Post
by saskva » 11 მაი 2009, 16:55
დილას ისევ 4საათზე ავდექით, უცბად გავემზადეთ, როგორც წინა დღეებში ახლაც ჩაი და ყავა მოვამზადეთ, საუზმე ავიღეთ, ის "საშიში" ხიდი ისევ სრული შემადგენლობით გადავლახეთ და გზას შევუდექით. პირველ რიგში პარხალისკენ გავემგზავრეთ, გზა ისევ ისე ვიწრო გზებით გრძელდებოდა, ჩვენც ნელნელა წინ მივიწევდით და ტან გარიჟრაჟით ვტკბებოდით.
დანიშნულების ადგილამდე მივედით რადგან პარხალი ჩვენი სასტუმროდან სულ რაღაც 15კილომეტრში იყო
ცნობები პარხალის შესახებ
პარხალი — ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა და ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე.
პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-1453) სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S 4927) და პარხლის მრავალთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A—95) გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.
პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესიას და, მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
ბაზილიკის შუა ნავი მაღალი და მკვეთრად გამოყოფილია. ფასადთა ჩუქურთმები აქ უკვე გარკვეულ როლს თამაშობს. ძეგლს ამკობს სარკმელთა სათაურები, გრეხილით მორთული ჯვრები, ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი. პარხლის ეკლესიის განსაკუთრებული თავისებურებაა შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც დანაწევრებულია დეკორატიული თაღებითა და შეწყვილებული ლილვებით, დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით — მარაოსებრი სათაურებით სარკმლის ზემოთ, ჯვრებით, დისკოებითა და სხვა. ამავე კედელზეა უამრავი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულნი არიან ის პირნი, ვინც იღვაწა ძეგლის შესამკობად. ოსმალთა მიერ (XVIს.) დაპყრობის შემდეგ ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.
პარხალშიც გაუქმებული მეჩეთია, როგორც ფანჯრებიდან დავინახეთ იატაკი აყრილია, აქეთ ნივთებია მიმოფანტული, კარები მაგრად არის ჩარაზული, გვერდზე სკოლა აქვს მიშენებული. ნუ მართალი შენობას არ ეხება მაგრამ ეზოში ბავშვები დარბიან და ამიტომ პატარა ტუალეტი ზედ ეკლესიაზე მიუშენებიათ.
Last edited by
saskva on 11 მაი 2009, 16:56, edited 1 time in total.