Post
by kotetbeli » 07 სექ 2008, 23:51
IX
არაზღაპრული ზღაპარი
(არაიუმორისტული ბლოკბასტერი დრამისებრთა ოჯახისა...)
(დევის) IX (მეხიც ცხრავეზე დასცემია) თავი
იდგა და არა იდგა რა, კარვის გარდა რა იდგმებოდა, იდგა ბევრი კარავი...
ის იყო, მზეთუნახავმა ნაცარქექია კოცნის პირას მიიყვანა, რომ ბაყბაყ დევის როხროხი გაისმა – ყველამ თავის ნაცარს მიხედოსო და ვერავინ ვერაფერი მოასწრო...
ბოლო კარავში ვერმიცანას ეძინა.
- რაც მე ვარ, 10 იმდენი წონა კიდევ ზემოდან მაწევს – უთხრა ნაცარქექიამ ბაყბაყ დევს და დაეჭვებულმა იმით, თუ რამდენად სწორად ახსოვდა ეს ფრაზა თავისი როლიდან, თავი მოიქექა.
- თავი არ დაგეკარგოს, ბიჭი – ჩაიხრინწხითხითა ბაყბაყ დევმა და კარვებს შორის შემოვიდა – მახსოვს, სადგისი, ყველის გაწურვა და რამე... ისე, ბოლო გამოცემაზე ძალიან უშნოდ ვეხატეთ ორივე... არაყი გაქვთ?
- არ ვსვამთ... - ბოლო კარვიდან ცალყბად გამოსძახა ვერმიცნამ და პატარაზე დარჩენილი კარვის ღია უბეც ბოლომდე შეკრა.
- რას გამირბიხართ თქვე კაი ხალხო, რით ვერ მიმეჩვიეთ? – მოწყენით ჩაიბუტბუტა ბაყბაყ დევმა და მეცხრე თავი დანანებით გააქნია.
სიჩუმე ჩამოვარდა და სიჩუმის ჩამოვარდნის ხმაზე ყველა შეხტა.
- ყველანი აქ ხართ ისევ? - იკითხა დევმა.
- კი, - გვერდზე მიაგდო მშვილდისარი ირმისამ და დევის პირდაპირ დაჯდა – რა იყო, მოგენატრეთ?
- ის მშვენიერი ქალწული ვინაა?
- ეთერია, ამირანის საცოლე.
- თვითონ ამირანი?
- ამირანი არ ჩანს.
დევს აშკარად არ გახარებია. წამოდგა, გვერდით მიუჯდა ირმისას და ჯოხით ქვიშის ჩიჩქნა დაიწყო ნერვულად, თითქოს ერთ-ერთი თავი შიგ ჩაუვარდა და ეძებსო.
- ახლა ხვდები, რატომ ვჩიჩქნიდი ნაცარს? – უთხრა ნაცარქექიამ.
- რატომ?
- ნაკვერჩხალს ვეძებდი.
ჩიტი ღობეს შემოჯდა, – ნეტაი, შენაო, – გახედა თევზს, – ცურვა იციო.
- გაღმა ახალი ქალაქი აშენდა, გაიგებდით – ფრთხილად წამოიწყო ბაყბაყ დევმა და ნაცარქექიას გახედა - რატომ აღარ ჩანხართ, სად ხართ დაკარგულები?
- ვინ გვკითხულობს რო?.. - გამოსძახა კვლავ ვერმიცანამ.
- ვიცით მაგ ქალაქის შესახებ, - დაუდასტურა ნაცარქექიამ დევს - მთელი სოფლებიდან გაიწვიეს ხალხი და იმ ქალაქში ჩაასახლეს თურმე. კიდევ რას ამბობენ?
- ვიღაც დევი ჰყავთ, ის მართავს მთელ ქალაქს, არც დიდია და არც საშიში. ხალხს თვითონ უთხოვია – გეხვეწები, შენი გვეშინოდესო და ამანაც თურმე –უუუუუუუ-ო... გარშემო ხალხური ზღაპრების გმირები ყავს და მთელ ქალაქს აწიოკებენ, ხალხს გონია, რომ თქვენ გახდით ასეთები და უკვე ეჯავრებით კიდეც.
