მე ამ გასვლას ორ ნაწილად დავყოფდი:
1. როდესაც იცი, სად მიდიხარ, და მიუყვები გზას ნარნარად არმაზისხევში.
2. როდესაც იცი, რომ მიდიხარ სადღაც, მაგრამ არ იცი სად და ეზებ გზას, რომელსაც შეიძლება რომ უბრალოდ, გაუყვე
ხევში სიარული, კონკრეტულად კი ციხისკენ აღმასვლა დიდ სირთულეებთან არ ყოფილა დაკავშირებული. სადაც ფეხები არ კმაროდა, ხელები და ყველა მხრიდან გამოშვერილი ხის ტოტები და ფესვები გვეხმარებოდნენ. ერთი ის იყო, რომ ძალიან ხშირად ფეხქვეშ მიწა გევცლებოდა და ყელამდე შემდგომის ჩამოცვენილ ფოთლებში ვეფლობოდით. ერთი ზღაპარი მაგონდება, დედინაცვალი რომ გერს ორმოს გაუთხრის, ზემოდან ბლომად ფოთლებს და ვაშლებს დააყრის და ისე მიიტყუებს ორმოში...ასეთი დედინაცვალი იყო ჩვენთვის დაგვიანებული, დეკემბრისეული შემოდგომა

ჰო, და ქროდა ქარი, რომელთანაც დავითგარეჯის ქროლვა სიო და ნიავივით გვაგონდებოდა, და რომელმაც სერიოზული საფრთხე შეგვიქმნა დაშვებისას.
"რაც მოხდა დაშვებისას მომხდარა" მარტივ ფარგლებში შეეფერება ალბათ ჩვენს დაღმასვლას, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არა იგივე გზით, არამედ კარსანით ჩამოვსულიყავით მცხეთაში. ყველანი მივენდეთ ნიკას, იგივე N67-ს, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც ჩვენი დაგეგმილი გზა გავლილი ჰქონდა. თუმცა, ერთი არასწორი გადახვევა და აღმოვჩნდით ისეთ ხევში, რომელსაც ერთი მხრიდან ყინულის კედელი აკრავს, მეორედან ციცაბო ასასვლელი, სადაც გამარჯობა საქართველო და ნაია დაზვერვაზე წავიდნენ, იქნება და გზა ვნახოთო, მათ მიჰყვნენ მონადირე და ტარაპუნკა ფორთხვით და ცარიელი ხელებით. მათი ზევით მიღებული გამოცდილება კარგი იქნებ თავადვე დასწერონ, რადგანაც ის შეგრძნებები, რაც დღევანდელ გრიგალთან, ქავათაცვენასთან და ფეხქვეშ მიწისგამოცლასთანაა დაკავშირებული, ძალზე შთამბეჭდავი უნდა იყოს თითოეულის მონათხრობი... ძალიან ვნერვიულობდი ყველაზე, განსაკუთრებით კი პირველად წამოსულებზე, პლიუსებზე, რომელნიც ალბათ ფიქრობდნენ, რომ ჩვეულებრივ ექსკურსიაზე მივდივართო... ასეთ დროს ადამიანი პასუხისმგებელი ხარ მხოლოდ საკუთარ თავზე და თითოეული შენი ნაბიჯისთვის, ქვაზე ფეხის მყარად დადგმისთვის, წინ წაწეულ ერთი მეტრითვისაც კი ბედნიერი ხარ. მთელი გზა ვფიქრობდი, ვინმეს რომ რამე მოუვიდეს, თუნდაც ფეხი იღრძოს, აქედან როგორ უნდა წავიღოთ-მეთქი

. თანაც ვიყავით თითქმის 29. ზოგი საით მივემართებოდით, ზოგი საით. ნიკას შეძახილები (მისი ინტუიციისა თუ გამოცდილების წყალობით), რომ რომელიღაც გზა უფრო ძნელია, ან უფრო მარტივია, რაღაც იმედს გვაძლევდა, რომ ოდესმე ერთად სადღაც მივაღწევდით

... საბოლოოდ თავი მოვუყარეთ ერთმანეთს და თოვლიანი გზა დაიწყო. ნამდვილი თოვლიანი გზა, ბევრი ქარით, ალაგ-ალაგ გუნდაობით და აღმართებით. ვნახეთ წმინდა ნინოს ეკლესია. დაკეტილი, მაგრამ თბილი, მზისგან გამთბარი, დალოცვილი და დამლოცველი ჩვენი მშვიდობით სვლის.
ქვემოთ ჩამოსვლისას, ტყის პირას ერთ სახლთან შევჩერდით. შემახსენეთ იმ ღვთისნიერი ადამიანი სახელი, რომელმაც შეგვიპატიჟა, გაგვათბო, კაკალი დაგვიტეხა და გზა დაგვილოცა.
ქვაფენილიან დაღმართს დავუყევით ქვევით, მცხეთისკენ, დიდხანს ჯვრის მონასტერის სიმაღლეზე ვიარეთ ისევ. მერე ჩამოვმაგისტრალდით და კარსანის გამოსახვევში მაშველი და სიურპრიზების კიო მაო შემოგვეფეთა
ადამიანებო, კარგებო, იხტიბარგაუტეხელებო, დიდი მადლობა ყველას თქვენი ასეთობისათვის.