უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 08 ნოე 2008, 18:37
წყალი ავიღეთ ზედაზენის გამოსავლელთან რომ წყაროა იქ

(აქ ლეგენდა ჯნოსის რაღაც საინტერესოს ეუბნება...)
და დავიძარით წილკნისკენ....

ბესოია რულს რულიტ...

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 08 ნოე 2008, 18:52
წილკანი,
ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, შუა საუკუნეებში - თემი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. ისტ. ძ. მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდ. ნარეკვავის მარცხ. მხარეს. სახელწოდება მომდინარეობა სიტყვისაგან "წინკარი" (წინკარი>წირკანი>წილკანი).
წილკანი საქართველოს ერთ-ერთი პირველი მხარეა, სადაც ქრისტიანული რელიგია გავრცელდა. ეროვნული ტრადიციის თანახმად, IV საუკუნის 30-იან წლებში ქართველთა განმანათლებელმა ნინომ წობენში სხვა მთიელებთან ერთად წილკნელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. წილკნის მხარე ეკლესიურად შედიოდა წილკნის საეპისკოპოსოში.
სოფელი დასახლებულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის შემდგომ დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა (ბარის) და ერწოს (მთის) გზები. (ერწოს გზას „წილკნის კარი“ ეწოდებოდა)
VI ს-ში tსში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის - „წილკნის რუს“ მშენებლობას. (?) მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელების დროს შეიქმნა წილკნი საეპისკოპოსო. წილკნელის სამწყსოში შედიოდა მუხრანის ქვეყანა, ბაზალეთი, მთიულეთ-გუდამაყარი და ხევი. საეპისკოპოსო გვიანდ. შუა საუკუნეებშიც არ მოშლილა. VIII-IX სს. წ. ხან ქართლის, ხან კახეთის შემადგენლობაშია. მის მითვისებას ცდილობდნენ ზედაზენ-მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI ს-ში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა.

http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/02-ise.htm
XI ს-ის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ წილკანთან დაამარცხა და გააქცია განძის ამირა ფადლონი. XVII-XVIII სს. წ. თურქთა, ყიზილბაშთა და განსაკუთრებით ლეკთა თარეშებმა დიდად დააზარალა.
დუშეთის 1918 წ. აჯანყებაში წილკნელმა გლეხებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. 1918 წ. 11 ივნ. გუბერნიის კომისიის განკარგულებით დუშეთის აჯანყების მონაწილეთა წინააღმდეგ გაიგზაენა ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულო რაზმი, რ-საც დუშეთში გვარდიელებიც შეუერთდნენ. დამსჯელმა რაზმმა სოფ. ბაზალეთსა და სოფ. მისაქციელში აჯანყებული გლეხობა განაიარაღა. სოფ. წილკანში კი აჯანყებულები არ დანებდნენ. მათ ხეობაში შეიტყუეს დამსჯელი რაზმი და განაიარაღეს.
აკლდამა წილკანში -
არქეოლოგიური ძეგლი.
მდებარეობს სოფლის აღმ-ით 1,5 კმ-ზე თარიღდება IV-V სს-ით. ძ. 1979 წ გათხარა მმაე-მ (ხელმძღვ. ა. აფაქიძე).
გეგმით ოთხკუთხაა, ჩადგმულია საგანგებოდ ამოჭრილ ქვაბულში და დამხრობოლია აღმ-დან დას-ისაკენ. შედგება დასაკრძალავი სენაკისა და დრომოსისაგან. ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვითა და კირის ხსნარით; დრომოსსა და დასაკრძალავ სენაკს შემოვლებულო აქვს რიყის ქვითა და კირხსნარით ნაგები სამაგრი კედელი.
დასაკრძალავ სენაკში (3,45 x 3,25 x 2,88 მ) შესასვლელი (დრომოსი) აღმ-დანაა, 13-საფეხუროანი კიბე დერეფანში (სიგრ. 2,2 მ) ჩადის. დერეფნის გავლით შეიძლება საკრძალავში შესვლა. საკრძალავ სენაკს თლილი ქვით (29 ჰორიზ. მწკრივი) ნაგები ნახევარწრიული თაღი აქეს, რ-იც კირხსნარის სქელი ფენითაა გადალესილი. საკრძალავი კამერის სამხრ. და ჩრდ. კედლების გასწვრივ ტახტრევნებია. მათზე ბორდიურით გამოყოფილი ორ-ორი სამარხია გამართული. ა-შო ესვენა სუდარაში გახვეული რვა მამაკაცი. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტ. წესით - გულაღმა გაშოტილი, თავით დასისაკენ. ა. გაძარცულია. კედლებზე შემორჩენილია ოთხპწკარიანი ბერძნ. დაზიანებული წარწერა და ჯვრის გამოსახულებები, რ-თა მკლავებს შორის ჩაწერილია ორი ბერძნ. მთავრული ქრიზმა.
