იდუკას მადლობა

გაბრიელ ჯაბუსანურის პოემა
ბალადა ქვაკაცაზე
მზექალო.
მწუხარე ბალადას გიმღერი,
მწუხარედ გიმღერი
(ვახმე!):
ამ (აწ შენს) აულში სახლობდა ღილღველი,
სახელად უხმობდნენ ახმედს.
არ ჰყავდა თვისტომი
ძმაცა და მამაცა
თერგს გაღმა იმსხვერპლეს ურუსთ,
რვა რუსი მიაგო ახმედმა მამაცმა
მაგივრად სიკვდილის ბურუსს.
და მაინც არ დაცხრა აბრეკი უძღები:
დახარბდა მტრის სისხლს და გუამთ.
ამბობდა:
„-სამარეს ურუსნი უსხები
მიეგენ, ეს ალახს უამს!“
(*უსხი- „ზროხა საკლავი მსუქანი“(საბა)
და იყო თარეში ყუბანის ველებზე
მტრის ხოცვა, ტაცება ცხენთა.
მისმინე, მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიგალობ,
თანა ვღვრი ცრემლთა...
2
მზექალო,
მწუხარე ბალადას გიმღერი,
გლოვისებრ გავლებულ გულთან
ამ (აწ ჩემს) აულში იზარდა ღილღველი,
სახელად უხმობდნენ სულთანს.
ბალღივე დაობლდა
დედ-მამა,
და-ძმანი
უდროოდ იმსხვერპლა ჟამმა,
ობლისთვის საწუთრო ცრემლია და ძმარი,
მწარეა სხვათ ლუკმის ჭამა...
ვიშით და ვაებით იზარდა სულთანი,
ნორჩ გულში ვარამის ლესვით,
კაცის ძეთ სიძულვილს ზიდავდა სულ თანა,
გულშივე ბორგავდა გესლი.
და გრძნობა ამგვარი სად პოვებს გზას მეტსა
მკვლელობის, თარეშის იქით:
სულთანიც უმალვე ედოსტა*
ახმედსა და ორი აბრეკი ჯიქი-
ხოცავდნენ გიაურთ ყუბანის ველებზე,
იხვეჭდნენ ცხვართა და ცხენთა.
მისმინე მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიმღერ და
ვღვრი ცრემლითა
ცხელთა...
(*დოსტი- ამქარი, ამხანაგი, თანამესუფრე)
3
მზექალო,
ვაების ცრემლებში გაწურვილ
ბალადას გიგალობ კვნესით:
ამ (აწ შენს) აულში მზეობდა ქალწული,-
სახელად უხმობდნენ ზეზიკს.
დედა მის ამქვეყნად მოყვანას გადაყვა,-
მიეგო შავეთის კიბეს
და მურთაზს მამამისს
არც ქალი,
არცა ყმა
არ ჰყადა
მის გარდა კიდევ.
ობოლ ბავშვს ახმედის მშობელი ეძიძა
(მურთაზს არ შეურთავს ცოლი)
იზარდა ზეზიკი,-
წლის მეჩვიდმეტისა
შეიქმნა მზისაცა ტოლი.
მზექალო,
ვაების ცრემლებში გაწურვილ
ბალადას გიგალობ კვნესით:
ამ (აწ შენს) აულში მზეობდა ქალწული,
სახელად უხმობდნენ ზეზიკს.
4.
ვარდსა ჰგავს ასული
კვირტია დღეს იგი,-
ალისფრად იშლება ხვალე,
ახმედის თვალის წინ დაქალდა ზეზიკი,
მაგრამ ვაჟს უხმობდა ხმალი.
ზეზიკი ახმედის თვალის წინ დაქალდა,
ვაჟმა ვერ შენიშნა იგი:
ვაჟს სისხლი ეძახდა,-
მკლავები და კალთა
სისხლმავე მოხვია ჯიგიტს.
და სისხლის ძახილით მას მზერა დაეხშო,-
ვაჟს ოდენ მტრის მოკვლა სურდა:
(„ვინ ქალი,
რა ტრფობა,
რა ოხვრა,
რა ეშხი,
გიაურთ ვერკინოთ სულთან!
