ხევსურეთი, არხოტის თემი
(ალექსი ოჩიაური, “ქართული ხალხური დღეობების კალენდარი”)
გთავაზობთ შემოკლებულ და light-ვერსიას
ხვნა იწყება გაზაფხულზე, დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში, სახატო მამულის, ეგრედ წოდებული, “ჯვარის ყანის” მოხვნით. ხვნას შაბათ დღეს იწყებენ. პარასკევს ხუცესი ავა მაღალ ბანზე, საიდანაც მთელი სოფელი მოჩანს და ყველას მოიწვევს სახნავად შემდეგ დღეს.
თუკი სოფელში ვინმე არის ცუდად, ხუცესი მოჰყვება სიზმარს, ვითომ, ის კაცი, რომელიც ავადაა, წყალში იყო ჩავარდნილი და ხუცესმა ამოიყვანა, ან ტალახში დადიოდა, ან ვინმე მოკვლას უპირებდა და ხუცესმა გადაარჩინა... ამ მოყოლილ სიზმარს (რომელიც ავადმყოფის ან მისი ოჯახის ყურამდე აუცილებლად მიაღწევს), ისეთ მნიშვნელობას მისცემს, რომ ავადმყოფის პატრონმა სალოცავში საკლავი უნდა მიიყვანოს, რადგან მასზე ხატია გამწყრალი. ავადმყოფი ანმისი ოჯახის წევრები აუცილებლად შესწირავენ ხატს საკლავს და თუ არ ჰყავთ საქონელი, იშოვიან.
მეზღვნე ეწოდება მას, ვისაც საკლავი მიჰყავს შესაწირად.
ხევსურეთში შობის დღესასწაულს ეწოდება “ქრისტე”.
ძველი ხევსურები ვარსკვლავთმრიცხველობას ფლობდნენ და იცოდნენ, რომელიმე დღეობისას ვარსკვლავები სად როგორი განლაგებით უნდა ყოფილიყვნენ. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ კი, დღეობები ქრისტიანულ დღესასწაულებს დაუკავშირეს.
ზოგ დღეობაში ხევსურებს დროშა გარეთ გამოაქვთ, ზოგ დღეობაში-არა. დროშა შედგება სუფთად გათლილი, მეტრნახევარი სიგრძის სამი ჯოხისაგან. ორ ჯოხს ჩამოცმული აქვს ძველებური შუბები, მესამე ჯოხს- ვერცხლის ჯვარი და ზედ შებმულია პატარა ზარი. დროშის ტარზეა აგრეთვე შებმული ხალხისგან შეწირული და შებმული ჭრელ-ჭრელი “ბაღდადები”, ხელსახოცები. დროშა ძალიან წმინდად მიაჩნიათ და გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც ეს დავალებული აქვს, მას ხელს ვერავინ მოკიდებს. რიგით ხევსურს მხოლოდ მაშინ შეუძლია დროშისთვის ხელის მოკიდება, როდესაც საკლავს დაკლავს, მის სისხლს შუბლსა და გულზე წაისვამს და “განიწმინდება”.
საწულეობა
მესაწულე არის ის კაცი, რომელსაც ვაჟიშვილი შეეძინა. “წული” ქვია ახალშეძენილ ვაჟს. “ქრისტეს” (შობის) მეორე დღეს არის საწულეობა, ანუ ახალწულების დღეობა. გასული წლის საწულეობის შემდეგ, ვისაც ამ წელს ვაჟი შეეძინა, ერთად ადუღებენ ლუდს.
წელწადი
დასტურები “ქრისტე” დღეობიდანვე “ადუღებენ ქვაბებს”. ასე გრძელდება წელწადამდე. სულ ადუღებენ 6 ქვაბს.
რაც კი ოჯახში კარგი აქვთ, ყველაფერს წელწადისთვის ამზადებენ. იმარაგებენ თხილს, კაკალს, თაფლს, ხორცს, ერბოს და ა.შ. ქალები დღე და ღამე არ ისვენებენ და საწელწადოდ ახალ ტანისამოსს ქარგავენ და რთავენ როგორც თავისთვის, ისე ოჯახის სხვა წევრებისთვის. მიღებულია, რომ ახალ წელლს უნდა შეხვდნენ ახალი ტანისამოსით. ზოგი სახუმარო ნივთებს და აქსესუარებს აკეთებს: ბერიკების ნიღბებს, თავზე გასაკეთებელ თხის თავს და ა.შ. ავეჯი ან ნივთი თუ სადმე მეზობელთან აქვთ, აუცილებლად დაიბრუნებენ და სახლსაც ალაგებენ.