ა-ის გვერდით გამოვლინდა გვიანდ. ანტ. ხანის ორმოსამარხი და ქვაყუთი, რ-შიც მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტ. წესით თიხის სარეცელზე.
ა-ის დას-ით 3 მ-ზე აღმოჩნდა (ა) ეკლესიის (7,15 x 5,5 მ), ხოლო ჩრდ-ით 22 მ-ზე რიყის ქვით ნაგები ზღუდის ნაშთი.
ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი,
არქიტექტურული მონუმენტური ხელოვნების ისტორიული არქეოლოგიური ძეგლი. დგას სოფლის ცენტრში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და ციხე-გალავანი.
წილკანში ქრისტ. ეკლ. ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. ქართული ისტორიული წყაროებით: მეფემ „ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა“. ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: „არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა“. მალე წილკნის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. 506 წ. საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთაერებთან ერთად, წილკნელი ეპისკოპოსიც დასწრებია. V ს. ბოლოს თუ V-VI სს. მიჯნაზე წილკანში დიდი სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. VI ს. II ნახ-ში წილკნის ეპარქიას იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე ისე წილკნელი განაგებდა. გადმოცემით ისე წილკნელი ტაძარშია დასაფლავებული (მისი საფლავის ქვა გუმბათქვეშა ჩრდ.აღმ-ის ბოძთან დევს)..

Last edited by
Tamari-ch. on 09 ნოე 2008, 11:05, edited 2 times in total.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 08 ნოე 2008, 18:57
ისე წილკნელი -

VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა.
წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად.
ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას.
ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით ღირსი ისე წილკანში მოღვაწეობდა.
წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული და სათნოებათა სისრულეს მოწევნული წმიდა ისე ევლავიოს კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა.
წმიდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებითა და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა.
ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს ნათელს სცემდა სამების სახელით.
ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.
წმიდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: „მნებავს თქუენ მიერ სასწაულისა რაისამე ქმნა, რაჲთა მხილველნი მათნი ადიდებდნენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქუნგან სასწაულთა და საკვირველებათა, რაჲთა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოებაჲ“. ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.
წმიდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. „მაშინ ნეტარმა ზეაღაპყრა ჭიქა იგი და ყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინ დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა“.
შემდეგ წმიდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: „ჯერარს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა“. წმიდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელის გულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.
ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმიდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: „მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გუაქუნდეს სახსენებელად შენდა“. მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა. მას უკან გაჰყვნენ წმიდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი „დასცა წყალთა მას ზედა სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა“. თან ბრძანა: „მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ჩემ მიერ კსინვლით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე“. უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა. საითაც წმიდა ისე მიდიოდა, წყალიც იქეთ მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშალა.
ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარშემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე.
სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: „უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“, - ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები.
ღირსი ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, â„– 49(100), 2000 წ.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 08 ნოე 2008, 19:09
ასურელ მამათა ნაკვალევზე
ბელა ჩეკურიშვილი
პილიგრიმობა - წმინდა ადგილების მოსალოცად სიარული დღეს რელიგიური ტურიზმით შეიცვალა. მოგზაურობის ეს ფორმა თანდათან საქართველოშიც პუპულარული ხდება. ამ მიმართულებით არა მარტო შიდა ტურიზმიც ვითარდება, არამედ ხშირია ქართველების რელიგიური ტურები იერუსალიმის წმინდა მიწაზე, ტაო-კლარჯეთსა თუ კაპადოკიაში. როგორც ტურისტული სააგენტოები ამბობენ, ასევე დაიწყო უცხოელი ტურისტების დაინტერესება ქართული წმინდა ადგილებით.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რელიგიური ტურია ასურელ მამათა საფლავების მონახულება, რასაც, მაგალითად, მოგზაურთა ინტერნეტფორუმი “კარავი” ყოველწლიურად ახორციელებს. როგორც “კარაველები” გვირჩევენ, ამ საქმისთვის საუკეთესო დრო შემოდგომაა.