გავსრისოთ ურუსნი მთასა და ბარადა,
დღეს და მზეს გვიჩრდილებს ჩრდილო!..“)
მზექალო,
გიმღერი მწუხარე ბალადას,
მწუხარედ გიმღერი, ტკბილო.
5.
ვარდსა ჭგავს ასული
კვირტია დღეს იგი,-
ალისფრად იშლება ხვალე:
დაქალდა,
დამშვენდა,
დამზევდა ზეზიკი,
გულის ტოლს ეძებდა თვალი.
მზექალო,
შუნჯიხვს რა მოსწყურდეს ხარლაღი,
გულში გრძნობს კენტობის ზამთარს:
და თუ ხარს იხილავს იგი იალაღზე,
რატომღა დალახავს ცხრა მთას?!
შუნჯიხვი ხარლაღ ტოლს მზე მზერით მოხაზავს,
გული წყვილს დაუწყებს ძახილს.
ასევე ასულმა,-
სურვილთა ბოღაზად*
აქცია ახმედის სახე.
(*ბოღაზი- ნავთსაყუდელი)
როდესაც ახმედი შინ იყო,
ზეზიკი
დედობილს (ახმედის დედას)
თან ახლდა
და მართლაც
მოგავდა მზეს იგი,
რა მიჯნურს მალულად ჰმზერდა.
და გულიც
ასულის
მოჭგავდა ფოთოლსა,-
ქარი რომ ათრთოლებს მთაში,
გულში ხან მზე იდგა,
ხან უღვთოთ მოთოვდა,
მაგრამ ქალს ვერ გრძნობდა ვაჟი...
ო, სისხლის ძახილით მას მზერა დაეხშო,
ვაჟს ოდენ მტრის მოკვლა სურდა
(„რა ქალი,
რა ტრფობა,
რა ოხვრა
და ეშხი,
გიაურთ ვერკინოთ, სულთან!
დე, მტერთა გვამები გაგვეგონ ქვე-კალოდ,
ამაზრზენ ჰავაზატს** ვრჩეობ!..“)
მწუხარე ბალადას გიმღერი,
მზექალო,
მწუხარედ გიმღერი, ჩემო.
(**ჰაზავატი-(არაბ. ღაზავათ) ისტ. „საღვთო ომი“ არამუსულმანთა წინააღმდეგ ისლამის გასავრცელებლად)
6.
მზისფერო მზექალო,
გიგალობ ჰანგს ცრემლით,
ისმინე ამ გულის ფეთქვა...
მკაცრ იყო ზეზიკის ძიძა და გამზრდელი-
დედაი ახმედის ფეტიმატ.
როდესაც გიაურთ ძეი და მეუღლე
მოუკლეს,-
არ გატყდა, არა,
ის უხმოდ დაემხო მუხლზე და მეუფეს
ახედა, შესძახა:
„-ალახ!
შენ ხედავ:
ორი მზე ჩამიქრეს ავ რუსთა,-
ერთი მზე,
ერთი ძე
ახმედ
მრჩება და თუ იგი ათწილად არ უძღავს
მაგიერთ გიაურთ,
ვახმე!..
გაფიცებ, ალახო, შენს მზეს და დიად წიგნს,
შენს სახელს გაფიცებ დიადს,-
მიიღე ძე ესეც!..
დედა და დიაცი
გენუკვი!..
მისმინე დიაცს!..“
და ურუსთ ახმედიც ყუბანის ველებზე
ხოცავდა,
სტაცებდა ცხენთა...
მისმინებ მზექალო,
მე-შენი მელექსე
გიმღერ და
ვღვრი ცრემლთა ცცხელთა...
7.
მკაცრ იყო ფეტიმატ-დედაი ახმედის,-
ზეზიკის გამზრდელი ფეტიმატ
და ძეიც მის სიტყვას აროდეს ლახევდის
მსწრაფლ იქმდა, რაც გინდა ეთქვა.
დედამ თქვა:
„-ჩემს სახლში აბრეკთა ალაფი
(ისმინეთ, ახმედ და სულთან!)
