კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ნოე 2011, 14:07

Maiko-adventurous -ზემო რაჭა (2011წ.)

ის დღე, როგორც ჩვენი ბელადი დაგვპირდა, რეაბილიტაციის დღედ გამოცხადდა. კარგად გამოვიძინეთ და დავისვენთ. შუადღისით მე და მარიამო ”საშოვარზე” წავედით მოვიარეთ სოფელი, ვნახეთ პურის და ყველის გამყიდველი, ვიყიდეთ საჭმელი, რისთვისაც ალექსანდრეს წყრომა დავიმსახურეთ და საღამოსკენ სასიამოვნო ვახშამი მოვაწყეთ, რომელსაც ქსოვრელი ”არასანქცირებულ ღორობას” ეძახდა, ეჭვის თვალით უყურებდა ჩვენს კონსერვანტებით გაჯერებულ საკვებს და გაოცებას ვერ მალავდა ჩვენი მადის გამო

მეხუთე დღეს შოდაზე გვქონდა ასვლა დაგეგმილი. გზა არ ვიცოდით. შოდაზე ასვლა სხვადასხვა სოფლიდან არის შესაძლებელი. გაკითხვით და რჩევებით შედარებით მარტივი მარშრუტი ამოვირჩიეთ - გადავწყვიტეთ სოფელ საკაოში ჩავსულიყავით და იქედან დავდგომოდით შოდას გზას.
წინა საღამოს ჩვენმა ნაცნობმა დარაჯმა მანქანა გამოგვიძებნა, რომელიც საკაომდე ჩაგვიყვანდა. გამთენიისას ავიბარგეთ, ვისაუზმეთ და შეთანხმებისამებრ მარშუტკით გავემგზავრეთ საკაოსკენ.
გზაში ქეთის გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა და იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.
მანქანამ საკაოს გადასახვევამდე მიგვიყვანა. გადასახვევიდან სოფლამდე საკმაოდ შორი მანძილი იყო, თან ზუსტად არ ვიცოდით რა გზით უნდა ავსულიყავით შოდაზე.
უნდა ვაღიარო, რომ მთელი ლაშქრობის მანძილზე სასწაულად გვიმართლებდა შემთხვევით მიმავალ ტრანსპორტში საკაოს გზაზეც ერთი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ონიდან სახლში ბრუნდებოდა თავისი ნივით. ამ კეთილმა ადამიანმა ჩაგვსხა თავის მანქანაში და სოფლის ბოლომდე აგვიყვანა, რითიც საკმაოდ დიდი მანძილი და დრო მოგვაგებინა.
შოდასკენ მიმავალი გზა საკმაოდ დამაბნეველი და ბუნდოვანია. არის უამრავი გადასახვევი, გაწყვეტილი ბილიკი, გაყოფილი გზა. მიუხედავად ჩვენი უამრავი კითხვისა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მცდელობისა, რომ გზა გაგვერკვია, ყველა განსხავვებულად გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა ავსულიყავით შოდაზე: ზოგი რაღაც ბილიკისკენ მიგვითითებდა, ზოგი გადასახვევისკენ, ზოგი ამბობდა რომ პირდაპირ უნდა გვვევლო ა.შ.
ამ რჩევებით დახუნძლულნი ავუყევით მთას, რომელიც ჩვენი ვარაუდით უნდა მალე გადაგვევლო და შემდეგ დაიწყებოდა შოდას აღმართიც.
გზა მძიმე გამოდგა. იყო საშინელი აღმართი და როგორც ქსოვრელი გვაყვედრიდა 5 წუთიან სვლას 10 წუთიან შესვენებას ვანდომებდით შესვენების წუთებს ხელმძღვანელი მკაცრად გვიკონტროლებდა. გვინიშნავდა დროს და თუ ოდნავ მაინც გადავაცდენდით უკვე აუგად მოგვიხსენიებდა (ალექს, იმედია არ გამლახავ). გაგვითავდა წყალი და არც ჩანდა ახლოს არაფერი, სადაც წყლის მარაგს შევავსებდით. ტყე არ მთავრდებოდა, არც აღმართი, ჩვენ კი ძალა გვეცლებოდა და უკვე ალექსის ჩხუბიც აღარ მოქმედებდა, აქეთ ვეჩხუბებოდით, ვერ დავდივართო ))
როცა 5 საათი შესრულდა მივხვდით, რომ კარგ დღეში არ ვიყავით უნდა გადაგვეწყვიტა ან წინ სვლა და საბანაკე ადგილამდე მიღწევა (ტყე ისეთი გაუვალი და დამრეცი იყო, ვერაფრით შევძლებდით იქ კარვის გაშლას), ან უკან დაბრუნება.... მივხვდით, რომ სადღაც არასწორად გადავუხვიეთ და სხვა მიმართულებით წავედით, რომ შოდამდე კიდევ დიდი გზა იყო და დაღამებამდე ტყეს ვერ გავცდებოდით. ამიტომ ბევრი ფიქრისა და კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება...
დავეშვით დაღმართზე (მე ფაქტიურად ჩამოვგორდი), გამოვუყევით ტყეს და დაღამებისას სოფლამდე ჩამოვედით. გადავწყვიტეთ იმავე საღამოს ონში გადავსულიყავით, რომ მეორე დღეს შქმერისკენ მიმავალი ტრანსპორტი მოგვენახა. ალექსანდრე და იანო უკიდურესად გაწბილებულნი იყვნენ წარუმატებლობით არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ შქმერში წასვლა უნდოდათ მეორე დღეს და კიდევ გულში ფიქრობდნენ, რომ საკაოში გაეთენებინათ ღამე და მეორე დღეს ისევ შოდასკენ აეღოთ გეზი. მაგრამ საბოლოოდ, ყველამ გადავწყვიტეთ შოდას დალაშქვრა მომავალი წლისთვის გადაგვედო და შემდეგ დღეს შქმერში წავსულიყავით.
საკაოდან ონამდე 7 კილომეტრია. ისედაც დაღლილებს ეს გზა ფეხით უნდა გაგვევლო. მართალია, სამანქანო გზა იყო, მაგრამ ონში ძალიან გვიან ჩავიდოდით, რომ არა ისევ ჩვენი გამართლება ტრანსპორტში გზად 2 ახალგაზრდა ყმაწვილი შეგვხვდა რაღაც დანგრეული მანქანით (თან ცოტა ნასვამები), რომლებმაც ონამდე ჩაგვიყვანეს და გაოცებული კითხვებით აგვავსეს ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, მე ჩემს აივანზე მეზარება ასვლაო და თქვენ მეტი დარდი არ გაქვთ ამხელა ბარგით ამ გზაზე რომ დაიარებითო? ან სახლში არავინ ნერვიულობს, რომ ამ გზაზე გიშვებენ და იციან რომ ტყე-ღრეში იქნებით ღამეო?
მიუხედავად ამ ყმაწვილების დაჟინებული თხოვნისა, რომ სადმე განვეთავსებინეთ, ალექსიმ სასტიკი უარით გაისტუმრა და უგულებელყო მათი შემოთავაზება. ჩამოვედით ონის ავტოსადგურთან. რამოდენიმე წუთში თავს დაგავდგა საპატრულო პოლიციის მანქანა გამოგვკითხეს ვისი გორისანი ვართ, ქართველები ვართ თუ არა, რას ვაკეთებთ, რა გვინდა ცხოვრებაში და რომ გაიგეს ჩვენი ამბავი, მაშინვე ერთ-ერთ თანამშრომელს გადაურეკეს და მასთან სახლში გაგვამწესეს
ბ-ნ ლაშა კეთილშობილი მასპინძელი აღმოჩნდა. ერთი ოთახი დაგვითმო თავისი 4 ლოგინით (ალექსიმ მაინც იატაკზე გაშალა საგებელი და ისე დაიძინა ). ცხელი წყალიც ჰქონდა იმ ოჯახაშენებულს, ბანაობასავით რაღაც მოვახერხეთ ერთი ის არის, რომ რაჭაში დაწყებული რიგითი უსაქმურიდან, პოლიციელით დამთავრებული, ყველა დალევაზე ლაპარაკობს ბ-ნ ლაშამაც მაშინათვე შეწუხებულმა იკითხა - რა დაგალევინოთო. მაგრამ ალექსის მკვახე პასუხების შემდეგ შეგვეშვა და დაიძინა სანამ დაიძინებდა ჩვენი სახელები და გვარები ჩაიწერა , სად მივდიოდით გამოგვკითხა (რამე რომ დაგემართოთ, ჩემი შარიაო, ფიქრობდა). სახელების და გვარების ჩამოწერა ალექსანდრეს დაავალა. ეს ყველაზე კურიოზული მომენტი იყო. ვინაიდან ”კარაველები” ერთმანეთს ზედმეტი სახელებით იცნობენ, ალექსი ყველას სათითაოდ გვეკითხებოდა გვარს. პოლიციელი გადაირია - ეე ბიჭო, 1 კვირაა ერთად დადიხართ და ერთმანეთს არ ელაპარაკებითო? ან ის არ გიკითხავთ ერთმანეთისთვის რა გქვიათ, ვინ ხართ ან რა გვარისანი ხართო?
ერთი სიტყვით, ის საღამო, მიუხედავად ალექსანდრეს შეწუხებული გამომეტყველებისა (არიქა, გასვლას მიკნინებთო) ისევ ჭერქვეშ გავატარეთ
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ნოე 2011, 14:08