საქართველოს გაქრისტიანებაში, წმიდა ნინოს შემდეგ, ყველაზე დიდი წვლილი 13 ასურელ მამას მიუძღვის, რომლებიც წმიდანებად არიან შერაცხულნი. მათი საფლავები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული.
ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც საქართველოში თვალსაჩინო კვალი დატოვა. გარდა ზემოთ დასახელებულებისა, ესენი არიან: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.
აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთ მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს.
როგორც პილიგრიმები გვირჩვენ, ასურელი მამების ნაკვალევზე სამოგზაუროდ ოთხი დღე მაინცაა საჭირო. შეგიძლიათ, ეს შაბათ-კვირის ტურად აქციოთ. როგორც წესი, უმრავლესობა ასეც აკეთებს ხოლმე.
ერთი დღე დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის სანახავადაა საჭირო. აქ დავით გარეჯელისა და დოდოს საფლავებია. დოდო ასურელი მამა არ არის. იგი კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი იყო, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ, გარეჯელ მამებს შეუერთდა. მან კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით, ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა. რასაკვირველია, გარეჯში ჩასულებს, მთელი კომპლექსის მონახულების სურვილი გაგიჩნდებათ. აქ მრავალი საყურადღებო ადგილია: გარეჯის ლავრა - პირველი მონასტერი, რომელიც წმინდა დავით გარეჯელმა დააარსა. ასევე - უდაბნოს კომპლექსი, ჩიჩხიტური, დოდოს რქა. თუ დრო გექნებათ, შეგიძლიათ, ნათლისმცემელი, თეთრი სენაკები და წამებულიც ნახოთ. რაც შეეხება ბერთუბანს, სადაც თამარის ფრესკაა შემორჩენილი, იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და გარდა იმისა, რომ ერთ დღეში მის ნახვას ვერ მოასწრებთ, იქით არც აზრბაიჯანელი მესაზღვრეები გადაგიშვებენ.
პილიგრიმების რჩევით, გარეჯის უდაბნოში სახეტიალოდ ქუდი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი უნდა წაიღოთ. სასურველი არაა შორტებსა და ღია ფეხსაცმლით სიარული. გვალვაში იქ ქვეწარმავლებია. წყალიც ბევრი დაგჭირდებათ. როგორც ბერებმა გვითხრეს, დოდოს რქაზე ასვლისას მგლებისა და ველური ძაღლების თავდასხმის საშიშროებაც არის. თუმცა კი, ჩვენ არაფერი შეგხვედრია.
ბრეთასა და ულუმბოს სანახავად ქართლში მოგიწევთ წასვლა. ერთ დღეში ორივე კომპლექსის ნახვას მოასწრებთ. ბრეთა სოფელ დირბთან ახლოს მდებარეობს - იქ, სადაც აგვისტოში ომის ქარცეცხლი ტრიალებდა. იქ მისვლას ახლა როგორ მოახერხებთ, ვერ გეტყვით. ულუმბოში კი გომიდან უნდა გადაუხვიოთ და, დაახლოებით, 5 კმ-ის გავლა ფეხით მოგიწევთ.
შიომღვიმეს, ზედაზნის, წილკნის, სამთავროსა და სამთავისის სანახავად ერთი დღე გეყოფათ. თუმცა კი, ცოტა დაიღლებით. სამაგიეროდ, ისეთი მადლით ივლით, დაღლას არაფრად მიიჩნევთ.
წილკანი მცხეთასთანაა ახლოს. იქვე ეპისკოპოსის რეზიდენციაცაა. ზედაზენზე ასასვლელად კი, სჯობს, ჯიპი აირჩიოთ. ერთხიდიან მანქანებს ამ გზაზე აშკარად უჭირთ. არც ფეხით ასვლაა ძნელი - საგურამოდან დაახლოებით, 8 კილომეტრია სავალი, რაც უბრალოდ, დროის ამბავია. ზედაზენზე მოქმედი მონასტერი დაგხვდებათ და კიდევ ცნობილი ხედი, საიდანაც მცხეთაც მოსჩანს და თბილისიც. თქვენ ხომ ზღვის დონიდან 1 350 მეტრზე ხართ! თავის დროზე, აქ ტყულიად კი არ იდგა ცნობილი ზადენის კერპი – ზედა ზადენი, რომელიც მთელ ქართლს გადმოჰყურებდა.