- მოიცა, ეგ როგორ? – კარვიდან გამოვიდა უცბათ ვერმიცანა და ღობეზე ჩამომჯდარი ჩიტი შიშისგან გულაფანცქალებული აფრინდა.
- როგორც და ხალხში დადის რამდენიმე კაცი, თავს ნაცარქექიას, ხუთკუნჭულას, ირმისას და სხვათა სახელებს უწოდებენ, თაღლითობენ, ცემენ და ძარცვამენ ხალხს. ვიღაც ქალიც ჰყავთ – ეთერიაო, ამირანის საცოლეო, იმ ქალს სულ გაურყვნია იქაურები. თვითონ ამირანი მოკვდაო, ასე ამბობენ და ყოველ საღამოს ამირანის სახსოვრად თითო საგმირო ზღაპარს ჰყვებიან სახალხოდ ის ვითომ ნაცარქექია, ირმისა, ხუთკუნჭულა...
- მერე ჩვენთან რას ჩივიხარ ამხელა კაცი კი არა და, დევი? – შეაწყვეტინა ვერმიცანამ – მარტო ვერ მოერიე? _ ის ხალხი, ვის ბედზეც ახლა შენ სწუხხარ, უფრო ძლიერი გაიზრდებოდა, შენ რომ თავის დროზე წყაროებს არ დაპატრონებოდი...
- ეეხ, - ამოიოხრა დევმა – ახლანდელი დევები სხვანაირები ყოფილან...
- როგორები, ცხრანახევარ თავიანები?
- ძველი დევები წყაროებს ეპატრონებოდნენ, ახლანდელი დევები - ადამიანთა ფსიქოლოგიას.
- შეხედეთ, ამირანი მოდის! – მთელი ძალით დაიყვირა ირმისამ და ხელი გაიშვირა.
ყველა წამოხტა ფართხაფურთხით და ყველამ იქით გაიხადა, საითაც ირმისა უთითებდა.
- კარგია, კარგი... ესე იგი, ჯერ კიდევ გჯერათ – ჩაიცინა ირმისამ და კარავში შევიდა.
- ხვალ ქალაქში მივდივართ – თქვა ვერმიცანამ, ახლა ყველამ დაიძინეთ.
- ყველა არ ჩააქრო, ფრონტალური განათება დატოვე – უთხრა რეჟისორმა ამირანას – სცენის გამნათებელს, - ანტრაქტზე ქვემოთ ჩამო, ბავშვების ხმაურს რა გაუძლებს აქ. ბიჭებმა კონიაკი მოიტანეს...
- ვიქნები რა, ნაბახუსევზე ვარ, აღარ მინდა შემიტრიალდეს – თქვა ამირანამ და მორიდებით მომღიმარმა დააბოყინა.
- აბა, ყველამ მათხოვრის ჯვალოები გადაიცვით და ქალაქში შევიდეთ – თქვა ვერმიცანამ და წინ წაუძღვა.
ერთი საათი უპრობლემოდ იარეს. ქალაქი ძალიან უშნო იყო, უფერული, უსიცოცხლო. ბოლოს ვიღაც იქაური წინ გადაუდგა და გააჩერა.
- ვინ ხართ?!
- ჩვენ მენაგვეები ვართ, შენ შემოგევლე – მიუგო ვერმიცანამ – ისე, მწვანილოლოგიური მაქვს დამთავრებული, ესენი ჩემი თანამენაგვეები არიან.
- ფუ! (სცენარის ამ მომენტთან დაკავშირებით, რეჟისორის სამთელთეატრო გამოკითხვამ – გაეცინებოდათ თუ არა ბავშვებს, გაამართლა და ერთმა ბავშვმა ძალიან მოკლედ გაიცინა, ან შეიძლება ითქვას - დააცემინა) მე გახლავართ... თვით უზეაღმადიადესი და უკეთილსინდისნამუსმაღალფარდოვნება დევის ახლო მეზობლის ქვისლის თანამშრომლის ბიძაშვილის ბაღის ამხანაგი!
- ოოოო, როგორ გაიხარებს ჩემი მწვანილი ან ქალაქში, ოდეს თვით უზეაღმადიადესი დევის ამონასუნთნახშირორჟანგული ჰაერი დაუბერავს მათ... დაგვრთეთ ნება, დავრჩეთ აქ...
