კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 19:10

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

ადიგენი, თეთრ კაბაში უცაბედად ჩასამოსებული სამესხეთო სინდისი...

Image

ოქროსფერად მოკაზმული სინდისიც

Image

მხარ-მუხლ გამძლე მესხეთელი კაცებით

Image

და კიდევ უფრო დროთაგამძლე მესხეთელი კედლებიც

Image

ცა, ყველაფრის მთქმელი, ცა ყველაფრის მნახველი, ცა, ყველაფრის ზანტი მასწავლებელი...

Image

სამცხის ვარსკვლავები ისევე ანთია, როგორც მისი შვილნი ხანძთელი და რუსთაველი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 19:15

კარავ, კარავ!

31 დეკემბერი ახლოვდება, გამოაგზავნეთ საკონკურსო მონათხრობები, კიდევ გავმეორდები, მიიღება მრავალდღიან და ერთღიანი ლაშქრობების მონათხრობები, ჩანახატები, ფოტომონათხრობები.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 დეკ 2011, 16:16

არწივი9-მ 3 თემა წარადგინა:
არწივი9 - თუკი ფრთები გაქვთ...........


თქვენ არ გაქვთ ფრთები, მე კი მაქვს თქვენ ხომ არც კი იცით ეს რამდენს ნიშნავს და თუ გსურთ გაიგოთ მომისმინეთ მე
ეს-ესაა მორიგი ბუდის აშენებას მოვრჩი და ამით კმაყოფილი დასვენებას ვაპირებდი რომ უეცრად ვიწრო ხეობაში გაჭრილ გზაზე ჩემმა მახვილმა თვალმა შეამჩნია ნელა მომავალი, უფრო სწორად მობღობღიალე ავტობუსი, აშკარად ჩანს რომ იგი მთის მოყვარული ხალხითაა გავსებული და მე უცებ მეტად კვიმატი აზრი მომივიდა თავში, გავშალე ჩემი ფრთები ნება-ნებაზე დავუყევი ჰაერის ფენებს.

.............სხვათაშორის იცით თუ არა თქვენ მე როგორ დავფრინავ საერთოდ? ეს, მართლაც რომ ჰაერივით აუცილებელი ჰაერი მე საშუალებას მაძლევს მხოლოდ ჩემი ფრთაგაშლილობით ვილივლივო და ფრთები მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში ვიქნიო. საკმარისია ფრთების ჰაერთან შეხვედრის კუთხე ოდნავ შევცვალო რომ მაშინათვე მაღლა ასვლა დავიწყო და უხმაურო სრიალის დროს დავტკბე იმ ხმებით რომელსაც წარმოშობს ჰაერის ფენები ბუმბულთან ოდნავ შეხების დროს. გიფრენიათ თქვენ პარაპლანით? ჰოდა გეცნობათ მაშინ ეს ხმები რომელთაც მაგ შემთხვევაში პარაპლანის თხელი ბაგირები ჰაერთან გაკვეთისას გამოსცემენ ხოლმე..............

სულ რაღაც ორიოდ წუთში მე უკვე ამ ავტობუსის თავზე დავფრინავ, უფრო ზუსტად მის გვერდით ვიწრო ხეობაში და თქვენს სახეებსაც ვამჩნევ უკვე გსურთ რომ ფოტოაპარატის ობიექტივში დამიჭიროთ არა? ვერ მოგართვით! თქვენ უბრალოდ სისწრაფე არ გეყოფათ რომ ზუსტად კადრში ჩამსვათ და ის წამი, როგორც თქვენ უწოდებთ ხოლმე „გაყინოთ“. თქვენ ამ მცდელობაში მე აღმა-დაღმა დავფრინავ და თუმცა ქედმაღალი სულაც არ ვარ მაინც მსიამოვნებს ზემოდან ყურება. აი, მაღლა ყოფნისას უცებ თქვენზე დაშვება გადავწყვიტე და ავტობუსის სახურავზე დავეშვი და კლანჭებით ჩავეჭიდე მასზე არსებულ ხარიხებს.

ავტობუსში წარმოუდგენელი ამბავი ატყდა, ჯერ ის იფიქრეს არ გადავყირავდეთო ამ მფრინავი არსების გამოო, მაგრამ მე ასეთ ბოროტებას როდი ჩავდივარ და აი ორიოდ წუთის მერე თქვენ ყველანი გარეთ გამოლაგდით მაგრამ მე უკვე გავფრინდი!
მეორე დღეს, დილით ადრე როცა ხეობა ჯერ კიდევ ბინდბუნდშია ჩაძირული და კარვების სიახლოვეს მხოლოდ გუშინდელი კოცონის ნაღვერდალი ბჟუტავს მე უხმაუროდ დავეშვები თქვენს სიახლოვეს და დავდივარ კარვებს შორის, ვნახოთ ერთი ნაცნობ სახეს თუ ვნახავ. ბანაკში ჩამიჩუმი არ ისმის რადგან ყველანი დაღლილები ხართ წუხანდელი კოცონფისგან (კოცონი+ქეიფი) და მე ხელს არაფერი მიშლის რომ ჩემი მზერით გამოვიცნო რომელ კარავში ვინ არის.

აი, დიდი ლურჯი კარავი, გუმანით ვხვდები რომ აქ წივწივღოველების სექტის წევრები არიან, აი იქ კი ახალი კარაველები არიან რადგან მათი კარავი ძალიან მორიდებულად დგას. ჩამქრალ კოცონთან კი ვისი კარავი დგას ნეტავი? ფრთხილად, ფეხაკრეფით მივდივარ ამ კარავთან და ზემოთ რომ საჰაერო აქვს მასში ჩავიხედე.......მერე თავბრუ დამეხვა და კარავს ზედ ჩამოვემხე, ის არის, ის! წამოსულა ამ ლაშქრობაში!

ბანაკში აურზაური ატყდა, სასწრაფოდ უნდა ავფრინდე აქედან და თუმცა ფრიად საეჭვოა რომ თქვენს შორის ყველაზე მარდმა დამიჭიროს მე მაინც ყველასთვის შეუმჩნეველი უნდა დავრჩე, ამიტომ ფრთა ფრთას შემოვკარი და მაღლა ავიჭერ, მაგრამ ერთი ცალი, ყველაზე ამაყი ბუმბული დამრჩა თურმე ამ კარავთან.............ნეტავი ვინ შეამჩნევს ამ ბუმბულს და ვინ შეინახავს მას?

შემდეგ დღეს მე დილადრიან ავფრინდი ჩემი ბუდიდან და მაღლა გავეშურე, მსურს გავიგო რამდენად მაღლა შემიძლია საერთოდ ფრენა. ჯერ ჰაერი თბილია და მე მის აღმავალ ნაკადს მივყვები ნება-ნებაზე, მერე კი ფრთებს მძლავრად ავიქნევ (თქვენ კი ამას გრიგალის სახით აღიქვამთ მიწაზე) და მაღლა ავიჭრები. რაც უფრო მაღლა იწევ, მეტ სიამოვნებას გრძნობ: ასე გგონია, დედამიწაზე კი არა, საკუთარ თავზეც მაღლდები და ისე შორს მიდიხარ, რომ სიამაყის ჰრძნობა გიპყრობს. დედამიწასაც ისე დაჰყურებ, თითქოს ქალამნადაც არ მიგაჩნდეს. ცის უზარმაზარი გუმბათი კი სულ მაღლა და მაღლა გეწევა. მიჰყვები ამ უსასრული სიმაღლეს და ასე გგონია, ფეხის წვერებზეც რომ აიწიო, მზეს ხელით მისწვდები და ჩამოიღებ...........ლურჯი ცა ნელ-ნელა შავდება, ყვითელი მზე კი დამაბრმავებლად თეთრი და კაშკაშა ხდება, უსწორმასწორო (და არა ბრტყელი! მე ხომ მთებიდან ავფრინდი და არა დაბლობიდან) დედამიწა ნელ-ნელა იძენს სიმრუდეს და მრგვალდება, დღის ცაზე ჩნდება ვარსკვლავები რომლებითაც იგი საოცრად არის მოჭედილი და რომლებიც არ ციმციმებენ.........ხვდებით სად ვარ? აქამდე ხომ მხოლოდ რაკეტებს შეეძლოთ კოსმოსში გასვლა და აი თურმე მეც შემძლებია

არანაკლები სიამოვნებაა ძირს დაშვება. როცა ადამიანი ძირს ვარდება მას შიშის გრძნობა იპყრობს, მაგრამ ფრთებით დაშვება სულ სხვაა. როცა მათ გაშლი შეგიძლია ნებისმიერნაირად ილივლივო ჰაერში, ჰაერს დაეყრდნო თითქოს მსუბუქ ბალიშზე დადიოდე და თუნდაც ჰაერში იცეკვო. მე მაგალითად ასე ვეშვები ძირს-თავი ქვემოთ მაქვს დაშვებული და ვარდნისას ვტრიალებ, ესე იგი თითქოს ჩავიხრახნები ჰაერში. ასეთი დაშვებისას მთელი დედამიწა ვარდნის შვეულის ირგვლივ ტრიალებს და გარწმუნებთ რომ ეს შეუდარებელი გრძნობაა! გნებავთ შეისწავლოთ ცეკვა „არწივული“? თუ ფრენის არ გეშინიათ მაშინ მე გასწავლით......შემდეგ, როცა ძირს დავეშვები ჩემს ბუდეს მივაშურებ და ჩემივე ფრთებში დავიძინებ.........

