Page 1 of 6

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 14 მაი 2011, 22:01
by Ketevan Guliashvili
მეგობრებო, ეს თემა გავხსენი იმისათვის რომ უფრო ახლოს გაგაცნოთ ქართული მუსიკალური ფოლკლორი. ამ თემაში შეგიძლიათ ჩაწეროთ სიმღერების ტექსტები, თემასთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სიახლეები, დადოთ თავად სიმღერის ამსახველი ჩანაწერები, გავუზიაროთ ერთმანეთს შეხედულებები.

წინასიტყვაობა


ქართული ხალხური სიმღერა მრავალსაუკუნოვან ინსტორიას ითვლის.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლებისა და წერილობითი წყაროების გამოკვლევების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველი ერის სამუსიკო კულტურის დასაბამი დაახლოებით სამი ათასწლეულის სიღრმეში იკარგება.

1930 წელს ქალაქ მცხეთაში, კერძოდ, სამთავროში აღმოჩენილ ძველ სამარხებში უამრავ ყოფით ნივთთან ერთად ნაპოვნი იქნა გედის წვივის ძვლისაგან დამზადებული პატარა უენო სალამური, რომელიც სავარაუდოდ ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებს განეკუთვნება.

XX საუკუნის 70-იან წლებში ყაზბეგის რაიონში აღმოაჩინეს თრიალეთის ვერცხლის თასი საკრავების ( მათ შორის ტიმპანი-ბობღანი, ლირა-ქნარი და არფის-ჩანგის) გამოსახულებანი.

(ტიმპანები
უძველესი წარმოშობის დასარტყამი საკრავი, წარმოადგენს დიდ სპილენძის ჭურს, მასზე გადაკრული ხბოს ტყავით, რომელსაც ხრახნებით ჭიმავენ ან უშვებენ ბგერის სიმაღლის შესაცვლელად. უკრავენ თითებით ან ხის მრგვალთავიანი ჯოხებით.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი)


გამოსახულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. -მდე XI-X საუკუნეებშია შესრულებული. ჩანგი შუმერულ ბარელიეფზე გამოსახული საკრავის მსგავსია (ძვ. წ. III ათასწლეული).

ქართული ხალხური მუსიკის უძველეს წარმომავლობას ადასტურებს არქაული ჭედური ხელოვნების ნიმუშებიც: თრიალეთის ვერცხლის თასი (ძვ. წ. II ათასწლეულის შუასაუკუნეები), სამთავროს ბრინჯაოს სარტყელი (ძვ. წ. VIII-VII ს.ს.) და «ყაზბეგის განძად» წოდებული ბრინჯაოს ითიფალური ებები (ძვ. წ. VII-VI ს.ს.).

თრიალეთის ვერცხლის თასზე აღბეჭდილია ქართული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე არქაულ სახეობად მიჩნეული ფერხული, რომელიც ნაყოფიერების უძველესი ღვთაებისადმია მიძღვნილი. ამგვარი რიტუალების გადმონაშთები ჩვენამდე ზოგიერთი საფერხულო სიმღერის სახითაა მოღწეული («ადრეკილა», «საქმისა», «მელია ტელეფია» და ა.შ.).

სამთავროს ბრინჯაოს სარტყელზე გამოსახულია ქართული ფერხულის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში – მონადირეთა ცეკვა, რომელიც ახალი მთვარის ფონზე სრულდება. ეს დეტალი უძველეს სარწმუნოებრივ წარმოდგენებს უკავშირდება: მთვარეს ქართველთა წარმართულ ღვთაებათა პანთეონში ადრე უზენაესის ადგილი ეჭირა. ცეკვები და სიმღერები მთვარის შუქზე მრავლადაა შემორჩენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში (ქართლ-კახეთში ქალთა რიტუალური ჰიმნი «დიდება», სვანური ფერხული «შუშპარი», და სხვ.).

«ყაზბეგის განძი» წარმოადგენს ბრინჯაოს ითიფალურ ფიგურათა კომპლექსს, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ქართული ეპოსის უძველესი ნიმუშის - «ამირანიანის» გამოძახილია. თითოეული ება გარკვეული დრამატურგიული ფუნქციის მატარებელია და

სამთავროს ბრინჯაოს სარტყელი

«ამირანიანის» სიუჟეტური განვითარების ლოგიკას შეესატყვისება.

