აფხაზეთში ჩაკეტილები
შონ ვოლკერი
რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში ჩაკეტილი ქართველებისთვის „ვოდკა“ და ნოსტალგია – ერთადერთი თავშესაფარია.
„ეჰ, მოსკოვი“, – მოწყენილი ხმით წარმოთქვა გალის ხანშიშესულმა მცხოვრებმა. ძველი მეგობრები ნახევრადჩამონგრეულ კაფეში სხედან და არყის მეორე ბოთლს შეჰყურებენ, არადა ჯერ დღის 12 საათიც კი არ არის.
„ადრე ჩვენ ყოველთვის დავდიოდით მოსკოვში. ან თბილისში მივემგზავრებოდით – მოგინდებოდა, წახვიდოდი. აი დრო ის იყო, ცხოვრება იმას ერქვა, საბჭოთა კავშირი არსებობდა. ახლა კი არანაირი ცხოვრება არ არის!“. გალში ისეთი რამ, რაც საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიაა, აბსოლუტურად გასაგებია. ეს ომისგან განადგურებული, დეპრესიული ქალაქია, დანგრეული სახლებით, სადაც ერთადერთი ფერადი რამ – საბჭოთა პერიოდის გიგანტური კედლის ბარელიეფებია, რომლებზეც ხალხთა შორის მეგობრობა და ბედნიერი ცხოვრებაა ასახული. ქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტახნისწინანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ეს ყველაფერი დაცინვად აღიქმება.
გალი აფხაზეთის, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის შემადგენლობაში შედის, რომელიც ოფიციალურ თბილისს 1990–იან წლებში ბინძური ომის შემდეგ გამოეყო და იმის მიუხედავად, რომ მას მსოფლიო თანამეგობრობა არ აღიარებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ცალკე ფუნქციონირებს. აფხაზები ქვეყანას დედაქალაქიდან, სოხუმიდან მართავენ, გალში კი ფაქტობრივად მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ, იმის მიუხედავად, რომ ქალაქის მიმდებარე ტერიტორია აფხაზეთის შემადგენლობაშია.
შარშანდელი ომის შემდეგ საქართველოსთან, რუსეთმა აღიარა როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რასაც საქართველოს უკიდურესი უკმაყოფილება და საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება მოყვა. დღეს რესპუბლიკაში რუსული ფულის დიდძალი შემოდინებაა, როგორც ინვესტიციების სახით, ასევე პირდაპირი დახმარების ფორმით; ბევრ ადგილობრივ მცხოვრებს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, გარდა ამისა, აქ რუსული სამხედრო ბაზებია აშენებული. კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორია დეფაქტო რუსეთის ტერიტორიის ნაწილს მოგაგონებთ, ასევე ფორპოსტს, რომელიც მოსკოვმა ამ არასტაბილურ კავკასიის რეგიონში ნატოს და დასავლეთის წინააღმდეგ ააგო.
ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი გალისგან რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება: ეს სიმწვანეში ჩაფლული სუბტროპიკული სამოთხეა, სოლიდური ძველებური შენობებითა და პალმებით სანაპიროზე. იოსებ სტალინს აქ რამდენიმე აგარაკი ჰქონდა; საბჭოთა დროს აქ დასვენება ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა. დღეს ამ ადგილს ისევ მოაწყდა რუსი ტურისტების ტალღა, რომელსაც ამ სიღარიბესა და უმუშევრობაში ჩაფლული რეგიონისთვის აუცილებელი ცოცხალი ფული მოქვს.
დეკემბერში აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშფა მეორე ხუთწლიანი ვადა დიდი უპირატესობით მოიპოვა. საქართველომ არჩევნებს „იურიდიული, მორალური და პოლიტიკური მიზეზების გამო არალეგიტიმური უწოდა“, რადგან ათასობით ქართველმა დევნილმა აფხაზეთში დაბრუნება ვერ შეძლო (გალი ერთადერთი რეგიონია, სადაც დევნილები მაინც დაბრუნდნენ). თითქმის მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს მხარე დაიკავა. მხოლოდ რამდენიმემ მიბაძა მოსკოვს და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. თავდაპირველად, დიდწილად ვაშინგტონის ჯინაზე, მათ მხარი მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ დაუჭირა, ხოლო კრემლის მოკავშირე სახელმწიფოებმა, მათ შორის ბელორუსმა, ზეწოლას გაუძლო.
დეკემბერში, კრემლმა ძალიან მცირე მასშტაბის გამარჯვება მოიპოვა: აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა ერთმა ციდა სახელმწიფომ, ნაურუმ, რომელიც წყნარ ოკეანეში ერთ პატარა კუნძულზე მდებარეობს. რუსული გაზეთის ცნობით, იმავე დღეს რუსეთმა ნაურუს თითოეულ მოქალაქეზე (12 ათასი მცხოვრები) დაახლოებით ორნახევარი ათასი ფუნტი სტერლინგის მოცულობის ფინანსური დახმარება შესთავაზა. ამის სანაცვლოდ, ნაურუ მსოფლიოს მეოთხე სახელმწიფო გახდა, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა.
თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთი, აფხაზეთის მარგინალიზებით, რუსეთის წიქვილზე ასხამს წყალს. რა თქმა უნდა, არჩევნები იდეალურად არ ჩატარებულა, მაგრამ რეგიონის სტანდარტების მიხედვით, ეს საკმაოდ დემოკრატიული არჩევნები იყო: დამარცხებული კანდიდატები მოსახლეობას რეალურ პროგრამებს სთავაზობდნენ, მათ ტელევიზიით სარგებლობის საშუალებაც ჰქონდათ.