Maiko-adventurous -ზემო რაჭა (2011წ.)


მე-6 დღეს შქმერისკენ გავემგზავრეთ. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ტრანსპორტში სასწაულად გვიმართლებდა. შქმერისკენ მიმავალი ავტობუსი თურმე კვირაში ერთხელ გადის ონიდან და ის ერთი დღეც ჩვენს დაგეგმილ ხუთშაბათს დაემთხვა
შქმერში ალექსმა თავისი მეგობრის ნათესავთან წაგვიყვანა. დაუვიწყარი იქნება ის ორი დღე, რომელიც სოფელში გავატარეთ უსაყვარლესი ქალბატონი მარიკა და ციცო გადმოგყვნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაშინვე დაიწყეს სადილის მზადება, ჩვენზე ზრუნვა. მათთან იმდენად კარგად ვგრძნობდით თავს, აღარსად წასვლა არ გვინდოდა. მაგრამ ალექსს ამას როგორ ვეტყოდით იმ დღეს დავგეგმეთ მღვიმის მონახულება, ასვე ე.წ. ქვაბის ნახვა და ბოლოს მთის კალთაზე (თუ სწორად მახსოვს, ასე ჰქვია) ასვლა. ბარგი ქალბატონ მარიკასთან დავტოვეთ და უჩვეულოდ დამსუბუქებულები გზას გავუდექით
მღვიმე ულამაზესი აღმოჩნდა! შიგნით ცივი, კამკამა წყალი მოედინებოდა. საკმაოდ დიდი და ღრმა დარბაზები იყო, მაგრამ ბოლომდე შესვლა ვერ გავრისკეთ, ალექსი როგორც ამტკიცებდა, შიგნით ხალხი დაკარგულა
შემდეგ ”ქვაბის” სანახავად წავედით. იქაც ანალოგიური სილამაზე დაგვხვდა. მე ბოლომდე ჩასვლა ვერ გავრისკე. იანო და მარიამო ლამის ჩახტნენ ამ ქვაბში და გაცურეს
მცირე შესვენების შემდეგ მთის კალთისკენ გავეშურეთ. ქალბატონმა მარიკამ გზა გვასწავლა და ისიც აგვიხსნა, ადვილად როგორ უნდა გადავსულიყავით. მაგრამ, რადგან უკვე 5 საათი იყო, იანომ და ალექსმა გადაწყვიტეს ”გზა მოეჭრათ” და იმ გზით კი არ წასულიყვნენ, რომელიც ქალბატონმა მარიკამ გვასწავლა, არამედ პირდაპირ გადაეჭრათ წინ აღმართული მთა ნუ რათქმაუნდა მიქარეს მე ბატივით დავყვებოდი უკან. წინ გაუვალი ტყე დაგვხვდა. იქ სავარაუდოდ ადამიანი არც ყოფილა. ტყე ბადესავით იყო აღმართული. ხეებსა და ტოტებს შორის გასაძრომად საკმაოდ დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა. გარშემო დათვების კვალი იყო. უკვე ნერვიულობა დავიწყეთ. ამასობაში ბინდიც წამოგვეწია და ისევ სახლისკენ გაბრუნება გადავწყვიტეთ თუმცა, მიუხედავად განსაცდელებისა და დაბრკოლებებისა, საოცარი პეიზაჟები ვიხილეთ ულამაზესი რაჭის ტყეები უკვე ნახევრად შეყვითლებულიყო, მინდორი ოქროსფერი ბალახით იყო დაფარული. მოკლედ, სავარაუდოდ სწორედ ასეთი უნდა იყოს სამოთხე მე ასეთი წარმომიდგენია ყოველშემთხვევაში

ლაშქრობის ბოლო დღეს მრავალძალში გადასვლა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ისე გაგვიტკბა ქალბატონ მარიკასთან ყოფნა და მისი სტუმართმოყვარეობა, გადავწყვიტეთ ალექსი ”შეგვება” და დაგევტოვებინა თან ფეხები სამივეს ბოძისებრ მდგომარეობაში გვქონდა ამდენი სიარულით მე ეს 15 კილოიანი ჩანთაც მაღიზიანებდა, ჰოდა ხან აქედან მივუდექით ალექსანდრეს, ხან იქედან, მაინც არ ტყდებოდა თბილისში შქმერიდან ვერაფრით წავალთ მეორე დღესო
და ამ დროს ქალბატაონმა მარიკამ გვიხსნა და გამოსავალი მოიფიქრა: მეორე დღეს სოფლის მაცხოვრებლები ერთ-ერთი თანასოფლელის ნათესავის გასვენებაში მიდიოდნენ. გასვენება სხვა ქალაქში იყო (აღარ მახსოვს სად ). ამიტომ სოფლის მაცხოვრებლებმა ავტობუსი დაიქირავეს, რომელიც გაივლიდა ონს მოკლედ, გადავწყვიტეთ მეორე დღეს იმ ავტობუსს გავყოლოდით ონამდე, რომ შემდეგ თბილისის სამარშრუტო დაგვეჭირა.
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორც იქნა ალექსი დავიყოლიეთ გავშალეთ ფრთები, ფილტვები გავხსენით, მოვდუნდით და ვტკბებოდით რაჭაში ყოფნის ბოლო წუთებით
იმ დღეს მოვინახულეთ ”წყლის სათავე” და ცოტა ვიბოდიალეთ. საღამოს კი ჩვენს მასპინძლებთან ერთად ღუმელთან მოვკალათდით და საუბარსა და ხუმრობაში გავატარეთ დრო

17 სექტემბერს თბილისში გამოვემგზავრეთ. გასვენებაში მიმავალმა ავტობუსმა ონამდე ჩაგვიყვანა. იქ სამარშრუტოზე დავსხედით და წამოვედით მტვრიან, ხმაურიან თბილისში.
ეს იყო დაუვიწყარი კვირა, თავისი თავგადასავლებით, ხიფათით, დაღლით, ფეხის და ზურგის ტკივილით, მაგრამ ამავე დროს ენით აღუწერელი სილამაზით და წარუშლელი შთაბეჭდილებებით!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ალექსანდრეს ამ შესანიშნავი გასვლის დაგეგმვისთვის, ჩვენი ატანისთვის და იმ გამძლეობისთვის რაც მან ამ 1 კვირაში გაიარა!!!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ნოე 2011, 14:23

მეხუთე საკონკურსო ნამუშევარი

Mta Mkvarebia - ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.