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 14 მაი 2011, 22:24
by Ketevan Guliashvili
გარდა არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნივთიერი მასალისა, ქართული მუსიკის ისტორიული ძირების შესახებ მოგვეპოვება წერილობითი წყაროებიც.

ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ. წ. IVს.) თავის ნაშრომში «ანაბაზისი» მოგვითხრობს ქართველთა შორეული წინაპრების – მოსინიკების ბრძოლის შესახებ: «...მას შემდეგ, რაც ისინი გამწკრივდნენ, ერთმა მათგანმა დაიწყო, ხოლო ყველა დანარჩენი მღერით რიტმულად მიაბიჯებდა». ბრძოლის ბოლოს კი «თავები მოსჭრეს მოკლულებს და განსაკუთრებული ყაიდის ცეკვა-სიმღერები» დაიწყეს. ის, თუ რა მოეჩვენა ქსენოფონტეს «განსაკუთრებულად», ბერძნულისაგან განსხვავებულად, მეცნიერულად ვერ საბუთდება (ზოგიერთის აზრით, შეაძლოა, ამ «განსაკუთრებულობის» შტაბეჭდილება მრავალხმიანობას გამოეწვია), თუმცა ამ ცნობიდან ის მაინც ირკვევა, რომ ქართველებს იმ პერიოდში სალაშქრო სიმღერა-ცეკვები ჰქონიათ, რომლებსაც ერთი მომღერალი იწყებდა, ხოლო შემდეგ მას გუნდი უერთდებოდა.

(მოსინიკები

მოსინიკები, ერთ-ერთი ქართველი ტომი სამხრეთ კოლხეთში. ცხოვრობდნენ ადრინდელ ანტიკურ ხანაში შავი ზღვის სანაპიროზე. ტრაპეზუნტისსა და კერასუნტის დასავლეთით. ძვ. წ. V საუკუნეში მოსინიკები ამ რაიონის სხვა ქართველ ტომებთან ერთად შედიოდნენ სპარსეთში, XIX საუკუნეში სატრაპიაში. მრავალ ცნობას მათ შესახებ გვაწვდვის ძველი ბერძენი ავტორი ქსენოფონტი, რომელსაც ძვ. წ. 401 წელს გაუვლია მოსინიკებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ დროს არსებობდა მოსინიკების 2 დიდი გაერთიანება, რომლებიც ეომებოდნენ მთავარი ქალაქის დასაუფლებლად, სადაც ციტადელი იყო. მოსინიკებს მოჰყავდათ ხორბალი, მისდევდნენ თევზჭერას, საკვებად ფართოდ იყენებდნენ წაბლს; სცოდნიათ ღვინის დაყენებაც. მოსინიკებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ კერასუნტისა და ტრაპეზუნტის ბერძენ მოახალშენეებთან. მათ „მეფეს“ (შეიძლება იგულისხმება მთავარი ქურუმი) რეზიდენცია ხის მაღალ კოშკში ჰქონია.

მოსინიკებში განვითარებული უნდა ყოფილიყო ლითონების დამუშავება. ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის“ სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს.)


… ჩვ. წ. IV საუკუნიდან საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად იწყება ქრისტიანული სასულიერო მუსიკის ისტორია. ბიზანტიიდან და სირია-პალესტინიდან შემოსულმა ღვთისმსახურების წესმა თან მოიტანა ერთხმიანი გალობა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებმა უკვე VI საუკუნიდან ქართულად დაიწყეს ღვთისმსახურების წესის აღსრულება, თავისი მრავალხმიანი მუსიკალური ტრადიციებიდან გამომდინარე, თვითმყოფადი ქართული ქრისტიანული გალობაც, სავარაუდოდ, ამ პერიოდში ჩამოაყალიბეს. IX-XI საუკუნეებში ქართულმა გალობამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, რასაც არაერთი ცნობილი ჰიმნოგრაფის მოღვაწეობა ადასტურებს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მიქაელ მოდრეკილს, რომელმაც 978-988 წლებში სამუსიკო ნიშნებით თანდართული ქართული საგალობლების კრებული შეადგინა. ამ კრებულით დასტურდება, რომ IX-X საუკუნეებში ქართველებს ჰქონდათ საკმაოდ განვითარებული ორიგინალური სამუსიკო დამწერლობა, რაც ასევე ორიგინალურ სტილზეც (მკვლევართა აზრით — მრავალხმიანზე) მეტყველებს.