თიკანიც არა მსურს, მოწმეა ალახი,
არამი არც ჩემს ქმარს სურდა!“
მართლაც
და ნაძარცვს რა
სულთან და ახმედი
მორეკდნენ
არვეს თუ რემას,
მაცნენი აულებს აჰყრიდნენ მძაფრ ხმებით
და იყო დაფდაფის ცემა:
„..მოგროვდით, ღილღველნო,
არმაღანს* აგრე კარგს
გვპირდება ჯიგიტთა გარჯა
ურუსთა ხარ-ცხენი მორეკეს აბრეკთა,
ერთ კვირად გვეყოფა ხარჯად!“
*არმაღანი- ფეშქაში, ძვირფასი საჩუქარი, „შორით მოსულისაგან მიღებული მის თემის ძღვენი“(საბა)
ხრიალი ხარების...
და სისხლი ნასხლეტი...
ციალი ხმალთა და ცულთა...
„-დაკალით!
მოხარშეთ!!!“-
ამბობდა ახმედი,
„-შეგერგოთ!“-
ამბობდა სულთან.
და იყო ზეიმი:
პურობა,
შუშპარი*,
აბრეკთა შექება ჰანგით...
(*შუშპარი- ცეკვა, როკვა)
ხარობდა,
მზეობდა
ზეზიკი-მუშთარი,
ზეზიკი-პირსავსე მანგი
ცხარობდა ახმედის
არ ხედვის
სახმილი
(გიშორებ, სიშორის ხარკო!)
მწუხარე ბალადას,
მე შენ წინ დახრილი,
გიგალობ, მზექალო,
კარგო!..
თავი მეორე
1.
განა თუ დიდია ეგ შენი აული,
მზექალო-მზისაცა დარო:
ქავ-ციხეთ მხარმარცხნივ გორი რამ ჩაუვლის,
გორის ძირს გამოდის წყარო.
წყაროსთან ლერწამი ქალწული რამა ზის,-
ქალია თუ სული მთისა?!!
რაზეა მოზარე ზეზიკი ლამაზი,
ზეზიკი-ზიარი მზისა?!!
მწუხარე ბალადას.
მზექალო-მთოვარე,
გიხმობ და გიმღერი კვნესით,
მივხედოთ,
მზისფერო,
მოწყენით მჯდომარე,
წყაროსთან მოზარე ზეზიკს...
2.
ცხრა დღეა
ახმედი თერგს გაღმა თარეშად
გაიჭრა სულთანთან ერთად
და გული ასულის მოუცავს კაეშანს,
გულის სწორს ახვეწებს ღმერთსა:
„-ალახო,
ალახო,
ხედვიდე ახმედსა,
უმარჯვე,
უმართლე
ხელი!
არა გთხოვ,
ალახო,
ხარჯსა და სახვეჭსა,-
უმიჯნე მტრის ტყვია ცხელი!
უმალ მან
უწყალო ურუსი
უგვანი
იმსხვერპლოს,
იძიოს შური!..“
წყაროს წყლით ადრევე აივსო კუმგანი,
მაგრამ წყალს ვინ უგდოს ყური!
ზის კენტი
ასული,
ფიქრებში
წასული,
თუნგიდან გადმოსჩქეფს წყარო...
ბალადით ვადუმებ
შენდამი მძლავრ სურვილს,
მზექალო- მზისაცა დარო...
3.
მზექალო,
ვამსგავსე სურვილი ისარსა,-
უცბად რომ გეცემა გულსა:
უმზერ და იარა თანდათან იზარდა,
არა რა არა რგებს წყლულსა...
წყაროსკენ გამოწვდილ გზაწვრილზე მხედარი
გამოჩნდა.
მეორეც მოჰყვა.
ზეზიკი-მზისფერი,
ვერარას მხედავი,
ურვით ზის,
ვერ ამჩნევს მოყვასთ.
როდესაც მნათობი იბურვის ღრუბლითა,
მაინც ჩანს ბურუსში ბადრო:
მზე მაინც მზე არი,- ნაკურთხი უფლისა,
მე მნათობს ქება ვით ვკადრო!
ნაზ იყო, ასევე, ზეზიკი ციერი,
მურთაზის მზისფერი ქალი,
შუქისებრ შვენოდა კაეშნის იერი,
ბრმა მზერა და ღაწვი მქრქალი.