წელწადი რომ დადგება, ერთმანეთთან ოჯახში მივლენ შემდეგი სიტყვებით: “შამავდგი ფეხი, გწყალობდასთ ღმერთი, ჩემიმც კვალი კარზე დაგიხვდებისთ, წულიანი, პურიანი, სახელ-სარგებლიანი.”
წელწად დღეს ყველა ჯვარში (სალოცავში) რჯულის საქმე და სხვა საკითხები განიხილებოდა. ზოგ სოფელში ამ ტრადიციას ყრილობის სახეს აძლევდნენ, ზოგ სოფელში კი, მხოლოდ ერთ ქადაგს დასვამდნენ და მას უსმენდნენ.
მაგალითად, ქადაგს სვამდნენ ლიქოკში, გუდანში, როშკაში, ხახმატში, არხოტსა და შატილში. გუდანის ჯვარი მთელი ხევსურეთის საერთო საყრილობო იყო. გუდანი იყო აგრეთვე ცენტრი ხევსურთა რჯულისა, ლაშქრობისა და ა.შ.
ამბობენ, ერთგული ვიმე უნდა იყოს ოჯახში კვალის შემტანიო, ძაღლზე ერთგული პატრონს არავინ ჰყავსო და ამიტომ მისი კვალი ძალიან კარგიაო- ასე ფიქრობენ ხევსურნი.
წელწადის შემდეგ ხალხი კითხულობდა, თუ რა ითქვა გუდანის ჯვარში ქადაგისაგან ან “მბჭე-ხევისბერთაგან” (“მბჭე”- საქმის გამბჭობი; ”ხევისბერი”- ჯვარის მოსამსახურე, რომელიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდა ბჭობაში. მბჭე-ხევისბერში უბრალო კაცი ვერ შევიდოდა, თუ არ იყო სახელდამსახურებული როგორც ხალხთან, ისე ჯვარიონთან. ისინი ხევსურეთის ბედ-იღბალს მართავდნენ).
ბედისკვერა ეწოდება ახალი წლის ღამეს გამომცხვარ პატარა ხმიადს. ოჯახის დიასახლისი წელწადში ან წელწადღამეს გამოაცხობს ბედისკვერებს იმ რაოდენობით, რამდენი წევრიც არის ოჯახში, ან რამდენი ახლობელ-ნათესავიც ჰყავთ, რათა ბედისკვერა მიუტანონ წელწადის მისალოცად.
კოდები და სხვა ყველა ხელსაწყო თავისი აქვს ჯვარს. პურიც თავისი აქვს და იქვე, ჯვარში ინახება. რაც კი საუკეთესო მამულია, ისიც ჯვარის კუთვნილებაა, რადგან ხალხისგანაა შეწირული. ამ მამულებს ხალხი ამუშავებს და მოსავლის ნახევარს სალოცავს წირავს, ამიტომაც ჯვარში ყოველთვის საკმარისი მარაგი და ჭირნახულია. თუ ვინმეს ჯვართან ახლოს მამული ჰქონდა და ავად გახდებოდა, ან საქმე ცუდად წაუვიდოდა, იმ მამულიდან წამოიღებდა მიწას და საკლავთან ერთად რომელიმე დღეობაში ჯვარს შესწირავდა. ხევსურები ქისტებზე გამარჯვებისთვისაც შესწირავდნენ ხოლმე მამულებს.
ამგვარად, ყველა სოფელში ჯვარს საუკეთესო მამულები ეკუთვნის. ხალხს ზოგ სოფელში მამულები აღარ აქვს, გარდა სოფლიდან მოშორებული მიწებისა. მაგალითად, გუდანში მამულები სულ ჯვარს უჭირავს. ახიელში რაც სოფლის ახლოს მიწები იყო, რომლის განოყიერებაც შეიძლებოდა, სულ ჯვარს ეკუთვნის, ხალხი კი, მთა-კლდეში ხნავს.