XI-XII საუკუნეებს საქართველოში «ოქროს ხანას» უწოდებენ, რადგან ამ დროს მოხდა ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების არნახული აყვავება. ცნობები ამ ეპოქის მუსიკალური კულტურის შესახებ მოიპოვება როგორც საქართველოს ისტორიის მატიანეში - «ქართლის ცხოვრებაში», ასევე მხატვრული სიტყვის ოსტატების – შოთა რუსთაველის, შავთელის, ჩახრუხაძის, მოსე ხონელის, სარგის თმოგველის, იოანე პეტრიწისა და სხვათა შემოქმედებაში, საიდანაც ირკვევა, რომ მუსიკა ამ ეპოქაში ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი ყოფილა. იგი ყველგან ისმოდა: სამეფო კარზე მომღერალნი ასრულებდნენ პოემებსა და ოდებს სხვადასხვა საკრავების თანხლებით (როგორც ჩასაბერის, ისე სიმებიანის და დასარტყამის); მუსიკა მიღებული იყო ნადირობისას, ომში, ქორწილში, გლოვაში და სახალხო ზეიმების დროსაც. ამ პერიოდის ლიტერატურულ ძეგლებში დაცული ადამიანის ხმის აღმნიშვნელი ტერმინებისა თუ საკრავთა სახელწოდებების სიუხვე თავისთავად მეტყველებს მაღალი დონის მრავალხმიანი სასიმღერო და ინსტრუმენტული მუსიკის მქონე ქართულ კულტურაზე.

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 14 მაი 2011, 23:08
by arcivi9
სამთავრო მანა (ქართველი მოსახლეობით)
საიდან არის ეს ცნობილი? :roll:

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 15 მაი 2011, 00:12
by Ketevan Guliashvili
ეს ცნობა გადმოტანილია ფოლკლორისტიკის სახელმძღვანელოდან,ასევე კონსერვატორიის ვებ-გვერდზეც მოიპოვება. ხოლო იმით რამდენად იყო ეს სამეფო ქართველური მეც დავინტერესდი და აი ეს ვიპოვე "ძვ. წ. IX-VIIსს. ხეთურ–სუბარულმა ტომებმა ახალი ძლიერი სახელმწიფო შექმნეს – ურარტუ. აქვე, მეზობლად არსებობდა ხეთურ–სუბარული სამეფო მანა (40)."
40. საქართველოს ისტორია, აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით, თბ., 1943, გვ. 30 –31.
ხეთურ-სუბარული ტომები ქართველურ ტომებს ენათესავებიან ან წინაპრები არიან? თუ მოგეპოვება ცნობა დაწერე.

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 15 მაი 2011, 00:58
by arcivi9
ხეთურ-სუბარული ტომები ქართველურ ტომებს ენათესავებიან ან წინაპრები არიან?
ხეთური ტომები ისევე შორს დგანან ჩვენგან როგორც იაპონელები :)

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 15 მაი 2011, 02:51
by Ketevan Guliashvili
არწივ, სადავო ნაწილი ამოვიღე, სხვაგან წაგვიყვანს ეგ თემა, თუმცაღა ძალიან საინტერესოა. პ.ს . ისე კი მისაწერია, ფოლკლორი რომ ისწავლება ყველა კითხულობს ამ შესავალს, უზუსტოდ რატომ უნდა ვისწავლოთ!

ხვალ კიდევ დიალექტები და კილოები უნდა ჩავამატო, ასევე საკრაავები, სიმღერების ტექსტები და თავად სიმღერები. ეს ყველაფერი ეტაპობრივად როცა მოვიცლი ხოლმე.

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 15 მაი 2011, 14:31
by Ketevan Guliashvili
ქართული ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებანი

კანონზომიერებების ჩამონათვალს დავიწყებთ იმ კილოების განხილვით რომელსაც ქართული ხალხური სიმღერები ემყარება, ესენია: ორი მაჟორული მიხრილობის კილო (იონიური და მიქსოლიდიური) და 3 მინორული მიხრილობის კილო (დორიული, ეოლიური და ფრიგიული). ყველაზე მეტად გავრცელებულია ეოლიური და მიქსოლიდიური კილოები. ყველაზე ნაკლებად - იონიური (უფრო დას. საქართველოში გვხვდება, კერძოდ გურულ სიმღერბში). რაც შეეხება დორიულსა და ფრიგიულ კილოებს, ისინი უმთავრესად ეოლიურ კილოსთან ერთად გამოიყენება.

