმა საუფლო დღესასწაულმა შესაძლოა სრულიად შეუმჩნევლად ჩაიაროს და გარდა დედა ეკლესიისა და ჭეშმარიტი, თუმცაღაA გათითოკაცებული მრევლისა არავის გაახსენდეს? შეიძლება, ერი იყოს “ვეფხისტყაოსნის” პატრონი და ამავდროულად აღნიშნავდეს ვინმე ვალენტინის დღეს, რომლის არც წარმომავლობა და არც ვინაობა არავინ იცის? შეიძლება, თამარის, ნინოს, ქეთევანისა და ბარბარეს მოსავებმა ხალხმა, როზა ლუქსემბურგისა და კლარა ცეტკინისადმი მიძღვნილი დღე- 8 მარტი აღნიშნოს? რაც სხვათა შორის ამ რამდენიმე წლის წინათ განაახლა ჩვენმა პარლამენტმა ქალბატონი პარლამენტარების ერთი “რჩეული” ნაწილის მოთხოვნით, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ პარლამენტარივე მამაკაცებისაგან ნარჩევ-ნარჩევი საჩუქრები მიეღოთ? შეიძლება ერი საშობაო მარხვის მიწურულს მაშინ, როდესაც მარხვის დასრულებას და შობის შემობრძანებას სულ რამდენიმე დღე აკლია, აღნიშნავდეს გაურკვეველი წარმოშობისა და დღემდე ყურით მოთრეულ ეგრეთ წოდებულ ბედობას? რაც ამ დღეს სუფრა იშლება და ღვინო ისმევა, რით ვეღარ მოაღწია იმ ნანატრმა ბედნიერმა დღემ ჩვენამდე და რით ვეღარ გვეღირსა ჩვენთვის ესოდენ სანატრელი ბედი თუ იღბალი? საკვირველია პირდაპირ! ქართული სუფრა, ქორწილი, ძეობა თუ სტუმრიანობა ყოველთვის იყო საქართველოში, თვით ძნელბედობის ჟამსაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი ქრისტიანული მორალის ჩარჩობში იყო მოქცეული. სუფრა მაშინაც კი იშლებოდა, როდესაც საქართველო მტერთაგან იყო დაპყრობილი, მაგრამ ამაში, დღევანდელისაგან განსხვავებით, არაეთიკური და ამორალური არაფერი ყოფილა. პირიქით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმე სწორედ ქართულ სუფრასთან გადაწყვეტილა. იმისი დრო ნამდვილად არ არის, რომ ამ პრობლების გამოსწორება და მოგვარება ჟამთა სვლას მივანდოთ. ვერც სხვა მოაგვარებს ამას ჩვენს მაგივრად, რადგან სხვა ჩვენზე უარეს დღეშია.მანამდე კი ვიზეიმოთ და ვიქეიფოთ ძვირფასო თანამმემამულენო, საამისოდ ხომ ასე მრავალი და ერთიმეორეზე უკეთესი მიზეზი გვაქვს ღვთის წყალობით?
მცხეთა 2007წ