ტობავარჩხილზე რამდენჯერმე ყოფილან კარველები. თითოეული რეპორტაჟი საოცარ და სიმძაფრით გამორჩეულ თავგადასავალზე მოგვითხრობს, საიდანაც ერთ დასკვნას აკეთებ - საკმაოდ რთული მარშრუტია, ისეთი, სერიოზული მომზადება რომ სჭირდება. ამიტომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე სპონტანურად, ფაქტიურად 2 დღით ადრე გადავწყვეტდი ტობაზე წასვლას, მაგრამ ისეთი მაცდუნებელი იყო პაატას შემოთავაზებული წინადადება, უარს როგორ ვიტყოდი? პაატა ზუგდიდელების ჯგუფს მიყვებოდა სასწავლო პროგრამის ფარგლებში და მე, ილია და მელექსაც თან გაგვიყოლა. ავიღე შვებულება ამ, როგორც პაატამ მითხრა, 3დღიანი ტურისთვის, სათადარიგოდ 1 დღის შვებულება ზედმეტად მივაყოლე, რა იცი, რა ხდებათქო, ახლობლები გავაფრთხილე, თუ არ დავრეკე არ ინერვიულოთ, ტელეფონი არ იჭერს და სამშაბათამდე არ მელოდოთთქო. ერთი დღე აქაც წავუმატე, თავის დაზღვევის მიზნით.
ხუთშაბათს საღამოს ზუგდიდის მატარებელს გავყევით, პარასკევს, დილის 7-ის ნახევარზე უკვე ზუგდიდის რკინიგზის სადგურში ვიყავით. გავიცანით ჩვენი თანამგზავრები. სულ 13 ვიყავით. მალე მინიბუსიც მოვიდა და გავემართეთ სოფელ სქურისკენ. როგორც აღმოჩნდა ტობასკენ მიმავალი რამდენიმე გზა ყოფილა, აქედან სქური ერთერთია. ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ მუხურიდან ავდიოდით და ნაზვავარზე გადასასვლელად ვიყავით მზად, შესაბამისი სალაშქრო ფეხსაცმელიც გვქონდა წაღებული და არაერთი , მაგრამ სანდლები ფეხიდან არ გამიხდია 3 დღის განმავლობაში.
სქურში მისვლის შემდეგ, სანამ გამყოლები ბარგს ცხენებზე დაკიდებდნენ, მარშრუტი განვიხილეთ. მაშინ გვითხრეს რომ ეს შედარებით გრძელი, მაგრამ იოლი მარშრუტი იმიტომ იქნა შერჩეული, რომ ახალბედა მოლაშქრეებს არ გასჭირვებოდათ. თუმცა პირველსავე შესვენებაზე, როცა პირველი დაბრკოლება, სოფლის მდინარე გადავკვეთეთ და ცოტა ავიმაღლეთ, ერთერთმა გამყოლმა, უფრო სწორედ გამყოლთუხუცესმა, რომელიც დანარჩენ ორ გამყოლს თავის ნებაზე ატრიალებდა და რომელიც მელექსამ ენვეროლოგად მონათლა , გვითხრა ტობამდე 50 კმ დაგვრჩაო ცოტა არ იყოს გაგვიკვირდა, 35 კმ-იანი მარშრუტის პირველი 3კმ-ის გავლის შემდეგ 50 კმ როგორ დარჩა. მთავარმა ენვეროლოგმა მაშინ გვითხრა, ხომ ვეუბნებოდი ორგანიზატორ ქალბატონს, 3 დღე ამ მარშრუტისთვის ძალიან ცოტაა, სულ მცირე 4 დღე უნდაო. ორგანიზატორ ცოლ-ქმარს გამყოლმა რა უთხრა არ ვიცი, მაგრამ ამ ინფორმაციამ ყველასთვის არასასიამოვნო რეაქცია გამოიწვია. გამოდიოდა, რომ 3 დღეში 100 კმ უნდა გვევლო. მაშინ მივხვდი, რა კარგად მოვიქეცით რომ 1 დღე დამატებით ავიღეთ. 4 დღეში ტბამდე ასვლა ჩამოსვლა სიარულის კარგი ტემპის შემთხვევასი შედარებით რეალური ჩანდა. ეს იდეა ყველამ აიტაცა. თუმცა ამ გეგმის რეალობაში ეჭვი პირველად მაშინ შევიტანეთ, როცა დაწინაურებული კარველები უკან ჩამორჩენილებს ველოდებოდით, ჯერ 10-10 წუთით, მერე ნახევარი საათით, ბოლო "შესვენება" 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აი მაშინ მივხვდით, რომ ამ ტემპით სიარულის შემთხვევაში ტობას ვერ ვნახავდით . ერთერთი ასეთი ლოდინისას წყაროზე ერთ მწყემს გადავეყარეთ, თავის კარავში, იქაურად კარეში, შეგვიპატიჟა. დიდი მადლობა გადავუხადეთ , მეგობრებს ველოდებითქო ვუთხარით, მაგრამ არაფრით მოგვეშვა, სულ ძალით წაგვიყვანა თავისთან, კარავში გრილა, ცოტა დაისვენეთო. რაღას ვიზამდით, შევყევით. არ ვიცი რატომ ვითრევდი ფეხს, და რატომ არ მინდოდა კარავში შესვლა. ამის მიზეზს მალე მივხვდი, თურმე მთაშენკურ ინტუიციას რომ ეძახიან "კარველები", აი ის მე-6 გრძნობა ჩამერთო. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით შევედი დახუთულ, გახურებულ კარავში, ჩამოვსხედით საწოლებზე და ჩვენმა მასპინძელმა, ბატონმა ოთარმა ხის ტაბაკას რომ სტაცა ხელი, წინ დაგვიდგა, უმალ დანით დასაჭრელი, უსქელესი მაწვნით სავსე ჯამები დაგვილაგა და ახლადამოყვანილი, მთელი თავი რძიანი სულგუნი ჩაგვითალა ჯამში, მაშინ მივხვდი, რაზეც მაფრთხილებდა ჩემი ინტუიცია იმ პარასკევ დღეს. ბიჭებს მეტი რა უნდოდათ? სულგუნის მოზრდილ ნაჭრებს ტაბაკაზევე დაყრილ დაფქვილ წიწაკასა და სუნელებში აწობდნენ, მერე ცხვირწინ მიტრიალებდნენ და აყოლებდნენ რა დროს მარხვაა, ასეთ სულგუნს სადღა გასინჯავო და უმალ ხახაში გადაუშვებდნენ ხოლმე. ასე გადასანსლეს მთელი თავი სულგუნი. ბატონმა ოთარმა ახლა მეორე თავი ჩათალა ჯამში. მაგრამ მაგრად ვიდექი ) ცივი ღომის ნაჭრები ამოვავლე წიწაკიან-სუნელებიან ნაზავში და იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, ადვილად წარმოვიდგინე, რა ნეტარებით მიირთმევდნენ ბიჭები სულგუნს . ბატონმა ოთარმა ღიმილით უცქირა, ბიჭების უზურპატორობას, ჩემს დამშეულ თვალებს და კიდევ ერთი თავი რძიანი სულგუნი პარკში გაახვია, აი აქ კი ნამდვილად შევწუხდი, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ უარი არ გამივიდა, ყველმა მელექსას ჩანთაში დაიდო ბინა მეორე დღემდე ) ჩვენს ასსართულიან მადლობებზე, ბატონმა ოთარმა ჩაიღიმა, აქ ასეთი წესია, სტუმარი ისე არ უნდა გაუშვა, პატივი არ სცეო, მაგანასთან ჩემი ძმაკაცის, ელგუჯას კარეა, ის ციკანს მოკლავს რომ დაგინახავთო, სწორედ ასე თქვა . მე კიდევ უკან რომ გამოივლით, შემომიარეთ ელარჯს გავაკეთებო. ელარჯის ხსნებაზე ბიჭებს ტობა სულ დაავიწყდათ, ერთმანეთს თვალებით ანიშნეს, ხომ არ დავრჩეთო . თუმცა სერიოზულად დარჩენას არავინ აპირებდა, ისევ გზა გავაგრძელეთ, ჯგუფს რომ დავწეოდით, გაგვესწრო და მერე ისევ ჩვენ გველოდა მათთვის . მორიგი ასეთი ლოდინისას მეორე მწყემსის - ტუტუს კარე მოვინახულეთ. ისევ სულგუნი, ღომი, მაწონი, ისევ ყველის მსუყე ნაჭრების ცხვირწინ ტრიალი , თუმცა ამჯერად მშვიდად ვიყავი და მელექსას ჩანთაში შენახული სულგუნი სიმშვიდეს კიდევ უფრო მმატებდა . ასე სეირნობა-სეირნობა-სტუმრობა-სტუმრობაში დაახლოებით 18 კმ გავიარეთ. გზა სამანქანე გზაზე გადიოდა, თუმცა სამანქანე გზა პირობითი ნათქვამია, ოდესღაც შეიძლება იყო კიდეც აქ სამხიდიანი მანქანების გზა, მაგრამ ახლა ყოველ 100 მეტრში ჩაწყვეტილი იყო გზა, სადაც შემორჩენილი იყო, იქ ბასრი ქვები და ლოდები ეყარა, რაც სიარულს სასიამოვნოს არ ხდიდა, მაგრამ იმ გზებთან შედარებით სადაც "კარავი" დადის, მაგ გზა გზატკეცილი იყო . ვხვდებოდით, რომ ამ ტემპით 4 დღეშიც ვერ ჩავაღწევდით ტობამდე , მაგრამ ჩვენი თანამგზავრები გვამშვიდებდნენ, ხვალ დილით 5-ის ნახევარზე ავდგებით, 6-ის ნახევარზე გზას გავუდგებით და ტობამდე თუ არა, ტობას ძირამდე მაინც მივალთო. რაღას ვიზამდით, მაგ იმედით გავშალეთ კარვები და დავიძინეთ. თუმცა დაძინებამდე იყო ჯერ მწვადების შეწვის მცდელობა და მერე, რადგან შამფურები ვერ გამოთალეს, ხორცის მოხარშვის მცდელობა. ხორცმა მოხარშვა, რა თქმა უნდა, ვერ მოასწრო, სხვანაირად ღამის თევა მოუწევდა ვინმეს.
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:42, edited 4 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ნოე 2011, 14:25

