საინტერესო სტატიაა. ბოლომდე ჩავიკითხე და ავტორი მეცნო
სწორად მეტყველების მოდა და ენის სიცოცხლე
ქართულ ენაში მოძალებული ბარბარიზმები, კალკირებული გამოთქმები, დამახინჯებული სინტაქსი შეიძლება გლობალიზაციას დავაბრალოთ და ეს ძალიან ადვილი იქნება.
24 საათი 08.10.10
ქართულ ენაში მოძალებული ბარბარიზმები, კალკირებული გამოთქმები, დამახინჯებული სინტაქსი შეიძლება გლობალიზაციას დავაბრალოთ და ეს ძალიან ადვილი იქნება.
მაგრამ პრობლემას ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავყვებით, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი სათავეს საზოგადოების გაუნათლებლობიდან იღებს. დღეს საზოგადოებრივად აქტიური ის თაობაა, ვისი სასკოლო თუ საუნივერსიტეტო განათლების წლები ომს, რევოლუციებს, უშუქობას, უტრანსპორტობას და მოშლილ განათლების სისტემას დაემთხვა. ამიტომ, რადგან გლობალიზაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ, საზოგადოების განათლებაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ. ასეთ დროს “დედაენის საზოგადოების" შექმნა ალბათ დროული და გამართლებული ნაბიჯია, თუკი იგი ქმედითი ღონისძიებების ჩატარებას შეძლებს. ჯერჯერობით კი “დედაენის საზოგადოების" დამფუძნებელთა სახელები იმედისმომცემად გამოიყურება: თამაზ კვაჭანტირაძე - ლიტერატორი და პარლამენტარი, ზაზა გაჩეჩილაძე - პროფესორი, საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი ნიჟარაძე - რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი. როგორც თამაზ კვაჭანტირაძემ გვაცნობა, “დედაენის საზოგადოების" საპატიო პრეზიდენტობა მათ საქართველოს კათალიკოს- პატრიარქს შესთავაზეს, რაზეც მისმა უწმინდესობამ თანხმობა განაცხადა.
ზაზა გაჩეჩილაძე: “ჩვენი მიზნები პრაქტიკულია და არანაირ ეროვნულ ლიდერობას მიზნად არ ვისახავთ. მიგვაჩნია, რომ ქართული საზოგადოება ენის გადასარჩენად უნდა გაერთიანდეს და ამისათვის არა მხოლოდ ენათმეცნიერებმა და ლიტერატორებმა უნდა იზრუნონ, არამედ ყველამ, ვისაც ამ პრობლემაზე გული შესტკივა. მიგვაჩნია, რომ საჭიროა შეიქმნას ენის დარბაზი, რომელიც გააერთიანებს ლიტერატორებს, მწერლებს, პედაგოგებს, საზოგადო მოღვაწეებს, რიგით მოქალაქეებს, და დარბაზის სამდივნო განსაზღვრავს სამოქმედო მიმართულებებს. გვინდა ვითანამშრომლოთ ყველა სტრუქტურასთან, ვისაც კი ქართული ენის სალიტერატურო ნორმებთან აქვს შეხება: განათლებისა და დიასპორის სამინისტროსთან, მეცნიერებათა აკადემიასთან".
დედაენის საზოგადოების დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას ლექსიკისა და ტერმინოლოგიის დარგობრივი კვლევითი ცენტრები, გაღრმავდეს ქართული ენისა და სწორი მეტყველების საჯარო პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით, გამოიცეს და გავრცელდეს დარგობრივი ლექსიკონები, სახელმძღვანელოები, სამახსოვრო ბუკლეტები და სხვა. როგორც თამაზ კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ეს ისეთი საკითხია, რომელმაც პოლიტიკური პოზიცია-ოპოზიცია გვერდზე უნდა გადადოს.
თამაზ კვაჭანტირაძე: “დედაენა ყველას საპატრონოა, არა ერთი კაცის და ფონდის. ჩვენ არავის ვართმევთ ფუნქციებს. შეცდომა იყო თავის დროზე ენის პალატის გაუქმება, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია დარჩა ჰაერში გამოკიდებული, და განათლების სამინისტროს მცირე სტრუქტურა, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ საკითხების მოგვარება, ეფექტურად ვერ მუშაობს. სალიტერატურო ენის დამდგენი კომისია, ფაქტობრივად, პარალიზებულია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომელიც ამ კომისიის მუშა ორგანო იყო, გაურკვეველ მდგმარეობაშია. ჩვენთან სათანამშრომლოდ ყველას ვიწვევთ. ქართული ენა 5 ბურჯზე დგას. ესენია: ქართული მწერლობა, ფილოლოგიურ-ლინგვისტური მეცნიერება, სკოლა და მასწავლებლები, მასმედია, ხალხის მეტყველება. არ უნდა ჩავურაზოთ კარი უცხოურ სიტყვებს, მაგრამ თუ მათ დროულად დავახვედრებთ ქართულ შესატყვისს, ენა ბარბარიზმების დამკვიდრებისაგან გადარჩება."
ენა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად იცვლება - გვიმეორებდნენ უნივერსიტეტში ენათმეცნიერების ლექციებზე და ამ ფონზე გვიხსნიდნენ ყველა გრამატიკულ და ლექსიკურ კატეგორიას. და სწორედ იმიტომ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, მას ერთი უცნაური თვისებაც ახასიათებს: მოდურობა. მას პერიოდულად მთელი რიგი სიტყვების თუ გამოთქმების მიღება და ტარება უწევს. თუკი “დედაენის საზოგადოებას" დასახული მიზნის მიღწევა სურს, მან ისე უნდა იმოქმედოს, რომ სწორად მეტყველება გახადოს მოდური.
ბელა ჩეკურიშვილი