ზედაზენის მონასტერი რამდენჯერმეა გადაკეთებული და ასეა ბევრ ადგილას - ასურელი მამების აგებული ეკლესიების საძირკველზე ახალ-ახალი ტაძრები შენდებოდა. ამის მაგალითია ქაშუეთი თბილისში.
სამონასტრო ნაგებობათაგან, ზედაზენზე შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც კათალიკოსმა ააშენა VIII საუკუნის დასასრულს, ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო, “პატიოსანი ლუსკუმა”, რომელიც XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული, ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. აქ დაგხვდებათ წყაროც, რომელიც იოანე ზედაზნელის ლოცვით აღმოცენდა.
სამთავისი კი, სადაც ისიდორე სამთავნელის საფლავია, იმიტომაც უნდა ნახოთ, რომ ქართული ჩუქურთმის საიდუმლოს ეზიაროთ. დადგეთ და იტიროთ. აღმოსავლეთის კედელთან აქ უცხოელებიც ტირიან ხოლმე. ტაძრის აღმშენებელი ყოფილა ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში. ძეგლის აშენების თარიღია 1030 წელი.
შიომღვიმემდეც მანქანა მიგიყვანთ. აქ წმინდა შიოს საფლავსაც ნახავთ, მის მიერ აგებულ ნათლისმცემლის ეკლესიასაც და წყაროსაც, რომელიც უფლის ნებით აღმოცენდა. რა თქმა უნდა - ჭასაც, სადაც წმინდა შიომ 15 წელი გაატარა. წმინდანმა იგი საკუთარი ხელით ამოთხარა და ყოველგვარ სინათლეს მოკლებული იყო, საკვები კი მისთვის მტრედს მიჰქონდა.
ასეთივე მობილიზებით ერთ დღეში კახეთსაც მოინახულებთ. თბილისიდან ჯერ მარტყოფში ახვალთ - ყველაზე ახლოსაა და სამანქანე გზაც ადის. მერე კი იყალთოს, ალავერდს, ნეკრესსა და ხირსას ეწვევით.
როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა, მას თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზეც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი სახე იყო გამოხატული და ამ ხატის ძალით იგი მრავალ სასწაულს ახდენდა. თუ შიომღვიმეში წმინდანის ჭის ნახვა გელით, მარტყოფში ანტონ მარტომყოფელის სვეტი ანუ კოშკი განგაცვიფრებთ, რომელიც მან მთის წვერზე აიშენა და იქ დაეყუდა. გარდაცვალების შემდეგ იგი სვეტიდან ჩამოასვენეს და ტაძარში, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაკრძალეს.
მარტყოფის ღვთაების სავანე მრავალჯერ აკლებულა არაბებისგან, მონღოლებისგან, სპარსელებისგან, ოსმალებისგან, ლეკებისა და კომუნისტებისგან, მაგრამ მაინც აღდგენილი და გამშვენიერებულია. აქ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ეკლესია ააგო. ხოლო VI საუკუნეში წმ. ანტონ მარტყოფელი დამკვიდრდა. მარტყოფში მოქმედია მთავარანგელოზის, სამების, აპარანის, მამათა და დედათა მონასტრები.
ალავერდის ტაძარს პოეტები გედს ადარებენ, რომელსაც გუმბათის ყელი გამორჩეულად მართლაც ყველაზე მაღალი აქვს და კახეთის დაცემულ ველზე თეთრად ქათქათებს. დამოუკიდებლად მოგხიბლავთ მისი გალავანი და დიდხანს, დიდხანს იდგებით იოსებ ალავერდელის საფლავის წინ.
ეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, სადაც სამონასტრო კომპლექსი და ალავერდის ეპარქიის ცენტრია. მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კი, კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად, ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე მდებარეობს. იგი ზენონმა დააარსა VI საუკუნეში. იყალთო აგრეთვე, ქართული კულტურისა და განათლების მძლავრ კერადაა ცნობილი. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს XI საუკუნეში აქ აკადემია დაუარსებია. იყალთოს კომპლექსში, მამა ზენონის საფლავთან ერთად, არსენ იყალთოელის საფლავის ნახვაც გელით. სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან, მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება”, რომელიც აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მამა ზენონი. სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება.
იყალთოს აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვითაა ნაშენი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს. აქაურები სიამაყით გეტყვიან, რომ იყალთოს აკადემიაში შოთა რუსთაველი სწავლობდა.