თენდება შემდეგი დილა, მე ნელ-ნელა წამოვწევ თავს ბუდიდან და ჩემს მზერას მიმოვავლებ ხეობას, აი თქვენ ნელ-ნელა ჩემსკენ მოემართებით და მე თავში ისევ კვიმატი აზრი მომივიდა: მაღლა მთებში, სწორედ ჩემი ბუდის მაღლა მშვენიერი ვარდი ხარობს რომელსაც ჩემი სითბოს გამო აქაური სიცივე ვერ აწუხებს და რომელიც მშვენივრად ხარობს. მე მასთან ავფრინდი, მძლავრი ნისკარტით მოვწყვიტე და ნება-ნებაზე ჩავუყევი ხეობას დაბლა-მე თქვენ მოგსდევთ სრულიად შეუმჩნევლად და წამოგეწევით ერთ ლამაზ მდელოზე სადაც თქვენ სუფრა გაქვთ გაშლილი.

ეს სუფრა როგორც იტყვიან ჩიტის რძესაც არ დაიკლებდა, აქ ბევრი რამეა რასაც მე ჩემი ნისკარტით და კლანჭებით ვშოულობ ხოლმე, მაგრამ მე ამჯერად სულ სხვა, არამტაცებლური მიზნით ვარ მოსული და ეს იმაში გამოიხატება რომ მე თქვენს მახლობლად დავეშვები, ვისარგებლებ რა სამარისებული სიჩუმით (ან კი ვინ გაბედავს ჩემს მანდ ყოფნაში თუნდაც ჩურჩულს) მე ნელ-ნელა მივუახლოვდები მას და ზემოთხსენებულ ვარდს გადავცემ.............

..................პასუხი კი მწველი მზერა იქნება რომლის გაძლება უკვე მეც მიჭირს, ამიტომ ნელ-ნელა ისევ შემოვკრავ ფრთას ფრთას და მაღლა ავალ, ოღონდ ჩემი მზერა ძირს დარჩება და მისას გაუსწორდება, მე კი მაღლა ასვლისას სიცივეს სულაც ვერ ვგრძნობ, უფრო პირიქით........
Last edited by Ketevan Guliashvili on 27 დეკ 2011, 16:23, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 დეკ 2011, 16:18

არწივი9 - როცა მთაში ხარ..... /თებ 02, 2010/

მთა

მთა....უამრავი ადამიანის ოცნების და შთაგონების წყარო
მთა....სასიამოვნო მოგონებების და ჯანმრთელობის საწინდარი
მთა....მშვენიერი ადგილები და სულისშემაგუბებელი ხედები

მარშრუტი: ქალაქი-ზღაპრული ადგილები-ქალაქი

ანუ

თბილისი-ფასანაური-გუდაური-ყაზბეგი-დარიალის ხეობა-ხდის ხეობა და უკან.........

ეს კი ასეა მეგობრებო, მაგრამ ის თუ იცით როგორია მთა სინამდვილეში? არა? გაინტერესებთ? თუკი ასეა მაშ მომყევით!

როცა გახურებულ შუა სწავლაში მოულოდნელად გეტყვიან რომ ალპინიადა იმართება და გთავაზობენ მასში მონაწილეობის მიღებას, შენ ცოტა არ იყოს იბნევი-ამ შემოდგომაზე, სწავლის დროს მთაში რომ არ წავიდე ნეტავი რა გაჭირვებააო იფიქრებ კაცი. მაგრამ მთაში წასვლაც რომ ძალიან გინდა? განა აქამდე მთაში ყოფილხარ? განა აქამდე გაგითევია ღამე კარავში? კოცონის დანთებაში მიგიღია მონაწილეობა? გივლია მთის ციცაბო ფერდობებზე და ყინვარებზე? ზურგით გითრევია მძიმე ტვირთი? არა, სამწუხაროდ ჯერ არა, მხოლოდ ალბომებში თუ გინახავს ეს ყველაფერი, მხოლოდ სხვისი გადმოცემით და წაკითხულით თუ იცი ეს. სურვილი კი დიდი გაქვს.....
ამიტომ ცოტა არ იყოს შეფიქრიანებული მიდიხარ ალპურ კლუბში საქმის ვითარების გასარკვევად. არა, აღმოჩნდა რომ აქ ყველაფერი რიგზეა, ალპინიადა ნამდვილად ეწყობა მითითებულ დროს და ადგილას, ადგილი კი-ეს ხდის ხეობაა რომლის სახელი შენ პირველად გესმის და არ დაგავიწყდება არასოდეს.........მაშ რაკი ასეა, წასვლა უკვე გადაწყვეტილი საქმეა, ჯანდაბას ლექციები, ჯანდაბას საგნები, მთაში მიღებული უდიდესი სიამოვნება და შთაბეჭდილება ამ ყველაფერს ხომ გადაფარავს! და იგი ნამდვილად გადაფარავს, ეს შენ უკვე ურყევად იცი და გწამს.
მაგრამ რამდენი რამეა საშოვნელი სანამ მთისკენ გაუდგები გზას? აქამდე ხომ მთასთან არავითარი შეხება არ გქონია და წესიერად არც ის იცი საძილე ტომარა რა არის და კარავი კი რითი განსხვავდება ზურგჩანთისგან. ან ჩექმა როგორი გჭირდება, სათვალე ჩვეულებრივია საჭირო თუ საგანგებო-მთისა....დიახ, ეს საკმაოდ მძიმე საქმეა, მოგიწევს ეს ყველაფერი იშოვო და თანაც უმოკლეს დროში თორემ საცაა ექსპედიცია გზას გაუდგება...........აბა ჰერი-ჰერი ბაზრობებისკენ, თუ რამეში ვერ გაერკვიო მე მკითხე და აგერ ვარ.....

