ჩემი ფესვები ღრმად არის გამჯდარი კავკასიონის სამხრეთ დასავლეთ ფერდობებზე, კერძოდ კი სუანეთში
ჩვენ, იოსელიანები სოფელ ლახირიდან მოვდივართ. ვგიჟდები ამ სოფელზე და ძალიან მიკვირს რომ სვანეთში მოგზაურები, უშგულისაკენ მიმავალნი, უღვირიდან რომ გადმოხედავენ ფერდობზე "განცხადებასავით აკრულ" სოფელს, მხოლოდ იხიბლებიან მისით, ბევრი ვიზიტორი კი ნამდვილად არ ჰყავს. ჩემი ბიძაშვილები, რომელნიც იმავე სახლში გაიზარდნენ, სადაც ზაფხულობით მე მივქრივარ ხოლმე, ეხლა გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ უდაბნოში ცხოვრობენ, და წელიწადში ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს უდაბნოსა და ნათლისმცემლის მონასტრებში ატარებენ.
დედის მხრიდან ლატალია ჩემი სოფელი, ძალიან გრძნეული, საოცრად მორწმუნე ადამიანების სამყოფელი და უძველესი სიწმინდეების საცავი. ძალიან მეამაყება რომ დედაჩემი ისეთი ოჯახიდან არის, სადაც დაბადებისთანავე, პირველი სიტყვების ნაცვლად სიმღერას რომ იწყებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ ლატალში რომ მრავალხმიანობაა, იშვიათად თუ სადმე ნახოთო, ჰოდა როცა დედის მხრიდან ნათესავებში ვხვდები, საოცარი შეგრძნება მეუფლება სიმღერით გესაუბრებიან და გალობით გეთაყვანებიან. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სახარბიელო სასიმღერო მონაცემები მაქვს "ხმის დასამუშავებლად არ გცალია"-ვო.
დედაჩემის და-ძმები გაფანტულები არიან სამეგრელოში, კახეთსა და ჯავახეთში. ლატალის დიდ სახლში ბებიაღა დარჩა, რომელსაც ამას წინათ ვითვლიდი, 6 შვილი, 24 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს. თავად 84 წლის არის. თუ მოხვდებით ლატალში და ბებიაჩემს შეურბენთ იენაშში გზის პირას შემაღლენულზე მდგარ სახლში, თავისი ხელით გამოხდილ 1 ჭიქა არაყს აუცილებლად დაგალევინებთ, ცხოვრებაზე ისეთ ლექციას წაგიკითხავთ, გაგაოგნებთ და მკაცრად თუ ჭკუაც დაგარიგათ, არც ეგ გაგიკვირდეთ. ჰო, ეს ზაფხულში, ეხლა კახეთშია თავის ვაჟთან, დედაჩემის ძმასთან, რომელსაც 1 გოგო და 7 ბიჭი ჰყავს. მათგან 2 სიღნაღში ცხოვრობს და ჩემი იქაური გიდები არიან ალავერდამდე და ახმეტამდე. შვიდივე მღერის და ერთმანეთზე უკეთ ფლობენ ხალხური საკრავების შექმნის საიდუმლოს.
ბიძაჩემის სიძე, ერთადერთი გოგოს ქმარი არხოტელია, მინდია წიკლაური, იქნებ იცნობთ კიდეც. მაგრამ არხოტში არ ცხოვრობენ. ძალიან მაგარი, მთიელთა ოჯახი აქვთ, სიმღერით, ტრადიციებით და სითბოთი სავსე. მახსოვს მათ ქორწილში, მუსიკოსები, "დამკვრელებს" რომ ეძახიან, პირველი სიმღერის მერე დაიშალნენ. იქეთ ხევსურებმა იშიშვლეს ხმლები და გააჩაღეს ცეკვა-სიმღერა, აქეთ გოგოს 7 ძმა გადმოხტა შინავორგილით და ლილეოთი და წარმოიდგინეთ, გაოცებული გიტარა, იამაჰა, აკორდეონი უხერხულობის გამო, უბრალოდ, "რატომ დაგვიძახეთო", დაილოცეს და წავიდნენ.
ძალიან დიდი მონოლოგი გამომივიდა.
სვანეთზე მეორე სერია ლამასი იქნება ალბათ