ბევრი აფხაზი რუსეთის მადლიერია მისი მხარდაჭერის და დამოუკიდებლობის აღიარების გამო, მაგრამ იმავდროულად ეჭვის თვალით უყურებენ მოსკოვის გავლენის ზრდას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ბაღაფშსაც კი, რომელიც მუდმივად მადლობებს უხდის რუსეთს დახმარებისთვის, არაერთხელ უთქვამს, რომ მათთვის მაგალითი არა რუსეთი, არამედ ევროპაა.
„ჩვენ ევროპულ ქვეყნებთან მუშაობა გვსურს“, – ამბობს აფხაზეთის პრეზიდენტი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, თავის კაბინეტში, Marlboro Light–ს ეწევა. „ჩვენ გვესმის, რომ ეს დიდი დემოკრატიული ქვეყნებია, ჩვენ გვინდა მათგან ვისწავლოთ, ვიმუშაოთ მათთან და ჩვენი ქვეყანა უფრო კარგი გავხადოთ. მაგრამ მათ ჩვენთან მუშაობა არ სურთ!“. შემდეგ ბაღაფში გვიყვება, რომ ამ წელს ის ჯერ პარიზში ლექციის წასაკითხათ დაპატიჟეს, შემდეგ კი ვიზაზე უარი უთხრეს.
გალში დაბრუნებული, მარტივად ხვდები იმას თუ ვინ არის აქ მთავარი: ეს სადამკვირვებლო კომისიაა, რომელსაც ვლადიმერ ჩუროვი ხელმძღვანელობს. ჩუროვი, რომელსაც სანტა კლაუსის მგავსი წვერი აქვს და საკუთარი თავით კმაყოფილია, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რანგში რუსეთის თაღლითურ არჩევნებს თვალყურს ადევნებდა. აფხაზეთში არჩევნების დღეს, ქალაქის მთავარ საარჩევნო უბანში მის საპატივცემულოდ ბანკეტი მოეწყო.
ნადიმზე მასპინძელი რეგიონის ხელმძღვანელი, ეროვნებით აფხაზი იყო, ხოლო ტკბილი კავკასიური ღვინით რუსეთის, ვლადიმერ პუტინის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის სადღეგრძელოებს სვამდნენ. უბანთან, ქუჩაში მოხუცები იდგნენ და ჩიოდნენ. მათი თქმით, აფხაზეთის ხელისუფლება სკოლებში ქართული ენის სწავლებას კრძალავს და ადამიანებს საზღვრზე გადაადგილების უფლებას არ აძლევს. იმავდროულად, ისინი საქართველოს პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც გაბრაზებულები არიან. ამტკიცებენ, რომ საქართველოს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მათ ტელეფონით ურეკავენ, ლანძღავენ და ემუქრებიან მათ, ვინც აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
იმ 55 000 ადამიანიდან, რომელიც გალში ცხოვრობს, აფხაზური პასპორტი და შესაბამისად ხმის მიცემის უფლებაც, მხოლოდ 3,500–მა ადამიანმა მიიღო. გარკვეულ მომენტში, პასპორტების დარიგება შეწყდა: აფხაზეთის ხელისუფლებას შეეშინდა, რომ ქართველი მოქალაქეების ამ რაოდენობით არსებობა ქვეყანაში დესტაბილიზაციას შექმნის.
„მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, განაცხადა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ–ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ადრე აფხაზეთში მუშაობდა. „აფხაზები მათ პოტენციურ მოღალატეებად მიიჩნევენ, ფიქრობენ, რომ ომის შემთხვევაში ისინი საქართველოსთვის იბრძოლებენ, მოღალატეებად თვლიან მათ ქართველებიც, რადგან ისინი სეპარატისტულ სახელმწიფოში ცხოვრობენ“.
გალიდან ზუგდიდამდე, რომელიც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, 30 მილზე ნაკლებია. გზა, რომელიც ამ ორ პუნქტს ერთმანეთთან აკავშირებს, დაკეტილია და აქ გადასვლა მხოლოდ ქრთამის საშუალებით ხორციელდება. შეუძლებელი გახდა ახლობლების მონახულება, ვაჭრობა. იმავდროულად, გალის მცხოვრებლების ჩასვლა სოხუმში არ უხარიათ, შესაბამისად, ისინი სრულ იზოლაციაში აღმოჩდნენ.
რკინიგზა ნანგრევებშია, გზას სარეველა ბალახი ჭამს, პლატფორმები ნაგავს მიაქვს – ნამდვილი სიმბოლო იმ იზოლაციის, რომელშიც ეს ქალაქი იმყოფება. საქართველოს ტერიტორიის დეფაქტო საზღვარზე, თეთრი კარვების თავზე რუსული დროშა ფრიალებს, გვერდით კი 14–ე საუკუნის საგუშაგო კოშკი და უზარმაზარი პლაკატია, რომელზეც რუსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტები არიან გამოსახულნი. ერთმა აფხაზმა ჯარისკაცმა არ მიპასუხა შეკითხვაზე, თუ რამდენი რუსია ახალ სამხედრო ბაზაზე, მაგრამ როგორც ჩანს მთელ აფხაზეთში მათი რიცხვი დაახლოებით 3 000–ია. ცხადია, რომ ისინი აქედან მალე არსად წასვლას არ აპირებენ.
„ეს ჩვენი სახლია და აქ გვინდა ცხოვრება“, მითხრა გალის ერთ–ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია. „ჩვენთვის არ არის სულერთი თუ ვინ გვმართავს. აფხაზებთან განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს. მაგრამ ამ ნაძირლების გამო მოსკოვსა და თბილისში, ჩვენ ძალიან ცუდად ვცხოვრობთ“.