დარდებში
წასული
ჯდა თეთრი
ასული,
თალხი რამ ეხატა ხატად...
და ორი მხედარიც
ედარა
უსულოს,
ან იქნებ
გადიქცნენ
ქვადა?!!
უცილოდ ქვად იქცნენ აბრეკნი მტრიანნი,
ტრფიალი დაატყდათ ჯიგიტთ...
უმზირე, მზექალო,
როგორ კლავს ტრფიალი,
უცილოდ ისარს გავს იგი!..
4.
მზექალო,
თუმცაღა ისარს გავს ტრფიალი,
მაგრამ ვინ გაუგოს გეზი?!!
და იდგნენ
ცხენდაცხენ
აბრეკნი-მტრიანნი,
იდგნენ და უმზერდნენ ზეზიკს.
ერთბაშად
ერთ მათგანს
მსგავსი რამ ოხვრისა
დასცდა და განივრცო ჩქამი:
მეორემ მერანი მეყსეულ მოღრიჯა,
ჩამოხდა
და შეკრთა ქალიც..
მოხედა
ორ მხედარს,
მყის იცნო ახმედი
და მზერა ზეზიკის,-
მზე ვით განათდა,
თანაც მან იმ წამსვე,
მკაცრ ხედვით
დაცხრილნა ვაჟნი
და ზევით
წავიდა.
წაიღო წყლიანი კუმგანი,
დაყარა რაყიფნი კუშტმა,
დაყარა რაყიფნი გაყრისგან გულმკვდარნი,
სალამიც არ უთხრა გულშმაგთ...
მზექალო,
მზექალო,
მსგავსნი ხართ ასულნი
ფიქრები ფიფქს გიგავთ ნაბუქს:
უმალვე გოროზად გულში ჰკლავთ მძლავრ სურვილს,
ტრფიალს თუ შეატყობთ ჭაბუკს.
ასევე ზეზიკმა
რა ნახა მხედარნი,-
„ახმედი!“
შესძახა გულმა
და სახე ასულის მყის მარეხს ედარა,
თან მანვე
სხვაც რამე
უმალ
შენიშნა:
შეიცნო:
ვაჟკაცნი იუფლა
მისივე სურვილის ალმა,
უფრორე იმზევა ზეზიკის ტრიუმფმა,
თან მყისვე,
მასშივე
ქალმა
იწივლა დიაცთა გველური ბუნებით
(ასეა!-
ნუ მიწყენ, მზექალ!)
და ქალმა ზეიმის მაღალი ცდუნება
აქცია ქარიშხლის ჭექად.
მზექალო,
განა შენც ასევე არ მიყავ,
პირველ რომ გაგიტყდი ვაჟი
შემრისხე,
დამსეტყვე
ავ სიტყვით:
„-არ მიყვარს!“-
ჩამხერგე სახმილის ზღვაში...
და მდაგავ
მას შემდეგ,
გულს არ რა უხარის,
სიცოცხლეს
უცეცხლოდ ვცდილობ...
მზექალო,
გიმღერი ბალადას მწუხარეს,
მწუხარედ გიმღერი, ტკბილო.
5.
მზექალო,
მე მიკვირს
ვითა გთმობ აგრე ტკბილს,
თუმცაღა გადვიქეც ქვადა...
გრძნობისგან ხელქმნილნი
ბორგავდნენ აბრეკნი,
მოგავდნენ დავარდნილ ქადაგს:
„-წავიდა!..
წავიდა...“
ოხრავდა ახმედი,
„-გაგვიწყრა...“-
გმინავდა სულთან,
„-ნეტავი რა რისხვის მწვერვალზე აღვედით,-
აბრეკნი ზეზიკს არ სძულდა...
გაგვიწყრა,
არ გვითხრა:
რა რისხვა მიიღო
ჩვენს თავზე
მზეთამზე ქალმა...
მაშ, იგი
მაშრიყის
ნათელი რა იყო,-
პირველ რომ უელვა ალმა?!!...