მთისკენ გასვლა
აი მაღვიძარამ დარეკა დილაადრიან.............
ძნელია, ძალიან ძნელია თავის წამოწევა და თბილი ლოგინიდან ასე ადრე, დილის შვიდ საათზე ადგომა, ძნელია ძილბურანიდან თავის დაღწევა როცა თბილი საბნის გემო ასე მშვენივრად ეხება შენს სხეულს......თუმცა თუკი სხვა დროს თითქმის იძულებით, უხალისოდ დგები ლოგინიდან, ახლა შედარებით სწრაფად აღწევ თავს ძილქუშს, სწრაფად წამოიმართები და სიყვარულით შეავლებ თვალს შენი ოთახის კუთხეში დადებულ ზურგჩანთას და ყველა სხვა აღჭურვილობას-იგი იქნება შენი იმედი შემდეგი ათი დღის განმავლობაში. გაუფრთხილდები მათ? ისინიც ერთგულად მოგემსახურებიან; არ გაუფრთხილდები? მაშინ საკუთარ ტყავზე გამოსცდი რას ნიშნავს მთა და მისი ულმობელი კლანჭები როცა უსაჭმლოდ ან უქუდოდ დარჩები ცივ ამინდში......
შენ ვერ ითმენ, ლამის დაუღეჭავად ყლაპავ საუზმეს და საათს შესცქერიხარ მოუთმენლად-წესით ცხრაზე გასვლაა დანიშნული და არაფრით არ უნდა დააგვიანო თორემ შემდეგი შანსი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ თუ იქნება....თუმცას ნუ სწუხხარ-ძალიან მალე შენ უკვე ადგილზე ხარ, ავტობუსიც მოსულია, ხალხიც შეკრებილია. თავმომწონედ ათვალიერებთ ერთმანეთის აღჭურვილობას (ვაი, რომ შენ ამ მხრივ თავმოსაწონი ბევრი არაფერი გაქვს) და ხუმრობით ერთმანეთს აპარებთ გადაკრულ სიტყვას მომავალ ლაშქრობაში უშბის ან თვით ჯომოლუნგმის დალაშქვრის თაობაზე.....კარგია ახალგაზრდობა და თავდაჯერებულობა, არა? თქვენ, გამოცდილი მთამსვლელი კი დაუშვებდით რომ ჯერ კიდევ დაუღვინებელ ყმაწვილებს უშბაზე ასვლა გაებედოთ? ნურას უკაცრავად, ეს მხოლოდ 18-19 წლის ჯეელებს შეიძლება მოუვიდეთ თავში.......წმინდა წყლის ავანტიურაა!
ბოლოსდაბოლოს, ლამის ერთსაათიანი გულისშემაღონებელი ლოდინის შემდეგ ავტობუსი დაიძრა ადგილიდან, ჩალაგდა ჩვენი ბარგი, ჩალაგდა სურსათ-სანოვაგე , დავემშვიდობეთ მშობლებს, ახლობლებს, გულშემატკივრებს და ჰაიდა მთებისკენ!
ძველი, დანჯღეული ავტობუსი სწრაფად მიჰქრის საქართველოს სამხედრო გზაზე, იგი ცოტა ხნით თუ შეჩერდება ძველ ციხესიმაგრეში-ანანურში, თუ პირველად ხარ ამ ადგილებში მაშინ დაუფარავი სიამაყით შესცქერიხარ მძლავრ ციხესიმაგრეს და ჟინვალის წყალსაცავის მოლაციცე ლურჯ-მწვანე ფერს, კაცს რომანტიკულ და მშვენიერ აზრებს რომ აღუძრავს-ისეთი ლამაზია აქაურობა....შეიძლება კოშკში აძვრე და იქიდან გადმოხედო არემარეს და ძრომიალის პირველადი პრაქტიკა გაიარო. მაგრამ აქ დიდხანს ვერ დავრჩებით რადგან ყველას გული მაინც მაღალი მთებისკენ მიუწევს და ავტობუსი არ აყოვნებს-მგზავრობა გრძელდება.
გზა არაგვის პირას გადის რომელიც ჩვენგან ხელმარჯვნივ მიედინება. იგი ამ ადგილას უკვე მთის მდინარეა, მჩქეფარე და ტალღოვანი, ხანდახან კი მეტად მღვრიე თუკი მაღლა მთაში ნაწვიმარია. სხვათაშორის ეს გზა ხანდახან თითქმის ჰორიზონტალურად მიედინება რაც შენ მეტისმეტად არ მოგწონს-თუ ასე გაგრძელდა მაშინ მაღლა მთებში როდისღა ავალთ? უბრალო მდელოების სანახავად ხომ არა ხარ ამსიშორეს წამოსული? თუმცა საბედნიეროდ არა........გზა უკვე ნელ-ნელა მაღლა იწევს და იწევს და როცა გუდაურს გასცდები, გული განსაკუთრებით გიცემს, შენს თავს ყოველ წუთას ეუბნები და იმეორებ: ”შენ მთაში ხარ, მთაში ხარ...........” ცდილობ არ გამოგეპაროს აქ ყოფნის არცერთი წამი, ცდილობ მეხსიერებაში ჩაიბეჭდო ლამისაა თვითოეული ქვის ლოდი, ყოველი მოსახვევი........შეჰყურებ კლდეებს, შეჰყურებ ვრცელ მდელოებს და სუფთა და კამკამა ცას.....ის კი არა სკამიდანაც წამოდგები და საქარე მინასთან ახლოს მიდიხარ რომ ყველაფერი უკეთ დაინახო, დაიმახსოვრო და შეაფასო...
ჯვრის უღელტეხილთან დროებით ეგრეთ წოდებულ ტრავერტინებთან ვჩერდებით. ესაა ფაქტიურად მეტად დამრეცი კლდეები რომელზეც მჟავე წყალი გადმოდის და მთელს ფართობზე წითელ, ყვითელ და მეწამულ ფერს ტოვებს. ამას დაუმატეთ გაყინული წყაროები (სიცივეში) და წარმოიდგინეთ მთელი არემარეს სილამაზე და მასზე სიარულის მომხიბვლელობა (სიარულის დროს ფრთხილად იყავით!).........თუმცაღა ეს წყალი რომელიც ყველას მჟავე ჰგონია სინამდვილეში სიმჟავეს სრულიად მოკლებულია, მცოდნე ხალხი ამბობს გზადაგზა სიმჟავეს კარგავსო მაგრამ რა მოხდა მერე, აქაურობა ხომ ისედაც ძალიან ლამაზია....ან კი წყლის გემოს რას დაეძებთ თქვენ?
ჯვრის უღელტეხილს ნახევრად დანგრეული გზის გამო წვალებით გადავდივართ და ყაზბეგში ცოტა ხნით ვჩერდებით, აქ შენ პირველად ხედავ ხევის დედოფალს-მყინვარწვერს და თვალს ვერ აშორებ მას, მის დიდებულ, სქელი ყინვარებით დაფარულ კალთებს, მის ცაში ატყორცნილ მომრგვალებულ მწვერვალს, შენ უყურებ მას და გეამაყება რომ შენ ქართველი ხარ და მას უყურებ.........
აქეთა, საპირისპირო მხარეს კი ყუროს ქედია, მეტად შვეულად აღმართული, კლდოვანი, დაკბილული და თითქმის სრულიად მოკლებული თოვლს და ყინვარებს. სწორეც ამ ქედზე ვაპირებთ ჩვენ ასვლას რამდენიმე დღის შემდეგ სრულიად საპირისპირო მხრიდან (პრაქტიკულად მხოლოდ იქითა მხრიდან ადიან მასზე, ყაზბეგის მხრიდან კი თითქმის არავინაა მანდ ასული). ვნახოთ პირადად შენ როგორ იყოჩაღებ ამ ამბავში.............
ყაზბეგში ჩვენ დიდხანს არ ვჩერდებით, მას მალე ვცილდებით და დარიალის ხეობაში შევდივართ. საერთოდ ამ ხეობაში მოგზაურობისას ისეთი შეგრძნებაა თითქოს შენ სიღრმეში შედიხარ და მთები კი შენს გარშემო ნელ-ნელა ამოიზარდებიან და ურჩხულის ამომავალ კბილებს ემგვანებიან......მისი კალთები მწვანე მდელოებითაა დაფარული (თუ ზაფხულში მოინახულებ ამ ადგილებს თუ არადა შემოდგომობით მოყვითალო-მოყავისფრო ფერი გადაჰკრავს). თერგი კი მქუხარედ გრგვინავს ვიწრო კლდეებს შორის. მისი მჩქეფარე, თეთრი და კუნთმაგარი ტალღები სწრაფად მიექანებიან ჩრდილოეთისკენ და თითქოს ამით ჩვენს მგზავრობასაც აჩქარებს...ვინმე გაბედავს მასში შესვლას და მის ტალღებთან შეჭიდებას? მე ჯერ არ გამირისკავს.......

