მეორე დილით გეზი ყველაზე რთულად ასაღები - თმოგვის ციხისკენ გავემართეთ.
თმოგვის ციხე, საქართველოს შუაგულისკე მიმავალი გზის მცველი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ვარძიიდან, იმავე სანაპიროზე, ბილიკს უნდა დაყვეთ, მტკვრის ნაპირს მიყვეთ და წინ თმოგვის ციხეც აღიმართება. თმოგვის ციხეზე მეტი ინფორმაცია ვიკიპედიაშიც მოინახება.
დილა ჩვეულებრივ საუზმით დაიწყო. რა სჯობია ცეცხლზე მომზადებული ჩაისა თუ ყავის დალევას. როცა ელოდები როდის ადუღდება წყალი ქვაბში, რომ მერე წყალი ამოიღო, ფერი დაუმატო, შაქარი ჩაყარო და მოურიო და დატკბე ყველაფერი ამითი.... ოფისში, სპეციალური ყავის მომზადებულ მანქანით გამზადებულ, ნაყინით გაწყობილ ყავას რა თქმა უნდა კარგი გემო აქვს და სიამოვნებით მიირთმევ (დღესაც მასეთი გეახელით), მაგრამ მტკვრის პირას, ცეცხლზე მოდუღებული სულ სხვა ენერგიას გაძლევს, სულ სხვა ანდამატი აქვს.

მიდი და მადლიერებით ნუ მოიხსენიებ იმათ, ვინც დედობრივი მზრუნველობით ზრუნავდა იმაზე, რომ ცხელი საკვები გვქონოდა და სასიარულოდ ენერგია საკმარისად მიგვეღო

და ისეთი გემრიელი გამოდიოდა, რომ ლამის იყო, გამოგველოკა ჩვენი ჯამები

წინა დღეს ზურგჩანთაში ფარანი ანთებულა, ამიტომ ელემენტების დასატენად (დამტენიც თან მქონდა წაღებული) ნუგზარ მაისურაძის მაღაზიაში (ეს ის ადგილია, გოგირდის წყლის აუზი რომაა) შევედი და დასატენად ელემენტები დავუტოვე. შესვლისას რამოდენიმე ბომბორა ძაღლი მომიახლოვდა, მტრობას ისევ მეგობრობა ვარჩიე და ძაღლებს დავუყვავე. ჩემდა გასაკვირვად მომელაქუცნენ და ქვეშ გამიწვნენ მოსაფერებლად. ერთი სიტყვით, ისეთი კაცთმოყვარენი აღმოჩნდნენ, რომ თმოგვის ციხეზეც წამოგვყვნენ. და არა მარტო...