Mta Mkvarebia - ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11. (გაგრძელება)

დილით ჩვენს გასაკვირად ადრე წამოიშალა კარავი, მაგრამ რად გინდა, გამცილებლები ვერსად ვიპოვეთ. მხოლოდ ერთერთი - გელა გამოჩნდა ცოტა ხანში, დანარჩენები გზის დასაზვერად წასულიყვნენ. მდინარე მაგანას გადახედავენ და თუ წუხანდელმა წვიმამ არ აადიდა და გადასვლა შესაძლებელია, გზას გავაგრძელებთო. გვეგონა ცოტა ხანში უკან დაბრუნდებოდნენ, რადგან გვახსოვდა მათი გუშინდელი ქადილი, მე რომ გამიშვა ტობაზე - 2 საათში ავალ და უმალვე უკან ჩამოვალო. მაგრამ ტობაზე კი არა, მაგანას გადასახედამდე ასვლა-ცამოსვლა დილის 5 საათიდან 9 საათამდე ვერ მოახერხეს ჩვენ კიდევ ვისხედით და ველოდით. ამ ლოდინში ის ხორციც მოიხარშა, არადა გვეგონა რომ მისი გადაყრა მოგვიწევდა. გემრიელადაც მივირთვით თან ამ გასვლის ჰიმნს - "სიაეტ მორე ვ ერევანე"-ს ვღიღინებდით. ჯერ კიდევ გვქონდა იმედი რომ ტობაზე ასვლას მოვასწრებდით. თუმცა რაც დრო გადიოდა, ილო და მელექსა უფრო და უფრო სერიოზულად ფიქრობდნენ უკან დაბრუნების გეგმაზე, ტობამდე მაინც ვერ ავალთ ამ ტემპებით,და ჯობია ახლავე დავბრუნდეთო. ან კიდევ ელგუჯასთან დავრჩეთ მაგანაზე, ციკანს მოკლავსო ) მათი გეგმები რომ მოვისმინე, გავბრაზდი, რა თქმა უნდა მე პირადად არსად დაბრუნებას არ ვაპირებდი. მოვითათბირეთ, რომ თუ ხალხი წინააღმდეგი არ იქნებოდა, გელას ცხენზე დაგვეტვირთა ჩვენი ბარგი და გელასთან ერთად წინ წავსულიყავით, ჩვენი ტემპით გვევლო და მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა ტობას ნახვის შანსი. მერე დანარჩენებიც წამოგვეწეოდნენ, ტბასთან ან ტბიდან უკან მომავალ გზაზე. ყველა გაგებით მოეკიდა ჩვენს მდგომარეობას, რადგან ერთადერთი ვისაც ეჩქარებოდა და ვინც 4 დღეზე მეტ დროს ვერ დარჩებოდა იქ, ჩვენ ვიყავით. გელაც დაგვთანხმდა. დავტვირთეთ ბარგი ერთ ცხენზე და ყველა ერთად გავუყევით გზას, ბანაკში მხოლოდ ორგანიზატორები თამუნა და მისი მეუღლე სვიმონი დარჩნენ ბარგთან ერთად, ენვეროლოგი მეგზურების და ცხენების მოლოდინში. ეს მეგზურები მალევე შეგვხვდნენ გზაში, მაგანას გადავხედეთ, გავლა შესაძლებელია, არაა ადიდებული, მაგრამ გზაა გაფუჭებულიო და გელას სასტიკი გაფრთხილება მისცეს უჩვენოდ არ გახვიდეთო. რა გაეწყობოდა, ვიფიქრეთ მალე დაბრუნდებიანო და ჩამოვსხედით ხის მორებზე. საუბარსა და ხუმრობაში დრო კი სასიამოვნოდ გაგვყავდა, მაგრამ თითოეული გასული წუთი, უფრო და უფრო გვაშორებდა ტობას მონახულების შანსს. ასე ველოდეთ 12 საათამდე! ილია, პაატა და მელექსა უკვე საკმაოდ მოშინაურდნენ, რომ ჩემთვის სისხლი ახლადგაცნობილი თანამგზავრების თანდასწრებით გაეშროთ. უკვრე ვეღარ და ვეღარ ვიგერიებდი მრავალრიხცოვან შემოტევებს, ხალხი კი ხალისობდა. თუმცა დროდადრო საათზე ვიცქირებოდით, არ გვავიწყდებოდა რისთვის ვიყავით იქ. უკვე მოთმინების ფიალა აგვევსო, რომ როგორც იქნა გამოჩნდნენ. საშინლად გაღიზიანებული ვიყავით გამყოლების ამ უპასუხისმგებლო საქციელით, რომ ჯერ დილით ამდენი დრო დაგვაკარგვინეს, იმის ნაცვლად რომ ჩვენთვისაც ეკითხათ აზრი და ვინ ეტყოდათ რამდენიმე კილომეტრის თუნდაც ტყუილად გავლაზე უარს? თითქოს ცდილობდნენ დრო სპეციალურად გაეწელათ და დაბრკოლებები შეექმნათ, რამეს თუ ვიტყოდით, ჯგუფს აბრალებდნენ, ძალიან ნელა დადიანო. თან როგორც ეტყობა მანძილს ადექვატურად ვერ აღიქვამდნენ. ახლაც არ ვიცი რამდენი კილომეტრია სქურიდან ტობამდე, იძახდნენ 45-50 კმ-იაო და მერე ჩვენს მიერ წინა დღეს გავლილ მანძილზე თქვეს 27 კმ გავიარეთო, საერთოდ დავიკარგეთ მათი მანძილის აღქმაში. არადა ჩვენი ფეხები საუკეთესო მეტრმზომია დაღლა თითქმის არ გვიგვრძვნია, ამიტომ ვერაფრით გავივლიდით 27 კმ, მით უმეტეს მაგ ტემპით. მაგრამ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ რადგან მოვიდნენ, არაფერს ვჩიოდით, მით უმეტეს რომ გვარწმუნებდნენ დღეს საღამოს ტობას ძირში დავბანაკდებითო. შეიძლება ტობამდე იმ საღამოს თუ არა მეორე დილას მივსულიყავით, მაგრამ უკან როდის დავბრუნდებოდით არავინ იცოდა, მით უმეტეს რომ გელას ჩვენთვის გამოყოლას მთავარი ენვეროლოგი არ დათანხმდა, ამას ისიც დაემატა რომ გვითხრა, მდინარის ადიდების შემთხვევაში შეიძლება უკან ვერ გადმოვიდეთ და რამდენიმე დღე იქ შევყოვნდეთო. აი აქ კი შევფიქრიანდი, ამ შემთხვევაში სერიოზული პრობლემა შემექმნებოდა სამსახურში, თან რამდენიმე დღეში ისევ შვებულების დაწერას ვაპირებდი თუშეთში წასასვლელად, ამიტომ მიუხედავად ჩვენი თანამგზავრების რჩევისა, "ლიკა, გარისკე და დალიე შამპანურიო " (ეს მელექსას უკეთ გამოდის, მე ისე ვერ ვამბობ ) ) ვერ გავრისკე, და დავთანხმდი ბიჭებს უკან დაბრუნებაზე. ილიასაც ეჩქარებოდა თბილისში, ცალკე, სამსახური, ცალკე ოჯახი ჰყავდა ბორჯომიდან წამოსაყვანი და ცალკე უცხოელ სტუმრებს უნდა დახვედროდა. გელამ მარტო როგორ გაგიშვათო, ნადირია ტყეში, საშიშიაო. სტაცა თოფს ხელი და ჩვენი პროტესტის მიუხედავად ტუტუს კარემდე გაცილება მოინდომა, მაგრამ აქ ისევ აბობოქრდა მთავარი ენვეროლოგი, მერე ცხენს რა ვუყო, ვინ ატარებსო, სიტყვები არ გვესმოდა, მაგრამ ტონზე მივხვდით დიდად არ გახარებია გელას შემოთავაზება, ამიტომ ჩვენი გავიტანეთ, გელას დიდი მადლობა ვუთხარით, ბარგი ცხენებიდან ჩამოვხსენით და დავემშვიდობეთ თანამგზავრებს, იმ იმედით რომ მათ მაინც ანახებდნენ ენვეროლოგი გობლინები ტბას. მე ორი ზურგჩანთა მქონდა, დიდი, რომელიც ცხენზე იყო და პატარა რომელიც მთელი გზა ზურგზე მეკიდა, ბარგი გადავანაწილე, ჩემი ბათინკები და თბილი უსახელო ქურთუკი პაატას ბარგში გადავალაგე, რადგან მას ხელით სატარებელი არ ექნებოდა ბარგი, ნაწილი ისევ ჩემს დიდ ზურგჩანთაში ჩავტენე და პატარა ზურგჩანტა მელექსამ ჩაიდო ჩანთაში, მოვიკიდეთ ზურგჩანთები და შევუყევით ჯერ 200 მეტრიან დაღმართს, მერე კი 600 მეტრიან აღმართს, იქიდან კი 1100 მეტრიანი დაღმართი უნდა გაგვევლო. წინა დღეს რამდენიც ავკრიბეთ სიმაღლეში, იმდენივე დავკარგეთ, ამიტომ იგივე სიმაღლე გვქონდა იმ დღეს იმ მოკიდებული ბარგით ასაღები. მაგრამ მაგას ვჩიოდით? მიუხედავად დანანებისა რომ ტბა ვერ ვნახეთ, თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც შინაგანი თავისუფლება იგრძნო, შემდეგი 2 დღის განმავლობაში ის გამცილებლები რომ არ მოგვიშლიდნენ ნერვებს. არსად რომ არ გვეჩქარებოდსა, სრული 2 დღე რომ გვქონდა და როგორც გვინდოდა ისე გამოვიყენებდით ამ დროს, გვინდოდა მინდორზე წამოვკოტრიალდებოდით, ჩიტების ჭიკჭიკს მოვისმენდით და მთებზე გაწოლილი ნისლის ფთილების ცქერით დავტკბებოდით, ბანაკსაც იქ დავცემდით, სადაც გაგვიხარდებოდა, გვინდოდა ისევ მწყემსებს შევუვლიდით, ნელ-ნელა ვივლიდით, როცა გვინდა დავისვენებდით, როცა გვინდა გზად გავაგრძელებდით, არც სადმე გვეჩქარებოდა და გვაგვიანდებოდა, ოჯახის წევრებიც გაფრთხილებული გვყავდა და დარდი არ გვქოინდა რომ ინერვიულებდნენ. ილოს და მელექსას სისხლის გაშრობაც არაფერს აკლებდა თავისუფლების ამ სასიამოვნო გრძნობას .
Last edited by Ketevan Guliashvili on 26 ნოე 2011, 22:35, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ნოე 2011, 14:25

Mta Mkvarebia - ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11. (გაგრძელება)