ესეც ასე, ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილზე მოვედით. ავტობუსი ჩერდება და ყველანი ძირს ჩამოვდივართ. ნება მიბოძეთ ეს ადგილი დაწვრილებით აგიწეროთ:
წინ ანუ ჩრდილოეთით-ვიწრო ხეობა სადაც ხიდის გადაღმა ჩანს საბაჟო და მერე სასაზღვრო პუნქტი.
უკან, ყაზბეგისკენ-არსებითად იგივე სურათი ოღონდ ყოველგვარი საბაჟო და სასაზღვრო პუნქტების გარეშე.
მარცხნივ (ესე იგი დასავლეთით) ფრიალო და მაღალი კლდეები და თერგი რომლის გადაღმა ჩანს ძველი ციხის ნანგრევები.
ხოლო მარჯვნივ...........ეს უფრო კი უფრო დაწვრილებით უნდა აღიწეროს:
პირველი რაც მაშინათვე ჩანს-დარიალჰესი, ძველი ორსართულიანი შენობა რომლის ეზოშიც ვაწყობთ ჩვენს ბარგი-ბარხანას (ზურგჩანთებს ძირითადად) და დანარჩენი (საგზალი, გაზის ბალონები, ჯამ-ჭურჭელი და ა.შ.) კი მის მეორე სართულზე აგვაქვს, ისინი მეორე დღესაა მაღლა ბანაკში ასატანი.
ამ ჰესის თავზე კი-უზარმაზარი, ჭეშმარიტად რომ უზარმაზარი, პიტალო და ფრიალო კლდეები, ჩამავალი მზის სხივებზე რომ ლიცლიცებენ და ალაგ-ალაგ მწვანედ რომ შეფერილან ფიჭვების სიმრავლის გამო..........
უზარმაზარნი არიან ეს კლდეები. მათ ძირში მყოფი ქვანაყარის თხემზე ამაყად რომ აღმართულან და თითქოს ძემოდან რომ დაგყურებენ და გაგრძნობინებენ თავიანთ ძალას.......მათ სამეფოში მოწიწებით უნდა შეხვიდე, იცოდე მთა არავის პატიობს დაუდევრობას. აქაური, მთის ჰაერი კი სითბოთი და მოგზაურობის წყურვილითაა გავსებული.....
ამ ჰესის ეზოში დასვენებას და წახემსებას ასე ერთი საათი მიაქვს, წინ არც ისე იოლი გზა გველის-პირველ ბანაკამდე კარგა 5-6 კილომეტრი მანძილი მაინც არის, თან საერთოდ ხეობის სწორედ ეს მონაკვეთია ყველაზე ძნელი სავალი თავისი ქვიანი, ციცაბო აღმართებით და ვიწრო ბილიკებით რომლებიც ხმაურიანი მდინარის გვერდზე გადიან.
ჩვენ ხიდს გადავდივართ და ასვლისას ბილიკების დასაწყისში გხვდება მესაზღვრეების ორსართულიანი შენობა სადაც გულმოდგინედ გვამოწმებენ-ვინ შედის ხეობაში და რა მიზნით, რაც არ უნდა იყოს ეს საზღვარია უკვე და აქედან სულ ახლოს კი ომი მიმდინარეობს......ცოტა ხანში ყველაფერი რიგზეა და შეგვიძლია ძნელ აღმართსაც შევუდგეთ.
ეს მოგზაურობა ჯერ ადის საკმაოდ დამრეც ფერდობებზე სადაც რამდენიმე ბილიკი ერთმანეთის პარალელურად მიდის და ჩვენ უნდა ვიაროთ იმაზე რომელიც რაც შეიძლება ახლოს მიჰყვება მდინარეს რადგან ჩვენი ბანაკი სწორედ მდინარესთან მდებარეობს და იგია ჩვენი ორიენტირი. ამის შემდეგ ბილიკები ძირითადად უკვე ნაკლებად დაქანებულია და სიარულიც შედარებით ადვილდება. მაგრამ სამაგიეროდ გზაში უკვე ბევრი ერთნაირი მისახვევ-მოსახვევი გხვდება და ყოველი მათგანის შემდეგ ბანაკი გელანდება.......თუკი მთაში პირველად ხარ მაშინ მით უფრო ძნელია ეს გზა-როცა ყოველ მოსახვევში კითხულობ ”მალე მივალთ”? და როცა განუწყვეტლივ გპასუხობენ რომ არა, ჯერ ადრეაო........
მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს და როცა ბოლოს და ბოლოს, მრავალი აღშფოთების და დაღლილობის მერე უცებ გიცხადებენ ”მოვედით” და მოულოდნელი სიხარულისგან ლამის ძირს ვარდები-მაშ ეს არის ჩვენი საბანაკო ადგილი? მოიცა, აბა ერთი კარგად შევათვალიეროთ....
მაშ ასე, იგი დამრეცი, ალაგ-ალაგ ქვიანი და ძირითადში კი ბალახით დაფარული ფერდობია, იქვე მდინარე ჩამოუდის სადაც ხელ-პირის დაბანა შეიძლება დილაობით (ოღონდ ამის გაფიქრებაც კი საშინელია). დიდრონი ქვის ლოდები კი სამზარეულოს იოლად და კარგად მოწყობის მტკიცე გარანტიას იძლევა და აგრეთვე იმისაც რომ გაჭირვებისას კაცს შეუძლია იმის იმედი ჰქონდეს რომ მშვიდად გათავისუფლდება არასასურველი ნარჩენებისგან და ამ დროს თავზე არავინ წამოადგება.......

მაშ ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ამ საღამოს არავითარი ვახშამი არ იქნება, ჩვენ ამის თაობაზე გაფრთხილებულები ვართ და არსებითად კარვის გაშლაა საჭირო. ამას კი იქამდე ვერ გააკეთებ სანამ შენი მეწყვილეც არ მოაღწევს არ ადგილას, მარტო კარავს ვერ გაშლი, ან იქნებ კარავი სულაც შენ არ მოგაქვს. ასე რომ, დაისვენე და ეცადე გაშრე თორემ ვეჭვობ რომ საკმაოდ გაოფლიანებული უნდა იყო.................
-შენ უკვე აქ ხარ?-ეს შენი მეგობრები მოვიდნენ.
-ჰოოო....-ცოტა ზმორებით და დაზარებით პასუხობ, აკი ამდენი ცხოვრებაში არ გივლია ფეხით და არც ამდენი გითრევია, ცოტა დასვენებას და უზრუნველად ბუნების თვალიერებასაც არ იმსახურებ?
-კარვის გაშლა რომ არ ვიცით რა ვქნათ?-შენი მეგობარი აშკარად შენზე მეტადაა შეწუხებული ამ ამბით და მართლაც-უკარვოდ ხომ არ დარჩები ცივ მთაში? სხვების დახმარების იმედი კი ნაკლებად უნდა გქონდეს რადგან ჯერ ერთი შენს თავს აქ შენ თვითონ უნდა მოუარო და მეორეც-შესავით გამოუცდელი და კარვის გაშლის არ მცოდნე აქ ბევრია, უფრო სწორად კი-უმრავლესობა.
-კარვის გაშლას ბევრი არაფერი უნდა-ხუმრობის გუნებაზე მოდიხარ და ცოტ-ცოტა ფილოსოფოსობ-საკმარისია ცოტა ტვინი დაატანო, ცოტაც სთხოვო, ცოტაც ჩაასო პალოები მიწაში და ეგაა......
გარშემომყოფთ ეცინებათ-იუმორი მთაშიც ისევე კარგად ჭრის როგორც ბარში. ცოტა ხნის წვალების შემდეგ კარვებსაც ვშლით (კარვის ფორმაზე კი რა მოგახსენოთ), შიგნით ვალაგებთ ჩვენს ბარგი-ბარხანას და სიამოვნებით ვიმართებით წელში რადგან პირველი გამოცდა ჩაბარებულია, ახლა შეგვიძლია არხეინად ვუყუროთ სხვების წვალებას თუმცაღა დახმარებაზე უარს როდი ვამბობთ-ეს შენ სიამაყეს გმატებს როცა რაღაცა იცი და შენს ცოდნას მთაში სხვას უზიარებ, ამით შენ შენს თვალში ცოტათი მაინც მაღლდები....
როგორც უკვე ვთქვით, პირველ დღეს ასე რომ ვთქვათ ”ოფიციალური”, ანუ საერთო ვახშმის იმედი არ უნდა გვქონდეს რადგან საგზალი ქვევით, დარიალჰესშია დატოვებული და ის აქ, ბანაკში მარტო ხვალ იქნება. ამიტომ ამ ლაშქრობის ყველა მონაწილე როგორც გაფრთხილებულია ამ საღამოს მხოლოდ მშრალი ვახშმის, ძირითადად საკუთარი პურის და
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 დეკ 2011, 16:20