ბანი. ქართულ ხალხურ სიმღერებში ბანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და რამოდენიმე სახის გვხვდება:

1. ბანი, როგორც ჰარმონიული ფუძე - ასეთ ბანს სვანურსა და ქართლ-კახურ სიმღერებში ვხვდებით (გაბმული ბანი).

2. მოძრავი ბანი - ასეთ ბანს საკუთარი მელოდიური ხაზი გააჩნია. ვხვდებით აქარულ, გურულ, იმერულ და მეგრულ სიმღერებში.

3. სიმღერის ბოლოს ჩართული ბანი - ასეთ ბანს ხევსურულ სიმღერებში ვხვდებით.

4. ზედა ხმის პარალელური ბანი - ასეთი ბანი 2 სახისაა, ა) როდესაც ბანი პირველ ხმასთან ოქტავურ თანაფარდობაში იმყოფება, ასეთი ბანი სიმღერის გარკვეულ მონაკვეთზე შეიძლება შეგვხვდეს, გავიხსენოთ ქართლური და კახური სიმღრები. მაგალითად "თებრონე მიდის წყალზედა" დასაწყისი. ასევე ბ) როდესაც თანაფარდობა კვინტაა. ეს შემთხვევა სვანურ სიმღერებში ჰპოვებს გამოხატულებას.

5. შუა ხმის პარალელური ბანი - გვხვდება ქართისა და კახეთის შრომის სიმღერებში.

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 15 მაი 2011, 19:10
by stranger
ქეთი კარგი თემა წამოგიჭრია.რა კარგია :)

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 16 მაი 2011, 22:19
by Ketevan Guliashvili
სემდეგი დამახასიათებელი კანონზომიერება

აკორდიკა

ქართული ხალხური სიმღერები ტერციული წყობის აკორდებთან ერთად არატერციული წყობის აკორდებზეცაა აგებული, სწორედ ისინი განსაზღვრავენ მისი ჟღერადბის განსაკუთრებულობას. ასეთი აკორდებია

1. კვარტ-კვინტაკორდი - (მაგ. დო-ფა-სოლ), ეს არატერციული წყობის აკორდი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გვხვდება I და VII საფეხურებზე, ყველაზე ხშირად მიქსოლიდიურ და ეოლიურ კილოში.

2. კვარტ-სეპტაკორდი - (მაგ. დო-ფა-სი ბემოლი)

3. სეპტ-ოქტაკორდი - (მაგ. დო-სი ბემოლ-დო) ქართლ-კახური სიმღერებისათვისაა დამახასიათებელი.

4. სეკუნდკვინტაკორდი - (მაგ. დო-რე-სოლ).

5. კვინტნონაკორდი - (მაგ. დო-სოლ-რე) ანუ ორი კვინტისაგან წარმოქმნილი აკორდ, რომელიც გურული საგალობლებისათვისაა დამახასიათებელი.

კადანსები

(კადანსი - მუს. ნაწარმოების ნაგებობის (რომელიმე დანაყოფის) ჰარმონიული ან მელოდიური დასასრული. ფრანგული სიტყვაა. გავრცელება ჰპოვა 16-17 საუკუნეების მუსიკალურ თეორიაში.)


ქართულ ხალხურ სიმღერებში კადანსი შესაძლოა იყოს აზრის, ფრაზის, წინადადების დამამთავრებელი ან შემაერთებელი. ასევე შესაძლებელია მოდულაციის (ანუ ტონალობის შეცვლის) საშუალებად მოგვევლინოს. ვხვდებით შემდეგ ძირითად კადანსებს:

1. მარივი კადანსი II-I ან VII-I.
2. გაფართოვებული კადანსი II-VII-I ან VII- III-I.
3. რთული კადანსი VI-III-I ან VI-III-I.
4. ნახევარ კადანსი I-II, I-VI, I-VII.
5. ფრიგიული კადანსი I-II-III. ფრიგიული იმიტომ ეწოდება რომ იწვევს მოდულაციას ფრიგიულ კილოში.
6. კვარტული კადანსი I-II.
7. ეოლიური კადანსი I-VII. ეს კადანსი იწვევს მოდულაციას ეოლიურ კილოში.
8. რთული მოდულირებული კვარტული კადანსი I-II-III-IV-I. აქ მოდულაცია ხდება სეკუნდით ქვევით მდებარე მაჟორულ კილოში.

ამგვარად ვხედავთ, ტუ რაოდენ მრავალფეროვანი კადანსები ახასიაებს ქართულ ხალხურ სიმღერებს.

