kotetbeli, ეგ რაა, ერთხელ თურმე გომეწარში რომელიღაც სოფელში დღეობაზე მიფრენილა შამილა (მგონი, არ ვცდები). ცხადია, ნასვამი და სხვა დღეობებზე ნაქეიფარი. თურმე მის მისვლამდე მოღრუბლულა და ქალ-ბავშვი ადრე წამოსულა სუფრიდან. მაგრამ წვიმას მაინც ვერ ასწრებენ თურმე. ამას იქ ცოტა დაულევია, სხვაგან ეჩქარებოდაო, იქაურებს კიდე უთხოვიათ, ე მაგ მთის გადაღმა ქალები და ბავშვები მიდიან და ეგებ აიყვანო როგორმე, წვიმა მოუსწრებთ და დასველდებიანო. ესეც წამოსულა და ზედ იმ ციცაბო ბილიკის კიდეზე მიუყენებია ვერტმფრენი. იმდენად ახლოს, ხალხი გამოღებულ კარებში თავისუფლად შემხტარა .

მაგრამ მთელ ამ ისტორიაში ყველაზე სასცილო იმ ქალების რეაქცია ყოფილა, უკნიდან ვერტმფრენის გუგუნი რომ გაუგონიათ, მოუხედიათ და ხედავენ, ვერმფრენი ეჯახებათ...

ვითომ მანქანაა, მიწაზე დაეჯახოთ.
ერთხელაც შამილა დიკლოში ჩასულა მესაზღვრეებთან. ცხადია, იქაც კაი შექეიფიანებული და აუჩემებია, რუსეთის საზღვარზე უნდა გადავფრინდე და ჭკუა ვასწავლო, მაგათ რამე ხომ არ ეშლებათო.

ეხვეწნენ, ემუდარნენ თურმე, მაგრამ სიმთვრალესთან არ გაჭრა არაფერმა და მაინც გადაფრინდა იქით. ხუთი წუთიც არ იყო გასული, ტყვიასავით გადმოფრენილა უკან და ეგრევე ხევში ჩაშვებულა, ისე ხევ-ხევ გაჰყოლია ალაზნის ხეობას, უკან კი რუსების დიდი სამხედრო ვერტმფრენი მოჰყვა თურმე. იმან ზევიდან დაზვერა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები და რაკი ვერაფერი დაინახა, არც გამოკიდებიაო, მაგრამ ამას კი უჭამია გვარიანი შიში, რუსების მხარეს რომ განგაში ატეხილა და იმხელა სამხედრო მახინა გამოდგომია.

იმის მერე არ უცდია იქით გადაფრენაო.
ომალოში ხომ ეუთოს მისია დგას და მათი მფრინავები ზედმიწევნით იცავენ ინსტრუქციას - იოტისოდენადაც არ გადაუხვევენ წესს, ესენი კიდე თურმე ხან რომელი ხეობიდან შეაწუილებენ ომალოში და ხან რომელიდან.

ახლა შეეჩვივნენ თუში მფრინავების თავზეხელაღებულობას, თორემ თავიდან ლამის განგაშს აცხადებდნენ ამათ მოულოდნელ გამოხტომებზეო.
შამილამ და დათო აბალოიძემ მართლაც გმირობა ჩაიდინეს, როცა რამდენიმე წლის წინ უშბიდან თუ შხარადან ვანო გულედანის და ამერიკელი ჯო ბენსენის ცხედრები ჩამოასვენეს. მაშინ რამდენიმე საათი იტრიალეს თურმე დასაჯდომი ადგილის ძებნაში და ბოლოს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ერთი ციდა პლატოზე მაინც დამჯდარან. ეგენი რომ არა, იქნებ, ვერც ჩამოესვენებინათ.