არწივი9 - როცა მთაში ხარ..... /თებ 02, 2010/

მშვენიერი სანახავია მთელი ეს მსვლელობა. ჩვენ ხომ კაი ორმოცდაათი მთამსვლელი ვართ წამოსული და გაფრთხილების მიუხედავად სულაც არ ვიცავთ წესრიგს და ერთად არ დავდივართ. თუ კი შენ, წინ მიმავალი გზად შეჩერდები და უკან მოიხედავ, დაინახავ თვალწარმტაც სანახაობას: უკანა ფონზე ულამაზესი და უდიადესი მყინვარწვერის მასივი (თქვენი თვალით უნდა შეხედოთ რომ მისი სიდიადე შეიგრძნოთ), განსაკუთრებით კი მისი ჩრდილოეთი, სქელი, თეთრი და სპეტაკი თოვლით დაფარული მყინვარები, მის გვერდით დარიალის დაკბილული და უთოვლო კლდეები, წინა ფონზე მთელი ხეობის ხელისგულივით გადაშლილი მიდამოები, ყავისფერი მაგრამ მაინც ლამაზი ბალახი და შემოდგომისგან გაყვითლებული ტყეები. ალაგ-ალაგ კი ჩვენი მთამსვლელები, პატარა მუქ წერტილებად რომ მოჩანან და ძლივსძლივობით მოიზლაზნებიან............რა მაღლა ხარ შენ მათთან შედარებით და რა დაბლა არიან ისინი! ამის დანახვაზე გული უსაშველო სიამაყით გევსება ხოლმე და ცოტა იქედნურად იღიმები კიდეც.......
ცოტა ხანში მთის მდელოებზე გამავალი ბილიკები მთავრდება და მანძილის ნახევრის გავლის შემდეგ ჩვენ საკმაოდ დიდ, ბრტყელ რიყეზე შესვენებაზე ვჯდებით. დასასვენებელ ადგილად აქ მხოლოდ რიყეა გამოყენებული სადაც ჩვენ ვჯდებით (მთაში საერთოდ დაივიწყეთ ისეთი სიტყვები როგორიცაა ”მაგიდა”, ”სკამი” და ა.შ.) და ჩვენს სურსათ სანოვაგეს მივირთმევთ. უნდა ითქვას რომ ეს ადგილი უაღრესად საინტერესოა იმით რომ სწორედ ამ ადგილას მიწიდან ამოდის ის მდინარე (ხდისწყალი) რომელიც რამდენიმე კილომეტრის ზემოთ მიწაში იკარგება და ამ მანძილის სიგრძეზე ხეობა სრულიად უწყლოა ხოლმე შემოდგომობით. ეს ძალიან საოცარი მოვლენაა, ასეთ რამეს ძნელად თუ წაწყდება კაცი სხვაგან (ყოველ შემთხვევაში მე ჯერ არ მინახავს არსად).
მე გულდასმით ვაკვირდები მდინარის მიწიდან ამოსვლის ადგილს, ვცდილობ გავიგო თუ კერძოდ რომელი წერტილიდან ამოდის იგი მაგრამ ამაოდ-წყალი ნელ-ნელა ამოჟონავს მიწიდან, მერე ნაკადი საკმოდ შეუმჩნევლად ემატება და პატარა ნაკადული მდინარედ იქცევა. სამწუხაროდ მდინარე აქ გეიზეირივით არ ამოჩქეფს მიწიდან, არადა შთამბეჭდავი სანახავი კი იქნებოდა........
სადილიც მთავრდება და დროა გზას გავუდგეთ, მაგრამ შენ სად გეჩქარება? რატომ გარბიხარ წინ? რა მნიშვნელობა აქვს პირველი მიხვალ თუ ბოლო? ფრთხილად! ეს მთა გახლავს და სიჩქარეს აქ ბევრი უსიამოვნება მოსდევს ხოლმე.....ჯობია მშვიდად დაჯდე, აუჩქარებლად ისადილო და ბუნების სიდიადით დატკბე..........

ექო და სიჩუმე
მე და ჩემი თანამგზავრი ნელა მივაბიჯებთ ქვიან რიყეზე სადაც მდინარის არარსებობის გამო საოცარი, უაღრესად მიმზიდველი და სამარისებული სიჩუმეა გამეფებული. ბევრგან კი არ მქონია საშუალება ყური დამეგდო ასეთი სიჩუმისათვის, პირობებიც ხომ შესაფერისია-მდინარე მიწისქვეშ მიედინება, სხვები ან წინ არიან და ან უკან (თუმცა წესით კი ერთად უნდა ვიაროთ მაგრამ ამ წესს ვინ დაგიდევთ!), არც ქარი ზუზუნებს ხოლმე როგორც წესი. შეგიძლია ჩამოჯდე ქვაზე და დატკბე მყუდროებით.
სხვათაშორის აქ ამ სიჩუმის დარღვევა შეიძლება და თუ დაიყვირებ ექო რამდენიმეჯერმე დანმეორდება და მთის კალთებს მოივლის. ეს საოცარი მოსასმენია-აკი ქალაქის პირობებში ექოს ხშირად ვერ მოისმენ. ექო აქ სხვანაირიც არსებობს-საკმარისია წერაყინი დაჰკრა უხვქვიან რიყეს რომ მთელი რიყე უცნაურად აძაგძაგდება და აშრიალდება-ეს ქვების ხმაა რომელიც ამ ადგილას სადაც ხეობა ყველაზე ვიწროა განსაკუთრებით კარგად ისმის. ეს უცნაური შრიალის ხმა თითქოსდა აღმა-დაღმა დაუვლის ამ რიყეს, უხვქვიანს (აბა შევარცხვინე ის რიყე სადაც მამაპაპური ქვები არ იქნება, თან ბლომად) და უწყლოს, და შენს გონებას აღაფრთოვანებს..........ხომ მოგეწონათ ექო?