თურმე, ძველი ხევსურები მხოლოდ ახლობელ და შინაურ ადამიანს კი არა, ზოგჯერ შორიდან მოსულ ადამიანსაც ნიშნავდნენ ჯვარის მამულების მეთვალყურედ, თითქმის მთელ ჭირნახულს და პურსაც კი, მათ აბარებდნენ. ერთ დროს, არხოტში ასეთ ადამიანებად ყოფილან ქისტები...
ქისტების ოჯახი დასახლებულა სოფ. ახიელისა და არხოტის ჯვარს შუა მდებარე მამულში, რომელსაც დღესაც საბეკურა ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები იყვნენ სამეურნეო ნაწილის მეთვალყურენი, ვალდებულნი იყვნენ ემუშავათ საჯვარო საქმეში, დაეცვათ ჭირნახული, მიხმარებოდნენ დასტურებს ლუდის დამზადებაში და ა.შ. ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ არხოტის ჯვარის წესებს და ხალხიც დიდ პატივს სცემდა მათ.
დრო რომ გასულა, ქისტებს (ორი ძმანი იყვნენ) თავიანთი ძველი ჩვეულება გამოუჩენიათ და ხევსურ გაგათ ჩაჩაურთან ერთად ქურდობა დაუწყიათ. თურმე, მოჰყავდათ მოპარული ცხენები ფშავიდან და მოხევეებიდან, ხევსურებისთვისაც კი დაუწყიათ ცხენების პარვა პირიქითში. ბოლოს, ახიელებს დაუთხოვიათ ქისტები- ჩვენ თქვენი საქციელი არ მოგვწონს და ჯობია, მშვიდობიანად დატოვოთ სოფელიო. ქისტებიც ისევ თავის მიწაზე-ქისტეთში გადასულან საცხოვრებლად, თუმცა, იქიდან ხშირად მოდიოდნენ თურმე ხევსურებთან, როდესაც რაიმე დღეობა იყო ან იქაურობა მოენატრებოდათ. ერთხელაც, ქისტებს და ჩაჩაურს მოსვლიათ უსიამოვნება ნაქურდალის განაწილებაზე და ქისტები დამუქრებიან, წელწადში ხევსურეთში მოსულან და გაგათ ჩაჩაური ხევსურთა თავშეყრის ადგილას, დარბასში მოუკლავთ. ხევსურებსაც აღარ დაუყოვნებიათ და იქვე მოუკლავთ ორივე ქისტი ძმა. მაშინვე უთქვამთ ხევსურებს- ჯვარი გამწყრალი იყო ჩაჩაურის და ქისტების უღირსი საქციელის გამო, სამივეს გონება აურია და ერთმანეთი დაახოცვინაო...
კუმეტი
წელწადის მეორე დილას თენდება “კუმეტი” (წელწადი ერთ კვირას გრძელდება). სოფელში დილიდანვე იწყება ერთმანეთის გადაპატიჟება, იშლება სუფრები, იმართება არყის სმა, მხიარულება და ცეკვა-თამაში. ხანდახან დაგრეხილ ჩალას ვინმეს დაახვევენ თავიდან ფეხებამდე, გამოაბამენ კუდს და დაადგამენ თხის თავს (ეს არის თხის თავიდან რქებიანად გადახდილი ტყავი, რომლისგანაც გაკეთებულია წვერებიანი ნიღაბი), მოაბამენ თოკს და წაიყვანენ ჯვარისკენ. ნიღბიან კაცს ერთი ვინმე დაუდგება პარტრონად, რომელსაც თოკით დაჰყავს და სახუმარო განკარგულებებს აძლევს. ქალებს მიაქვთ გარმონი, დაუკრავენ და ნიღბოსანს აცეკვებენ. იმხიარულებენ და მერე წავლენ ისეთ ოჯახში, სადაც ახალმოყვანილი რძალია, იქვე იყრის თავს “ახალუხალი” (ახალგაზრდებს ხევსურულად “ახალუხალი” ეწოდება).