მოულოდნელად წამოსულმა წვიმამაც ვერ გაგვიფუჭა განწყობა. საწვიმრები მოვისხით, მაგრამ წვიმა უფროდაუფრო ძლიერდებოდა და ნელნელა საწვიმარშიც გაატანა, მერე მაისურიც დაასველა, ჯინსის შარვალიც, მალე არაფერი არ დაგვრჩა ტანზე მშრალი, ერთადერთი საფიქრალი ფოტოაპარატი იყო, ვცდილობდი საწვიმრის ქვეშ ხელები ისე დამეჭირა რომ ნაკლები წყალი მოხვედროდა აპარატის ბუდეს. 3 საათი შეუსვენებლად წვიმდა, თან ელავდა და გრუხუნებდა, აქა იქ მეხი ცვიოდა. ჩვენების დარდი მქონდა, მივხვდი რომ ამ ამინდში მდინარის გადაკვეთა სიგიჟე იქნებოდა, რადგან მეორე ნაპირზე ჩარჩენის შანსი კიდევ უფრო იზრდებოდა. შეუსვენებლად მივდიოდით, დაღმართები ჩავიარეთ, მერე აღმართებს შევუყევით. გზად ნიაღვრები მოდიოდა და სანდლებით და უსირცხვილო ოთახის ჩუსტებით (როგორც მელექსა ეძახის) მივჭყაპუნობდით ამ გუბებში. მხოლოდ ნახევარი წუთით თუ შევჩერდებოდით, უკან მომავალს რომ დავლოდებოდით. ვცდილობდით ორ ნაბიჯზე მეტი დისტანციით არ გვევლო, რადგან უკვე ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა დათვის განავალი, ახალი არ იყო, მაგრამ მაინც არ გვაძლევდა საშუალებას, თავი კომპორტულად გვეგრძნო. ასე ავიარეთ 5კმ-იანი აღმართი, გვიმრისნაირი მცრნარეების ხევიდან რომ ამოვედით ცოტა დავმშვიდდი, დათვი მაგ მცენარეებს ეტანება, ზემოთ კი უკვე სხვა ფლორა იყო. ისევ შეუსვენებლად წვიმდა. სულ 2 წუთით გავჩერდით შესასვენებლად და როგორც კი გახურებულმა სხეულმა სითბო დაკარგა, კანკალმა აგვიტანა, თან გვშიოდა, ოთარის გამოტნეული ყველი გაგვახსენდა. გადავწყვიტეთ იმ წვიმაში, დასხდომის გარეშე წაგვეხემსა. ასე გემრიელად მე ცხოვრებაში არაფერი მიჭამია, ყველს რძე გასდიოდა ისეთი იყო და საწვიმარზე წვიმის წვეთებთან ერთად თეთრ კვალს ტოვებდა. მელექსას ნახევარი ლიტრა არაყი აღმოაჩნდა, რომელიც სპირტის ნაცვლად , სამედიცინო მიზნებისთვის ჰქონდა წამოღებული, სწორედ ამ მიზნით ვაპირებდით მის გამოყენებას ახლაც. თითო ყლუპი მოვსვით და დაკარგული სითბო ისევ დავიბრუნეთ. მერე ისევ გავაგრძელეთ გზა. სამი საათის განმავლობაში შეუჩერებელი, კოკისპირული წვიმის შემდეგ, ნალექი ნელ-ნელა შემცირდა, ცოტა ხანში სულ იკლო. ჩვენ უკვე სამშვიდობოს ვიყავით, ტუტუს კარეს ვუახლოვდებოდით. თავიდან ვიფიქრეთ, მისი კარვისთვის შეგვეფარებინა თავი და სველი ტანსაცმელი გაგვეშრო, მაგრამ სისველე იმდენად გვაწუხებდა, ბიჭები მოსახვევს მიეფარენ თუ არა, ვთხოვე უკან არ გამობრუნებულიყვნენ ჩემს ძებნაში, რაღაც ლოდი ვნახე და მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი, სველი კი ჩანთაში ჩავტენე. ბიჭებიც ასე მოქცეულიყვნენ და უკვე უკვე მშრალებს ტუტუსთან ასვლა დაგვეზარა, ისევ საგებელზე წამოკოტრიალება და მთებიდან ამოსული ნისლის ფთილების ყურება ვარჩიეთ. ნაწვიმარ და მზით გამთბარ ბალახს თავისებური, ძალიან სასიამოვნო სუნი ჰქონდა, მიწასაც ოხშივარი ასდიოდა. გადავწყვიტეთ ის ღამე ოთარის კარავთან ახლოს გაგვეთია და ოთარსაც ვწვეოდით სტუმრად. ოთარის კარვიდან სქურამდე 8 კმ. იყო ანუ იმაზე პატარა მანძილი რაც იმ დღეს გამოვიარეთ. ოთარის კარვამდე კი 2 კმ თუ გვქონდა დარჩენილი, ამიტომ ნელ-ნელა გავუყევით გზას, არსად გვეჩქარებოდა ყოველ 15 წუთში ნახევარი საათით ვისვენებდით საგებელზე წამოკოტრიალებულები, ან ფოტოებს ვიღებდით. თუ მანამდე ტობასთვის ვინახავდი კადრებსაც და ელემენტებსაც, ახლა შეუსვენებლად ვაჩხაკუნებდით ფოტოაპარატებს. ბოლო შესვენება ოთარის კარავთან ახლოს მოგვიწია, პენსიონერული დასვენება ცივი ყავის მირთმევით დავაგვირგვინეთ სიტყვებით, "რა დროს ტობაა, გაუმარჯოს სოჩას" )), დროდადრო ის ყბადაღებული სიმღერა "სიაეტ მორე ვ ერევანე, ა ვ ერევანე მორია ნეტ" გვახსენდებოდა თავის სევანის ტბით, რომელიც "ნა პოლ ბაკა მენშე ჩემ ტიხი ოკეან" და თავის "პოდ კომნიამი" მძინარე "რიბა ფორელ"ით, რომელიც "ნა პოლ მეტრა კოროჩე ჩემ ოკეანსკი კიტ" ) მოკლედ ასეთ მხიარულებაში მოსაღამოვდა, 6 საათი გახდა. მოიღრუბლა კიდეც და გამოვეშურეთ დასაბანაკებლად, სანამ წვიმა ისევ დასცხებდა. ოთარის კარავთან ახალგაზრდა ბიჭი დაგვხვდა, ოთარის შვილი იყო, თავად ოთარი სოფელში წასულა, შეგვიპატიჟა კარავში გაათენეთ ღამეო, მაგრამ მადლობა ვუთხარით და გზა განვაგრძეთ. იქვე წყაროსთან დავბანაკდით. კარვების გაშლა და ნორმალურად გაჭიმვაც ვერ მოვასწარით, რომ ისევ დასცხო წვიმამ, შევცვივდით კარვებში და წვიმის წვეთების ხმაურში ჩაგვეძინა.
Last edited by Ketevan Guliashvili on 26 ნოე 2011, 22:35, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ნოე 2011, 14:27

Mta Mkvarebia - ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11. (გაგრძელება)

