ჩვეულებრივი გუგული - Cuculus canorus
იმ ფრინველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მაინც და მაინც კარგი გალობით ვერ გამოირჩევიან. თუმცა გაზაფხულზე ტყეში ხშირად გაიგონებთ ,,გუ-გუს” ძახილს, მაგრამ ფრინველის ნახვა ადვილი საქმე არ არის. მისი ხმა 200-300მ მანძილეზეც კი ისმის. ფრინველების გალობა ყოველთვის გამრავლებასთანაა დაკავშირებული. გალობს მეტწილად მამალი, ამით იგი დედალს იზიდავს. გალობის ინტენსივობა კი გამოხატავს მისი სქესობრივი აგზნებულობის ხარისხს. გუგული საშუალო სიდიდის მურა ფერის ფრინველია, თეთრად დაწინწკლული საკმაოდ გრძელი კუდით. ღია ფერის მკერდსა და მუცელზე მოყავისფრო განივი ზოლები აქვს. ისევე როგორც ყველა სხვა ფრინველს, გუგულსაც კარგად აქვს განვითარებული სმენა, განსაკუთრებით კი მხედველობა. ამასთან იგი მეტად ფრთხილი ფრინველია.

როგორც იცით გუგული საკუთარ ბუდეს არასოდეს არ აგებს და მართვესაც თვითონ არ ჩეკავს. იგი სხვა ფრინველს ჩაუდებს ხოლმე კვერცხს და ნაშიერსაც მას აზრდევინებს. ეს მოვლენა ბუდის პარაზიტიზმითაა ცნობილი. სწორედ ეს იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს ამ ფრინველისადმი.
გუგული ბუდეში კვერცხს უდებს მეტწილად პატარა ზომის ბეღურასნაირ ფრინველს: ბოლოცეცხლას, წყალწყალას, მეჩალიას, ასპუჭაკას, ჭვინტაკას, მემატლიას, გულწითელას, ყარანას, ზოგჯერ ღაჟოს და სხვა. სულ აღრიცხულია, რომ გუგულს შეუძლია კვერცხი ჩაუდოს 147 სახეობის სხვადასხვა ფრინველას. უფრო ხშირად მაინც 20-30 სახეობის ფრინველის ბუდეში ნახულობენ გუგულის კვერცხს.
გუგული საქართველოში მობუდარი ფრინველია.