Post
by bela » 02 სექ 2008, 02:23
ვარდანისძე
ლენჯერიდან ლატალამდე 7 კილომეტრია.
კი გაგაფრთხილეთ, მანძილი არ ზომოთ და ნურც საათს დახედავთ-მეთქი, მაგრამ როცა ხელში ყველას მობილური ტელეფონი უჭირავს, ამის თავიდან აცილება ცოტა მოუხერხებელია.
იმ დღეს სახლიდან ძლივს გამოვეტიეთ. ხან რამ შეგვაყოვნა და ხან რამ და ამასობაში ისე ჩამოცხა, აი, მთებში რომ იცის ხოლმე.
ჩვენ კიდევ, შემწედ და დამხმარედ არც ჯოჯო გვყავდა და არც ჯოჯოს ძმა თავისი `უაზით~, ჯანდაბას, სადაც წაგვიყვანდა, წავეყვანეთ!
და ლენჯერისკენ თუ გაგვიმართლა და სასწრაფო დახმარების მანქანამ გაგვიჩერა, ახლა ლატალისკენ იმ შუაგულ მზეში მივაბიჯებდით და წარამარა მობილურებზეც ვიხედებოდით.
ვითიბის მზის საწინააღმდეგო კრემი ჰქონდა წამოღებული, ვისვამდით და ვამბობდით, `ზაგარს~ მაინც მივიღებთო, მაგრამ თანდათან ჩანდა, რომ ვეღარ ვქაჩავდით, რა...
ლენჯერიდან ლატალამდე მშვენიერი ტრასაა. დაადექი და იარეეე. რა ტყე და მგლები, რისი უნდა შეგეშინდეს! რაის ბილიკები და ჩრდილები! აგერ შენ და აგერ შენი მზე! ზუსტად ისე, გლეხი კაცი რომ დაფიცებს: მე და ჩემმა მზემაო...
მოკლედ, ჯგუფი გაიფანტა. აღარც ოუშენი იყო იქ, აღარც ამირანი და ბადრი-უსუპი-სეფედავლე-ჯნოსი-ლამა-მროჩაძე-მონადირე-სერგიკუნა-ამეთვისტოს ამბავს ხომ საერთოდ, ვერ გაიგებდი...
ჰოდა, ის იყო ვითიბის გზიდან უნდა გადაეხვია, რომ ქალთა ფაქიზ სმენას ავტომანქანის ხმა მისწვდა და მინიბუსი ვის უკვირს სვანეთში, მაგრამ ის თეთრი მინიბუსი, თანაც ცარიელი, თანაც სავარძლების გარეშე, ნატავ საიდან მოდიოდა, ან საით მიდიოდა?
და ვინმეს აინტერესებდა?
სამეგიეროდ, აქაოდა მძღოლი მეგრელიაო, თანაც ვსხედვართო, მერე რა რომ გაურკვეველ საგნებზეო, `თამარიონმა~ ყელი ჩაიწმინდა და კვლავ ამღერდა. ჰოდა, რადგან მეგრული სიმღერების რეპერტუარი მალე ამოეწურათ, ვითიბის გადახედეს და იმანაც დაიწყო:
`წიინ წიინ წინანული, ყიზილბაშთა მართებული, კიკოლიკო ზალიკოოო, აბა ჩემო სიფიოოო, ჩემთან ახლოს მოდიო, მე მაინც არ მოგშორდები, დელა, გულში რომ მკრა თოფიო, გულში რომ მკრა თოფიო...
და იონა წინასწარმეტყველი სახელობის ეკლესიაც გამოჩნდა.
სამნავიანი დიდი ბაზილიკა.
იონა წინასწარმეტყველის სახელზე აგებული ტაძრებითაც არ ვართ განებივრებული არა?
მე ისევ ამირანის გველეშაპის მუცლიდან გამოსვლის ამბავს დავუკავშირე იონას გამოსვლა გველეშაპიდან...
ეს მხოლოდ დავუკავშირე.
არაფერი მითქვამს.
არ ვიცი.
ეს ეკლესია არ გვინახავს.
არ გაგვიხსნეს და მორჩა.
გასაღები არ იყო და მორჩა.
ასე გვითხრეს.
ჩვენც აღარ შევკამათებივართ.
აზრი არა აქვს.
სვანეთში კამათს აზრი არა აქვს.
რაც უნდათ, ისედაც გაძლევენ, უკამათოდ, უშურველად.
და მაცხვარიშისაკენ გავაგრძელეთ გზა.
სვანეთის სოფლებში ყველაზე მეტი ეკლესია ლატალშია, გვითხრეს, 63-აო
და ყველაზე მეტი სოფლებიც ლატალის თემშია.
სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია გზისპირასაა, შემაღლებულ ადგილზე.
ჰოდა, წინ პატარა მდელო აქვს.
ის პაპანაქება სიცხეც იქვე იყო.
ჩვენ კიდევ, მერე რააო და იმ გორაკზე პირდაპირ ავფრინდით.
მერე ეკლესიას გარს შემოვუფრინეთ და ისევ უკან ჩამოვფრინდით, იმიტომ რომ კარი დაკეტილი იყო, ლამას კიდევ, სიცხისგან ჰქონდა გონება გადაკეტილი, ჰოდა, გასაღების საძებრად კი არ წავიდა, იქვე მდელოზე წამოგორდა. ჩვენც, ცხვრებივით, აქაოდა ბალახიაო, მივბაძეთ...
არა, ბღავილი არ დაგვიწყია, `თამარიონს~ ვუსმენდით.