მართალია, აბიბოს ნეკრესელის საფლავი ნეკრესში არ არის, მაგრამ მომლოცველები აქ მისი ღვაწლის სანახავად მაინც მოდიან ხოლმე. ეს ისტორიული ქალაქი ახლანდელ ყვარლის რაიონში მდებარეობს, სოფ. შილდის მახლობლად. მთის ფერდობზე ნეკრესში ასავლელად ჯიპი დაგჭირდებათ, ან რომელიმე ორხიდიანი მანქანა. ეს დროის პრობლემა როცა გაქვთ, თორემ ფეხით იმ გზის ავლას ერთი საათი თავისუფლად ჰყოფნის. მერე, როცა ალაზნის ველი ხელისგულზე გადაგეშლებათ, მიხვდებით, რატომ დააარსა აქ ქალაქი მეფე ფარნაჯომმა ძვ. წ. II-I სს-ებში, ხოლო IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ეკლესია ააგო.
VI საუკუნეში ნეკრესში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან, IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან.
ასურელ მამათა ნაკვალევზე, კახეთში ჩასულები, ხირსასაც ეწვევით. ეს უკვე ქიზიყშია, წნორთან, სადაც მამა სტეფანე ხირსელის საფლავსაც ნახავთ. გუმბათოვანი ტაძარი VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზეა აგებული და მრავალჯერაა გადაკეთებული VIII-IX სს, XI ს, XVI ს-ებში. ეს ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. მერე გაიწმინდა და რესტავრაცია გაუკეთდა. ტაძარში შემორჩენილია სტეფანოზ ხირსელის ფრესკა, რომელიც ხატის სახითაც გავრცელდა.
ჯერჯერობით დაუდგენელია, სად არის თადეოზ სტეფანწმინდელის საფლავი. გვითხრეს, რომ კასპში. მამა იოანემ (კალატოზიშვილმა), სავარაუდოდ, მიაგნო ამ საფლავს. თუმცა ჯერ, ოფიციალურად დადგენილი არ არის. ასევე, ზუსტად არ ვიცით აბიბოს ნეკრესელის ნეშტის ადგილსამყოფელი. როგორც ამბობენ, იგი მცხეთაში, სამთავროს მონასტერშია დაკრძალული. ასევე, არაა დადგენილი ზუსტად მიქაელ ულუმბოელის საფლავის მდებარეობაც, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ულუმბოს მონასტრის ტერიტორიაზეა დაკრძალული.
იმ ადგილებში, სადაც ასურელი მამები მოღვაწეობდნენ, დღეს თითქმის ყველგან მონასტერია და წმინდანთა საფლავებსაც მზრუნველი ხელი ეტყობა.
თქვენს პილიგრიმულ მოგზაურობას რაც შეეხება, ნათქვამია, გარეჯში სამჯერ წასვლა იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასიაო. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ 13 ასურელი მამის საფლავი მოილოცეთ და რისი ტოლფასი იქნება ეს მადლი, თავად განსაზღვრეთ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4147
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 09 ნოე 2008, 11:07
წილკნის ტაძარი და მისი სამწყსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართის მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. XIX ს-ის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა.
ტაძარი არაერთხელ არის აღდგენილი და შეკეთებული. განვით. ფეოდალურ ხანაში დანგრეული ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადუკეთებიათ. საფუძვლიანად შეაკეთეს იგი XVI-XVII სს-შიც. XIX ს-ის II ნახ-ში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები (ხელმძღვ. ფ. რიპარდი). 1967-68 წწ. აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. სახელოსნომ (კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი, ხელმძღვ. ნ. ჩუბინაშვილი).
ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს. დარბაზულ ეკლესიას (IV ს. დასასრული - V ს.-ის I ნახ.), სამნავიან ბაზილიკას V-VI სს. მიჯნა) და გუმბათოვან ტაძარს (განვით. ფეოდ. ხანა).
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 09 ნოე 2008, 11:08
ღვთისმშობლის ტაძარი ცენტრ.-გუმბათოვანი ნაგებობაა 28 x 24 მ). ნაშენია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ინტერიერის და ნაწილობრივ დარბაზული ეკლესიის სამხრეთ ფასადის კედლების წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა, აგური და ორნამენტიანი კვადრები, რომლებიც მოგვიანებით, გადაკეთებისა და შეკეთების დროსაა ჩასმული.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 09 ნოე 2008, 11:18
ტაძარს სამხრეთითა და დასავლეთით კარიბჭეები ეკვრის. მესამე შესასვლელი ჩრდილოეთითაა (კარი ამოქოლილი იყო: ბოლო შეკეთების დროს გახსნეს). აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა.
გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. გუმბათში 12 სარკმელია. გარდა ამისა, ინტერიერს კიდევ 10 სარკმელი აშუქებს. ორი აღმოსავლეთითაა - აფსიდში და სამხრთის ნავში, ერთი დასავლეთ კედელშია, სამ-სამი ჩრდილოეთისა და ოთხი სამხრეთის კედლებში. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ და მის ორივე მხარეს საკმაოდ მაღალი ნიშებია. აფსიდის კუთხეებთან ღრმად შეწეულ პილასტრებს ორნამენტით მორთული სატრიუმფო თაღი და გუმბათქვეშა ბოძებისაკენ გადაყვანილო თაღები ეყრდნობა. ჩრდ-ისა და სამხრ-ის ვიწრო ნავებს აღმ-ით სწორი კედლები აქვს. დას-ის აგურისთაღიან გასასვლელთან ბაზილიკისდროინდელი სამიარუსიანი და ორნამენტიანი პილასტრებია. დას-ის კარიბჭესა და დარბაზს შორის მცირე სწორკუთხა სათავსია. ამ სათავსიდან კარიბჭეში გასასვლელი თაღოვანია: თაღი ღრმად შეწეულ პილასტრებს ეყრდნობა. დასის მხარეს იატაკის დონე ბევრად მაღალია, ვიდრე კარიბჭესა და დარბაზში, ამიტომაც კარიბჭის წინ ჩასასვლელი ქვის კიბეა.
სამხრ-ის კარიბჭე მართკუთხაა. მის დას. ნაწილში, ტაძრის კარის პირდაპირ, განიერი თაღოვანი შესასვლელია. კარიბჭეს აღმ-ით ეკვრის მცირე ზომის დარბაზული ეკლ., რ-იც კარით უკავშირდება როგორც კარიბჭეს (დას-ით), ისე ტაძრის სამხრ. ნავს (ჩრდ-ით). დარბაზულ ეკლესიას აღმით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. დარბაზის ჩრდ-ისა და სამხრ-ის კედლების პილასტრებს ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი და კედლის თაღები ეყრდნობა. სამხრ. კედლის თაღის წინაპირზე შემორჩენილია გრაფიკულად ამოკვეთილი ორნამენტი. სამხრ-ის კედლის თაღებში სარკმლებია გაჭრილო. ტაძარში გასასვლელი კარი გადახურულია მოზრდილი არქიტრავით, რ-ის შუა არეში, წრეში ამოკვეთილია აჟურული ჯვარი.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 09 ნოე 2008, 11:23
ტაძრის ჯვრის მოყვანილობის მკლავებშორისი ნაწილები თავიდან ბოლომდე გახსნილია (ე.ი. მეორე სართულის დონეზე რაიმე სათავსოს ნაკვალევი არა ჩანს). გუმბათქვეშა თაღების ხაზი ოდნავ შეისრული და მრუდია.
ინტერიერში სატრიუმფო თაღი, გუმბათქვეშა ბოძებისა და პილასტრების ყოველი იარუსის კაპიტელები მორთულია სხვადასხვა დროის ორნამენტებით. გარდა ამისა, ორნამენტიანი კვადრები და ფრაგმენტები გამოყენებულია გუმბათქვეშა ბოძების და კედლების წყობაში საშენ მასალად.
XVI-XVIII სს-ის (ა) მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათში: ცენტრში, ორმაგ წრეში გამოსახულია ქრისტე, რ-იც მარჯვ. ხელით აკურთხებს, ბოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში ასომთ. წარწერაა: „იხილე და შეიყვარე შვენიერება სოფლისა შენისა და ადგილი ქ უფალო გარდმოიხედე ზეცითი“.
ცენტრ. წრის გარშემო ოთხ ნახევარწრეში მოგვიანო ხანაში გადაწერილი მახარებელთა სიმბოლოებია: მახარებელთა შორის ექვსფრთედებია. შემდეგ რეგისტრში, გუმბათის ყელის ზედა ნაწილში, გამოსახულია ანგელოზებით გარშემორტყმული კიბორიუმი. მხატვრობა შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი - უხეში.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 09 ნოე 2008, 11:26
კარგად გათლილი კვადრებით მოპირკეთებული ფასადები საერთო კომპოზიციითაც და გაფორმებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აღმ-ის ფასადის სიბრტყიდან ტაძრის საკურთხევლის სამწხნაგა და დარბაზული ეკლესიის აფსიდები მკვეთრადაა გამოწეული. აფსიდები გადახურულია ორფერდა სახურავით. ტაძრის აღმ. მკლავის სარკმლის (საკურთხევლის ზემოთ) ჩუქურთმიანი საპირე გვიანდელია.