არა, მას
არამი
არ ეთქმის ნასხლეტი
სხივისა
(მთვარე რამ გვხუთავს)“
„-ჩემია ის შუქი!“-
ფიქრობდა ახმედი,
„-ჩემია!..“
ფიქრობდა სულთან...
ასეა, მზექალო,
ხანდახან ტრფიალი
გველის გულს აძგერებს ნაზად:
ხანაც რომ არასდროს არ იყო მტრიანი,
მოსიხლედ მოგისევს ძმასა...
6.
წყაროსთან
ჩამოსხდა
ორივე აბრეკი
(წეღან რომ ზეზიკი იჯდა):
დაჭრილ ვეფხვს მოგავდა მწუხარე ახმედი,
სულთანი მოგავდა ჯიქსა.
მათ შორის რამ გველი,
გულისა მდაგველი
გაწვა და მყის ძმობა შთანთქა:
(ვთქვათ ბარემ
აშკარად:
რა გული,
რა გველი,-
ძმათ შუა ქალშავა ჩადგა!)
შენ ხედავ, მზექალო
ნაზ ასულს უმანკოს,
მისივე სიკეთის ძალით,
ძალუძს, რომ აბრეკნი უკუნში უმანგოდ
აღკვეთოს,
წაჰკიდოს ძმანი...
შენც ასევ არ გვიყავ
მე და ჩემს რაყიფსა
მზექალო, მაგ ეშხის ძალით,-
მოყვრობა გავყარეთ,
რა ეჭვი აყეფდა,
ვიშუეთ შიშველი ხმალი...
7.
„-ჩემია ზეზიკი!-
ნირავდა ახმედი,-
ალახმა მარგუნა იგი!
და მზერა, ამჯერად,
მზესავით ნასხლეტი
ჩემს მიმართ იყო და
ჯიგიტს
შემერგოს!
დე, მერგოს
მურთაზის ასული,
იღბალი მიღიმის, მჯერა!
სხვა დროსაც მიხილავს,
ჩემს მიმართ ნასროლი
ამ ქალის ამგვარი მზერა!
თანაც, ოხ,
ალახო,
რა იყო მზერა სხვა,
მისგან რომ მეხივით გვეჭდო?!!-
ქალს ალბათ სულთანის უნდოდა შერისხვა,
ან იქნებ...
განიბენ,
ეჭვო!!!
ჩემია ზეზიკი!
ვაცხადებ ახმედი,
ალახმა მარგუნა იგი
და მზერაც ზეზიკის,-
მზესავით ნასხლეტი,-
ჩემია!-
შემერგოს ჯიგიტს.
თან ამ ბიჭს-
ძმადნაფიცს
არ ვიცი, რა ვუყო,
ჰხამს ორთა ძმობის ხე გახმეს:
მწამს: გული
ქალწულის
მის მიმართ ჭაუხობს,
და მაინც იფრთხილე, ახმედ!..
სისხნაფიც
ძმისადმი
ქველობა ვალადა
მადევს...
და მე მაინც ვრჩეობ
მზე- ზეზიკს!..“
8.
სულთანი ფიქრობდა
ჩემია ზეზიკი!..“
(თან ეჭვის ისარიც ერჭო)
ო, ეჭვი, მზექალო,
ჩამოგავს გველს იგი,
წყეულო,
წყეულო ეჭვო!..
მზექალო,
მეც ეჭვმა მომსრა და დამასო
ისარი-
ვერ ჩავკალ ურჩი:
სხვასთან ზის მზექალი
და სხვასთან თამაშობს
ყვავივით
ჩამჩხავის ყურში...
„-ჩემია ზეზიკი!-
სულთანი ფიქრობდა,-
თან ეჭვის თარეშიც
ჰგვემდა,-
იქნება ის ქალი ჩემს მიმართ მუქრობდა,-
მრისხანე მზერით რომ გვცემდა...
იქნებ მზე-ღიმილი აწვევდა
ახმედსა,
მზე-მზერაც უხმობდა ახმედს?!!...
მაგრამ, ოხ,
ალახო,
მწამს: ჩემი გახდება
ზეზიკი!..
და უნდა გახდეს!!!