2 საათში რომ გავიღვიძეთ ჯერ კიდევ დღე იყო. ისევ წვიმდა, როგორც გარეთ ასევე ჩვენს კარავშიც საგებელი კიდევ გუბეში იყო დაფენილი აღარ ვიცოდით დაძინებამდე რა გვეკეთებინა და ისევ ოთარიჩთან სტუმრობა გადავწყვიტეთ, უკვე ბინდდებოდა, წავიღეთ ფანრები, ძეხვი, პური, კამფეტები და სხვა სასუსნავები, ჩავიცვით საწვიმრები და ტალახის გუბეებში ჭყაპა-ჭყუპით მივადექით კარავში. გაგამ შიგნით შეგვიპატიჟა, მარტო არ იყო, მისი მეგობარი - თემური ახლდა. კარავში ცეცხლი ენთო და თბილოდა, სველი წინდები გავიშრეთ, მასპინძელი უგემრიელესი მაწვნით, ყველით, რძით გაგვიმასპინძლდა. საუბარი ტობაზე ჩამოვარდა, თურმე თემური ტობაზე ჩხოროწყუს მთიდან ყოფილა ასული. ეს ტობაზე ასასვლელი კიდევ ერთი გზაა, რომელიც იმ გზას, საიდანაც ჩვენ ავდიოდით, ტუტუს კარავთან ეყოფა და ამ გზიდან მარჯვნივ უხვევს. ეს გზა კიდევ უფრო გრძელია, მაგრამ მდინარის გადაკვეთა ისეთ ადგილას არ გიწევს სადაც მდინარე ღრმაა, მაგანას თითქმის სათავესთან კვეთ, ამიტომ იმის შიშიც არ გექნება, რომ მოვარდნილი წყალი და წვიმა მეორე ნაპირზე ჩაგკეტავს. სქურიდან ტობასკენ მიმავალი ამ ორი გზის უპირატესობა კი ისაა, რომ თოვლიან უღელტეხილზე არ გიწევს გადასვლა, როგორც მუხურიდან, და გზა უფრო ადვილია. მერე გაგას მათ ყოფაზე, გარეულ ნადირზე, ნადირობაზე ჩამოვუგდეთ საუბარი. სხვათაშორის ვკითხეთ, დათვები ხომ არ აწუხებენ საქონელსო და მისმა პასუხმა მე პირადად ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყოველდღე უწევთ დათვების მოგერიება. ზოგადად დათვი ვეგეტარიანელია, მაგრამ ხორცი თუ გასინჯა, მერე საქონლის გასატაცებლად ხშირად სტუმრობს მწყემსებსო. თემურმა ისიც მოგვიყვა, როგორ გაიტაცა ბიძამისი თურმე დათვმა, როგორ დატორა და მერე მიწაში დამარხა. და დაელოდა სანამ არ იქცეოდა ლეშად, რომ შეეჭამა, მაგრამ ბიძამისს თავი მოუმკვდარუნებია თურმე, და დათვს რომ მისი სუნთქვა ვეღარ უგრძვნია, ეგონა მკვდარიაო და მიწაში ჩაფლული დაუტოვებია. ასე ექცევა გატაცებულ საქონელსაცო. ღამით უყვარს ნადირობა, წვიმიან ამინდშიცო. შეიძლება ცოტა აზვიადებდნენ კიდევ, კარვებში ღამის სათევად რომ არ წავსულიყავით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიტყვებმა ცოტა შემაფიქრიანა, ამიტომ თუ თავიდან მათ კარეში დარჩენა სასტიკად ვიუარეთ დიდი მადლობებით, საბოლოოდ უარი აღარ გვითქვამს, სამი ზედმეტი საძილე აღმოაჩნდათ, თავად 1 საწოლზე მოთავსდნენ, მელექსა და ილია მეორე საწოლზე და მე ცალკე საწოლი მერგო, საძილეებში გავეხვიეთ და ცეცხლის ტკაცუნის და სახურავზე წვიმის წვეთების ხმაში ტკბილად ჩაგვეძინა. დიდხანს არ გვიძინია, ძაღლის ყეფამ გაგვაღვიძა, ჩვენი მასპინძლები საწოლიდან წამოფრინდნენ, კედელზე დაკიდებული თოფი და ტყვიები ჩამოხსნეს და "ჰოიიიი, ჰოიიიიი"-ს ძახილით გარეთ გაცვივდნენ. მივხვდი, რომ დათვი გვესტუმრა, მაგრამ შეშინებაც ვერ მოვასწარი, მალევე ისევ ტკბილად და უშფოთველად ჩამეძინა. იმ ღამის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე გამაღვიძა "ჰოიიი, ჰოიიიი"-მ, ასე დასდევდნენ თოფით ჩვენი მასპინძლები დათვს. დილის 5 საათზე ისევ გამეღვიძა რაღაც ჭურჭელში სითხის ჩასხმის ხმაზე, მალე ახლადმოწველილი რძის სუნმა შემიღიტინა ცხვირში. მალე რძიანი ქვაბი ცეცხლზე შემოდგეს. 7 საათი იქნებოდა საბოლოოდ რომ გამოვფხიზლდით. მასპინძლებს დილის საქმეები მოლეული ჰქონდათ და ყველის ამოსაყვანად ემზადებოდნენ. მალე ამოიყვანა კიდეც ყველი გაგამ. 