უკვე ბნელდებოდა, ამიტომ ტბასთან დიდხანს არ გავჩერებულვართ და უკან დავიძარით, წინ ისევ 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გვქონდა გასავლელი. მალევე დაგვაღამდა და გზას ფანრების შუქით ვიკვლევდით, მაგრამ ხილვადობას ნისლი მაინც აუარესებდა და ხშირად გვიწევდა ტალახებში გატოპვა

.
მივაღწიეთ მინიბუსამდე, იქიდან კი ისევ დავეშვით ადიგენისკენ და ასპინძისკენ გავემართეთ. "ჩიკოში" დავბინავდით და დაღლილებმა ტკბილად დავიძინეთ. თუმცა მანამდე სულიკოს წამოღებული გემრიელი და შუშხუნა მაჭარი დავაგემოვნეთ, "კარავზეც" შევიჭყიტეთ რომ გაგვეგო რა ხდებოდა ოჯახში და ჩვენი დიდი ოჯახის კიდევ ერთი პაწაწუნა წევრის საბა ფიცხელაურის დაბადება შევიტყვეთ. ძალიან გაგვიხარდა და დავლოცეთ პატარა.
დილით გაგიკვირდებათ და

, მორიდებულმა "ადექით, ადექით" -მა გაგვაღვიძა (მორიდების მიზეზი სხვა, გვერდზე ოთახში დაბინავებული უცხოელი სტუმრები იყვნენ), რომელიც თანდათან გაძლიერდა და ოთახებში შემოვარდნით და ჩვენი ლოგინებიდან გადმოყრის მცდელობით დასრულდა

. რა თქმა უნდა, პროტესტი არ გამოგვითქვამს, ამ პროცედურის გარეშე ხომ ორდღიანი კარვული გასვლები უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია
ეს ლამაზი ვარდი საოჯახო სასტუმროს ეზოში გადავიღე.
საუზმის და ჩაბარგების შემდეგ გავუდექით გზას ვარძიისკენ.