ეს ადგილები საერთოდ ძალიან თავისებურია-აქ ხეობა საფეხურებრივ სახეს ღებულობს, კერძოდ კი ასე: ჯერ როგორც მოგახსენეთ ბრტყელი და კარგა ვრცელი რიყეა სასიარულოდ, შემდეგ იწყება აღმართი, შემდეგ ისევ ვრცელი და ბრტყელი რიყე, შემდეგ ისევ აღმართი, ისევ რიყე. ასეთი საფეხურები სულ ოთხია, კაცს ეგონება ვინმეს ბუმბერაზი საფეხურები გამოუკვეთიაო ხეობაში.......
დაახლოებით მეორე თუ მესამე საფეხურზე უკვე ღირსშესანიშნავი მოვლენაა-თუ მარჯვნივ გაიხედები, ზემოთ, მთის კალთებზე ჩანს საკმაოდ სქელი ყინვარები, შენ პირველად ხედავ მათ ასე ახლოდან, ლამისაა ხელით შეეხო და გრძნობ რომ უკვე შეხვედი მთის სამყაროში. ყინვარი ცივია, პირქუში და მიუწვდომელი და იგი თავის ძალას გაგრძნობინებს შენ თითქოსდა თავის ყინულოვან თათს გადებდეს თავზე.....
უკვე აცივდა, მზე ხეობის კალთებს მოეფარა და შენ მკლავებზე უკვე გცივა, ესეც მკვეთრი გადასვლაა წეღანდელი საშინელი სიცხისგან როცა ამ გავარვარებულ რიყეზე მიაბიჯებდი, იმას ნატრულობდი რომ სადმე ან წყალს წაწყდომოდი, ან ღრუბელი გამოჩენილიყო, ან სადმე ხის ჩრდილში მოგესვენა....აჰა, გეღირსა ბატონო ჩრდილი და სიგრილე! ახლა შეგიძლია გახურებული შუბლი შეუშვირო სიგრილეს და ერთი კარგად მოისვენო...........
თუმცა მალე სიხარულს და შვებას შეშფოთება ენაცვლება-მძიმე ტვირთისგან, გრძელი გზისგან და ცოტა აჩქარებული სიარულისგან (ეს მიუტევებელი შეცდომაა რომელსაც საბედნიეროდ ამ შემთხვევაში მძიმე შედეგები არ მოჰყვება) დაღლილს სიცივე სულაც არ გიხდება და უკვე იმაზე გიხდება ფიქრი არ გაცივდე ამ გახურებულ ლაშქრობაში თორემ მწვერვალზე ასვლა ჩაილურის წყალს დალევს.....
აი, მოხვედი კიდეც უკვე დანიშნულების ადგილას. ესაა უზარმაზარი, მოსწორებული ველი რომლის შუაგულშიც ხდისწყალი მოედინება, მდინარესთან ახლოს კი პატარა ბორცვია რომლის ძირში ქვის დიდი ლოდებია თავმოყრილი. სწორედ ესაა ჩვენი მაღლითა ბანაკი, მივდივართ მასთან და ძირს მკვდრებივით ვეყრებით-აბა თქვენ სცადეთ ზურგით ატაროთ თითქმის ოცი კილოგრამი ტვირთი თორმეტ კილომეტრ მანძილზე და მერე ვნახავ თქვენს პირზე ირონიულ ღიმილს............
ამდენი სიარულის მერე დასვენებაც გვეკუთვნის, ჯერ კარვის გაშლა ადრეა (სხვები არ მოსულან) ამიტომ არხეინად შეგიძლია წამოგორდე ამ ველზე და იქაურობა მიმოათვალიერო, ადგილი კი ასეთია:
მაშ ასე, თვითონ ველი უზარმაზარია, ალბათ ნახევარი კილომეტრი მაინც იქნება მისი სიგრძე თუ მეტი არა, სიგანე კი ბევრად ნაკლებია და შესაბამისად წაგრძელებული ფორმა აქვს. მის ორ, მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე მთის კალთებია აღმართული-ყუროს და შანის ქედები. ხოლო ხეობის ბოლოში ეს ორი ქედი პირდაპირ არ ერთდება, მანდ ეს ჩვენი ველი ნელ-ნელა მაღლდება და იქ უკვე კიბიშის მყინვარი მდებარეობს.
ამ ველზე მდგომს შენ სუნთქვა გეკვრის და თვალს ვერ აშორებ ორ მწვერვალს-ესენი არიან ყურო და რუსთავი. ყურო მთელი თავისი სიდიადით ჩანს შენი წინაშე, თავისი უზარმაზარი შვეული კედლით შენ ზემოდან გადმოგყურებს და შენ ძლივს უსწორებ თვალს მის ჩაყინულ და ზვიად კლდეებს...........
სულ სხვანაირად გამოიყურება ამ ადგილებიდან დასანახი მეორე მწვერვალი-რუსთავი. თუკი ამ ველის შუაგულში დადგები (ანუ მთლად ბანაკის ადგილას არ უნდა იდგე) დაინახავ გრძელ ყინვარს რომელი ამ მწვერვალიდან ჩამოედინება (ყინვარი სწორედ რომ მოედინება, თუმცა მეტად ნელა) და ბევრ ადგილას დასერილია ნაპრალებით. ეს ყინვარი იწყება ქვაბისებურ ადგილას რომელიც სამი მხრიდან შემოსაზღვრულია ლამაზი მწვერვალებით და მეოთხე მხრიდან ღიაა-ასეთ ადგილს ცირკი ეწოდება თურმე სახელად. თვითონ ბანაკიდან კი მხოლოდ ამ მწვერვალის ერთი ”კბილი” ჩანს თეთრად შელესილი და ლამაზი......

მზე უკვე ნელ-ნელა მთებს ეფარება და ჩადის, გრილდება და უკვე დროა თბილად ჩაიცვა განსხვავებით დღის პერიოდისგან როცა კარგა მოღიავებულად მიაბიჯებდი თაკარა მზეში მთის ფერდობებზე. მაშინ რომ თბილად ჩაგეცვა უეჭველი ჩაიხუთებოდი, ახლა კი ეს სრულიად დაუშვებელია! ნუ გაუთამამდები მთას, გთხოვ.......

......................და როდესაც გამოდიხარ ღამით ამ ვრცელ ველზე და მოციმციმე ვარსკვლავების ფონზე შეჰყურებ მქრქალად მბრწყინავ ყინვარებს, როდესაც ჰქრის კიბიშის ყინვარიდან ცივი ქარი და შენ ეულად დააბიჯებ სარკესავით მოსწორებულ ველზე...........როცა გგონია რომ სხვა პლანეტაზე ხარ და ოცნებას სადღაც შორს გადაჰყავხარ.............როცა მთელი ბანაკი და ხეობა მოუცავს სამარისებულ სიჩუმეს და მდუმარებას, როცა ეულად ყოფნას მოუცავს შენი სული და გონება................

ბანაკს კი ამ დროს მშვიდად სძინავს, ყველანი ხვალინდელი დღის მოლოდინში არიან და ძალებს იკრებენ და შენც დროა მათ შეურთდე, არემარის თვალიერებას მერეც მოასწრებ.
ამ ბრტყელი ველის გვერდზე დაქანებულ ფერდობზე გამოქვაბულია სადაც როგორც ამბობენ ადრე ბროლს მოიპოვებდნენ, ამაში დასარწმუნებლად სისხამ დილით რამდენიმე მთამსვლელი სხვებისგან უჩუმრად მივდივართ ამ გამოქვაბულსიკენ. კაცმა რომ თქვას განა რამე გვაქვს სხვებისგან დამალული მაგრამ როგორც ცნობილია მთას მოლაყბეები არ უყვარს.
გამოქვაბული ერთი შეხედვით თითქოს საკმაოდ ახლოსაა ბანაკთან მაგრამ იქამდე მისასვლელად ქვიანი აღმართია ასავლელი და აქ თუ ჯერ არ გამოგიცდია იოლად გამოცდი თუ რითი განსხვავდება მთაში სიარული ბარში სიარულისგან. ჯერ სწრაფად მივდივართ და გვინდა რომ მალე ავიდეთ მაგრამ ეგრე სადაა? სულ ორიოდე წუთის შემდეგ ვიღლებით და ქვაზე ვჯდებით, სხვათაშორის სწორედ ქვიანი აღმართია რომ საქმეს აჭირებს-იძულებული ხარ მასზე ნელა და ფრთხილად იარო რომ ფეხი სადმე არ ჩაგივარდეს საიდანაც დიდი შანსია ფეხი ვერც ამოიღო საერთოდ........
ეს გამოქვაბული საკმაოდ პატარაა-ასე ათი კაცი თუ დაეტევა მანდ სულ. არც მაღაროს კვალი ჩანს ადმე და არც არაფრისა თუმცა რამდენიმე ბრჭყვიალა ბროლის კრისტალს კი ვპოულობთ და ესეც ჩვენი შენაძენი! მაშ ხელცარიელი ხომ ვერ დავბრუნდებით თბილისში? და აი ჩვენი ჯიბეები თუ ზურგჩანთები ძვირფასი ქვებით ივსება.............
ამ გამოქვაბულიდან საკმაოდ კარგად ჩანს მთელი ხეობა (უფრო სწორად მისი ზემოთა ნაწილი) რომელიც ჯერ კიდევ წყვდიადშია ჩაფლული. აგერ ჩვენი კარვები რომლებიც მჭიდროდ მიტყუპულან ერთმანეთთან , აგერ ჩვენი ”სამზარეულო”, აგერ მდინარე, აგერ კი თოვლიანი მწვერვალები რომელთაც სულ მალე მიადგება მზის სხივი და ოქროსფრად აელვარდებიან. მთამსვლელებს ჯერ კიდევ უშფოთველად სძინავთ ხოლო ჩვენ რატომღაც ვამაყობთ რომ გვღვიძავს და ამ გამოქვაბულიდან მათ ზემოდან დავყურებთ...........ისე, საინტერესოა მაინც რა გვეამაყება ასეთი?
ელვარებაზე მახსენდება. საერთოდ, მთის მაღალ მწვერვალებს როგორ წესი ჯერ სქელი, მონაცისფრო-თეთრი (ნაპრალებში უფრო ცისფერი) ყინვარი ადევს და მერე კი თოვლი. თუ თოვლი ძველია მაშინ სითეთრე და სისპეტაკე ეკარგება და ნაკლებად მიმზიდველია, სამაგიეროდ ერთნახვად ღირს ახალთახალი თოვლი, სქელ ფაფუკ მასად რომ ედება მწვერვალებს და ფეხებქვეშ რომ ჭრაჭუნებს მასზე სიარულისას. ხოლო ღამით, როცა მარტო ვარსკვლავების და ხანდახან მთვარის შუქი ანათებს ხეობას ყინვარები ვერცხლისფრად, მქრქალად და ცივად, მედიდურად ელვარებენ.
ცივია ეს ელვარება. ღამით (ან დილით) რომ გამოხვალ კარვიდან და მათ შეხედავ, ისედაც ცივი ამინდის გამო არსებული სიცივე კიდევ უფრო შემოგიტევს და დაგთოშავს ტანში თუმცა ამავდროულად მათ რომ შეჰყურებ ამაყად ცაში აღმართულს და მიუკარებელთ, შენ გეამაყება მათი არსებობა.
აი დილის ელვარება კი სულ სხვანაირია. ვარსკვლავების გაკრთომასთან ერთად ყინვარების ნაცრისფერი და მქრქალი ნათებაც ქრება და ნელ-ნელა სითეთრეში გადადის და როგორც კი მზის სხივი მოხვდება იგი ოქროსფრად, ცეცხლისფრად აელვარდება და მეყსეულად სითბოს შემოიტანს ხეობაში.
დაუჯერებლია ეს საოცარი და მკვეთრი კონტრასტი. ხეობა ნახევრად ჯერ კიდევ წყვდიადშია ჩაფლული, ვარსკვლავები ჯერ კიდევ ანათებენ, ფერების გარჩევა ჯერ ისე საკმაოდ ჭირსა და ამ დროს ხეობის მწვერვალები ოქროსფრად აენთებიან-ჯერ პატარა წერტილებად და მერე მთელი არე-მარე ოქროსფერი ხდება, თითქოს იგია ჩვენი მანათობელი შუქურა მწვერვალზე ასვლისათვის.
ხოლო შუადღისით კი ყველაფერი მთავრდება-ყინვარი უკვე ჩვეულ, თეთრ ფერს ღებულობს, ღრმა ნაპრალებში კი როგორც ვთქვით იგი ცისფერია...............ჰო, მართლა, ნაპრალებს ერიდეთ!