ჯოჯოხეთს ავიტან,
გავკვეთ და გავიტან,
გავადენ სისხლისა ჩქერსა,
ხმლითაც და სისხლითაც,
საკუთარ თავითაც
დავიცავ
საფიცარს
ჩემსა!!!
ჩემია ზეზიკი!
ნაწყევლს და ნაწამებს
აწ მაინც მეწვიოს ლხენა,
მზის სხივი ესხუროს ჩემს დახრილ წამწამებს,
მემიჯნოს ტანჯვა და წყენა!..
დე,
ახლა გამოცხვეს ოხერი ხმიადი
ობლისა.
ო, ვფიცავ
ზეცასა
ვაჩქარებ,
დავასწრებ,-
დღე დადგა, დიადი
დიაცი
დავისვა მეცა!!!
სისხლნაფიც
ძმისადმი
ქველობა ვალადა
მადევს...
და მე მაინც ვცდილობ
ჩემი ვქმნა ზეზიკი!..“
მწუხარე ბალადას
გიგალობ,
მზექალო,
ტკბილო...
ავახმე, მზექალო,
ტიალი
ტრფიალი
გველის გულს აძგერებს ნაზად:
ხანაც რომ არასდროს
არ იყო მტრიანი,
მოსისხლედ
მოგისევს
ძმასა...
9.
წამოდგნენ აბრეკნი,
კუშტად და უბრადა,
მერნები იოკეს თოკით;
დაბლა კი, ფერდოვზე, ეფინა ღრუბლადა
ნაძარცვი რემა და ჯოგი.
ცხრამეტი ცხენი და ვეება ცხრა ხარი
ფერდობზე ეფინა ღრუბლად.
გავარდა ხაბარი*, მეხივით ნახალი,
მორბოდნენ, სტოვებდნენ ზღურბლთან.
ისმოდა ყიჟინა ქუხილზეც მაღალი,
მორბოდნენ დიაცნიც მორცხვნი;
მოხუცებს ელოდა ამბავი ახალი,
ჭაბუკებს ლხინი და ხორცი.
„-სალამი აბრეკებს!
ალაფი ნაძარცვი
კვლავაც ნუ მოგაკლოთ ვაჟთა!“
მოგროვდნენ ღილღველნი: ბავშვი თუ ქალ-კაცი,
მუნ თავში
მურთაზი დაჯდა.
„-გვიამბეთ, ჯიგიტნო!“-
მურთაზმა ახედა
აბრეკებს
ამრეზით
მდგომთა.
„- თერგს გაღმა ვიყავით,-
დაიწყო ახმედმა,-
ხუტორთან ხვასტაგი ძოვდა.
შავ ფარად
ვიფარეთ
ღამეი-ურჩხული,
მივხოხდით,
დავესხით მწყემსთა.
ხელდახელ მოვახრჩეთ ორივე ურჯულო
და ომიც უმალვე შეწყდა.
უკუნში მეყვსეულ მოვსხლიტეთ ხარ-ცხენი,
მთებისკენ ავიღეთ გეზი.
აწ აქ ვართ...“
ახმედმა
გახედა
დარცხვენით
მამასთან მდგომარე ზეზიკს.
„- თან ვამბობ
(განაგრძო)
ვეხსნები
შეითან
ურუსთა ძარცვას და ხოცვას;
მე უკვე აბრეკი აღარ ვარ დღეიდან,-
სხეული სხვა ცეცხლმა მოწვა.
არ ვიცი, ამაზე რას იტყვის სულთანი,
მე მტკიცედ ვადგევარ ამ აზრს;
კმარ იყოს, რაც ვხოცე ურჯულო მურდალი,
აწ ალახს მივუძღვნი ნამაზს!
დე, ეს დღე დაიდოს, ვითაარ საზღვარი
დათმობად თარეშთა ჩემთა;
აღარ მსურს ურუსთა რემა თუ თხა-ცხვარი,
არც სისხლი ახელებს ჩემს თვალს!
და თქვენ კი, ჭაბუკნო,
რატომღა აყოვნებთ
განაგეთ საქმენი თქვენი
ურუსთა ხარ-ცხენი, სამგლე და საყორნე,
დახოცეთ,-
პურობა ქმენით!
დახოცá