და აი, შედგა 2 დეკემბრის დილის შეხვედრა რესპუბლიკის მოედანზე და 36-მდე ადამიანი 2 იუბილარით (ტორტებიანად), პლიუსებით, სასუსნავებითა და ამაღლებულის განწყობით აღმოსავლეთ საქართველოს, ერთ-ერთ თავისებურად უმშვენიერეს, საგარეჯოს რაიონისკენ გაეშურა. კონკრეტული დანიშნულების ადგილი, კი, როგორც მოგეხსენებათ თბილისიდან 100-ოდე კმ-ის მანძილზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გახლდათ.
როგორც წინასწარ იყო განზრახული, საგარეჯოში, "ხალხურ სახლში" (მგონი ასე ერქვა) დავტოვეთ ტკბილეულობა და საღამოსთვის გასამზადებელი მენიუ.
გარეჯისკენ დავიმგზავრეთ ლიკაკოოს მეგობარი მორჩილი სერაპიონი, რომელმაც შესაშური მეგზურობა გაგვიწია გარეჯის ყველა იმ ტერიტორიაზედ, რისი ნახვაც მოვასწარით. ძალიან დიდი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის, და იმისთვისაც, რომ უბრალოდ, გაგვიძლო

დავითის ლავრის დათვალიერებამდე იყო გოგას დაპირებული სიურპრიზი ყველა კარაველისთვის: იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლები და ჯვრები. ამაზე კარგი დრო და კარგი ადგილი სად უნდა ყოფილიყო ასეთი საჩუქრისთვის? შენ გაიხარე, გოგა.
დავითის ლავრის მონასტრიდან, რომელიც მოქმედი მონასტერია, ავედით უდაბნოს მონასტერში. ვნახეთ გამოქვაბულები ფრესკებით, მთავარი ეკლესია და სატრაპეზო. ვიარეთ საკმაოდ ციცაბო ადგილებში, არც ქარი იშურებდა ძალას და ქროლვას, რამენაირად შეერყია ჩვენი მყარი სვლა აღმართებზე, თუმცა, ამაოდ, რა თქმა უნდა

მერე ჩიჩხიტურზე ავედით ბილიკ-ბილიკ და კიბე-კიბე. იქ კი, უკვე კოშკთან მიახლოებისას, მართლა ისე დაჰქროლა ქარმა, ქარაფიდან კინაღამ აზერბაიჯანისკენ გავემგზავრეთ დაუგეგმავი ჰაერრეისით

მერე 2 მესაზღვრე გამოჩნდა საიდანღაც. ჩვენს ნებისმიერ შეთავაზებაზე - ფოტო გადაგვიღეთ, თქვენთან ერთად გადავიღებთ, აქეთ გავალთ, იქეთ გავალთ, "ზდეს ნელზია...ზაფრეშჩაეტსია... ნამ ნე პალოჟენო"-ს გაიძახოდნენ ძირითადად. სურათები მაინც გადავიღეთ, ხელი ჩამოვართვით და დავეშვით ავტობუსისკენ ზოგი ფეხით, ზოგი მინდვრის ტალღებს ჩაუგორდა მოშრიალე ბალახებში და ისე

მეორე სერია: საგარეჯო-ფართი
Coming soon...