თენდება მეორე დღე, მწვერვალზე ასვლის დღე. ჯერ კიდევ სრულ წყვდიადში რიჟრაჟზე ვდგებით ყველანი და ჯამებით ხელში პირდაპირ სამზარეულოსკენ მივდივართ ლამისაა ხელების და ფეხების ცეცებით (რადგან არაფერი ჩანს სიბნელეში). ”სამზარეულო”-ესაა უბრალოდ დიდი ლოდებით გარშემორტყმული ადგილი სადაც ქარი ნაკლებად აღწევს,სადაც ყველანი ვიკრიბებით და შევყურებთ გაზის ბალონიდან ამომავალ ცისფერ ალს საჭმელს რომ გვითბობს........ქვაბიდან ვიღებთ იმ საჭმელს რომელსაც ქალაქში არავინ ჭამს დიდი სიამოვნებით ხოლო აქ კი ლამისაა ყველას განძად მიგვაჩნია...
ბოლოს და ბოლოს ჭამა დამთავრდა! ახლა თქვენ ის იკითხეთ რამდენი ხანი მოუნდებიან გასვლისათვის მომზადებას, რამდენი ხანი იზოზინებენ და გულს გაგიწყალებენ როცა შენ, როგორც მოწესრიგებული და კეთილსინდისიერი მთამსვლელი უკვე მზად ხარ, ზურგჩანთაც ჩალაგებული გაქვს და სხვები კი ჯერ ისევ საჭმელს შეექცევიან............
და აჰა, დაიწყო ასვლა! ჩვენ ვეწყობით გრძელ მწკრივში და ნელ-ნელა შევუყვებით ქვიან და ცვრიან ციცაბო ბილიკებს როცა ჯერ ისევ ცივა და ნახევრად ბნელა.
ჩვენი გზა განუწყვეტლივ აღმართებზე მიდის და იშვიათად თუ ვისვენებთ მიუხედავად იმისა რომ ბევრის თვალებში კაცი მხოლოდ ერთ სურვილს თუ ამოიკითხავს-დაგვასვენეთ თქვენი.......! არადა მიუჩვეველი ადამიანისათვის მართლა ძნელია თუნდაც რამდენიმე კილოგრამის ზურგით თრევა ამ აღმართებზე როცა მწვერვალი თითქოს ასე ახლოა მაგრამ ნელა, მეტისმეტად ნელა მიიწევ მისკენ და ბრაზით ივსები რომ იგი თითქოს ჯიუტად უკან იხევს და ვერა და ვერ უახლოვდები...........
აი შესვენებაც. ვჯდებით დიდრონ ქვებზე (ზოგი კი არ ჯდება არამედ ლამის ეყრება და ვარდება ზედ) და ჩვენი საუზმეც იწყება. საუზმე ესეჲ შედგებá
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 დეკ 2011, 16:22

არწივი9 - საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

წარმოიდგინეთ რომ საქართველოს ტერიტორიაზე უხსოვარ დროში ჩამოვარდა დიდი მეტეორიტი და ჩვენ მის სანახავად წავედით, იგი მდებარეობს გარეკახეთის უდაბნოში და საკმაოდ არის დაცილებული სავალ გზებს მაგრამ ეს დაბრკოლება როდია ჩვენთვის, კარაველებისათვის.
Image
უახლოესი გზიდან გადმოვდივართ სამარშრუტო ტაქსებიდან და ფეხით ვაგრძელებთ გზას რომელიც რამდენიმე კილომეტრს შეადგენს. გზის ბოლო კი ესაა აღმართი რომლის დაქანება და სიგრძე უკვე რაღაცაზე მიგვანიშნებს და როდესაც მის თხემზე მოვექცევით ჩვენს წინაშე დიდებული სანახაობა გადაიშლება..................
Image
ესაა არსებითად უზარმაზარი ქვაბი რომლის მასშტაბები და კიდები ნათლად მიგვანიშნებს ათეული ათასი წლის წინ მომხდარი უზარმაზარ და საშინელ კატასტროფას. წარმოიდგინეთ რომ ზეციდან უცებ მოგესმათ საშინელი გრიალი და ცეცხლოვანი ბურთი საშინელი ძალით დაეცა მიწას. „უცებ ცა ჩრდილოეთით ორად გაიყო თვით მიწამდე და მაღლა გამოჩნდა ცეცხლი რომელმაც მოიცვა ცის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი“.

ან რა შორის ისმოდა ეს საშინელი გრიალი! გახსოვთ?

ჰოდა ჩვენ აი ამ კრატერის ძირში ჩავდივართ და მოკრძალებულად ვდუმვართ რამეთუ დიადი კატასტროფის მემკვიდრეობა გვაიძულებს დუმილს. თავად განსაჯეთ-კრატერის დიამეტრი ორი კილომეტრის ტოლია! გაბედავთ ახლა თქვენ აქ უსაგნო საუბარს? სჯობია დადუმდეთ და შემაძრწუნებელი მოვლენის კვალს დააკვირდეთ რომელზეც თქვენ მიაბიჯებთ ახლა.....
უკვე დაღამდა და ჩვენ კრატერის ძირში ერთადერთ ნებადართულ ადგილას ვშლით კარავს და კოცონს ვაჩაღებთ. ცა სუფთა და კამკამაა, უმთვაროა და საოცრად არიან მოჭედილი ვარსკვლავებით, ისინი სუნთქავენ, ციმციმებენ, ბრწყინავენ და თითქოს გესაუბრებიან კიდეც თქვენ მაგრამ თქვენ მათი გესმით? მე მესმის :) და თუკი თქვენც გაინტერესებთ მათი შორეული ამბავი მაშინ მომისმინეთ მე..............
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Gvalva » 28 დეკ 2011, 22:31

ქეთ, ზამთრის შესანიშნავი საკითხავი გაგვიკეთე შენ! ვისაც უკვე წაკითხული გაქვს და ვიხსენებთ და ვინც "პირველად კითხულობს ხომ მაღლა-მაღლა საბურთავებელია ოლიმპიელივით" :)

ბმულებს რომ მივყავდეთ თვითონ ლაშქრობების თემაზე კარგი იქნებოდა, იქ რომ გადაყავხარ თხრობას კიდევ და კიდევ გინდა რამე გაიგო, სად იყო, მე როგორ წავიდე. შემდეგმა გამომგზავნება ესეც მიაწერეთ რა

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by arcivi9 » 28 დეკ 2011, 22:45