სამხრ-ის ფასადი, რ-იც მისასვლელი გზის მხარესაა, მეტადაა მორთული. ტაძრის სამხრ-ის მკლავისა და აღმ. კედლის ნახევარს ეფარება კარიბჭე და დარბაზული ეკლესია, რ-ებიც ერთიანი ცალფერდა სახურავითაა გადახურული. გუმბათიანი ტაძრის მშენებელს მთლიანად გამოუყენებია ბაზილიკის სამხრ. კედლის გადარჩენილი ნაწილი (იგი მკვეთრად გამოიყოფა როგორც წყობით, ისე გაფორმებით).
სამხრ. მკლავის შუა მონაკვეთში ჩანს სიბრტყიდან მძლავრად ამოწეული პილასტრი, რ-საც პროფილირებული განიერი სარტყელი აქვს. პილასტრი ეშვება კარიბჭეში მოქცეულ კედლის ძირამდე და იქ სამსაფეხურიან ცოკოლს ეყრდნობა. ფასადზე, პილასტრის ორივე მხარეს თაღოვანი სარკმლებია, რ-ებსაც ორნამენტიანი სათაური აქვთ.
სამხრ-ის მკლავის შუა ზედა არეში პროფილირებულსაპირიანი და სათაურიანი მაღალი სარკმელია გაჭრილი, ფასადის სამხრ.-დას. მონაკვეთში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი და სრულოად სადა კარიბჭის მაღალი, განიერი შესასვლელი დასრულებულია ორსაფეხურიანი თაღით. დარბაზულ ეკლესიას ამ მხარეს ორი მაღალი, სრულიად სადა თაღოვანი სარკმელი აქვს, კარიბჭის დას-ით, ფასადზე კედლის თაღოვანი არეა შექმნილი. სამხრ. კარიბჭის სახურავი ნაწილობრივ ფარავს ბაზილიკის დროინდელი ორი სარკმლის ქვედა მონაკვეთს. კარიბჭის შიგნით, პილასტრის მარჯვნივ, სწორკუთხა შეღრმავებაა. აქ პილასტრის წინაპირი მორთულია ფართო რომბისებრი ორნამენტული მოტივებით.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 09 ნოე 2008, 11:30
დას. ფასადზე ტაძარს კარიბჭე და სათავსო აქვს მიშენებული. ისინი ორფერდა სახურავითაა გადახურული. დას. მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია, კარიბჭის შესასვლელი მართკუთხაა.
ჩრდ. ფასადის დას. მონაკვეთში მცირე ზომის თაღოვანი შესასვლელია. მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია, ქვემოთ ორნამენტიანი საძირეებით მორთულო სამი სარკმელი. ამ ფასადის ჩრდ-ით შემორჩენილია ფასადის პარალელური ძვ. კედლის ნაწილი. ჩრდ. ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს სამსაფეხურიანი ცოკოლი.
ტაძრის გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. სარკმლებს სადა, კედლის სიბრტყეში ჩაწეული საპირეები აქვს. გუმბათის ყელს საფუძველთან და სარკმლებს ზემოთ ორ-ორი ლილვი შემოუყვება. ტაძრის მკლავები ფრონტონებითაა დასრულებული. ფასადებს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი გასდევს.
წილკნის ტაძრის ინტერიერისა და ფასადების ორნამენტები მეტისმეტად განსხვავებულია, რადგან ყოველი გადაკეთებისა და აღდგენის დროს ტაძარს დროის შესაფერისი ჩუქურთმებით ამკობდნენ. დღეს ტაძარზე შემორჩენილია როგორც ადრეულო ხანის (IV-VI სს.), ისე განვით. და გვიანდ. ფეოდ. ხანის ორნამენტით მორთული ნაწილები და ცალკეული ფრაგმენტები.