- ეს ამხელა ვინაა? –ეჭვით შეათვალიერა ბაყბაყ დევი იმ ქალაქის მკვიდრმა.
- ეს ჩვენი ნაგვის ყუთია.
- ეგ როგორ?
- როგორ და აი, რასაც ვაგროვებთ, ეს ჭამს და აქრობს... ყოველ შემთხვევაში, ადრე მასე იყო. დავრჩეთ?
- ეეე... დარჩით.
- და ხომ ვერ გვეტყვით, საითაა დევის სასახლე? – ჰკითხა ახლა ირმისამ.
- იქითაა – გზა უჩვენა იმ ვიღაც მოქალაქემ და კერპთაყვანისმცემლის სახის იმ ნაწილით, სადაც პირია, ნერწყვი ჩაყლაპა – ფრთხილად მიდით, გთხოვთ, სიმყუდროვეს ნუ დაურღვევთ, კაკლის ძირას ძინავს ხოლმე გაუნძრევლად.
- უი, აქამდე არავის შეუნძრევია? – დაინტერესდა ახლა ნაცარქექია.
- რას კადრულობთ? ახლავე...
- სანამ აღმიშფოთებიხარ დაგაზე ეხლა აქედან, ოე! – ზრდილობიანად მიუგო ვერმიცანამ, თავისიანებს ნიშანი მისცა და დევისკენ გასწიეს. მივიდნენ და მიიხედ-მოიხედეს.
- აბა, დევი?
- ვაჰ, სადაა?
- მე ვარ დევი, რა გინდათ? – ჰამაკიდან ამოყო თავი ვიღაც პატარა კაცმა.
- შენ არა, დევი გვინდა, დევი – დაუყვავა ნაცარქექიამ.
- მე ვარ! რას კადრულობთ?! მე დევი ვარ! გაიმეორეთ ყველამ ახლავე – დეეევიიიი, დეეეევიიიი... აბა, ჩემთან ერთად გაიმეორეთ ყველამ: ,,შენ ხარ დევი!” ,,შენ დევი ხარ” ,, ჩვენ შენი გვეშინია”, გაიმეორეთ!..
- რა დევი, შენ ჩემთვის დევი არა ხარ – მობეზრებით უთხრა ვერმიცანამ და იქვე ბალახზე წამოგორდა – მე შენ დევობას არა ვცნობ... არც ესენი.
დევი შოკში ჩავარდა, დაუწყო ძახილი თავის ამალას:
- ჰეეი, ნაცარქექიავ, ირმისა, ხუთკუნჭულა! მოდით აქ ჩქარა, ეს ვიგინდარები გარეკეთ!
- ყველანი უკვე აქ ვართ – მშვიდად მიუგო ვერმიცანამ – ვიღას ეძახი?
ამის გაგონება იყო და დევი კანკალმა აიტანა, სათითაოდ აათვალ-ჩაათვალიერა თითოეული და თავქუდმოგლეჯილი გაეცალა იქაურობას.
ადგნენ ეს ჩვენი ზღაპრის გმირები და აკეცეს კარვები – აბა, ისევ ჩვენს ადგილას დავბრუნდეთო – თქვეს და ნაცარქექიამ, ხუთკუნჭულამ, ირმისამ და სხვებმა ერთი მიმართულებით გასწიეს, ვერმიცანა სხვა მხარეს წავიდა...
ყველანი გაკვირვებულები შემოტრიალდნენ და თვალი გააყოლეს.
- ვერმიცანა, სად მიდიხარ?
- უკან, იალბუზზე...
- მორჩა უკვე, დაასხი, დაასხი, ნუ გენანება, ხვალ ორშაბათია, ვისვენებთ.
- უუფ, ისე ხო...
- კაცო, ეს ჩვენი ამირანა დავპატიჟე კონიაკზე ანტრაქტის დროს და არაო, ვერ დავლევო.
- ჰო, მაგან იმდღეს გვითხრა, მორჩა, აღარა ვსვამო.
- ჰოო?
- ჰო, რამდენჯერაც დალია და გაძღა, იმდენჯერ დაეძინა, ხალხი კითხულობს ხოლმე მერე...
- ვაა.
- მაშ...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...