ერთ-ერთ შაბათკვირას კახეთში გახლდით. უკანობისას, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ცოტა მომეჩქაროდა, მაგრამ გაქანებული მანქანიდან ერთ-ერთი ძველი სახლის ფასადზე წარწერიანი ქვა შევნიშნე, მანქანა ისე დავამუხრუჭე, რომ ადგილზე გავაცივე... უკან გამოვიარე მცირედი და მანქანიდან გადმოუსვლელად ფოტოაპარატი მოვიმარჯვე წარწერიანი ქვის გადასაღებად, მაგრამ ამ დროს ამავე სახლის წინ მდგარი ახალგაზრდა მამაკაცი შევნიშნე და სანამ სურათს გადავიღებდი მას გამოველაპარაკე. ეს ადამიანი ამავე სახლის მეპატრონე აღმოჩნდა - სახელად ზურა მუსხელიძე. კარგი კაცი ჩანდა... როგორც გავარკვიე სოფელ ვანთაში ვყოფილვარ, რომელი სოფელიც თურმე ნუ იტყვით და უაღრესად საინტერესო ყოფილა თავისი წარსულითა და ეკლესია-მონასტრების სიმრავლით. ხოლო ის სახლი, რომელზეც მე წარწერა შევნიშნე თურმე ზურას პაპას - არჩილ მუსხელიძეს აუშენებია 1934 წელში. საამშენებლო წარწერაც სწორედ ამაზე "ღაღადებს".
აგერ ის წარწერაც:

ეხლა კი მცირედი ცნობები სოფელ ვანთაზე:
საქართველოს სულიერი საგანძური - წიგნი I, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 2005 წ. გვ.88
ვანთა - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. თელავიდან დაშორებულია 11 კილომეტრით, თბილისიდან - 60 კმ-ით.
VIII-IX საუკუნეების ვანთის ხუროთმოძღვრების კომპლექსი თელავის რაიონში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირში, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, სოფელ ვანთის მახლობლად გორაკზეა გაშენებული. ამ კომპლექსიდან შემორჩენილია ფეოდალთა დიდი სასახლის ნანგრევები და დარბაზული ეკლესია.
რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა. სასახლის მეორე სართული კი საცხოვრებელი იყო, რომელიც ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით ნათდებოდა. გარედან შენობას მიშენებული ჰქონდა ფართო ასასვლელი კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.
ვანთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-ტ.IV.-თბ., 1979.- გვ. 291.
ვანთა - სოფელი თელავის რაიონში, (აკურის სოფსაბჭო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600მ., თელავიდან 13 კმ, წინანდლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ.....
... ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნიდან იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII - IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია.
რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.
დ. მუსხელიშვილი., პ. ზაქარაია.
ამის შემდეგ მცირედი გავისაუბრეთ ამავე სოფლის შესახებ და გავარკვიე, რომ სოფლიდან სულ ახლოს ერთი საინტერესო სამონასტრო კომპლექსი ყოფილა, რომელიც სავარაუდოთ წ. ილარიონ ქართველის (+875) სახელს უკავშირდება. (ცნობა დასაზუსტებელია!) გზაში, სანამ დათქმულ ალაგას მივიდოდით, ჩემს მეგზურს გამოვკითხე სხვა ეკლესიების, ქვევრების (დამღების) და კიდევ სხვათა შესახებ, რაზეც კარგა გვარიანი ცნობები მივიღე და გახარებულმა მივაშურე ზემოაღნიშნულ ადგილებს.
პირველი, რაც ჩვენ ვნახეთ იყო მაცხვოვრის სახელობის ტაძარი, რომელიც დიდი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დგას

ამავე ტაძარს გააჩნია ორი საკმაოდ გვიანდელი (თუმცა შესაძლოა ტაძრისავე თანამედროვეც) ლაპიდარული წარწერა, რამაც ძალზე გამახარა

ეს კი მეორე წარწერა

თავად ტაძარს არ გააჩნია რაიმე მორთულობა-ჩუქურთმები გარდა ამ ჯვარისა, რომელიც აღმოსავლეთის ფასადზეა.

ტაძარის გარშემო რამოდენიმე ქვევრი შევნიშნე, რომლებზეც რა თქმა უნდა დამღები აღმოვაჩინე...
აი ესაა ჩემი ახლადშეძენილი მეგობარი ზურა

კვლავ ტაძარი

ტაძრიდან 50-იოდე მეტრში დგას ამ სასახლის ნანგრევები, მაგრამ რომ იცოდეთ რა საინტერესო სასახლეა... ამავე სასახლის შესახებ ზემორე ტექსტშიც ნახავთ საინტერესო ცნობებს.


სასახლეს, უკანა მხარეს გააჩნია აი ასეთი ჩასასვლელი, რომელიც შესაძლოა სამალავი იყოს ან სურსათის საცავი ან სულაც ხარო და სხვ.

სასახლე და ტაძარი ერთად.

სასახლესთან ათიოდე მეტრში არის წყლის გამანაწილებელი და სალექი, საიდანაც, როგორც სჩანს წყალი სხვადასხვა მხარეს მიედინებოდა.

ამ სურათზე მეორე ნომრად ნაჩვენებია წყალგამანაწილებელი ხოლო პირველ ნომრად კარის ეკლესია, რომელიც სავარაუდოთ ორნავიანი მცირე ბაზილიკა იყო და რომელიც, თუ გამოცდილება არ მღალატობს, მოხატულიც უნდა ყოფილიყო.

ეს კი ძალიან ძველი აბანოა იქვე ახლოს მდგარი.

ესეც ამავე აბანოს წყალგაყვანილობის თიხის მილი "აქვადუკი"