ოღონდ, იქ წოლას რამდენ ხანს ვაპირებდით, მაგაზე მგონი არც არავინ ფიქრობდა. მოგვშივდა და ვჭამეთ, მოგვწყურდა და წყაროც იქვე იყო. მეორე გორაკზე რომ პატრა ბაზილიკა იდგა, ისიც მოვინახულეთ, მეტი რაღა გვექნა? გასაღებს ველოდით, იქნებ ციდან ჩამოვარდნილიყო.
იუ, მართლა, იცით სად ვისხედით? იმ სახლის წინ, სოსო ჯაჭვლიანის ფილმის `სვანის~ ეპიზოდები რომაა გადაღებული. ჯნოსიმ სახლი იცნო, მე კი ორი წლის წინ გადაღებაზეც კი მოვხვდი აქ და სოსო ჯაჭვლიანს ინტერვიუც ჩამოვართვი დიდის ამბით... რა ვიცოდი, რას იღებდა!
ჰოდა, უკვე ძალიან რომ დავიღალეთ წოლით და გასაღები ციდან მაინც არ ჩამოვარდა, მაცხვარიშის ეკლესიას პატარა მინიბუსი მოადგა, მაიცდამანც მარკას ნუ მკითხავთ, მშვენიერი მინიბუსი იყო, ასევე მშვენიერი მგზავრებით. გადმოვიდნენ, ის გორაკი ჩვენსავით აიფრინეს, ეკლესიას გარს შემოუფრინეს, მაგრამ შესასვლელი რომ ვერ უპოვეს, ისევ უკან ჩამოფრინდნენ და იმ მინიბუსით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდნეეეენ...
კონტაქტში შესვლაზე არც გვიფიქრია, ისე ვიყავით, აი, სომნამბულს რომ ეძახიან... ერთი ის დავაფიქსირეთ, შორტიანმა უცხოელმა როგორ საგულდაგულოდ მიიბნია შარვლის ტოტები და მანქანიდან ისე გადმოვიდა. ჯნოსიმ თქვა ეგეც, შეხედეთ, რას აკეთებს, ეკლესიაში შორტით არ უნდა რომ შევიდესო. ჩვენც შევხედეთ. მეტის თავი ვის ჰქონდა რო...
ის მინიბუსი გაფრინდა და ის იყო, ოუშენის მეგობრები ოფიციალურად მოემზადნენ დასაძინებლად, რომ ორი ჯიპი მოგვადგა. ახლა რომ ვიხსენებ, შეიძლება სამიც იყო და მგონი ნივაც ერია. იქიდანც უცხოელები გადმოვიდნენ, მაგრამ მძღოლები აშკარად ქართველებს ჰგავდნენ და გიდის ფუნქციის შემსრულებელი გოგოც ქართველი რომ უნდა ყოფილიყო, ეს უკვე ნახევრადდახუჭული თვალების მიღმა ვიგრძენით.
მძღოლები ზარმაცად გადმოვიდნენ, ქართულად, ესე იგი, გიდი კი ენერგიულად დატრილდა, ჯერ სადღაც გადარეკა, და რომ დაადგინა, ერთი ჯგუფი 15 წუთის წინ წასულიყო აქედან, დიდად შეიცხადა, მაგათ მარშრუტში ეკლესიის ნახვა და სადილი ეწერათო. ტელეფონის იქიდან, როგორც ჩანდა, ორივე ქვეპუნქტს აპროტესტებდნენ და გოგო ისე განერვიულდა, თითქოს თვითონ დარჩა უსადილო და სანთელდაუნთები. ის მინიბუსი კი ვერ მოაბრუნა, მაგრამ დანარჩენები ხომ აქ ჰყავდნენ? სანთელსაც დაანთებინებდა და იმისთანას ასადილებდა კიდეც, რომ? სულ კუბდარ-ხაჭაპურებით! ჰოდა, ისევ სადღაც გადარეკა და ორიოდე წუთში გასაღები მართლა ციდან არ ჩამოაგდო?
ბიჭო, ჩვენ რა შვიშტოკები ვართოოოო, გაოგნდა ჯნოსი ამ შუშპარა გოგოს შემყურე, გასაღები აქვე არ ყოფილაო?
ჰოდა, ვიდრე გასაღებიანი სვანი იმ უცხოელებს მე-11 საუკუნის ხატებისა და ფრეკების ისტორიებს უყვებოდა, `თამარიონი~ ომახიანად გალობდა `ქრისტე აღსდგაო~.
ჰო, მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია ის ეკლესიაა, დემეტრე პირველის მეფედკურთხევის სცენა რომ არის გამოსახული, სადაც მას სამეფო ხმალს არტყამს სვანეთის მთავარი ვარდანისძე...
და არ მითხრათ, ლატალიდან სახლში როგორ დავბრუნდით, იმიტომ რომ მზე თვალით აღარ ჩანდა, ის გრძელი ტრასა კიდევ უფრო დაგრძელებული იყო, მანძილისა და დროის შეგრძნება საერთოდ გამქრალი და ფეხების მოძრაობას სიარული კი აღარ ერქვა, რეფლექსურად ვადგამდით, არც სასწრაფო დახმარების მანქანა შეგვხვედრია და არც მეგრელმძღოლიანი, უსკამებო მინიბუსი. უკვე მესტიაში შევდიოდით, რაღაც მანქანა რომ წამოგვეწია. ვერც გავარჩიე რა იყო, ან პირველმა ვინ შენიშნა, ან ვინ გააჩერებინა, ან მძღოლმა რატომ გაგვიჩერა, თითქმის უკვე მესტიაში ვიყავით და...