გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქუთაისში, ბაგრატ III კურაპალატმა (975-1014) დაიწყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მშენებლობა. "ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებით დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხვათა ყოველთა სახელმწიფოთანი". მოგგვითხრობს ქართლის ცხოვრება.
ვახუშტი ბატონიშვილი ამ მოვლენის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის: "აქ აღაშენა მეფემან ბაგრატ ყოვლადწმიდისა ეკლესია მშვენიერი და დასუა ეპისკოპოსი მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თვინიერ რაჭა-ლეჩხუმისა"
როგორც ვარაუდობენ, ტაძრის აგება ბაგრატ მეფეს მე-10 საუკუნის 80-იან წლებში დაუწყია და 1003 წელს უკვე დასრულებული ყოფილა. ამაზე ნათლად მოწმობს ტაძრის ჩრდილოეთის კედლის ერთ-ერთი სამრეკლოს წარწერა: აღსანიშნავია, რომ ბაგრატის ტაძარში დაცული იყო ქრისტიანთა უდიდესი სიწმინდე- მაცხოვრის სამსჭვალი, რომელიც 1686 წელს პოეტ მეფე არჩილს წაუბრძანებია რუსეთში, თუმცა მას ბევრს ევედრებოდნენ, ეს სიწმინდე არ გაეტანა, ამ თხოვნის საფუძველზე, მან იმერეთში დატოვა სამსჭვალის მცირე ნაწილი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის ოქროს ძვირფას ხატში ჩაამაგრეს, ეს ხატი 1980 წელს ქუთაისში ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრიდან დაიკარგა.
1650-1651 წლებში იმერეთში იმყოფებოდნენ რუსი ელჩები იევლეივი და ტოლოჩანოვი, რომლებიც განცვიფრებაში მოუყვანია ტაძრის სიწმინდეებს. იმერეთის მეფის ალექსანდრეს მოძღვარი, მიტროპოლიტი ზაქარია, მათ ასეთ განმარტებებს აძლევდა: "ჯვარცმის ზემოთ პატარა ოქროს კიდობანია გაკეთებული, კიდობანში კი, როგორც გვიამბეს, უფლის ძელი ცხოველის ნაწილია მოთავსებული. კიდობანს ჟოლოსფერი იაგუნდისგან და მარგალიტებისაგან შემკული ოქროს კარები აქვს".
ბაგრატის ტაძარში იყო დაბრძანებული "პალიასტომის" ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც დღეს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. რუსი ელჩების თანახმად, ტაძარში ორი საცეცხლურის გარდა, სხვა საეკლესიო ნივთები ოქროსი ყოფილა.
ქუთაისის სიონში სამეფო გვირგვინი დაიდგა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა. აქვე ხდებოდა იმერეთის მეფეთა გვირგვინის კურთხევა.
მრავალჯერ დამდგარა ტაძარი განადგურების საფრთხის წინაშე. 1510 წელს ოსმალთა ჯარი, სელიმის მეთაურობით მოულოდნელად თავს დაესხა ქუთაისს, ციხის აღების შემდეგ თურქებმა ცეცხლს მისცეს ქუთაისის სიონი და სწორედ მაშინ განადგურდა ტაძრის მხატვრობა. 1692 წელს კი თურქებმა ააფეთქეს ტაძარი. ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი შემდეგს მოგვითხრობს: "გარნა იქმნა საგლოველო, რამეთუ გამოვიდნენ ციხიდან ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლადწმიდისა. დიდ შვენიერად გებული". 1775წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-ის (1752-1784წწ.) დახმარებით ტაძრის დანგრეული სამხრეთი კარიბჭე აღდგა და 1871 წლამდე მღვდელთმთავრის კათედრას წარმოადგენდა.
1911-1913 წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძარს გალავანი შემოავლო, რომელმაც 1984 წლამდე იარსება.
1930-იან წლებში დიდი შრომა გასწია სარესტავრაციო მუშაობის დროს პეტრე ჭაბუკიანმა.
1941-1942 წლებში აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილისა და არქიტექტორ ნ. სევეროვის ხელმძღვანელობით ჩატარდა ტაძრის ტერიტორიის გათხრა. მოპოვებული მასალის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ტაძრის გეგმის აღდგენა. ბაგრატის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პროფესორ ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც 1950 წლიდან მოყოლებული ტაძარზე ათეულობით წლები იმუშავა.
1995 წლის 25 აგვისტოს, 303 წლის შემდეგ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ქუთაისის სიონის ტაძარი. 27-28 აგვისტოს კი დიდ ტაძარში ღია ცის ქვეშ პირველად აღესრულა წირვა-ლოცვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს: "'აქ არ არის მხოლოდ ტაძრის აღდგენა, ეს შეეხება სრულიად საქართველოს გამთლიანებას, სრულიად საქართველო უნდა გამთლიანდეს, აი ამ უძველესი და უწმინდესი ტაძრის მშენებლობის და აღდგენის გარშემო". შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ქუთაისის სიონში დაიბადა სიტყვები: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ", რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წარმოთქვა და ქართველებს ქრისტესმიერი ერთობისა და სიყვარულისკენ მოგვიწოდა.
2003 წლის 21-27 სექტემბერს აღინიშნა ბაგრატის ტაძრის 1000 წლის იუბილე.

http://www.kutais-gaenati.ge/tazrebi/ms ... azari.html