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 17 მაი 2011, 09:06
by qvevri
ჩემთვის ძალზედ საინტერესოა ქართულ საკრავთა და ზოგადად ქართული ფოლკლორული თუ პოლიფონიური სიმღერა/მუსიკის ქართული ლექსიკონი და ასეთი რამ ნეტავ თუ არსებობს?

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 17 მაი 2011, 09:15
by Tamari-ch.
აკორდიკა

ქართული ხალხური სიმღერები ტერციული წყობის აკორდებთან ერთად არატერციული წყობის აკორდებზეცაა აგებული, სწორედ ისინი განსაზღვრავენ მისი ჟღერადბის განსაკუთრებულობას. ასეთი აკორდებია

1. კვარტ-კვინტაკორდი - (მაგ. დო-ფა-სოლ), ეს არატერციული წყობის აკორდი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გვხვდება I და VII საფეხურებზე, ყველაზე ხშირად მიქსოლიდიურ და ეოლიურ კილოში.

2. კვარტ-სეპტაკორდი - (მაგ. დო-ფა-სი ბემოლი)

3. სეპტაკორდი - (მაგ. დო-სი ბემოლ-დო) ქართლ-კახური სიმღერებისათვისაა დამახასიათებელი.

4. სეკუნდკვინტაკორდი - (მაგ. დო-რე-სოლ).

5. კვინტნონაკორდი - (მაგ. დო-სოლ-რე) ანუ ორი კვინტისაგან წარმოქმნილი აკორდ, რომელიც გურული საგალობლებისათვისაა დამახასიათებელი.
სწორედ ამაზე ვედავებოდი ვეშაპოს გვერდით თემაში
:D

აი აქ, როცა ქართული და კორსიკული მუსიკის მსგავსებაზე ვსაუბრობდით

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3260&start=45

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 26 მაი 2011, 17:04
by Ketevan Guliashvili
ქართული ხალხური სისიმღერო შემოქმედება მრავალფეროვანია როგორც განვითარების, ასევე ფორმისა და შინაარსის მხრივ. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ხალხურმა სიმღერამ თავისი განვითარების ყველა საფეხრი შემოგვინახა უმარტივესი ფორმებიდან - ურთულეს ნაგებობებამდე.

ქართლი ხალხურის სიმღერების 1, 2, 3 და 4 ხმიანია. ამ მხრივშეგვიძლია დავყოთ სიმღერები ოთხ ჯგუფად: I ჯგუფში შედის ერთხმიანი სიმღერები რომელთა სამი ძირითადი სახეობა არსებობს:
1. გუნდური უნისონური;
2. სოლო;
3. ინსტრუმენტის თანხლებით.
1. გუნდური ერთხმიანი სიმღერები ნაკლებად მოიპოვება საქართველოში, რადგან სიმღერის ასეთი ფორმა არაა დამახასიათებელი ქართული სიმღერის ბუნებუსათვის. თუმცა გვხვდება ზოგიერთ კუთხეში, როგორიცაა ხევსურეთი, მესხეთი და თუშეთი.
თუშეთში უნისონური გუნდის სიმღერის მაგალითია "ლაშარის სიმღერა". სამგლოვიარო "დალა" , რომელიც უნისონური გუნდისა და სოლისტის მიერ სრულდება. მესხეთში - "საფერხულო". ქართლში ქალთა უნისონური გუნდის მაგალითია - "ლაზარეს".

2. სოლო. ასეი სიმღერები გვხვდება მთის კუთხეებიდან ხევსურეთში - შრომის "მთიბლური", აკვნის "ნანები", ტირილების ორი სახეობა "ძახილით ტირილი" და "დათვლატირილი", "ქორწილის სიმღერა", ასევე ისტორიული სიმღერები "შატილს მოვიდის ლაშქარი", "ზენაით იბადებიან".
თუშეთში გვხვდება იტორიული ჟანრის "მეითის სიმღერა", ქართ-კახეთში ერთპირპვნულ შრომასთან დაკავშირებული სიმღერების მთელი სერია - "ოროველა", ურმული", "კალოური", "გუთნური", "კევრული". აგრეთვე აკვნის "ნანები".