ყოველი მომდევნო გადაკეთებისას მშენებლები ცდილობდნენ ორგანულად შეეთანხმებინათ ერთმანეთისათვის უკვე არსებულ ნაგებობათა მთელი კომპოზიციები ან გადარჩენილი ცალკეული ნაწილები. ასე იქნა ჩართული დარბაზული ეკლესია ბაზილიკაში (იგი ალბათ ცალკე ეგვტერის ან სამლოცველოს ფუნქციას ასრულებდა), ბოლო ორივე ახლად აგებული კარიბჭეებითურთ - გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურაში. ამასთან, წინა დროის ნაგებობათა ზოგიერთი ნაწილი უცვლელად არის დატოვებული მთელი თავისი გაფორმებით (დარბაზული ეკლესია: ბაზილიკის საკურთხეველი სატრიუმფო თაღითა და პილასტრებით, დას-ის პილასტრები, სამხრ. კედელი)- პროფილირებული და ორნამენტიანო ქვები გამოყენებულია ახალი ნაგებობის მოსართავად ანდა საშენ მასალად.
ტაძრის მორთულობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ბაზილიკოსდროინდელო ორნამენტები, რ-თა შორის გვხვდება სრულიად უნიკალური და თავისებური მოტივები. ამ ორნამენტებს ბევრი რამ საერთო აქვთ სასანური ხელოვნების ტრადიციებთან, მაგრამ აშკარად ქართ. ნიადაგზეა გააზრებული და შესრულებული.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 09 ნოე 2008, 11:35
წილკნის ტაძარი უაღრესად საინტერესო ძ-ია, რ-საც ნათლად ატყვია ქართ. ხუროთმოძღვრების მიერ განვლილი სხვადასხვა ეტაპის დამახასიათებელი ნიშნები.
(ბ) გალავანი (58 x 72 მ), რ-იც შემოვლებული აქვს ღვთისმშობლის ტაძარს, გეგმარების, არქიტ. ფორმებისა და ელემენტების მიხედვით აგებული უნდა იყოს XVIII ს-ის II ნახ-ში. ამ გალავნის გარეთ, ჩრდ-ით და დას-ით, შემორჩენილია უფრო ძვ. გალავნის ნაშთები.
გალავნის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობაში ზოგან ჩართულია აგური და ტაძრის ორნამენტიანი ქვები. კედლები კირქვის ხსნარით ყოფილა მობათქაშებული.
შესასვლელი სამხრ-დანაა, მას აგურის თაღი აქვს. 1967-68 წწ. აღადგინეს შესასვლელი, გალავნის ჩრდ. კედლის უმეტესი ნაწილი, კედლების ზემოთა მონაკვეთები და ქონგურები კოშკებზე. გალავნის აღმ-ისა და დას-ის კედლები ორიარუსიანია. ცალმაგი, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული სათოფურები მხოლოდ აღმ-ისა და სამხრ-ის კედლებშია შემორჩენილი. სამხრ-ის კედელში შემორჩენილია აგრეთვე საბრძოლო ბილიკის ხის კოჭების ჩასამაგრებელო ფოსოები.
გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. სამხრ, დას-ის კოშკი სამსართულიანი ყოფილა, დანარჩენები ორსართულიანი. კოშკებში შესასვლელები ეზოს მხრიდანაა.
ყოველ სართულზეა ნიშები, სათოფურები და ბუხარი. სამხრ.-აღმის კოშკს გალავნის შესასვლელისაკენ მიმართული საზარბაზნეც აქვს. ამ კოშკის შესასვლელზე XIX ს-ში აგურის ექვსმალიანი სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ. ჩრდ.-დას-ის კოშკზე შემორჩენილია სალოდეებიც.
ტაძრის ეზოში ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. ბოხოჩაძე) გათხარა კერამიკული ფილებით შედგენილი გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხი
-
Bivrili
- მაწანწალა
- Posts: 992
- Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
- Location: სახატეთი...
Post
by Bivrili » 10 ნოე 2008, 22:13
ისე წილკნელის საფლავი....

მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
-
Bivrili
- მაწანწალა
- Posts: 992
- Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
- Location: სახატეთი...
Post
by Bivrili » 10 ნოე 2008, 22:25
წარწერა საფლავზე: წმიდა ისე წილკნელი
მგონი სწორად ამოვიკითხე....

მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
-
Bivrili
- მაწანწალა
- Posts: 992
- Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
- Location: სახატეთი...
Post
by Bivrili » 10 ნოე 2008, 22:28
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 11 ნოე 2008, 08:48
ისეთი ეზო იყო -
ბალახზე სულ გორაობის ხასიათზე დავდექით
