გავაგრძელებ. მაგრამ თიკოს მაინც ვერ ვეწევი

ჯერ კიდევ ქაიმაგლეს მიწისქვეშა ქალაქში ვარ
თიკომ ამ ქალაქზე ისაუბრა, მაგრამ მარიკუნა რომ კინაღამ გაგვეჭედა ციცქნა გვირაბებში, ამაზე არ დაუწერია. მედალი ეკუთვნის გოგოს, ისეთ ხვრელებში იძრომიალა კოკოსაც კი უჭირდა გაძრომა. სულ ჩაცუცქული მოფოფხავდა. ხუმრობით ერთი თქვა, "ახლა მივსვდი, როგორი ყოფილა ჯოჯოხეთიო" ეს რომ ტრულალამ გაიგო დაამატა, "ეს თუ ჯოჯოხეთია, მაშინ ცოდვები უნდა ჩავიდინო, რომ აქ გამამწესონო"-აი ასე მოეწონა ტრულის იქაურობა.

ჩვენი გმირი გოგო
შემდეგ ილჰარასკენ გავემართეთ, მაგრამ საათნახევარი მოვუნდით გზას და, სამწუხაროდ, დაკეტილი დაგვხვდა

მხოლოდ ზემოდან გადავუღეთ სურათები ხეობას. ყველას გვეწყინა, მაგრამ ტრულალამ ლამის დაგვცოფა, "აი ასეა, შოპინგებს და სუვენირებს რომ გადაყევითო

", ძლივს შემოვირიგეთ. მართალია, საბოლოო შერიგება მხოლოდ სუმელას მონახულებისას მოხდა, როცა იქაურობით აღფრთოვანებული ლამის მუხლებზე დაემხო იდეების ავტორების წინაშე

მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
ორიოდე სიტყვით ილჰარას შესახებ:
ილჰარას ველი გამორჩეულია თავისი ლანშაფტური მშვენებით, გაპობილ კლდეებში ჩაკარგული მწვანით მოსილი ტყიანი ბილიკებით. გარდა ამისა აქ არის რამდენიმე საინტერესო, ქვაში ნაკვეთი ეკლესია. მათ შორის გამოირჩევა სელიმის მონასტერი, რომელიც ქრისტიანი ბერების მიერ მე-13 საუკუნეში იყო კლდეში გამოკვეთილი. მონასტერი გაგაოცებთ თავისი მასშტაბურობით, როგორ მოახერხეს ბერებმა, გამოეკვეთათ ამხელა კომპლექსი შთამბეჭდავი დეტალებით?! დიდი პალატები ქვაში ნაკვეთ სვეტებზე დგას. აქ ნახავთ ბერების კელიებს, დიდ სატრაპეზოს და საჯინიბოსაც კი ჯორებისათვის. კედლები თავის დროზე ფრესკებით ყოფილა შემკული, მაგრამ ახლა მხოლოდ მათი მქრქალი ანაბეჭდია შემორჩენილი, ისიც საშინლად დაკაწრული