3. ინსტრუმენტით თანხლებული ერთხმიანი სიმღერები ძველად საკმაოდ ყოფილა გავრცელებული. სააკომპონიმენტოდ გამოიყენებოდა ფანდური, ჩონგური, სტვირი, ჭუნირი, ჩანდი, ჭიანური; აღმოსავლეთში დოლის თანხლებითაც მღეროდნენ.
ასეთი სიმღერები ძირითადად ლირიკული ხასიათისაა, თუმცა ვხვდებით საგმირო-საისტორიო შინაარსის მქონე სიმღერებსაც. მაგ. თუშეთში -გარმონზე შესასრულებელი სიმღერები; ხევსურეთში- "დაძახილი ფანდურზე"; ხევში - "მოხეური ფანდურზე"; რაჭაში გუდასტვირთან შესასრულებელი შაირის ხასიათის სიმღერები.

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 26 მაი 2011, 17:13
by Ketevan Guliashvili
2 ხმიანი სიმღერები

აღნიშნულ სიმღერებს შესაძლებელია ჰქონდეს გაბმული, ან ოსტინატური ბანი, რაც შეეხება ზედა ზმას - მთქმელს, იგი ჩვეულებრივ მელოდიას ასრულებს.

2ხმიანი სიმღერების მეორე სახეობას მიეკუთვნება მელოდიური ხასიათის საწესო სიმღერები. ესენია ქართლ-კახური "იავნანა", "დიდება", განეკუთვნება ქალთა რეპერტუარს.
ორხმიან სიმღერებს ვხვდებით აგრეთვე ფშავში, თუშეთში. მაგ. "ფშაური", "ჯვარი წინასა", "ქალო", "სამაიას ჩამოვუვლი" და სხვ. თუშეთში - "თუშო ნუ მიხვალ ხოშარას", "თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ". აღნიშული სიმღერები შესაძლებელია სრულდებოდეს ორი სოლისტის მონაცვლეობით გუნდთან ერთად, ან ერთი გუნდის მიერ, ან ორი გუნდის მონაცვლეობით.

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 26 მაი 2011, 17:31
by Ketevan Guliashvili
3 ხმიანი სიმღერები

მრავალხმიანი სიმღერების უმრავლესი ნაწილი საქართველოში 3ხმიანია. 3ხმიან სიმღერათა მრავალფეროვნება გამოწვეულია აგრეთვე მრავალხმიანობის სხვადასხვა სახეობის არსებობითაც.
მრავალხმიანი სიმღერების 4 სახეობა არსებობს საქართველოში:

1. ბურდონულ-ჰომოფონიური - აქ ბანის ფონზე ზედა 2 ხმა პარალელურად მოძრაობს (ტერციით ან სექსტით);

2. პოლიფონიურ-ჰომოფონიური - აქ გაბმული ბანის ფონზე ზედა ორი ხმა პოლიფონიურად ვითარდება. (მაგ. ქართ-კახური "ჩაკრულო", "გრძელი მრავალჟამიერი", "სუფრული","ნეფედედოფლის დალოცვა".

3. კომპლექსური - ასეთი მრავალხმიანობისათვის დამახასიათებელია 3ვე ხმის მოძრაობა პარალელურად ერთ კომპლექსში. კომპლექსი შესაძლოა იყოს სამხმოვანების, კვარტსექსტაკორდის, ასევე სექსტაკორდის სახით, ეს უკანასკნელი ნაკლებად გვხვდება. ასეთი ტიპის მრავალხმიანობას ვხვდებით სვანეთში, ასევე რაჭაში, ქართ-კახეთში;

4. პოლიფონიური - ანუ ლინეარული მრავალხმიანობისას თიოეულ ხმას თავისი დამოუკიდებელი მელოდიური ხაზი გააჩნია, რის გამოც სიმღერაში წარმოიქმნება პოლიფონიური მუსიკალური ქსოვილი. ჰარმონიული ვერტიკალის მნიშვნელობა თითქმის წაშლილია. მთავარი როლი ენიჭება მელოდიურ ხაზს. ასეთი მრავალხმიანობა დამახასიათებელია გურული, აჭარული, ნაწილობრივ იმერული და მეგრული სიმღერებისათვის მაგ. "ხასანბეგურა", შავი შაშვი", ჩვენ მშვიდობა", "იმერული ნადური", "ვახტანგური".

საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Posted: 26 მაი 2011, 17:36
by Ketevan Guliashvili
4ხმიანი სიმღერები

გვხვდება გურიასა და აჭარაში, მხოლოდ შრომის სიმღერებია, საერთო სახელწოდებით "ნადური". სიმღერების სახელწოდება მომიდინარეობს იმ სოფლიდან სადაც იმღერებოდა. "ჯიქურა", "საჯავახო", "ჩიჩხათურა".