10 ლიტრ რძეზე 1 კილო ყველი გამოდისო გვითხრა. ახლადამოყვანილი ყველი 4 საათის განმავლობაში რომ აფუვდება, მერე მისგან სულგუნს ვაკეთებთო. სამწუხაროდ 4 საათი ვერ დაველოდებოდით ამ პროცესს, რომ სულგუნის დამზადებაც გვენახა. მასპინძლებს მადლობა ვუთხარით და წასვლა დავაპირეთ, მაგრამ საუზმის გარეშე ვინ გაგვიშვებდა? ისევ მეფურად ვისაუზმეთ მაწვნით და სულგუნით. შუა საუზმის დროს ოთარმა დაურეკა გაგას. რომ გაიგო მასთან სტუმრად ვიყავით, გაუხარდა, მელექსას გაესაუბრა და მერე გაგას რაღაც უთხრა, რა უთხრა ამას გვიან მივხვდით, როცა გაგამ წითელი ხის მოზრდილი, დასამუშავებელი ნაჭერი გამომიწოდა, ეს თქვენ მამაჩემისგანო. ძალიან შევწუხდით, აღარ ვიცოდით მადლობა როგორ გვეთქვა. გადავწყვიტეთ ყველამ რამე ნივთი გამოვათლევინოთ მაგ დღეების და მაგ ოჯახის სამახსოვროდ. სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, დავემშვიდობეთ მასპინძლებს და წამოვედით ბანაკში, რომ სანამ არ წვიმდა სველი კარვები და საგებლები როგორმე გაგვეშრო.
ამ ლოდინში კიდევ რამდენიმე საათი დავყავით ბანაკში. ისევ საგებელზე ვიწექით, ან ყვავილებს ვიღებდით, მალე თემურმა ჩამოიარა, საქონელს მიერეკებოდა, უკანა გზაზე შემოგვიარა, ისევ გავაბით საუბარი. 11 საათი იქნებოდა, იქიდან რომ წამოვედით.
Last edited by Ketevan Guliashvili on 26 ნოე 2011, 22:36, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ნოე 2011, 14:28

Mta Mkvarebia - ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11. (გაგრძელება)


2საათნახევარში უკვე სქურში ვიყავით, მაგრამ გზად ისევ 1 საათით შევისვენეთ. არსად გვეჩქარებოდა. მატარებელი საღამოს გადიოდა, ერთადერთი რაც ზუგდიდში უნდა გვენახა, დადიანების სასახლე და მუზეუმი იყო. მხოლოდ პაატას და ჩვენი თანამგზავრების დარდი გვქონდა, მაგრამ კი ვხვდებოდით რომ მეგზურები მაგ ამინდში მაგანაზე გადაყვანაზე არ დათანხმდებოდნენ. სქურს რომ მივუახლობდით, ის მონაკვეთები, რომელიც ასვლის დროსაც ტალახიანი იყო, ახლა საერთოდ გაუვალი დაგვხვდა. ფეხი ან კოჭამდე ეფლობოდა ტალახში და ფეხსაცმელი ღრმულში რჩებოდა, ან კიდევ ქვაზე ცურდა და ჩურჩხელასავით ამოვლების პერსპექტივა არცერთს არ გვხიბლავდა, ამიტომ გზის ნაწილი ფეხშველამ გავიარე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სანახავები ვიქნებოდით, ცივილიზაციაში ჩამოსულებს, მდინარის გადაკვრთისას სქურის დამსვენებლები რომ შეგვეფეთნენ. ფოტოების ერთად გადაღება გვთხოვეს, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ იმაზე საშინლად და სასაცილოდ გამოვიყურებოდით, ვიდრე მეგონა ტალახიან ფეხებს და კოჭებს ვინ ჩივის მთელი ხელ-ფეხი, მკლავები, ზურგი და, ყველაზე უარესი, მთელი შუბლი კოღოს, ქინქლის და ბუზის ნაკბენებით მქონდა დაწინწკლული. მოგვიანებით სარკეში რომ ჩავიხედე, მარტო შუბლზე ქინქლის 50 ნაკბენი დავთვალე.
სქურის სამკურნალო წყალთან რაღაც მინიბუსი იდგა, გზა რომ ვკითხეთ, საიდანაც 5 კმ-ში ჩხოროწყუსკენ მიმავალ სარეისოს რომ უნდა გამოევლო, საიდანაც ზუგდიდში წავიდოდით, გვითხრა ცოტა ხანში მეც ჩხოროწყუში მივდივარ და გაგიყოლებთო. გაგვიხარდა. მაგრამ მანამდე ერთჯერადი ბოთლები უნდა გაევსო სქურის წყლით. ეს ბოთლები 20-მდე ტომარაში ეწყო. ალბათ 1 საათი ველოდეთ, მერე ავედით საბარგულში, მოვკალათდით ჩვენს ზურგჩანთებზე და გავუდექით გზას. ჩხოროწყუში მხოლოდ 6 საათიანი ავტობუსი დაგვხვდა, მუზეუმში ვეღარ ვასწრებდით, ამიტომ ტაქსი ავიყვანეთ და დაკეტვამდე მუზეუმის დათვალიერებაც მოვასწარით. სწორედ მაგ დროს პაატამ დაგვირეკა, დაფარვის ზონაში შემოვედით და საღამოს მატარებელს ჩამოვსუწრებთო. გაგვიხარდა რომ კარგად იყვნენ, თუმცა მისი სიტყვები, ტობა ვნახეთო, არ დავიჯერეთ ) . გადავწყვიტეთ, ისევ მუზეუმის ეზოში დავლოდებოდით მატარებლის გასვლის დროს. ვიყიდეთ ლუდი, ხრამუნები, პური, ძეხვი და შევექეცით. თავიდან პურის და ძეხვის იდეა არ მომწონდა, ისედაც ბომჟებს ვგავართ და სირცხვილიათქო, მაგრამ მერე რომ შევხედე რა გემრიელად ილუკმებოდნენ ილო და გიო, მეც მოვითხოვე, პატარა ნაჭერი მომიჭერითთქო .