კუმეტი საღამოდან იწყება ქურდობა... დასტურები თითოჯერ ყველა სახლში შეიპარებიან და იპარავენ თხილს, კაკალს, არრაყს, ფარ-ხმალს (თოფს არ იპარავენ). ოჯახშიც სპეციალურად ისე დგამენ ნივთებს, რომ დასტურებმა ადვილად იპოვონ. თუ რომელიმე ოჯახში დასტურები არ შეიპარნენ, ის ოჯახი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. ამავე დროს, ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ დასტურები დაიჭირონ, რადგან ეს კარგის ნიშანია იმ წლისთვის. თუ სახლში შეპარული რომელიმე დასტური დაიჭირეს, შეუწვავენ მწვადს, აქეიფებენ და სპეციალურად შენახულ ცხარე არაყს დაალევინებენ.
წინაშუადღე
წინაშუადღეს კვლავ გრძელდება ერთმანეთის გადაპატიჟება. დასტურები მიდიან სოფლებში ღალის მოსაკრეფად- არხოტის ჯვარის ყმები წელიწადში ერთ საწყავ ქერს აძლევენ ჯვარს და ამას ეწოდება “ღალა”. ყველამ თავისი მოსავლის ნაწილი აუცილებლად უნდა მისცეს ჯვარს.
ამ დღეს დასტურები სოფლიდან ვინმე ხნიერი ქალის მოტაცების ინსცენირებას აკეთებენ, უფრო ისეთ ქალს არჩევენ, ვინც გასათხოვარი დარჩა და ამ სოფელში დაბერდა (ასეთ ქალს სოფელი ძალიან დიდ პატივს სცემს, რადგან თავის სოფლიდან არ წასულა და იქ დაბერდა). დასტურები ხუმრობით ვინმე ხუცესის სახელს იტყვიან- იმის საცოლედ მიგვყავსო. ამასობაში ქალი ყვირის: მიშველეთ, მამულნო, ან არა და მე შემარტყით ხმალიო. დასტურებს წამოეწევიან სოფლის ახალგაზრდები, რომლებიც საბრძოლველად არიან აღჭურვილნი და სადმე გაშლილ ადგილზე გაიმართება ბრძოლის იმიტაცია. აქეთ-იქით ეცემიან ვითომ მკვდრები და დაჭრილები, შემდეგ გაგზავნიან ვინმეს და დაუძახებენ ექიმების როლის შემსრულებლებს, ისინიც მოდიან, იწყებენ “მკვდრების” გაცოცხლებას და “დაჭრილების” განკურნებას, როგორც ლუდით, ისე სხვადასხვა სახუმარო მითითებით.
ბოლოს, ყველანი ერთად იყრიან თავს და იმართება ლხინი.
იახსარი ქადაგის ენით ბევრჯერ გამოთქვამს საყვედურს თავისი ყმების მიმართ- მე ჩემ ყმათ არ ვსწამვარ და გამთელეს. მათ არ გონიათ, თუ მე ძალი და შეძლება მაქვსო. ძალი და შეძლება მაშინ მქონდა, როდესაც სამი წლის რემათ (სამი წლის ცხენებს) მიკლავდნენო.
მტერთან საბრძოლველად არხოტის ჯვარს ჰყავს მწევარნი, ხოლო იახსარს- გველისფერი (დიდი ვეშაპის მსგავსი არსება), რომელიც უხილავად ჩნდება სადაც საჭიროა, სადაც იახსარი გაგზავნის და ეხმარება მის ყმებს.
არის ასეთი თქმულება: თურმე, ერთმა კაცმა მოინდომა, რომ დარბასის (ადგილი, სადაც ხევსურები დღესასწაულობენ) კედლები ლამკირით გაელესა და შეუდგა ლესვას. მას ერქვა ტუშური. ამ დროს, ხმა მოესმა: ტუშურო, ნუ მცხებ კირსა, თორემ გაგცხებ ჭირსაო. სახეში სილა მოხვედრია უხილავად და იქვე მკვდარი დაცემულა. ამიტომ არის, რომ არსად არ არის გალესილი ჯვარში კედლები. ყოველთვის ანთებენ შუაცეცხლს, წვავენ ბევრ შეშას, მაგრამ მაინც დიდი სიცივე არის.
უკენაშუადღე
წინაშუადღის შემდეგ თენდება უკანაშუადღე.