ჩემი მესამე თემა "საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია" აქ არასრულადა მოცემული, სრულად იხილეთ აქ:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5311&p ... sc&start=0
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by teo- » 28 დეკ 2011, 23:14

Gvalva wrote:ქეთ, ზამთრის შესანიშნავი საკითხავი გაგვიკეთე შენ! ვისაც უკვე წაკითხული გაქვს და ვიხსენებთ და ვინც "პირველად კითხულობს ხომ მაღლა-მაღლა საბურთავებელია ოლიმპიელივით" :)

ბმულებს რომ მივყავდეთ თვითონ ლაშქრობების თემაზე კარგი იქნებოდა, იქ რომ გადაყავხარ თხრობას კიდევ და კიდევ გინდა რამე გაიგო, სად იყო, მე როგორ წავიდე. შემდეგმა გამომგზავნება ესეც მიაწერეთ რა
+1 ფოტოებიც მოყვება ბერ მონათხრობს და უფრო კარგად აღსაქმელია
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by ARCHILI » 28 დეკ 2011, 23:30

მაგდენ ტაჯვა-წამებას, მოდერატორის ფუნქცია მიეცით გულიაშვილს, რეპორტაჟებში ზედმეტ ოფტოპიკებს წაშლის და კარგი წასაკითხი იქნება...

ვაახ...

:)
Image

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 29 დეკ 2011, 09:44

ჩემო კარგებო და საუკეთესოებო!

მინდა წარმოვადგინო ჩემი მოწონებული თემა!
გარდა იმისა რომ მე ხევსურეთი ძალიან მიყვარს, მუდმივად ვმოგზაურობ მითებსა და ლეგენდებში ხევსურთა წარსულში...თან ეს ლაშქრობა საქველმოქმედოა და ვინც ჩემ ხევსურეთს ეხმარება ორმაგად მაჩნიხართ!
ასე რომ წარმოგიდგენთ:
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=13 ... 761f620326
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 29 დეკ 2011, 09:51

თემა 2-ე


იქ სადაც ჩემი გული დარჩა და საგულეს აღარ მომყვება....

არხოტი!

არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1375

ამას კომენტარი რაღად უნდა :wink: :!:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Archil » 29 დეკ 2011, 11:55

ARCHILI wrote:მაგდენ ტაჯვა-წამებას, მოდერატორის ფუნქცია მიეცით გულიაშვილს, რეპორტაჟებში ზედმეტ ოფტოპიკებს წაშლის და კარგი წასაკითხი იქნება...

ვაახ...

:)
რას ამბობ კაცოოოოოო

ჩვენი სუპერ-იეტი ლამა ბილიკზე მოარულად გადიქცევა მერე და რა ნამუსით უნდა შეხედო მაგ კაცს თვალებში?

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 18:44

არწივი9 - საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია (გაგრძელება)

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... highlight=

წარმოიდგინეთ რომ საქართველოში იყოს რამდენიმე მოქმედი ვულკანი, მაგალითად სადმე ჯავახეთში (ანუ იქ სადაც მართლა იყო კაი ხნის წინ) და ჩვენ მას ვსტუმრობთ :)
უკვე შორიდან ჩანს მაღალი მთა რომელიც სულაც არ არის დაფარული თოვლით და ყინულით არამედ მუქი ფერისაა რასაც ალაგ-ალაგ წითელი დაღარული ზოლები ჩამოჰყვება ძირს-ეს ცომივით სქელი ლავაა რომელიც დაბლა ჩამოედინება და გზად ყველაფერს წვავს. იგი გვეუბნება: ფრთხილად მოდით ჩემთან თორემ მე დაუდევარი ხალხი დანდობა როდი მჩვევიაო!
კარავს ვშლით ვულკანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ეს უსაფრთხო მანძილია ჩვენთვის მაგრამ ვულკანის გუგუნი ძილის საშუალებას როდი გვაძლევს, თუმცა სხვისი არ ვიცი და მე ეს ხმა ძალიან ტკბილად ჩამესმის ღამით რამეთუ ეს ჩვენი მშობლიური პლანეტის ხმაა რომელიც თავის ძალას გვაგრძნობინებს............
ღამით როცა გამოვდივარ კარვიდან ჩუმად ვუყურებ ვულკანს და მის მრისხანე ძალას:
Image
ჰა, როგორია? იგრძენით რამე? :) ცეცხლის მფრქვეველი ვულკანი ლავას ისვრის მაღლა და მისი ენები წითლად ლოკავენ ცის კაბადონს. ცოტა ხნით ყველაფერი გაყუჩდება და მერე ისევ თავიდან იწყება........გსურთ უფრო ახლოს გავეცნოთ ამ სტიქიას?
მეორე დღეს ჩვენ ვულკანისკენ მივდივართ, გზადაგზა ნიადაგი სულ უფრო და უფრო უდაბური ხდება, მცენარეები კლებულობს, მიწა ხურდება და ჩექმების ტარების მიუხედავად ფეხისგულებს გვიწვავს, ალაგ-ალაგ გეიზერებიც გვხვდება და მათგან მომდინარე ცხელი ოხშივარი სახეს გვიწვავს მაგრამ რაკი ამტკიცებენ რომ ორთქლის აბაზანები სასარგებლოაო ჩვენ მაინც წარბშეუხრელად მივიწევთ წინ.
ესეც ვულკანის კრატერი, ესეც მისი კიდე. აქ ცეცხლის სამფლობელოს შესასვლელია და ჯოჯოხეთის სცენები თამაშდება, მაგრამ თურმე აწი რამდენიმე დღის განმავლობაში ამოფრქვევა აღარ იქნებაო და აბა რომელი თქვენგანი გაბედავს კრატერის კიდეზე ღამის გათევას? მე ვბედავ, თქვენ გამომყვებით? ;)
დილით რამდენიმე ძლიერი გულის და გრილი თვალის მქონე კარაველი ვიღვიძებთ კრატერის პირზე გაშლილ კარავში, მაგრამ გამოტყდით ახლა-ვის გეძინათ მშვიდად? ვინც ასეთები იყავით მაშ გამომყევით კრატერის საფუძვლიანად დასათვალიერებლად.
და აი, ჩვენ უკვე კრატერს ვუვლით გარს რომლის გარშემოწერილობა ერთ კილომეტრს უდრის და მისი დალაშქვრა იოლი საქმე როდია თუ გავითვალისწინებთ უთვალავ გეიზერებს, ორთქლის შადრევნებს და კრატერის სიღრმეში ავად მობუყუბუყე ლავას წითელი თვალებით რომ შემოგყურებთ.........მუხლები მაინც არ გიკანკალებთ?
ჰოდა, როცა ჯერ მზის სხივები არ მისდგომია კრატერს თქვენ უეცრად თვალს მოჰკრავთ კრატერის საწინააღმდეგო მხარეს ორთქლის პერანგში გამოსახულ ჩვენს გადიდებულ გამოსახულებებს ორთქლის მოძრაობის გამო ერთიანად რომ თრთიან, ესაა მთაში გავრცელებული მირაჟი-ბროკენის მოჩვენება, მაგრამ იგი აქამდე არასოდეს არ გვინახავს ვულკანთან, ამ მოვლენის გამო ერთიანად ვმუნჯდებით და ბუნების დიად მოვლენას ჩუმად შევყურებთ, ასე გვგონია რომ ვულკანის კრატერიდან ამოსულ ორთქლის ენებს ჩვენც მაღლა მივყავართ და ნელ-ნელა ფრენას ვიწყებთ, თითქოს სიცხიდან მაღლა სიგრილეში ავდივართ, თითქოს ღრუბლებზე სიარული შეგვიძლია და ნეტარების ბურუსში ვეხვევით (ორთქლის ბურუსში ისედაც გახვეულები ვართ)........
საღამოს კი მე თქვენ გიყვებით კრიოვულკანიზმის შესახებ, იცით ეს რას ნიშნავს? გაგიგიათ რო ოდესმე ვულკანს ცხელი და გავარვარებული ლავის მაგივრად ყინული ამოეფრქვიოს? თუ არა-მე მომისმინეთ :)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 18:49

Gvalva

ბმულებს ყველას მივაწერ:)


ფოტოების პრობლემასაც მოხსნის teo- მართალია
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]