ანძებთან რომ მივედით, ზემოთ კაი დიდი ბილიკი მიდიოდა, სამანქანო გზას მივამსგავსე და მე და ლამა დასაზვერად წავედით.
სამანქანო გზა კი არ იყო, მაგრამ ეტყობოდა რომ კაი ხნის გაკვალული იყო და ბევრი ხალხი იყო ზედ ნასიარულები.
რამდენიმე ათეული მეტრი რომ გავიარეთ გზამ ოდნავ შეუხვია მარჯვნივ.
ლამამ თქვა, მარჯვნივ თუ უხვევს, ე.ი. ის გზაა მენახირემ რომ გვითხრაო.
მაინც არ გავჩერებულვართ, გავაგრძელეთ კიდევ აღმართებში გზა, რომელიც სულ უფრო და უფრო მარჯვნივ უხვევდა.
უკვე დაბნელება დაიწყო და მე სასწრაფოდ ქვემოთ ჩავბრუნდი, რომ სხვები ამომეყვანა.
ნეტა რისი ბუდეა
ჩავდიოდი და ვყვიროდი, იქნებ გავაგონო-თქო, რა ამოივლიდა ამ გზას ისევ ახლიდან

.
სამწუხაროდ დიდი ხმა არ მომცა ღმერთმა და ყვირილი არ შემიძლია.
სტვენა ხო საერთოდ.
მივდიოდი ქვემოთ და გავყვიროდი, როგორც შემეძლო.
კაი ბლომად ჩავიარე და ბაცილას ლაპარაკი გავიგე, ლამამ და ინტელამ გზა იპოვეს და ავიდეთო (თურმე ხუმრობდა). გამიხარდა, გაიგესო და დავდექი, დაველოდები-თქო.
შენც არ მომიკვდე, ადგილიდან არ იძვროდნენ.
ვიძახე კიდე და ვერ გავაგონე. არადა კარგად გავიგე მე ბაცილას ლაპარაკი.
ჩავედი ისევ ქვემოთ, როგორც იქნა გავაგონე და წამოვიდნენ.
უკვე საკმაოდ დაბნელებული იყო, სახეებს ვერ გაარჩევდი.
ზვიომ კომენდანტობა ითავა, მწკრივში ჩაგვაყენა და თავად ჩამკეტად დაგვიდგა.
პირველი მე მივდიოდი და მომყვებოდნენ.
მთელი ეს საღამო ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული, ფანარი რომ არ წამოვიღე

.
მალე ლამას ძახილიც გავიგეთ, შევგროვდით და გზას გავუყევით.
უკვე სრულიად დაბნელებული იყო. ფეხქვეშ გზას კი ვხედავდით, მაგრამ ძნელი იყო მაინც, თან დაღლილები, ნატკენი ფეხებით.
ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ არ ვიცოდით სად მივდიოდით.
არა კი ვიცოდით, რომ აქეთ უნდა ამოგვეხვია, მაგრამ რამდენი ხანი და საით მოგვიწევდა ბოდიალი, ეგ გაურკვეველი იყო.
უცებ წინ შუქები დავინახე და გამიხარდა. რაღაც სოფელი იქნებოდა და იქ მოგვაკითხავდა ჩვენი მიკროავტობუსი.
თურმე სულ ტყულად მიხაროდა... ეს სოფელი კაი შორს იყო

.
მალე გზა ორად გაიყო. ჩემდა გასაკვირად არჩილის GPS-მა ცუდი გზა აირჩია (მე რომელიც მომეწონა, უფრო გატკეპნილი და ფართო იყო).
ეს გზა მარჯვნივ მიდიოდა და წესით აქეთაც უნდა წავსულიყავით.
მალე წყნეთი გამოჩნდა. ორიენტირი რომ დავინახეთ, იმდენად აღარ ვნერვიულობდით.
თბილისიც გვეჭყანებოდა ხანდახან.
ასე ვიარეთ დაახლოებით საათნახევარი.
ხან გავიფანტებოდით, ხან შევქუჩდებოდით.
ზვიო აკონტროლებდა ჩვენს რიგს

.
ზემოთ, ჩვენგან ორასიოდე მეტრში მოძრავი შუქი დავინახე.
აშკარად ეტყობოდა, რომ მანქანა იყო და ტრასაზე მოძრაობდა.
ეს უკვე სამშვიდობოს გასვლას ნიშნავდა

.
ერთ ვიწრო ხევში ჩავედით, ამოვედით და ბოლო აღმართი გვქონდა დარჩენილი (მერე მივხვდით, რომ ბოლო იყო).
ავიარეთ და გვეგონა ნაგავსაყრელზე მოვხვდით. სინამდვილეში ტრასა ყოფილა და მის გვერდით ეყარა ნაგავი

.