წყალკურთხევა
შემდეგ თენდება წყალკურთხევა, ეს არის წელწადის ბოლო დღე. წელწადის უკანასკნელი მეთამაშენი ემზადებიან. ყველა იარაღს იღებს ხელში და ჯვარიონთ “დასალაშქრავად” მიდიან. ჯვარიონნი, ამ შემთხვევაში, დასტურები, ეუბნებიან მათ დასალაშქრავად მისულებს-ქონება წაგართვითო, გაგქურდეთო, თან თქვენ ქალებს ვკოცნიდითო და ა.შ. ახალგაზრდები იარაღით მიდიან ჯვარში და ჯვარიონთ უყვირიან: “აბა, თუ ვაჟები ხართ, ეხლა გამაედით კარში” და ამავე დროს, დაუწყებენ ათას სხვა სახუმარო რამის ძახილს. გამოვლენ მინდორზე და გაიმართება იმპროვიზებული ბრძოლა. აქეთ-იქით ვითომ მკვდრები და დაჭრილები დაეცემიან, მოვლენ ვითომ ექიმები და უწამლებენ ზოგს ლუდით, ზოგს-არყით... მერე ყველანი დარბასის კარში მიდიან და იმართება ლხინი.
აღება
ახიელში, არხოტის ჯვარში აღება დღეს აყენებენ (ირჩევენ) ახალ დასტურებს. აღება ყველა ჯვარში არ იციან, მხოლოდ არხოტის ჯვარში, ამღას იახსარში და პეტრეში. ახლადდანიშნული დასტური ამ დღიდანვე შეუდგება თავის საქმეს. პირველად გიორგობის დღეობას გაუძღვებიან, მანმადე კი, პირველი ხვნიდანვე თესლს თესავენ, ჯვარის ჭირნახულს უვლიან, მკიან, ლეწავენ და პურს ინახავენ.
დასტურის არჩევაში მონაწილეობას ღებულობს ყველა ჯვარიონი. ეს ხდება საიდუმლოდ და ამ პროცესს ჯვარივნების გარდა არავინ ესწრება. ახიელში იციან ვინ როდის არის დასტურად ნამყოფი და ვინ უფრო დიდი ხანია არ ყოფილა, იმას აირჩევენ. ირჩევენ ორ დასტურს, ახიელიდან და ამღადან. ერთი დასტური ისეთი უნდა იყოს, რომელსაც ოჯახში ხნიერი ქალი ჰყავს, რომ დიასახლისობა შეძლოს. ეს დიასახლისი მენსტრუაციის ასაკს გადაცილებული უნდა იყოს, რომ ხევსურული წესით უწმინდურად აღარ ჩაითვალოს.
დასტურს ირჩევენ აღება ღამეს და მეორე დღემდე საიდუმლოდ ინახავენ მის ვინაობას. აღება ღამეს ხევსურებმა ხორცის მოხარშვა იციან.
დიდმარხვა
აღების შემდეგ, ერთ კვირაში დგება დიდმარხვა, თუმცა, სახელის მიუხედავად, ხევსურები ამ დღეს მარხვას არ ინახავენ. კვირა რომ დაღამდება, დგება მარხვა. ამ საღამოს ერქვა “მარხოშამაე წუხრა”. ვისაც რა შეუძლია, ყველა კარგ ვახშამს ამზადებს და ერთმანეთს ეპატიჟებიან.
თაგვთ-ჩიტთ უქმი
ამბობენ, ვინც ამ უქმეს არ შეინახავს, თაგვები და ჩიტები ჭირნახულს სულ გაუნადგურებენო.
სულთაკრეფა
სულთაკრეფის დასტური ცალკე დგება(ირჩევა). ის მარტო სულთაკრეფისთვის ამზადებს ლუდს. სახლში აკრეფს სვეს, ქერს და ადუღებს ლუდს.
იამრთება თოფებით სროლა. ყველა მიცვალებულის პატრონი გამოაცხობს “სათოფეს”, თხელ და ფართე პურს. ზედ გადააკრავენ უბრალო ფართლის ნაჭერს. ვინც რომელ სათოფეს მოარტყამს, ის პურის მას რჩება. ჯილდოდ აძლევენ ფეხსაცმელს, ხელთათმანებს და ა.შ.
ბავშვებს დამზადებული აქვთ მშვილდისრები. იმართება მშვილდისრით სროლა. თუ ვინმეს ბავშვი ჰყავს გარდაცვლილი, მიაქვს გამომცხვარი “ვაცი” და აყენებს სამიá