სწორედ იქ გავაანალიზე, რომ ეს იყო ძალიან არაორდინალური გასვლა ჩემს სალაშქრო პრაქტიკაში, რომელიც იმის მიუხედავად რომ იდეაში ერთი დიდი იმედგაცრუება იყო, ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გასვლა გამოდგა, რომელიც იმ ემოციის გადმოსაცემად ყველაზე დეტალურ რეპორტაჟს იმსახურებს, რაც კი ოდესმე გამიკეთებია . რადგან მივხვდი, რომ თურმე შეიძლება, სიმწრით აღებული შვებულების დღეების გაფლანგვის, დიდი ხნის ოცნების ჩაშლის და იმედგაცრუების, კოკისპირული წვიმის და დისკომოფორტის, ტალახის ზილვის, კოღოებისგან, ქინქლებისგან და ბუზებისგან დასახიჩრების მიუხედავად, მაინც დაისვენო სულიერად, აკეთო ისეთი რამ რაც ცხოვრებაში არ გიკეთებია, მაგალითად ღამე გაათენო მწყემსების ქოხში, დათვის სტუმრობას ისე მშვიდად შეხვდე რომ ამისთვის ძილიც არ გაიტეხო, იმგზავრო ავტოსტოპით მანქანის საბარგულში, მერე ლუდით ხელში მაწანწალასავით წამოკოტრიალდე ზუგდიდის ცენტრში სკამზე, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და გადაპრანჭული ზუგდიდელების გარემოცვაში, რომლებიც ცნობისმოყვარეობით გათვალიერებენ და სხვა გზა არ დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ მოირგო მათი მიკერებეული - უცხოელის იარლიყი, აბა რომელი ზრდასრული ქართველი მამაკაცი ივლის ზუგდიდის ცენტრში ილიასავით წითელი ნიფხავი-შორტებით? ილია ხუმრობდა კიდეც, ქართულად არ ილაპარაკოთ, ვითომ მართლა უცხოელები ვარტოო ) ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. კიდევ რამდენ უმსგავსობას ჩადიოდნენ, ვინც მათ იცნობთ, ეს ადვილად წარმოიდგენთ. გიოსთან წინასწარი მოლაპარაკების შედეგად, გვერდით მჯდომი ილია უცებ თავზე დამახტებოდა და ჩასაფრებული მელექსა კიდევ უცებ ჩააჩხაკუნებდა ფოტოაპარატს )) ამიტომ მთაშენკას მაკომპრომიტებელი რამდენი ფოტო დაიდება ახლა აქ ან პირწიგნაკზე, ვინ იცის?

მატარებლის გასვლის დროც ახლოვდებოდა, პაატა კიდევ არ ჩანდა, მერე დაგვირეკა ვეღარ ვასწრებო . დღეს მითხრა ზვიადს გამოვყევიო ტობას "მონახულების" მისეულ ვერსიას ალბათ მისგან მოვისმენთ

აი ეს უგრძელესი რეპორტაჟიც დასრულდა. შეიძლება წაკითხვაც კი დაგეზაროთ (უმრავლესობას დაეზარება კიდეც, ეჭვი არ მეპარება ), მაგრამ მინდოდა ის ემოცია რაც ჯერ კიდევ არ გამნელებია, პირველსავე წერილებში ფოტოების გარეშე გადმომეცა და ფოტოები მერე დამემატებინა.

ეს იყო ტობას ნახვის მცდელობა. იმედია მალე გავხსნი თემას "ტობას ნახვის მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა "

Last edited by Ketevan Guliashvili on 26 ნოე 2011, 22:37, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by stranger » 25 ნოე 2011, 20:10

ქეთი, მთაშენკას მიერ კიდევ ერთი, კარგად აღწერილი ლაშქრობა :)

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3625&start=0

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by ლეონტი » 25 ნოე 2011, 22:22

მე ვაპირებ ერთი ლაშქრობის აღწერას, მანამდე კი მიუნჰაუზენის თავგადასავალს გადავიკითხავ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ნოე 2011, 23:52

რა საინტერესო წამოწყებაა.
ყოჩაღ ქეთი.
აქ ნამდვილად შესანიშნავი აღწერები დაიდო.
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ 2 ფავორიტი მყავს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ნოე 2011, 23:52

Ketevan Guliashvili
ეგებ აღწერებზე შრიფტის სხვა და სხვა ფერი გამოიყენო, რომ თვალისთვის ადვილი იყოს სასურველი ავტორის ან აღწერის მოძებნა.
გმადლობ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by ARCHILI » 26 ნოე 2011, 00:00

ლეონტი wrote:მე ვაპირებ ერთი ლაშქრობის აღწერას, მანამდე კი მიუნჰაუზენის თავგადასავალს გადავიკითხავ.
მიუნჰაუზენი რომ დარეგისტრირდეს კარავზე, მისი თავგადასავალი შეიძლება რომ მონაწილეობდეს ამ კონკურსში?

:)
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 ნოე 2011, 20:23

stranger

დიდი მადლობა, მარი:)

ლეონტი wrote:მე ვაპირებ ერთი ლაშქრობის აღწერას, მანამდე კი მიუნჰაუზენის თავგადასავალს გადავიკითხავ.
:)

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რა საინტერესო წამოწყებაა.
ყოჩაღ ქეთი.
აქ ნამდვილად შესანიშნავი აღწერები დაიდო.
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ 2 ფავორიტი მყავს.
გმადლობ:) მართლა საინტერესოდაა აღწერილი, "ქართული წყობით", თხრობის სტილი ყველას განსხვავებული აქვს...
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 ნოე 2011, 20:33

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Ketevan Guliashvili
ეგებ აღწერებზე შრიფტის სხვა და სხვა ფერი გამოიყენო, რომ თვალისთვის ადვილი იყოს სასურველი ავტორის ან აღწერის მოძებნა.
გმადლობ
თავდაპირველად მინდოდა სხვადასხვა ფერი, მაგრამ ვიფიქრე რომ ეს სხვადასხვა პირობაში ჩააყენებდა ავტორებს. ყველსათვის ცნობილია რომ წითელი და ცისფერი ადვილად იპყრობს" მომხმარებლის" ყურადღებას. ლურჯი და წითელი ფერები თანმიმდევრობით გამოვიყენო? ეგეც შეიძლება, მოვიფიქრებ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ნოე 2011, 22:08

Ketevan Guliashvili wrote: თავდაპირველად მინდოდა სხვადასხვა ფერი, მაგრამ ვიფიქრე რომ ეს სხვადასხვა პირობაში ჩააყენებდა ავტორებს. ყველსათვის ცნობილია რომ წითელი და ცისფერი ადვილად იპყრობს" მომხმარებლის" ყურადღებას.
კგ რა, რა სხვა და სხვა პირობაში ცაყენებაზე ლაპარაკობ, სარეკლამო ტექსტები კი არა, გასვლის აღწერებია.
უბრალოდ, გასარჩევად თვალი სხვა და სხვა ფერს უფრო აღიქვამს, ვიდრე 1 ფერს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]