Post
by bela » 26 ივლ 2008, 03:23
ტორიას, პატერ, ტორიას...
როგორც ვთქვი, `მეზირ თარგლეზელ~-თან გოგოები არ მიგვიშვეს. შესვლა კი არა და, შორიდან მოუარეთო, გვითხრეს და თვითონ იმისთანა ღირსებით წავიდნენ, იფიქრებდით, ტორეადორები ხარებთან საბრძოლველად მიდიანო.
ჰმ! ხარებთან! კი, აბა!
რას ვიზამდით, ისევ მოვიკიდეთ ზურგჩანთები და იმ გორისკენ გავემართეთ, სადაც წყარო იყო და მწყემსების ქოხები, _ ქარიშხალი რომ ამოვარდეს, შევეფარებითო, გვარწმუნებდა აბალდუი, თუმცა კი, იმ ქოხებს სახურავიან-გვერდებიანად იმისთანა ღრიჭოები ჰქონდა, აი, ის ბორშში ჩავარდნას გადარჩენილი გოჭი თავისუფლად გაეტეოდა...
აბალდუი ეკლესიაში შევიდა თუ არა, აღარ მახსოვს, ფაქტია, რომ მეორე გორაზე დაგვხვდა ხარებით გარშემორტყმული.
კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა არქეოლოგ მარსელინო საუტუოლას 10 წლის ქალიშვილის შეძახილმა: ტორიას, პატერ, ტორიას! და საუტუოლამ გამოქვაბულში პირველყოფილ ადამიანთა ნახატები აღმოაჩინა. ის ბიზონები დღემდე უყვარს კაცობრიობას, რომელ ენციკლოპადიასა და კატალოგში აღარ ხატავენ! მაგრამ როცა ოთხმა გოგომ მეზირის მთაზე ხარებით გარშემორტყმული ბალდუი დავინახეთ, დაგვიჯერეთ, ის გამოქვაბულის ბიზონები მაგრად არ გვიყვარდა!
აბალდუიმ შორიდანვე დაგვიძახა, არ შეგეშინდეთ, მშვიდად წამოდითო. წითელი არავის გვეცვა და წავედით. აბალდუი დიდად მოწყენილი დაგვხვდა: ფოტოაპარატი დავკარგეო. როგორ დაკარგე, ხელში არ გეჭირაო? ჟაკეტის ჯიბეში მედოო და რაკი ჟაკეტი წითელი იყო, ხარები რომ არ გაღიზიანებულიყვნენ, გზადაგზა გადმოვაბრუნე და ისე ჩავიცვიო, ეტყობა მაშინ ამომვარდაო. ჩვენი ფოტოებიო? შევიცხადეთ. ფოტოები კი არა, აპარატი მარიამმა მათხოვაო, მოსთქვამდა აბალდუი...
ამ ლაპარაკში ხარებმა ძოვა შეწყვიტეს, თავები ასწიეს და მთელი ტანით ჩვენსკენ მოტრიალდნენ. რამდენი ხარი იყო, არ დაგვითვლია, მაგრამ მთელი ჯოგი იყო, მერწმუნეთ! ნელ-ნელა გარს შემოგვერტყნენ და წრეც ნელ-ნელა შეავიწროვეს! ვაიმეეეე, ალყაში გვაქცევენოოოო! გულგახეთქილმა იყვირა ნუსამ და ბალდუის მიეკრო. ამ დროს ერთმა ახალგაზრდა მოზვერმა გადაწყვიტა მუხლი გაეშალა და გოგოებისთვისაც თავი მოეწონებინა და კუნტრუშ-კუნტრუშით პირდაპირ ჩემსა და ნამცეცუნასკენ წამოვიდა. ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით აბალდუისგან. ვის რისი ეშინია, არ ვიცი, მაგრამ რქებმოღერებული ხარის დანახვაზე რომელი შეიკავებდით თავს, მითხარით, რა! ვიკივლეთ მე და ნამცეცამ, სამი ნახტომი გავაკეთეთ პირდაპირ დეკის ბუჩებში და ჩვენც აბალდუის ამოვეფარეთ მეტეხის ციხის კედელივით. ხარები იდგნენ. ჩვენც ვიდექით. ნელ-ნელა გავიჩოჩეთ უკან და ამ დროს შორიდან ვითიბი გამოჩნდა. აუ, ეს მარტოა და გული გაუსკდებაო, ვთქვით და ძახილი დავუწყეთ, ნუ მოდიხარ, მანდ გაჩერდი, ნუ მოდიხარო. ბელა ვარ, ბელაო, იძახდა ვითიბი, თქვენიანი ვარ, თქვენიანიო. ის ხარები ჯერ შემჩნეული არ ჰყავდა, თორემ მარსელინო საუტუოლას ქალიშვილის შეძახილი მონაგონი იქნებოდა ვითიბის სოპრანოსთან! ვითიბი რაღაცას მიხვდა და გაჩერდა. აბალდუიმ ჩვენ ვითომ სამშვიდობოს გაგვიყვანა და ახლა მის საშველად დაიძრა. მამაცი იყოოოო, როგორც რომ ზეზვა გაფრინდაული ბახტრიონის ომში!...
სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, ის მწყემსების ქოხებიც დავათვალიერეთ და კიდევ ერთხელ შეშინებაც მოვასწარით _ ხარები უკან გამოგვყვნენ. ჩანთები დავყარეთ და ქოხის სახურავზე ავძვერით. ერთი ხარი მოგვიახლოვდა, იდგა და გვიყურებდა. მეორე შორიახლოს გაჩერდა და მოვლენების განვითრებას დაელოდა. სახურავიდან გადმოკიდებული ფეხებიც ავკეცეთ და გულში ვფიქრობთ, ერთი გემრიელი გამოქანება და ამ დაფხავებულ ქოხს ხარის რქები სულ ნაფოტებად აქცევსო...
ხარმა ჩვენი ჩანთები დასუნა და ვერ გეტყვით, რა მოეწონა და რა არა, მშვიდად გაბრუნდა უკან.
ეკლესიიდან ამოსულ ბიჭებს ქოხის სახურავზე მსხდომნი დავხვდით...